Facebook Twitter

საქმე N 190100121005175454

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №115აპ-24 20 მაისი, 2024 წელი

ხ–ე გ., 115აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1 გ. ხ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის), რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით, 15:50 საათზე, ქალაქ რ–ში, მ–ს გამზირის N..-ე კორპუსის მიმდებარედ, გ. ხ–მ, ლ. ჩ–ს, რომელმაც შენიშვნა მისცა ჩაცმულობის გამო, მჩხვლეტავ-მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის გამოყენებით, მარჯვენა ბარძაყის ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობისა და მარცხენა წინამხრის ნაკვეთი ჭრილობის სახით, მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ და ერთმანეთთან შეთანხმებულ საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენით, გ. ხ–ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ხ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის გ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამრთლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან, გ. ხ–ს ბრალეულობა დადასტურებულია: დაზარალებულ ლ. ჩ–ს, მოწმეების – მ. ჯ–ს, მ. ბ–სა და ე. ვ–ს ჩვენებებით, სათვალთვალო ვიდეო კამერების ჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმით, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებით, ასევე გ. ხ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული კუთვნილი ტანსაცმლითა და ამ ტანსაცმელზე ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით. წარმოდგენილი მტკიცებულებებით სრულად დადასტურდა გ. ხ–ს მიერ ლ. ჩ–სს დაჭრის ფაქტი. ლ. ჩ–მ არც დაადასტურა და არც უარყო, რომ მისი დამჭრელი პირი არის გ. ხ–ე, თუმცა მისი ჩვენებით დადასტურდა, რომ დაჭრა შარვლის ჩაცმის სტილს უკავშირდებოდა. სწორედ აღნიშნული გამოიკვეთა გ. ხ–ს სატელეფონო საუბრის ჩანაწერებითაც. სასამართლოს მხრიდან არაობიექტურად შეფასდა გამოკვლეული ვიდეოჩანაწერები, მათი დათვალიერების ოქმი და ამ დათვალიერებაში მონაწილე პირის – მ. ჯ–ს ჩვენება. ვიდეოში კარგად იყო გამოსახული დანიანი პირის – გ. ხ–ს სახე, ტანსაცმელი და აღნაგობა. პროცესები საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა, რათა სასამართლოს აღექვა გ. ხ–ს გარეგნობა და მერე შეედარებინა ვიდეოში არსებულ პირთან. ასევე, მ. ბ–ს და ე. ვ–ს მიერ აღწერილი პიროვნება ემთხვევა გ. ხ–ს გარეგნობას. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ გ. ხ–ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულ შარვალზე აღმოჩნდა დაზარალებულ ლ. ჩ–ს სისხლი. ამდენად, თუ გ. ხ–ე არ იყო შემთხვევის ადგილას, თუ ის არ მონაწილეობდა დაჭრის პროცესში, თუ ის არ იცნობს ლ. ჩ–ს, არ ჰქონია მასთან არანაირი კავშირი, რანაირად მოხვდა მის შარვალზე დაზარალებულის სისხლი?! – ამ კითხვას პასუხი სასამართლომ არ გასცა და ამ ხარისხის მნიშვნელობის მტკიცებულება შეფასებისა და ყურადღების მიღმა დარჩა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების გამო სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობასა და დაუსაბუთებლობას.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა შესაძლოა ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევით, რომელსაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.

5.4. საკასაციო საჩივრის თანახმად, პროკურორს მიაჩნია, რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტები.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.9. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.10. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, ქვემდგომ სასამართლოებში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა გამართლებულ გ. ხ–ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებისთვის რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და უტყუარად ვერ დაადგინა, რომ 2021 წლის 7 თებერვალს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქალაქ რ–ში, მ–ს გამზირის N..-ე კორპუსის მიმდებარედ, სწორედ გ. ხ–მ მიაყენა ლ. ჩ–ს სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება.

5.11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც გ. ხ–ს მიმართ არ არის წარმოდგენილი, გონივრულ ეჭვს მიღმა, საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: ფაქტის თვითმხილველი ერთადერთი მოწმე არის თავად დაზარალებული – ლ. ჩ–ს, რომელიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსიის საპირისპირო განმარტებებს აკეთებს. მართალია, მოწმეები – მ. ბ–ი და ე. ვ–ი შემთხვევის დროს შორიახლოს იმყოფებოდნენ, თუმცა, მათი ჩვენებების თანახმად, დაზარალებულისათვის დანის უშუალოდ დარტყმის ფაქტი არ დაუნახავთ. შესაბამისად, შესაძლოა ითქვას, რომ ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და მათი ჩვენებების შინაარსი ლ. ჩ–სთვის დანის დამრტყელი პირის დადგენის შესაძლებლობას არ იძლევა, ხოლო მ. ჯ–ი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა და მის მიერ შემთხვევის ადგილის ამსახველი სათვალთვალო ვიდეოკამერების დათვალიერების ოქმში განმარტებული გარემოებები, იმის თაობაზე, რომ ამოიცნო გ. ხ–ე, როგორც ლ. ჩ–სათვის დანით დაზიანებების მიმყენებელი პირი, საფუძვლად ვერ დაედება გ. ხ–ს მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა, დაადასტურებდა ვიდეოჩანაწერში არსებული პირის და გ. ხ–ს იდენტურობას (მაგალითად:, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა). ამასთან, აღსანიშნავია, რომ ვიდეკამერების ჩანაწერების თანახმად, დამნაშავეს აცვია კაპიუშონიანი ზედა, რომელიც კეპზე აქვს წამოფარებული. ვიდეოკამერებში არ ჩანს დამნაშავის გამორჩეული გარეგნული ნიშან-თვისება, რომლითაც თვალნათლივ იქნებოდა შესაძლებელი გ. ხ–ის ამოცნობა. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ხ–ს მიმართ ბრალადწარდგენილი ქმედების დადასტურების თვალსაზრისით, მ. ბ–ს, ე. ვ–სა და მ. ჯ–ს ჩვენებები არაინფორმაციულია.

5.12. საკასაციო სასამართლო გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გ. ხ–ს ტანსაცმელზე აღმოჩნდა ლ. ჩ–ს სისხლის ლაქა, თუმცა რამდენადაც სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა გ. ხ–ს მიერ ლ. ჩ–ს დანით დაჭრის ფაქტს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ გ. ხ–ს ტანსაცმელზე ლ. ჩ–ს სისხლის კვალი აღმოჩნდა მის მიერ დაზარალებულის დანით დაჭრის შედეგად, შეუძლებელია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სამართალდამცავებმა ჯინსის შარვალი ამოიღეს შემთხვევიდან დაახლოებით 20 დღის შემდეგ და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმში არ არის აღწერილი და მითითებული ამოღებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქების თაობაზე, რაც საქართველოს სსსკ-ის 120-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნაა. ამასთან, ვიდეოკამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პირს, რომელზეც მ. ჯ–ი მიუთითებს, რომ არის გ. ხ–ე, არ აცვია რაიმე ნიშნით გამორჩეული ჯინსის შარვალი, რაც პიროვნების იდენტიფიცირებას გახდიდა შესაძლებელს.

5.13. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რომელთა გამოც მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ხ–ს წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე