საქმე N 120100120003972832
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №116აპ-24 22 მაისი, 2024 წელი
ხ-ი თ., №116აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურორის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ხ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ (ორი ეპიზოდი)), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118- ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2018 წლის მაისში, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, თ. ხ–მა, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით, ორსულ მეუღლეს – ნ. ჭ–ს მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი, სკამი ესროლა და მოარტყა მარცხენა ფეხის წვივზე, რა დროსაც ნ. ჭ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2019 წლის ივნისში, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, თ. ხ–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ გენდერული სტერეოტიპის გავლენით, რომ არ ჰქონდა უფლება სოციალურ ქსელებში, თავისი სურვილისამებრ ურთიერთობა დაემყარებინა მეზობლებთან და მეგობრებთან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ, წინასწარი შეცნობით, ორსულ მეუღლეს – ნ. ჭ–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა – ხელი მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ნ. ჭ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2020 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა თ. ხ–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით, რომ არ ჰქონდა უფლება სოციალურ ქსელებში, თავისი სურვილისამებრ ეურთიერთა მეზობლებთან და მეგობრებთან, არასრულწლოვანი შვილის, .... წელს დაბადებული ს. ხ. ს–ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს – ნ. ჭ–ს, რომელსაც მან თმებში მოკიდა ხელი, წამოაწევინა თავი და მუშტი ერთხელ დაარტყა სახეში, ტუჩის არეში. შემდეგ კი, საწოლზე მჯდარს, ფეხი დაარტყა ბეჭებზე და ჩააგდო ძირს, იატაკზე. იატაკიდან წამომდგარ ნ. ჭ–ს, რომელსაც ხელში აყვანილი ჰყავდა თავისი არასრულწლოვანი შვილი – ს. ხ. ს–ი, თ. ხ–მა გაშლილი ხელი კვლავ დაარტყა სახის არეში, ცხვირსა და ტუჩებზე. თ. ხ–ს აღნიშნული ძალადობრივი ქმედებებით ნ. ჭ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სხეულზე მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.5. 2020 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ში მდებარე თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა თ. ხ–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით, რომ არ ჰქონდა უფლება სოციალურ ქსელებში, თავისი სურვილისამებრ ეურთიერთა მეზობლებთან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნ. ჭ–ს, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელის გამოჭრით, რითაც ნ. ჭ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა თ. ხ–ს მიერ მისთვის ბარალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენას.
2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენით, თ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.
2.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურორის პროკურორმა – თამუნა მურჯიკნელმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 9 იანვარს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – თამუნა მურჯიკნელმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და თ. ხ–ს წარდგენილი ბრალდებებით სრულად დამნაშავედ ცნობა.
3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ – ადვოკატმა ნ. ა–მა წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სრულად დასტურდება თ. ხ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. მართალია, დაზარალაბულმა ირაგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა მეუღლის მამხილებელი ჩვენება, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, სწორედ სახელმწიფოს ეკირება პოზიტიური ვალდებულება აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმეების – ი. ჭ–ს და ი. ღ–ს გამოკითხვის ოქმებით, შემაკავებელი ოქმით, სხვადასხვა წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგნიდება კონკრეტული ადგილი, დრო და ვითარება დაზარალებულის მიმართ თ. ხ–ს მიერ განხორციელებული ძალადობების და მუქარის შესახებ. ასევე გამოკვლეული იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში კი დეტალურადაა აღწერილი დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები. შესაბამისად, საქმეში არსებობს პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტუნებელი განაჩენის დასადგენად.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დასტურდება თ. ხ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ნ. ჭ–მ (მეუღლე) და მოწმეებმა – ქ. ხ–მა (დედა), ზ. ხ–მა (მამა) და მ. ხ–მა (ბებია) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია მათ მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამასთან, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, თ. ხ–ს მხრიდან დაშინების ან სხვაგვარი გავლენის გამო.
5.3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, ავტომატურად არ გულისხმობს დაზარალებულის მონაწილეობით შედგენილი დოკუმენტების გაუზიარებლობას. თუმცა ცალკე შეფასების საგანია მტკიცებულებათა საკმარისობის საკითხი, რომელიც ყოველ კონკრეტულ საქმეზე სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა დაადგინოს.
5.4. მოცემულ შემთხევევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შეტყობინებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ 2020 წლის 18 აგვისტოს, 14:54:07 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს მობილური ტელეფონის საშუალებით მიმართა ნ. ჭ–მ და განმარტა, რომ მეუღლემ, დედამთილმა და დედამთილის დედამ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. თუმცა, აღნიშნული გაანცხადებით არ ირკვევა, თუ რა ფორმით განხორციელდა ძალადობა მასზე და აღნიშნულის შედეგად განიცადა თუ არა მან ფიზიკური ტკივილი.
5.5. შემაკავებელი ორდერით და თანდართული ოქმით დგინდება, რომ 2020 წლის 19 აგვისტოს, თ. ხ–ს მიერ მეუღლეზე – ნ. ჭ–ზე განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან – ნ. ჭ–სთან, მის სახლთან, სამსახურთან და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა.
5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 29 მარტის სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნაზე, რომლითაც დგინდება, რომ ნ. ჭ–ს სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთი და ნაჭდევები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული, ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. მართალია, აღნიშნული დასკვნით დადასტურდა დაზიანების არსებობა, თუმცა სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ნ. ჭ–ს მიაყენა თ. ხ–მა, წარმოდგენილი არ არის. თავად დაზარალებულმა კი სასამართლოს არ მისცა ჩვენება.
5.7. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წერილობით მტკიცებულებებში ასახული მწირი ინფორმაცია, რომელიც არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, არ არის საკმარისი ფიზიკური ძალადობის სამი ეპიზოდის და, შედეგად, ტკივილის განცდის ფაქტის დასადასტურებლად, მაშინ როდესაც დაზარალებულმა და მოწმეებმა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს მხოლოდ ნ. ჭ–ს გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციის გამეორებას, რომლის სასამართლოში დადასტურებაზეც დაზარალებულად ცნობილმა პირმა უარი განაცხადა. მოცემულ შემთხვევაში, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიზანი არ ყოფილა ვითარების აღდგენა ან საქმისათვის არსებითი გარემოებების დადგენა, ხოლო როცა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეიცავს მონაწილე პირების მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით ვითარების აღდგენას, არაა მაქსიმალურად მიახლოებული აღსადგენ შემთხვევასთან და შეიცავს მხოლოდ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამეორებას, მისი, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ამ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, რომლის მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში მითითებული ინფორმაციის უტყუარობას.
5.8. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მოწმეები – ი. ღ–ე და ი. ჭ–ე – არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები და მათი ჩვენებები არაინფორმატიულია თ. ხ–ს მიერ ნ. ჭ–ს მიმართ ძალადობის განხორციელების დასადასტურებლად. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ იქნა დადასტურებული თ. ხ–ს მიერ ნ. ჭ–ს მიმართ ძალადობის ჩადენის ფაქტები, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმაბა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდების ნაწილშიც სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ. ხ–ს მიერ მეუღლის მიმართ მუქარის განხციელებას. აღნიშნულის თაობაზე, გამოძიების ეტაპზე განაცხადა დაზარალებულმა, რომელმაც ისარგებლა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება დანაშაულის მითითებულ ეპიზოდს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.
5.10. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რომლებსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურორის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე