Facebook Twitter

საქმე N 330100122006066338

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №18აპ-24 13 მაისი, 2024 წელი

ფ–ე რ., №18აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ნ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ფ–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილითა (ოჯახის წევრის მიმართ იძულება, ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 17 ივნისს, რ. ფ–ს მიმართ გამოიცა N........... შემაკავებელი ორდერი. რ. ფ–სეს აეკრძალა შემაკავებელი ორდერის გამოცემიდან 30 დღის განმავლობაში მეუღლესთან, თ. მ–სთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით, ასევე, მის საცხოვრებელ სახლთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, რის თაობაზეც რ. ფ–სთვის ცნობილი გახდა იმავე დღეს. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რ. ფ–მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ თ. მ–სი, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი, როგორც ოჯახის უფროსის მოთხოვნები, უკონტროლებდა სატელეფონო კომუნიკაციას და უკრძალავდა ოჯახის წევრებთან სრულფასოვან ურთიერთობას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, კერძოდ, 2022 წლის 19 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით დროის შუალედში, საკომუნიკაციო საშუალება „მესენჯერის“ გამოყენებით კომუნიკაცია არაერთხელ დაამყარა თ. მ–სთან.

1.3. 2022 წლის 15 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, შ–ს რაიონის სოფელ მ–ებში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რ. ფ–მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ თ. მ–ი, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი, როგორც ოჯახის უფროსის მოთხოვნები, უკონტროლებდა სატელეფონო კომუნიკაციას და უკრძალავდა ოჯახის წევრებთან სრულფასოვან ურთიერთობას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მეუღლის, თ. მ–ს მიმართ, კერძოდ, მუშტი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა დაკარგა წონასწორობა და დაცემის დროს თავი მიარტყა კედელს. რ. ფ–ს ქმედებების შედეგად თ. მ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.4. 2022 წლის 15 მაისს, დაახლოებით 21:00 საათზე, შ–ს რაიონის სოფელ მ–ებში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რ. ფ–ე, რომელსაც მიაჩნდა, რომ თ. მ–ი, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი, როგორც ოჯახის უფროსის მოთხოვნები, უკონტროლებდა სატელეფონო კომუნიკაციას და უკრძალავდა ოჯახის წევრებთან სრულფასოვან ურთიერთობას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ოჯახური კონფლიქტის დროს, მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ აიძულებდა არ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი, წინაღმდეგ შემთხვევაში, მას „დაჩეხავდა“.

1.5. 2022 წლის ივნისის დასაწყისში, დაახლოებით 23:40 საათზე, შ–ს რაიონის სოფელ მ–ებში მდებარე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რ. ფ–მ, რომელსაც მიაჩნდა, რომ თ. მ–ი, როგორც ქალი და მეუღლე ვალდებული იყო დამორჩილებოდა მას და უსიტყვოდ შეესრულებინა მისი, როგორც ოჯახის უფროსის მოთხოვნები, უკონტროლებდა სატელეფონო კომუნიკაციას და უკრძალავდა ოჯახის წევრებთან სრულფასოვან ურთიერთობას, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად იძალადა მასზე, კერძოდ, მუშტი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 აგვისტოს განაჩენით, რ. ფ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით – 240 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 400 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;

საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და რ. ფ–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი 6 თვით თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით) და დამატებითი სასჯელი – ქონების ჩამორთმევა. საბოლოოდ, რ. ფ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ რ. ფ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან – 2023 წლის 1 აგვისტოდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 28 ივნისიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ნ–მა, რომელმაც მოითხოვა რ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ რ. ფ–ს ინტერესების დამცველის ადვოკატ ი. ნ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 6 დეკემბერს, მსჯავრდებულ რ. ფ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ნ–მა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, რ. ფ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებებით უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით რ. ფ–ს მსჯავრდების ნაწილში უკანონოა. იგი არ ემყარება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზს. განაჩენი ეყრდნობა დაზარალებულ თ. მ–სის და არასრულწლოვან ა. ფ–სის ჩვენებებს. სასამართლომ უპირობოდ გაიზიარა ისინი და არ გაითვალისწინა არასრულწლოვანი მოწმეების – გ. და გ. ფ–ების ჩვენებები, რომლებმაც განმარტეს, რომ ფიზიკური ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან. საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაშიც მსჯავრდებული თავს დამნაშავედ სცნობს. შემაკავებელი ოდერის ოქმით, ფიზიკური ძალადობის არსებობა არ დასტურდება, მაშინ როდესაც განაჩენი დადგა ქმედებებზე, რომლებიც ორდერის გამოცემამდე არსებობდა, რისი გათვალისწინებითაც, საქმეზე გაჩნდა ეჭვი, რომელიც გამორიცხავდა მსჯავრდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენას, ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ასევე, დაცვის მხარის მითითებას, რომ დაზარალებულ თ. მ–ს და არასრულწლოვანი მოწმის – ა. ფ–ს ჩვენებები არ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს, სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად შეაფასა მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტები და გადაწყვეტილება დააფუძნა მოწმეთა არასარწმუნო ჩვენებებსა და მტკიცებულებებზე.

5.3. პალატა აღნიშნავს, რომ რ. ფ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოკვლეულ, ურთიერთანხვდენილ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ. მ–ს, არასრულწლოვანი მოწმის ა. ფ–ს, მოწმეების – მ. მ–ს, ლ. გ–ს, ო. გ–სა და მ. მ–ს ჩვენებებით, ასევე 2022 წლის 27 ივნისის დათვალიერების ოქმითა და 2022 წლის 27 ივნისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით.

5.4. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: ა) თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; ბ) თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; გ) რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; დ) როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ.: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სწორად შეაფასა და მართებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულ თ. მ–ს და მოწმე ა. ფ–ს ჩვენებები აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს და შეესაბამებოდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

5.6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ თ. მ–ს და არასრულწლოვანი მოწმის – ა. ფ–ს ჩვენებები არ შეიცავს არსებითი ხასიათის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, ამასთან, თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, ისეთებთან, როგორიცაა: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და თ. მ–ს მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. დაზარალებულ თ. მ–ს ჩვენებით დადასტურებულია 2022 წლის 15 მაისს, რ. ფ–ს მხრიდან მის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური ძალადობის, ასევე იძულებისა და 2022 წლის ივნისში, ფიზიკური ძალადობის ფაქტები. დაზარალებულის განმარტებით, რ. ფ–მ არასრულწლოვანი შვილების, გ. ფ–ს, გ. ფ–სა და ა. ფ–ს თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგიდასთან მჯდომს, მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად ჩაარტყა თავის არეში, დარტყმის სიძლიერიდან გამომდინარე, დავარდა სკამსა და მაგიდას შორის და ინერციით თავი კედელს მიარტყა, როგორც დარტყმის, ისე – კედელთან შეჯახებისას განიცადა ფიზიკური ტკივილი. მისივე ჩვენებით, 2022 წლის ივნისის დასაწყისში, ღამით, მობილურ ტელეფონზე დაურეკა ძმამ მ. მ–მა, რის გამოც გაბრაზდა რ. ფ–ე, რადგან ის უკრძალავდა ნათესავებთან კონტაქტს, შიშობდა, რომ შესაძლოა მეუღლეს მოეყოლა ძალადობისა და შევიწროების ფაქტები, გაბრაზებულმა წაართვა მობილური ტელეფონი და მარჯვენა ხელის მუშტი ჩაარტყა თავის არეში, რის გამოც, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. 2022 წლის 15 მაისს, მას შემდეგ, რაც რ. ფ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, გადაწყვიტა სახლიდან წასვლა. რ. ფ–მ არ მისცა ამის უფლება, წასვლის შემთხვევაში დაემუქრა „დაჩეხვით“, რის შემდეგაც, შიშის გამო ვეღარ გაბედა სახლიდან წასვლა. არასრულწლოვანი მოწმე ა. ფ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ რ. ფ–მ არაერთხელ იძალადა დაზარალებულზე ფიზიკურად. ერთი-ერთი ძალადობის დროს ხელი გაარტყა და ძირს დააგდო, ძალადობის შედეგად თ. მ–სმა თავი კედელს მიარტყა. თ. მ–ი ყოველი ძალადობის დროს ტიროდა. ასევე ის, რომ რ. ფ–ე, თ. მ–ს არ აძლევდა ნათესავებთან ურთიერთობის უფლებას. მოწმე მ. მ–ს ჩვენებით, მსჯავრდებული დაზარალებულს უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, არ ჰქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში წასვლის უფლება (ქორწილი, დაკრძალვა, დაბადების დღე), ასევე მისთვის ცნობილია, რომ როცა დაზარალებულმა გადაწყვიტა მსჯავრდებულის სახლიდან წასვლა, რ. ფ–ე დაემუქრა „დაჩეხვით“, რის გამოც, თ–ა იძულებული გახდა შინ დარჩენილიყო. 2022 წლის ივნისის თვეში თ. მ–ი დაშორდა რ. ფ–ს, ამის შემდგომ როგორც დაზარალებულმა, ასევე ა. ფ–მ უამბეს, რომ რ. ფ–ე ხშირად ძალადობდა ფიზიკურად მეუღლეზე. ყურადღსაღებია დაზარალებულ თ. მ–სა და ა. ფ–ს ჩვენებების თანხვედრა, მოწმეების ლ. გ–ს, ო. გ–სა და მ. მ–ს ჩვენებებთან, რომლითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებულისგან იცოდნენ რ. ფ–ს მხრიდან მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის თაობაზე, ამასთან მოწმე ლ. გ–ს ჩვენებით (რომელთანაც დაშორების შემდეგ ცხოვრობდნენ თ. მ–ი და ა. ფ–ე) დგინდება, რომ ა. ფ–სე ხშირად იმეორებდა სიტყვებს: ,,მამამ დედას დაარტყა თავში, დედა დაეცა და თავი დაარტყა“. ამდენად, ნათელია, რომ მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულობისა და სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს და შესაბამისად, არ არსებობს მათი ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი.

5.7. რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას არასრულწლოვან გ. ფ–ს და გ. ფ–ს ჩვენებების გაზიარების თაობაზე, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი მოწმეებისთვის გაურკვეველია, რეალურად რას ნიშნავს ფიზიკური ძალადობა და რით გამოიხატება იგი. მართალია მოწმეებმა უარყვეს მამის მხრიდან დედის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი, თუმცა გ. ფ–მ დამატებით განმარტა, რომ ის ფიზიკურ ძალადობად აღიქვამს დანის დარტყმას სხეულზე, ამგვარ ქმედებას კი, მამის მხრიდან დედის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ამასთან, ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებითაც დადასტურდა ის ფაქტი, რომ რ. ფ–ე ხშირად ეჩხუბებოდა დაზარალებულს. ერთ-ერთი ასეთი კონფლიქტის დროს, მას შემდეგ, რაც თ. მ–მა გადაწყვიტა სახლიდან წასვლა, აღნიშნულით გაბრაზებულმა რ. ფ–მ მას წაართვა მობილური ტელეფონი, ხოლო სიმბარათი ღუმელში დაუწვა.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ მსჯავრდებულის უდანაშაულობას ადასტურებს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, დაზარალებულის მიერ ფიზიკური ძალადობის არგაცხადების ფაქტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის გაცემისას მსხვერპლის მიერ გარკვეული ფაქტების გაუმჟღავნებლობა არ გამორიცხავს დანაშაულებრივი ქმედებების არსებობას, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ ოჯახში ძალადობის დანაშაულის ხასიათს და იმ გარემოებას, რომ ამ ტიპის დანაშაულებში მოძალადეები დაზარალებულთათვის საყვარელი ადამიანები არიან, რომელთა მიმართაც ოჯახის წევრებს მეტი ემპათიურობა გააჩნიათ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს უჭირთ არა მხოლოდ პოლიციისთვის მიმართვა, არამედ – მოძალადის მხილება სასამართლოში. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, ამ დანაშაულთათვის დამახასიათებელი, მძიმე ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბუნებრივად მიიჩნევს დაზარალებულ თ. მ–ს ქცევას, რაც მის ჩვენებაში დაეჭვების საფუძველი ვერ გახდება. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დაზარალებულმა შემაკავებელი ორდერის დარღვევის თაობაზე განაცხადა 2022 წლის 27 ივნისს და არა შემაკავებელი ორდერის გაცემიდან ორ დღეში მსჯავრდებულის მხრიდან მასთან დამყარებული კომუნიკაციის შემდეგ. დაზარალებულმა მსჯავრდებულს სთხოვა, აღარ მიეწერა მისთვის, ამასთან გააფრთხილა, რომ თუ კვლავ ეცდებოდა კომუნიკაციას, ის იძულებული იქნებოდა მიემართა პოლიციისთვის (დადასტურებულია დაზარალებულის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაციით).

5.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმცირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას ეყრდნობა საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.10. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ დაზარალებულთან შერიგება, ავტომატურად ბრალდებულის უდანაშაულობას არ გულისხმობს. მართალია მისასალმებელია მსჯავრდებულის მისწრაფება, შეურიგდეს დაზარალებულს და ამგვარი შერიგების ფაქტები, თუმცა აღნიშნული ვერ გადაწონის საქმეზე წარმოდგენილი თანხვდენილი, დამაჯერებელი და რელევანტური მტკიცებულებებით დადგენილ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებს.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ფ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ი. ნ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე