საქმე N 190100122006315581
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №17აპ-24 13 მაისი, 2024 წელი
ს–ი ტ., №17აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენზე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ტ. ს–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 22 სექტემბერს, 19:00 საათიდან 2022 წლის 23 სექტემბრის 02:00 საათამდე პერიოდში, ქალაქ რ–ში, ..........ის ქუჩის N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ტ. ს–მა, თავისი მეგობარი ქალის შვილს, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანს, 2013 წელს დაბადებულ ნ. ბ–ს დასმულ კითხვებზე გაცემული განსხვავებული პასუხების გამო, სახის, თავისა და ტანის მიდამოში არაერთხელ დაარტყა ფეხები და ხელები. ტ. ს–ს ძალადობრივი ქმედებებით ნ. ბ–სმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ ტ. ს–ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით არ იქნა წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა, არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საფუძველს შექმნიდა ტ. ს–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენით, ტ. ს–ი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, თეონა წოწკოლაურმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ტ. ს–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 9 ნოემბრის განაჩენით რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 2 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2023 წლის 22 ნოემბერს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, თეონა წოწკოლაურმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ტ. ს–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა.
3.3. გამართლებულმა ტ. ს–მა პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ტ. ს–ს ბრალეულობა. სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ გამომძიებლები – მ. ნ–ი, დ. ო–ე, ასევე ექსპერტები – გ. ო–ი და თ. კ–ე. დ. ო–მ ჩვენების მიცემისას, ისაუბრა დაზარალებულ ნ. ბ–ის გამოკითხვის თაობაზე, ასევე დამატებით განმარტა, რომ მის მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო მოქმედებას გაეცნენ შესაბამისი პირები და დაადასტურეს ხელისმოწერით. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N............ დასკვნითა და N...... სამედიცინო ბარათით დადასტურდა, ნ. ბ–ს სახეზე და სხეულზე არსებული დაზიანებები, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ასევე ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N............... დასკვნის თანახმად, ნ. ბ–ი განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას. დასკვნაში ასევე მოყვანილია კვლევის მიმდინარეობისას თავად ნ. ბ–ს ჩვენება და შეფასებები. ექსპერტმა – თ. კ–მ, სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ. პ–მ განაცხადა, რომ ნ. ბ–ს დაზიანება თავად მიაყენა, ასევე განაცხადა რომ ნ. ბ–სთან ტ. ს–ს ტელეფონით არ უსაუბრია. ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო სისხლის სამართლის საქმეზე თავდაპირველი მტკიცებულებები, კერძოდ: დაზარალებულ ნ. ბ–ს გამოკითხვის ოქმი, სამედიცინო შემოწმების ბარათი, სამედიცინო ექსპერტიზის კვლევისას ნ. ბ–ს მიერ ექსპერტთან გაკეთებული განმარტება და სხვა. სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ნ. ბ–ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, ვინაიდან მომხდარი ფაქტიდან დიდი დრო იყო გასული. ამასთან, ნ. ბ–ს და მ. პ–ს ჩვენებებს შორის აშკარა წინააღმდეგობა იყო. ამდენად, კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ტ. ს–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა ტ. ს–ს მიერ არასრულწლოვანი ნ. ბ–ს მიმართ 2022 წლის 22 სექტემბერს განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
5.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ნ. ბ–მა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, უარყო გამოძიების ეტაპზე განმარტებული გარემოებები, ასევე ტ. ს–ს მხრიდან მისი ცემის ფაქტი. დაზარალებულმა დამატებით აღნიშნა, რომ სანამ ტ. ს–ი მათთან არ ცხოვრობდა უფრო კარგი იყო, რადგან თვითონ დედასთან იყო.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს შემთხვევები, როდესაც დაზარალებული იყენებს მისთვის კანონით მინიჭებულ უფლებას – არ აძლევს ჩვენებას ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავს წინააღმდეგ და მოცემულობა, როდესაც დაზარალებული სასამართლო სხდომაზე იკითხება და გამოკითხვის ოქმისგან განსხვავებულად გადმოსცემს ინფორმაციას. პალატა აღნიშნავს, რომ უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ ბრალდების მხარის პოზიციის საწინააღმდეგოდ არსებულ გონივრულ კითხვებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვლინდება დანაშაულის ან მისი შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.5. საკასაციო სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.............. დასკვნით და N........... სამედიცინო ბარათით, ასევე მოწმეების – გ. ო–ს და დ. ო–ს ჩვენებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ ნ. ბ–ს აღენიშნებოდა დაზიანებები. თუმცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ზემოთ მითითებული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად ვერ დადგინდა, რომ ძალადობა არასრულწლოვან ნ. ბ–ის მიმართ განახორციელა სწორედ ტ. ს–მა.
5.6. კასატორის მიერ მითითებული მოწმეები – გ. ო–ი, მ. ნ–ი, დ. ო–ე და თ. კ–ე, ტ. ს–ს მიერ ნ. ბ–ს მიმართ შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულისგან. ზემოაღნიშნული არცერთი მოწმე არ არის ბრალადწარდგენილი ფაქტის უშუალო თვითმხილველი, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა, რაც ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.7. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის პოზიციას, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები წარმოადგენს, არა ირიბ ჩვენებებს, არამედ პირდაპირ ჩვენებებს და განმარტავს, რომ მოწმის მიერ დაზარალებულის სხეულზე ხილული დაზიანებების არსებობის თაობაზე მიწოდებული ინფორმაციით იმის მტკიცება, რომ დაზარალებულმა დაზიანებები მიიღო იმ ვითარებაში, როგორც ამას თვითონ გამოძიებაში განმარტავდა - შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებით. მაშინ როდესაც აღნიშნული მოწმეები არ ყოფილან ფაქტის თვითმხილველი პირები, შეუძლებელია დადგინდეს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა ან/და ის გარემოებები თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა დაზიანებები. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით იმ ფაქტის დადგენა, როდის, ვის მიერ და რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები ნ. ბ–მა შეუძლებელია. კასატორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ნ. ბ–ს დაზიანებები გამართლებულმა მიაყენა, ამ მოწმეთა ჩვენებების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებული ინფორმაციის გამეორებას, რაც დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა.
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.10. ტ. ს–ს მიერ ნ. ბ–ს მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი, სასამართლოში ჩვენების მიცემისას, უარყო დაზარალებულის დედამ – მ. პ-მ. მან დამატებით განმარტა, რომ ნ. ბ–ი ვერ ეგუებოდა მისი და ტ. ს–ს ურთიერთობას და მათი დაშორება სურდა.
5.11. სასამართლო–ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ – თ. კ–ს ჩვენებით დადასტურდა, რომ ნ. ბ–ს ტ. ს–ს მიმართ ჰქონდა წყენა და აგრესია. აგრესიიამ კი, ექსპერტის განმარტებით, შეიძლება წარმოშოს ტყუილის თქმის სურვილი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმის თაობაზე, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი არ გამორიცხავს ეჭვს, რომ ნ. ბ–ს მხრიდან, ტ. ს–ს მიმართ წყენა და აგრესია გამოწვეული ყოფილიყო დედის სიყვარულისა და მზრუნველობის შემცირებით.
5.12. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: ა) თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; ბ) თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; გ) რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; დ) როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ.: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).
5.13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სწორად შეაფასა და მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ტ. ს–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.14. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.15. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე