Facebook Twitter

საქმე N 060100123007863593

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №136აპ-24 22 მაისი, 2024 წელი

ძ–ე ბ.,№136აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ იგარ ფეტვიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. ძ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. ბ. ძ–ე, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აპრილის განაჩენით მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით, რისი ათვლაც დაეწყო 2022 წლის 07 სექტემბრიდან - დღიდან დაკავებისა. ბ. ძ–ე დანიშნული სასჯელის მოხდისგან გათავისუფლდა – 2023 წლის 8 მაისს.

ბ. ძ–ე, 2023 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 20:50 საათზე, ქ. ვ–ში, .........ის ქუჩაზე №..-ში მდებარე შპს „..........ფარმას“ აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა გაჩერებულ ავტომობილში მჯდომ თავის ყოფილ ქვისლთან - თ. მ–სთან და სრულიად უსაფუძვლოდ, განაწყენების ნიადაგზე დაემუქრა თავის მოჭრის გზით სიცოცხლის მოსპობით, რომელსაც აღნიშნულით გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე, ბ. ძ–ს მიმართ არ არსებობდა ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას.

2.2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით, ბ. ძ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.

2.3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა იგარ ფეტვიაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2023 წლის 29 დეკემბერს სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა იგარ ფეტვიაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 7 დეკემბრის განაჩენის გაუქმება, ბ. ძ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის დანიშვნა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე გამართლებულ ბ. ძ–ს მიერ წარმოდგნილი იქნა შესაგებლი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს ბ. ძ–ს ბრალეულობას. კერძოდ, დაზარალებულ თ. მ–ს ჩვენებით დადგინდა, რომ 2023 წლის 2 აგვისტოს ავერსის აფთიაქთან მას ავტომობილში მჯდომს, მიუახლოვდა ბ. ძ–ე და დაემუქრა მოკვლით, თავის მოჭრით, რამაც მასში გამოიწვია მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დაზარალებულის ჩვენებას ამყარებს ვიდეოჩანაწერი, რომელიც მართალია არის უხმო, თუმცა ადასტურებს დაზარალებულის მიერ ჩვენებაში მითითებულ გარემოებებს. მოწმე ვ. ჩ–ი კი ინციდენტს თავიდანვე არ შესწრებია, რაც ასევე დგინდება ვიდეოჩანაწერის გაცნობის შედეგად, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ მას მუქარის შემცველი სიტყვები არ გაუგია. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითრებას და მსგავს საქმეებს ერთგვაროვენი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბ. ძ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ თ. მ-ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად, ის არის ბ. ძ–ს ყოფილი ქვისლი. მას შემდეგ, რაც ბ. ძ–ე და მისი ცოლისდა - ვ. ა–ე განქორწინდნენ, ბ-ნ რაიმე შეხება ან ურთიერთობა არ ჰქონია. 2023 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში, მეუღლესთან - რ. ა–სთან ერთად იმყოფებოდა ქ. ვ–ში, „.......ის“ აფთიაქის წინამდებარე ტერიტორიაზე, საკუთარი „ოპელის“ მარკის ავტომობილით. იგი იჯდა ავტომობილში და მანქანის მინები ჰქონდა ჩამოწეული. მეუღლე გადასული იყო აფთიაქში წამლის შესაძენად. ამ დროს, მას გზის მეორე მხრიდან მიუახლოვდა ყოფილი ქვისლი - ბ. ძ–ე და უმიზეზოდ, ხმამაღლა ორჯერ შეაგინა დედის მისამართით, ხოლო შემდეგ დაემუქრა, რომ დანით გამოჭრიდა ყელს. იგი გადმოვიდა მანქანიდან და ბ. ძ–ს დაუძახა - „ჩემთან რა გინდა, მე რა დაგიშავე? დაგვანებე თავი და ჩამოგვშორდიო“, რის შემდეგაც ბ. ძ–მ გზა განაგრძო. ამ ფაქტს მისი მეუღლე - რ. ა–ე არ შესწრებია. ვინაიდან ბ. ძ–ე წარსულში ნასამართლევი იყო მუქარის ფაქტზე, მისი მხრიდან განხორციელებული მუქარა აღიქვა რეალურად და პოლიციას მიმართა მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება გამყარებული უნდა იყოს სხვა მტკიცებულებებით, რადგან მისი ნათქვამის საპირწონედ წარმოდგენილია ბ. ძ–ს ჩვენება, რომელიც კატეგორიულად უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და აცხადებს, რომ თეიმურაზ მჟავანაძის მიმართ მუქარა არ განუხორციელებია, ხოლო იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს, რაც მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატის მიზანს არ წარმოადგენს რაიმე ფორმით მოახდინოს დაზარალებულის ჩვენების დისკრედიტაცია ან აქციოს იგი არასანდოდ, თუმცა, ამავდროულად, სასამართლოს ამოცანაა, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების უტყუარობა ერთობლიობაში და ისე მიიღოს გადაწყვეტილება პირის დამნაშავეობა/უდანაშაულობის შესახებ.

5.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ფაქტის თვითმხილველმა ნეიტრალურმა მოწმემ ვ. ჩ–მა განმარტა, რომ 2023 წლის 2 აგვისტოს, საღამოს საათებში, დასთან და დისშვილთან ერთად იმყოფებოდა ქ. ვ–ში, „......ის“ აფთიაქის მიმდებარე ტერიტორიაზე. რა დროსაც შეესწრო მისთვის უცნობი ორი მამაკაცის მხრიდან ერთმანეთის მისამართით გინების ფაქტს. მას მუქარის შემცველი სიტყვები არ გაუგონია.

5.4. საკასაციო პალატა ყურდღებას გაამახვილებს ასევე საქმეში გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2023 წლის 2 აგვისტოს, 20:48 საათზე, ქ. ვ–ს ცენტრში, „........ის“ აფთიაქის წინ გაჩერებულ და თავის მანქანაში მჯდომ თ. მ–სთან ქუჩის მოპირდაპირე მხრიდან უახლოვდება ბ. ძ–ე და დაახლოებით 5-6 მეტრიდან ხელის ჟესტიკულაციით მიმართავს დაახლოებით 2 წამის განმავლობაში, რის შემდეგაც მაშინვე ბრუნდება უკან. ამ დროს თავისი მანქანიდან გადმოდის თ. მ–ე, რომელიც ბ–ს მიმართავს რამდენიმე წამით. ვიდეოჩანაწერის თანახმად, ამ ფაქტს უშუალოდ შეესწრო იქვე მანქანასთან მყოფი ვ. ჩ–ი. საგულისხმოა, რომ ვიდეოჩანაწერი არის უხმო და მხოლოდ ის გარემოება, რომ ბ. ძ–ე ხელის მოძრაობით მიმართავს თ. მ–სთან, უტყუარად ვერ ადასტურებს მის მიერ დაზარალებულზე სიცოცხლის მოსპობით დამუქრების ფაქტს.

5.5. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ აკმაყოფილებს ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა სტანდარტს და არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა ბ. ძ–ის დამნაშავედ ცნობისათვის.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.7. ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ საფუძველთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეებში, რომლებშიც დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად, წარმოდგენილია ერთი პირდაპირი მტკიცებულება მაინც, მიიჩნევა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მისაღწევია, თუმცა გასათვალისწინებელია ყოველი საქმის ინდივიდუალური მოცემულობა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა ხარისხი, მათი ურთიერთშესაბამისობა და მოპოვებულ ინფორმაციათა თანხვედრა ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ. ძ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ იგარ ფეტვიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე