Facebook Twitter

საქმე N 190100122006356943

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №30აპ-24 14 მაისი, 2024 წელი

ჯ–ი გ., №30აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის, ასევე მსჯავრდებულ გ. ჯ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ჯ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილის გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 19 სექტემბერს, ღამის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ჯ–მა, გენდერის ნიშნით და შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა პირმა – ნ. ა–მ უსაყვედურა პორნოგვერდებზე შესვლისათვის, რისი უფლებაც მას, როგორც ქალს, არ ჰქონდა, ძალადობა განახორციელა მის მიმართ, ხუთჯერ დაარტყა შეკრული ხელი პირის არეში და წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი თავის, მუცლისა და ფეხის არეში. გ. ჯ–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ნ. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ჯ–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგით:

2.2. 2022 წლის 19 სექტემბერს, ღამის საათებში, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გ. ჯ–მა, იმის გამო, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა პირმა – ნ. ა–მა უსაყვედურა პორნოგვერდებზე შესვლისათვის, ძალადობა განახორციელა მის მიმართ, ხუთჯერ დაარტყა შეკრული ხელი პირის არეში და წაქცეულს რამდენჯერმე დაარტყა ფეხი თავის, მუცლისა და ფეხის არეში. გ. ჯ–ს ძალადობრივი ქმედებების შედეგად, ნ. ა–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენით გ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გ. ჯ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2022 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით და საბოლოოდ გ. ჯ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 135 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, რაც ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას.

გ. ჯ–სს საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

2.4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ სტურუამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და გ. ჯ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

2.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ჯ–მა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ სტურუას და მსჯავრდებულ გ. ჯ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა.

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, ცვლილება შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის განაჩენში, კერძოდ:

გ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 150 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი (2022 წლის 19 სექტემბრიდან 2022 წლის 21 სექტემბრის ჩათვლით) და საბოლოოდ განესაზღვრა 135 საათით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე, 2 წლით შეეზღუდა იარაღთან დაკავშირებული უფლებები, რაც ნიშნავს იარაღის დამზადების, შეძენის ან/და იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის) შენახვის, ტარების ან/და გამოყენების შეზღუდვას ან/და აკრძალვას.

განაჩენიდან ამოირიცხა მითითება საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.

3.3. 2023 წლის 17 ნოემბერს, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, თეონა წოწკოლაურმა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გ. ჯ–სთვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

3.4. 2023 წლის 15 დეკემბერს, მსჯავრდებულმა გ. ჯ–მა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორთა არგუმენტები:

4.1. კასატორის, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის პოზიციით, სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მტკიცებულებებს, თუმცა სასჯელის კონკრეტული სახის და ზომის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა გ. ჯ–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საფრთხე და ხასიათი. მსჯავრდებულის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებით, არ იქნა გათვალისწინებული და შესრულებული სასჯელის ზოგადი მიზნები. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს ისეთ დამამძიმებელ გარემოებებზე როგორიცაა, ქმედებით გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, დამნაშავის წარსული ცხოვრება, რაც, მოცემულ შემთხვევაში, არის მნიშვნელოვნად გასათვალისწინებელი. სასამართლოს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად უნდა გაეთვალისწინებინა დანაშაულის ჩადენა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით. ამდენად, მაშინ, როდესაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით იძალადა დაზარალებულზე, ძალადობა გამოიხატა რამდენიმე ძალადობრივი აქტით და დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, რაც ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

4.2. კასატორის, მსჯავრდებულ გ. ჯ–ს პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო დაზარალებულ ნ. ა–ს წინააღმდეგობრივი და მიკერძოებული ჩვენება. მას მსჯავრი დაედო ისეთი დანაშაულისთვის, რაც არ ჩაუდენია. პოლიციელებმა ის ავტობუსიდან ჩამოსვეს, ჩასვეს მანქანაში და რამდენიმე საათის განმავლობაში ატარეს ისე, რომ განყოფილებაში არ მიუყვანიათ. მას საათების მანძილზე ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება პოლიციელების მხრიდან და არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ უშვებდნენ.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და არ ეფუძნება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ასევე, დაცვის მხარის მითითებას, რომ დაზარალებულ ნ. ა–ს ჩვენება არ აკმაყოფილებს სანდოობის კრიტერიუმს, სააპელაციო სასამართლომ კი არასწორად შეაფასა მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტები და გადაწყვეტილება გამოიტანა დაზარალებულის არასარწმუნო და წინააღმდეგობრივი ჩვენების საფუძველზე.

5.3. პალატა აღნიშნავს, რომ გ. ჯ–ს მიმართ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გამოკვლეულ, ურთიერთანხვდენილ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ნ. ა–ს ჩვენებით, N.......... შეტყობინებით, N.......... შემაკავებელი ორდერითა და მისი ოქმით, 2022 წლის 19 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პაციენტის N.... სამედიცინო ბარათით, სამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.................. დასკვნითა და მოწმეების – რ. გ–სა და ა. ა–ს ჩვენებებით.

5.4. საკასაციო სასამართლო კვლავ იმეორებს, რომ მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: ა) თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; ბ) თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის, არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყოველ, ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; გ) რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; დ) როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ.: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა, ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის N397აპ-14 განაჩენი).

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სწორად შეაფასა და მართებულად მიიჩნია, რომ დაზარალებულ ნ. ა–ს ჩვენება აკმაყოფილებდა უტყუარობის სტანდარტს და შეესაბამებოდა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

5.6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულ ნ. ა–ს ჩვენება არ შეიცავს არსებითი ხასიათის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, ამასთან, თანხვდენილია საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, ისეთებთან, როგორიცაა: N...... შეტყობინება, N........ შემაკავებელი ორდერი და თანდართული ოქმი, 2022 წლის 19 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პაციენტის N.... სამედიცინო ბარათი და სამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნა.

5.7. დაზარალებულ ნ. ა–ს ჩვენებით დადასტურებულია 2022 წლის 19 სექტემბერს, გ. ჯ–სის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი. დაზარალებულის განმარტებით, 2022 წლის 18 სექტემბერს, გ. ჯ–სთან ერთად იმყოფებოდა ახლობელთან, სადაც მისმა მეუღლემ მიიღო ალკოჰოლური სასმელი, თუმცა, თავად პრაქტიკულად არ დაულევია. სახლში დაბრუნების შემდეგ, უკვე 19 სექტემბერს, დაახლოებით ღამის სამის ნახევრიდან სამ საათამდე დროის პერიოდში, გ–მ სთხოვა ტელეფონში მუსიკების ჩართვა. მან მეუღლის ტელეფონის საძიებო ველში ნახა, რომ ის შესული იყო პორნოგვერდებზე, რაზეც ადრეც ჰქონდათ საუბარი და მსჯავრდებული დაჰპირდა, რომ აღარ შევიდოდა. გ–მ ამაზე ვერაფერი უპასუხა და ტელეფონი დაამტვრია. მისთვის მოულოდნელად, მსჯავრდებულმა დაუწყო გინება და დაარტყა, რის შედეგადაც დაეცა და წაქცეულსაც დაარტყა, კერძოდ, პირველად სახეში დაარტყა და წაქცევის შემდეგაც გამეტებით ურტყამდა სახეში, 4-5-ჯერ დაარტყა სახეში ფეხი, მუცელსა და ფეხზე, რის შედეგადაც, ტკივილი და შიში განიცადა. აღნიშნულის შემდეგ მან დარეკა პოლიციაში. პოლიცია, დაახლოებით 10 წუთში მივიდა. „112“-ის ოპერატორს უთხრა, რომ მეუღლე სცემდა და მის მოკვლას აპირებდა. აღარ ახსოვს, პოლიციელები ვინ იყვნენ, ა. ა–ე განყოფილებაში დახვდა. პოლიციელების მისვლისას არ ახსოვს, მისი მეუღლე სად იყო. პოლიციამ განყოფილებაში გადაიყვანა გამთენიისას, საათი არ ახსოვს. იმავე დღეს გადაიყვანეს ექსპერტიზაზეც. დაზარალებულის განმარტებით, იმის გამო, რომ მან მომხდარი განაცხადა სამართალდამცავ ორგანოში, იგი ზეწოლის მსხვერპლია, როგორც გ. ჯ–ს, ისე მისი ოჯახის მხრიდან.

5.8. N...... შემაკავებელი ორდერითა და თანდართული ოქმით დგინდება, რომ 2022 წლის 19 სექტემბერს, გ. ჯ–ს მიმართ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეზე – ნ. ა–ზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან – ნ. ა–სთან, მის საცხოვრებელ სახლთან, სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, ასევე ნებისმიერი სახის კომუნიკაცია და თანასაკუთრებით ერთპიროვნულად სარგებლობა. ოქმში მითითებულია, რომ მსხვერპლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მას 2022 წლის 19 სექტემბერს, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ – გ. ჯ–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ოქმში ასევე, აღნიშნულია, რომ მსხვერპლს მარცხენა მუხლის მიდამოში აქვს სილურჯე, ხოლო სახესა და პირის მიდამოში აღენიშნება დაზიანება. შემაკავებელი ორდერისა და ორდერზე თანდართული ოქმის სისწორე ხელმოწერით დადასტურებულია დაზარალებულ ნ. ა–ს მიერ.

5.9. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პაციენტის N... სამედიცინო ბარათის თანახმად, 2022 წლის 19 სექტემბერს ნ. ა–ს გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ნ. ა–ი უჩიოდა თავის ტკივილს, მუხლის სახსარში აღენიშნებოდა მცირედი ესკორიაცია, ნაკაწრი ყელის არეში, ნაჭდევი ენასა და ნახეთქი ტუჩზე.

5.10. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 25 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნის თანახმად, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო ბარათი N...-ის მონაცემებით და პირადი გასინჯვით, ნ. ა–ს 19.09.22 წ. აღენიშნებოდა დაჟეჟილი ჭრილობები ქვედა ტუჩისა და ენის მიდამოებში, სისხლნაჟღენთები მარცხენა მუხლის სახსრის და მარჯვენა დუნდულოს მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

5.11. 2022 წლის 19 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ნ. ა–ს მონაწილეობით, რა დროსაც მან მიუთითა გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარე საცხოვრებელ სახლში ადგილზე, სადაც 2022 წლის 19 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, მეუღლემ - გ. ჯ–მ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მარჯვენა შეკრული ხელი ძლიერად დაარტყა სახის მიდამოში, რის გამოც წაიქცა იატაკზე. გ. ჯ–მ წაქცეულს, მარჯვენა ფეხი ოთხჯერ დაარტყა თავის არეში, ერთხელ მარჯვენა ფეხის – მუხლის არეში. ყოველი დარტყმისას ნ. ა–ი განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს.

5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას წარდგენილი ბრალდებით გ. ჯ–ს უდანაშაულობის შესახებ. ასევე, იმას, რომ თითქოსდა, გამამტყუნებელ განაჩენს, საფუძვლად უდევს მხოლოდ დაინტერესებული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს და სხვა მტკიცებულებებს, ამასთან, არ არის გამყარებული სხვა, პირდაპირი მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელშიც ნ. ა–ს მიერ დეტალურად და დაწვრილებით არის აღწერილი თუ როგორ გახდა იგი გ. ჯ–ს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი; ასევე საქმეში წარმოდგენილ შეტყობინებას, რომლის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება; შემაკავებელ ორდერსა და თანდართულ ოქმს, რომლითაც ნ. ა–მა მის მიმართ 2022 წლის 19 სექტემბერს გ. ჯ–ს მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი დაადასტურა. გარდა ამისა, შემაკავებელი ორდერის ოქმში მითითებულია, რომ დაზარალებულს მარცხენა მუხლის, სახისა და პირის მიდამოებში აღენიშნება დაზიანება და სილურჯე. დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები კი, დადასტურებულია, როგორც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნით, ასევე მოწმეების - რ. გ–ს და ა. ა–ს ჩვენებებით, რომლებიც მართალია უშუალოდ ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა მომხდარიდან მალევე ჰქონდათ კომუნიკაცია ნ. ა–სთან და დაადასტურეს ძალადობის კვალი დაზარალებულის სხეულზე, რა ნაწილშიც მათი ჩვენებები არის პირდაპირი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერილობა და ლოკალიზაცია, რაც დადასტურებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, პაციენტის სამედიცინო ბარათითა და შემაკავებელი ორდერის თანდართული ოქმით, სრულად შეესაბამება დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ დაზარალებულის ჩვენება თანმიმდევრულობისა და სხვა მტკიცებულებებთან თანხვედრის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს სრულად და შესაბამისად, არ არსებობს მასში დაეჭვების გონივრული საფუძველი.

5.13. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს, რომლის მიხედვითაც, მაშინ, როდესაც დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლები გამოცხადდნენ მის საცხოვრებელ სახლში, გ. ჯ–ი შინ იმყოფებოდა, თუმცა ადგილზე არ დაუკავებიათ. დაცვის მხარის განმარტებები ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. გ. ჯ–სის დაკავების თაობაზე ჩვენება მისცა ფ. მ-მ, რომელმაც, გარდა იმისა, რომ დაადასტურა გამომძიებელ ა. ა–სთან ერთად, ზ. ს–ს მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თ–ში, .....ში, სუპერმარკეტ „მ–ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ. ჯ–ს დაკავების ფაქტი, ასევე ცალსახად მიუთითა, რომ დაკავებამდე გ. ჯ–სთან რაიმე სახის კონტაქტი არ ჰქონია. გამომძიებელ ა. ა–ს ჩვენებით კი დგინდება, რომ დაკავებამდე გ. ჯ–ი პოლიციის განყოფილებაში არ უნახავს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ არ ახსოვს, მასთან პოლიციელების მისვლის დროს წასული იყო თუ არა სახლიდან გ. ჯ–ი, ხოლო შეტყობინებაში მითითებული გარემოება, რომ ზარის განხორციელების დროს მოძალადეც იმყოფებოდა სახლში, უტყუარად არ ადასტურებს პოლიციის თანამშრომლების მისვლის დროს მსჯავრდებულის სახლში ყოფნის ფაქტს. ამასთან, აღნიშნული გარემოების დადასტურება ან უარყოფა მსჯავრდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

5.14. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ განაჩენი ემყარება დაინტერესებული დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ერთმანეთს და სხვა მტკიცებულებებს. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების სისწორეში, რადგან მსჯავრდებულის მიმართ არ ვლინდება რაიმე დაინტერესების არსებობა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები კი არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებების, ასევე წერილობითი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.

5.15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, ოჯახური ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის ან სხვა მოწმის ერთი პირდაპირი ჩვენება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასა და არაპირდაპირ ჩვენებებთან ან სხვა არაპირდაპირ მტკიცებულებებთან ერთად, მათი უტყუარობის შემთხვევაში, საკმარის საფუძვლადაა მიჩნეული მოძალადე მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დონეზე (იხ. საქართველოს უზანესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის: 2018 წლის 1 მაისის №614აპ-17, 2019 წლის 8 ნოემბრის №409აპ-19, 2019 წლის 1 ნოემბრის №346აპ-19 გადაწყვეტილებები). ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი მტკიცებულებითი სტანდარტი ოჯახური დანაშაულის ბრალდების საქმეებზე ითვალისწინებს, ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულების სპეციფიკურ კონტექსტსა და მსხვერპლთა დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებას, მეორე მხრივ კი, მოითხოვს დაცულ იქნეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და პირის მსჯავრდება დაეფუძნოს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს ოჯახური დანაშაულების სპეციფიკას, თვითმხილველ მოწმეთა სიმცირესა და პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა მოპოვებასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რის გამოც, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგენილი საკანონმდებლო სტანდარტის შეფასებისას ეყრდნობა საქმის ინდივიდუალურ მოცემულობას, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებათა ხარისხსა და მნიშვნელობას, მათ ურთიერთშესაბამისობას და თანხვედრას ბრალდების ფორმულირებაში ასახულ გარემოებებთან.

5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება გ. ჯ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო სასამართლო დაცვის მხარის წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დასაბუთებიდან ვერ დარწმუნდა მასში მოყვანილი არგუმენტების პერსპექტიულობაში, შეცვალოს საქმის შედეგი, რამდენადაც მასში მითითებული ყველა საკითხი კანონის დაცვით არის შესწავლილი და გამოკვლეული სააპელაციო სასამართლოს მიერ. საკასაციო სასამართლომ შეამოწმა, ხომ არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას საპროცესო კანონის დარღვევის სავარაუდო შემთხვევა და დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა, გონივრულ ეჭვს მიღმა, მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა, ხოლო განაჩენი კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვან ყველა სადავო საკითხთან მიმართებით არის დასაბუთებული.

5.17. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას დანიშნული სასჯელის შეცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ უცვლელად დატოვა გ. ჯ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.18. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე, მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულს ძირითად სასჯელად განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სახე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მაქსიმალური ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, რაც სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

5.21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული პასუხისმგებლობის დამამძიმებელი/შემამსუბუქებელი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხი გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.22. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.24. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თეონა წოწკოლაურის, ასევე მსჯავრდებულ გ. ჯ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე