Facebook Twitter

საქმე N 330100122006438791

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №49აპ-24 13 მაისი, 2024 წელი

ო–ი დ. ა., №49აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა.დ. ო–ი (დაბადებული: ............ წ.) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 18 სექტემბერს, დილის საათებში, ქ. თ–ი, თ–ს გზატკეცილის N..-ში მდებარე სახლის ეზოში, ა.დ. ო–მა იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ. ვ–ს მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას ხელი დაარტყა სახეში, რა დროსაც მ. ვ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2022 წლის 4 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. თ–ი, თ–ს გზატკეცილის N..-ში მდებარე სახლის ეზოში, ა.დ. ო–იმა იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მ. ვ–ს მიმართ, კერძოდ, ურთიერთშელაპარაკებისას თავი დაარტყა სახეში, რა დროსაც მ. ვ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მ. ვ–სთან მუდმივად მცხოვრები დისშვილი, არასრულწლოვანი ა. ვ.

1.4. 2022 წლის 18 სექტემბერს, შსს ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს ........ს მე-.. ოცეულის პატრულ-ინსპექტორის მიერ, ა.დ. ო–ს მიმართ 30 დღის ვადით გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი N.........., რომლითაც მას აეკრძალა, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. ვ–სთან ან მის საცხოვრებელ სახლთან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მ. ვ–სი იმყოფება, ასევე, მასთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, მიუხედავად აღნიშნულისა, შემაკავებელი ორდერის გამოწერიდან რამდენიმე დღეში, ა.დ. ო–იი მივიდა ქ. თ–ი, თ–ს გზატკეცილის N..-ში მდებარე სახლში, სადაც იმყოფებოდა მ. ვ–ი და 2022 წლის 4 ოქტომბერს, მის მიმართ განახორციელა ფიზიკური ძალადობა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენით ა.დ. ო–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი და 6 თვე.

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ა.დ. ო–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ქირიამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ა.დ. ო–ს მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 28 ნოემბერს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილემ დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, ა.დ. ო–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის მხარის საკასაციო საჩივარზე მსჯავრდებულ ა.დ. ო–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ. ყ–მა, წარმოადგინა საკასაციო საჩივრის შესაგებელი და ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მტკიცებულებებს, თუმცა დანიშნული სასჯელი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით, არ არის სამართლიანი. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები უკიდურესად მაღალი საზოგადოებრივი საშიშროების მატარებელია. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად არ გაითვალისწინა ა.დ. ო–ს ქმედებების ხასიათი, ქმედების განხორციელების მოტივი, რის გამოც მსჯავრდებულის მიმართ უნდა განისაზღვროს უფრო მკაცრი - მისი ქმედების თანაზომიერი სასჯელი, რაც არგუმენტირებულია საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებებით. მსჯავრდებულმა ორჯერ ჩაიდინა ფიზიკური ძალადობა მეუღლის მიმართ, მათ შორის არასრულწლოვნის თანდასწრებით. ასევე, დაარღვია შემაკავებელი ორდერი, შესაბამისად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერია. ამგვარმა სასჯელმა კი, პირს შესაძლოა კვლავ უბიძგოს მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისკენ. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოს პრინციპული დამოკიდებულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დამნაშავეებისა და პოტენციური დამნაშავეების შემდგომი ქცევის კანონის ფარგლებში მოქცევის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, კასატორის პოზიციით, დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი სასჯელი, რომელსაც ექნება იმგვარი შემაკავებელი ეფექტი, რომ მსჯავრდებულს განმეორებით აღარ წარმოეშვას მსგავსი ქმედების განხორციელების სურვილი. სასჯელის პირობითად ჩათვლა, იმ პირობებში, როდესაც პირის მიერ ჩადენილია განზრახი ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი და შემაკავებელი ორდერის დარღვევა, არათუ ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, არამედ შესაძლოა „წამახალისებელიც“ კი აღმოჩნდეს მსჯავრდებულისათვის ახალი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის, რისი გათვალისწინებითაც, მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს სამართლიანი სასჯელი, კერძოდ, მის მიმართ, დანიშნული სასჯელი უნდა დამძიმდეს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რისი მხედველობაში მიღებითაც არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ა.დ. ო–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესი. მოცემულ შემთხვევაში ა.დ. ო–ის მსჯავრადშერაცხილი აქვს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, შესაბამისად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია ბრალად წარდგენილი სსკ-ის კერძო ნაწილის მუხლებით, რის გამოც, დამატებით დამამძიმებელ გარემოებად ვერ მიიჩნევა.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედებების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, მტკიცებულებები მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, შეურიგდა დაზარალებულს, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 59-ე, 63-ე და 64-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, ა.დ. ო–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელები განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულისთვის თითოეული ეპიზოდისთვის განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია, ამასთან, საბოლოო სასჯელის განსაზღვრის და მოხდის წესი სრულად შეესაბამება, როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე, 63-ე და 64-ე მუხლების მოთხოვნებს, ისე – საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა იყოს ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, რეალური და პროპორციული სასჯელის მიზნების მისაღწევად. ერთი მხრივ სასჯელის სახემ და ზომამ დაუსჯელობის განცდა არ უნდა გამოიწვიოს, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულს და საზოგადოებას არ უნდა გაუჩინოს განცდა, რომ სასჯელის მიზანს ადამიანის პირადი დასჯა და ტანჯვა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ სასჯელის შერჩევისას სასამართლომ თანაბრად უნდა გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი ფაქტორები, რომელთა სამართლიანი ურთიერთშეფასებისას, არ უნდა მოხდეს რომელიმე საგულისხმო ფაქტორის უგულებელყოფა. საქმეში არსებული ინფორმაცია ა.დ. ო–ის წარსული ცხოვრების უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, მას დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და შესაბამისად, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე, თითოეულ ეპიზოდში თავისუფლების აღკვეთის სახით სანქციის ფარგლებში გამოყენებული სასჯელი და მისი მოხდის ფორმა, როგორც კანონიერი, ისე – სამართლიანია.

5.7. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ, როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე