Facebook Twitter

საქმე N 340100124004492459

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №19აპ-24 14 მაისი, 2024 წელი

ჩ–ე ა., №19აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენზე გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ჩ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, 2021 წლის 7 იანვარის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, 2021 წლის 14 იანვარის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ა. ჩ–მ, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება - „ჰეროინს“, საერთო წონით - 0,08533 გრამს, რომელიც, 2021 წლის 7 იანვარს, დილის საათებში, ქალაქ რ–ში, თ–ს ქუჩაზე, 300 (სამას) ლარად, უკანონოდ გაასაღა თ. ბ–ზე.

1.3. ა. ჩ–მ, გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება - „ჰეროინს“, საერთო წონით - 0,09614 გრამს, რომელიც, 2021 წლის 14 იანვარს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქალაქ რ–ში, თ–ს ქუჩაზე, 150 (ასორმოცდაათ) ლარად, უკანონოდ გაასაღა თ. ბ–სზე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენით, ა. ჩ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2021 წლის 7 იანვარის ეპიზოდი, 2021 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2021 წლის 14 იანვარის ეპიზოდი, 2021 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2021 წლის 7 იანვარის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2021 წლის 14 იანვარის ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და ა. ჩ–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ა. ჩ–ს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 5 წლით, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება ჩამოერთვა 15 წლით, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 20 წლით.

2.2. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ა. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხ. გ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა. კერძოდ, ა. ჩ–ს უდანაშაულოდ ცნობა ქმედებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი).

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით, ა. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ. გ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის განაჩენში ა. ჩ–ს მიმართ შევიდა ცვლილება;

ა. ჩ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით (2021 წლის 7 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);

ა. ჩ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (2021 წლის 14 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);

ა. ჩ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 14 იანვრის ეპიზოდი, 2021 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით. 2022 წლის 12 აპრილის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ვადა შეუმცირდა 75 დღით;

ა. ჩ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, 5 წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 წლით.

3.2. 2023 წლის 14 დეკემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შალვა ნიკვაშვილმა, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და ა. ჩ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა.

3.3. მსჯავრდებულ ა. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხ. გ–მა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ა. ჩ–ს მიერ, როგორც ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის, ასევე მათი გასაღების ფაქტი. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამომძიებლებმა ტ. მ–მა, ტ. ფ–მ, ზ. ხ–მ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და ის ფაქტი, რომ თ. ბ–მა განმარტა, რომ 2021 წლის 7 იანვარს ნარკოტიკულ საშუალება შეიძინა ა. ჩ–საგან და 2021 წლის 14 იანვარს საკონტროლო შესყიდვა განახორციელა ამ უკანასკნელისგან. მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე თ. ბ–მა უარყო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, რითაც ხელი შეუშალა მართლმასჯულების განხორციელებას და რის გამოც წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლით, თუმცა მიუხედავად ამისა, უდავოდ გამხადრი მოწმეების: გ. ა–ს, ი.მ–ს, მ. კ–ს, თ. გ–ს, ო. გ–ს, გ. თ–ს, მ. გ–ს, დ. ქ–ს, გ. გ–ს, ლ. ტ–ს, დ. გ–ს, ე. კ–ს ჩვენებები ადასტურებენ ა. ჩ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი დანაშულების ჩადენას. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით კი, დადგინდა, რომ ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული გამოსახულება იდენტურია გამომძიებლის მიერ მითითებულ და მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ ა. ტ–ს ძე ჩ–ს ფოტოსურათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულების. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული მასალებით დასტურება, რომ 2021 წლის 14 იანვარს, თ. ბ–მა ა. ჩ–ეისგან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს თ. ბ–ს მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც დადგინდა, რომ ამ უკანასკნელმა ნარკოტიკული საშუალება შეიძინა სწორედ ა. ჩ–სგან. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებით, უტყუარად დადასტურდა, რომ ა. ჩ–მ ნამდვილად ჩაიდინა ნარკოტიკული საშულების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან, ერთის მხრივ, განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხოლო, მეორეს მხრივ, მასში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ არ იქნა მიჩნეული ა. ჩ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი – ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების (2021 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების გასაღების (2021 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) ფაქტები, რომლის საპირისპიროს მტკიცება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობიდან.

5.3. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ 2021 წლის 7 იანვარს ა. ჩ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისა და გასაღების დასადასტურებლად ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა ა. ჩ–ს კავშირი თ. ბ–სგან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებასთან.

5.4. პირველი ინსტანცის სასამართლოს სხდომაზე თ. ბ–მა უარი განაცხადა ა. ჩ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო მოწმე პოლიციელების ჩვენებები ბრალდების ამ ნაწილში წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს და არ არის გამყარებული სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს და არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.5. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას. ამასთან, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.6. რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელირებას თ. ბ–ს მიმართ გამოტანილ განაჩენზე, საკასაციო სასამართლო უთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პრეიუდიციას წარმოადგენს და გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის. მოცემულ შემთხვევაში კი, დაცვის მხარე არ დაეთანხმა თ. ბ–ს მიმართ გამოტანილი განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს იმ ნაწილში, რომ მან ნარკოტიკული საშუალება ა. ჩ–საგან შეიძინა. შესაბამისად, აღნიშნული განაჩენით დადგენილი ფაქტები ვერ მიიჩნევად პრეიუდიციად.

5.7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2021 წლის 14 იანვარს, ა. ჩ–მ თ. ბ–სთან ერთად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. ა. ჩ–ე და თ. ბ–ი, ორივე მოიხმარდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. სწორედ ნარკოტიკების მოხმარების მიზნით, შეკრებილი თანხით, ყიდულობდნენ მას და ინაწილებდნენ თითოეულის მიერ გადახდილი თანხის მიხედვით. ანალოგიური მოხდა, 2021 წლის 14 იანვარსაც.

5.8. მოწმე თ. ბ–მა უარყო ყოველგვარი მონაწილეობა ა. ჩ–სთან განხორციელებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში და აღნიშნა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეიძინა, მაგრამ არა ა. ჩ–სგან.

5.9. ხსენებულ ვითარებაში საქმეზე ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი ნეიტრალურ მტკიცებულებას, როგორიც არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, რომელთა შინაარსი ცხადყოფს, რომ 2021 წლის 14 იანვარს, შეხვედრამდე თ. ბ–ი ურეკავს ა. ჩ–ს, ეუბნება, რომ როგორც შეთანხმებული არიან, 10 საათზე იქნება და მიაქვს 180 ლარამდე თანხა. თავის მხრივ ჩ. პასუხობს, რომ როგორმე 290 ლარი მაინც უნდა ჰქონდეთ, თორემ სხვანაირად არ მისცემს. შემდეგ მსჯელობენ შემდეგზე: „იქნება ქნას. ერთნახევარი მაინც მოგვცეს“. რაზეც ჩ–ე ვარაუდობს, რომ არ გახსნის და ასე მისცემთ. შემდეგ სატელეფონო საუბრებში საუბარია, რომ ვინაიდან თავისი ფული არ ჰყოფნით, იქნებ კიდევ ვინმე შეუერთდეთ. ანალოგიური შინაარსის საუბარი მიმდინარეობს, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებაში, თ. ბ–ს და ა. ჩ–ს შეხვედრის ამსახველ ვიდეოჩანაწერში. ეს შეხვედრა მოხდა უშუალოდ ზემოხსენებული სატელეფონო საუბრების შემდეგ. ფარული ვიდეოჩანაწერის თანახმად, ერთმანეთთან შეხვედრის შემდეგ, თ. ბ–ი და ა. ჩ–ე საუბრობენ: ჩ–ს თქმით მასაც აქვს 100 ლარი, მანვე იცის ისიც, რომ ბ–ს წასაღებადაც უნდა ნარკოტიკი და არჩევენ ვარიანტებს იმ თანხის მიხედვით, რაც მათ აქვთ. ამის შემდეგ ისინი მიდიან სხვა პიროვნებებთანაც, რომლებიც ასევე გამოთქვამენ სურვილს შეიძინონ ნარკოტიკი და საუბრობენ შეძენის სხვადასხვა ვარიანტებზე. ბოლოს შეარჩევენ მათთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტს და გადაწყვეტენ წავიდნენ გამყიდველთან და შეიძინონ. მხოლოდ ამის შემდეგ შორდებიან ერთმანეთს ბ–ი და ჩ–ე. შემდეგ ჩანაწერში ჩ–ე მოდის ბ–თან და გადასცემს რაღაც საგანს. შესაბამისად, ზემოხსნებული მტკიცებულებებით დადგინდა ის ფაქტი, რომ მათ ჯამურად შეკრებილი თანხით ერთობლივად შეიძინეს ნარკოტიკული საშუალება, საიდანაც ა. ჩ–მ კუთვნილი წილი გადასცა თ. ბ–ს, რაც ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მის ქმედებაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების შემადგენლობას.

5.10. ამდენად, საკასაციო საჩივარში ბრალდების მხარის მიერ გაცხადებული ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც ვერ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მართებულად გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ა. ჩ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადგინდა ა. ჩ–ეის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის და გასაღების (2021 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) და ნარკოტიკული საშუალების გასაღების (2021 წლის 14 იანვრის ეპიზოდი) ჩადენის ფაქტები.

5.13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.16. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ შალვა ნიკვაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე