Facebook Twitter

საქმე N 190100123007302045

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №97აპ-24 20 მაისი, 2024 წელი

ხ–ი შ., №97აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. შ. ხ–ი (პასპორტის ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2023 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. რ–ში, მ–ს მე-..გასავლელის ბინა №..–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ. ხ–ი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, უსაფუძვლო ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ც. კ–ს. კერძოდ, შ. ხ–ს ჰქონდა სტერეოტიპული შეხედულებები – მეუღლე ც. კ–ე მის საკუთრებად მიაჩნდა, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, ეუბნებოდა, რომ არ ჰქონდა მასთან განქორწინების უფლება, სხვასთან არ გაახარებდა და 2023 წლის 1 აპრილს, მაშინ, როდესაც ც. კ–მ კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ უნდა გაშორებოდა, შ. ხ–მა გაუმეორა, მისი თუ არ იქნებოდა, სხვასთან არ გაახარებდა და მოკლავდა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა ც. კ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.3. 2023 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე ქ. რ–ში, მე-.. მ/რ, ბინა №...-ში შ. ხ–მა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, უსაფუძვლო ეჭვიანობისა და მესაკუთრული დამოკიდებულების გამო, არასრულწლოვანი შვილის – 2017 წელს დაბადებული შშმ პირის, დ. კ-ს თანდასწრებით, იძალადა მეუღლის ც. კ–ს მიმართ. კერძოდ, შ. ხ–ს ჰქონდა სტერეოტიპული შეხედულებები – მეუღლე, ც. კ–ე მის საკუთრებად მიაჩნდა, ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, ეუბნებოდა, რომ არ ჰქონდა მასთან განქორწინების უფლება, სხვასთან არ გაახარებდა, ითხოვდა ბინის გასაღების გადაცემას. უარის გამო, ყელზე მოუჭირა ხელი და ერთხელ გააწნა სილა სახის მარცხენა არეში, რა დროსაც ც. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ შ. ხ–ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით საქმეში არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით მისი დამნაშავედ ცნობისთვის შექმნიდა საფუძველს.

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ შ. ხ–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენით, შ. ხ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.

შ. ხ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე. შ. ხ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვით.

2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ხ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. მ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და შ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2.5. განაჩენი ასევე გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ და მოითხოვა შ. ხ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას და მსჯავრდებულ შ. ხ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ი. მ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 24 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 7 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ შ. ხ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. მ–მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და შ. ხ–ს უდანაშაულოდ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოს დასკვნა შ. ხ–ს დამნაშავედ ცნობის შესახებ არ ემყარება სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. დაზარალებულ ც. კ–ს, ასევე მოწმეების – დ. ჩ–ს, მ. ა–ს, ხ. ს–ს, ვ. მ–ს ჩვენებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საგამოძიებო ექსპერიმენტი კი არ შეიცავს ფაქტობრივი გარემოებების შესახებ საკმარისად დეტალურ მონაცემებს. შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლომ არ გადაწყვიტა შ. ხ–ს სასარგებლოდ. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება ძალადობის განხორციელების და ამ ძალადობის შედეგად ტკივილის განცდის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი და პირდაპირი მტკიცებულება, რის გამოც შ. ხ–ს მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას შ. ხ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ ც. კ–ს ჩვენებაზე, რომლის თანახმად, შ. ხ–სთან 2022 წლის დეკემბრიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ისინი ცხოვრობდნენ ნაქირავებ ბინაში. 2023 წლის 7 აპრილს შ. ხ–ი მისი მშობლების სახლში მივიდა და ნაქირავები ბინის გასაღები მოსთხოვა, რაზეც მან უარი განუცხადა. აღნიშნულით განაწყენებულმა შ. ხ–მა ხელი ჯერ ყელზე მოუჭირა და შემდეგ სახეში გაარტყა. ძალადობა ბინის შესასვლელში, დაახლოებით ორ წუთს გაგრძელდა. მან მეუღლის ქმედებების შედეგად განიცადა ტკვილი. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმე მ. ა-ს ჩვენებით. მოწმის განმარტებით, 7 აპრილს მათ სახლში მივიდა შ. ხ–ი. იგი იმყოფებოდა სამზარეულოში, სადაც ესმოდა ც. კ–სა და შ. ხ–ს ხმამაღალი საუბარი. შემთხვევის შემდეგ ც-მ უთხრა, რომ შ-ი ხელით შეეხო, რის გამოც, პოლიცია გამოიძახა.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 2023 წლის 7 აპრილს შესული შეტყობინების N......... აუდიოჩანაწერში ისმის კამათის ხმა. ქალბატონი დასახმარებლად იძახებს პოლიციას და უთითებს ოჯახურ კონფლიქტის თაობაზე. ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა მიუთითა ადგილი, სადაც მისმა მეუღლემ – შ. ხ–მა კონფლიქტისას მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიტყვებით: „ჩემთან თუ არ იქნები, არავისთან გაგახარებ, მოგკლავ“, მოსთხოვა მას საცხოვრებელი ბინის გასაღები, რაზეც უარი განუცხადა, რის გამოც შ–მა დაუპირა ჩანთის წართმევა, მან კი არ დაუთმო, რაზეც შ–ი გაბრაზდა, მარცხენა ხელი წაუჭირა ყელში და სახის არეში სილა გააწნა. აღნიშნულს ესწრებოდა მისი 2017 წელს დაბადებული შვილი.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმე ვ. მ–ს ჩვენებას, რომლის თანახმად, 2023 წლის 7 აპრილს საპატრულო პოლიციაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, იგი გამოცხადდა ადგილზე. მას ც. კ–მ უთხრა, რომ მეუღლემ მიაყენა შეურაცხყოფა, ყელში წაუჭირა ხელი და დაარტყა. ზემოხსენებული ფაქტები ასევე დგინდება №.......... შემაკავებელი ორდერის ოქმით.

5.7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს, არ შეიცავს წინააღმდეგობრივ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. ისინი სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერენ მათ მიერ ნანახ და გაგონილ ფაქტებს და არ არსებობს მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი.

5.8. დაცვის მხარის განმარტება, რომ შ. ხ–ს არ ჩაუდენია დანაშაული ეწინააღმდეგება დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებს, ასევე – წერილობით მტკიცებულებებს, რომლებიც სრულად თანხვედება ერთმანეთს და სავსებით საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა იმის დასადასტურებლად, რომ 2023 წლის 7 აპრილს შ. ხ–მა ნამდვილად განახორციელა ფიზიკური ძალადობა მეუღლის ც. კ–სის მიმართ, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე სააპელაციო პალატის მიერ ამომწურავი პასუხი გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალი გარემოება, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, საჩივარში მითითებული არ არის.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ შ. ხ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. მ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე