Facebook Twitter

საქმე # 330100122006287522

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1436აპ-23 თბილისი

კ-ძე ს, 1436აპ-23 24 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვახტანგ ცალუღელაშვილის – საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის განაჩენით ს. კ-ძე, დაბადებული .. წლის .. ივნისს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (02.09.2022 წლის ეპიზოდი);

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (05.09.2022 წლის ეპიზოდი);

ს. კ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (02.09.2022 წლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (05.09.2022 წლის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, 05.09.2022 წლის ეპიზოდით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით 02.09.2022 წლის ეპიზოდით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

ს. კ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავებიდან – 2022 წლის 7 სექტემბრიდან.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ:

2.1. ს. კ-მ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი):

2022 წლის 2 სექტემბერს ს. კ-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება – 0,2205 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც იმავე დღეს, დ. ჟ-ან შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს;

2022 წლის 5 სექტემბერს, ს. კ-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება – 0,3203 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, რაც იმავე დღეს ამოიღეს დ. ჟ-ნ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.

2.2. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად ვერ დადასტურდა:

ს. კ-ის მიერ დ. ჟ-ზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტები (2022 წლის 2 სექტემბერსა და 2022 წლის 5 სექტემბერს).

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენით:

საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვახტანგ ცალუღელაშვილის – სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 მაისის განაჩენი ს. კ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

4. კასატორი საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებასა და ს. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, კერძოდ, 2022 წლის 2 სექტემბრისა და 5 სექტემბრის (გასაღების) ეპიზოდში.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ს. კ-ის მიერ დ. ჟ-ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი პირდაპირი სახის მტკიცებულებებით. ამდენად, ბრალდების მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმადაც, დიდი ოდენობით გასაღება ემყარება მხოლოდ დ. ჟ-ის გამოკითხვის ოქმებსა და საქართველოს შსს სამინისტროს თანამშრომლების ირიბ ჩვენებებს.

5. დაცვის მხარეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა ბრალდების მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

8. მოცემულ შემთხვევაში, ს. კ-ის ბრალდებიდან გასაჩივრებულია მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ორი, 2022 წლის 2 და 5 სექტემბრის ეპიზოდები, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. რაც შეეხება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას, ჩადენილს დიდი ოდენობით (ორი ეპიზოდი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით), იგი დაცვის მხარეს არ გაუსაჩივრებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ბრალდების მხარის მოსაზრებით, გასაღების ეპიზოდში საკმარისია პირის გამტყუნებისათვის.

9. სასამართლო, პირველ რიგში, აფასებს სხდომაზე გამოქვეყნებული დ. ჟ-ის გამოკითხვის ოქმებს, რომელთა თანახმადაც, ირკვევა, რომ:

2022 წლის 2 სექტემბერს, მას შემთხვევით შეხვდა ნაცნობი, ს. კ-ძე, რომელმაც შესთავაზა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა, ვინაიდან იცოდა, რომ წარსულში ნარკოტიკს მოიხმარდა. მიხვდა, რომ ს. კ-ძე დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდა. დ. ჟ-მა პოლიციაში დაწერა განცხადება და გამოთქვა თანხმობა თანამშრომლობის შესახებ. 2 სექტემბერს გამომძიებელმა გადასცა 550 ლარი, რომელიც მან ს. კ-ს მიუტანა. ს-ომ უთხრა, რომ 2 საათში, იმავე ადგილზე მისცემდა ნარკოტიკს. მართლაც ასე მოხდა და დ. ჟ-ს ს. კ-მ ერთი შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ გადასცა. თავის მხრივ, დ. ჟ-მა, შეძენილი ნივთიერება, იმავე მდგომარეობით გამომძიებელთან წარადგინა.

2022 წლის 5 სექტემბერს დ. ჟ-ს კვლავ გადაეცა 550 ლარი. ამჯერად, მან ავტომანქანა, რომელსაც მართავდა, ნებაყოფლობით, ფარული აუდიო-ვიდეომოწყობილობით აღჭურა. მოწმე შეხვდა ს. კ-ს, რომელსაც გადასცა ხსენებული თანხა. ამის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ და დაახლოებით, საათნახევარში კვლავ შეხვდნენ. ამ დროს ს. კ-მ ნარკოტიკული ნივთიერება გადაიყარა სიგარეტის პარკში, დ. ჟ-ს კი გადასცა წებოლენტით შემოკრული პოლიეთილენის პარკი მასში არსებული ნივთიერებით.

დ. ჟ-მა აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრა არ გადაღებულა, რადგან ამ დროს იგი ს. კ-ს, შესაძლოა, შეემოწმებინა.

10. 2022 წლის 2 სექტემბრისა და 5 სექტემბრის ამოღების ოქმებით დასტურდება გამომძიებელის მიერ დ. ჟ-ნ პოლიეთილენის პარკების/მასში მოთავსებული ფხვნილით ამოღება, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ (წონით – 0.2205 და –0.3203 გრამს).

11. ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს, რომ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N... დასკვნის მიხედვით: პაკეტში, შტრიხკოდით: „FCD10123336“ და წარწერით: „...შესაფუთი მასალა...“ მოთავსებულ თვითმკეტ პაკეტსა (ობ. N1) და შავი წებოლენტის ფრაგმენტსა (ობ. N2) და პაკეტში, შტრიხკოდით: „FCD10123333“, წარწერით: „.. შესაფუთი მასალა...“ მოთავსებულ თვითმკეტ პაკეტზე (ობ. N3) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, რომელთა მაჟორული წილი ეკუთვნის ს. კ-ს.

12. როგორც აღინიშნა, მოწმე დ. ჟ-ის გამოკითხვის ოქმები გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან, იმ დროისათვის მოწმე გარდაცვლილი იყო. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაშვებია იმ მოწმის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ ამავდროულად, საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიული ფორმით უთითებს, რომ „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.“

13. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, ამგვარი მოწმის ჩვენების მტკიცებულებად ცნობის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს აღნიშნული მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდებისათვის ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველი. „გადამწყვეტი“, გულისხმობს ისეთ მტკიცებულებას, რომელიც მაღალი ალბათობით, საქმის შედეგს განაპირობებს. ამასთან, მტკიცებულება იყო თუ არა გადამწყვეტი, უნდა დადგინდეს ეროვნულ სასამართლოთა მიერ (იხ. ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ, Schatschaschwili v. Germany, N9154/10, 15/12/2015, §123-124). თუ მოწმე საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის შემდგომ, სასამართლო განხილვისას არ გამოცხადებულა, მისი ჩვენება შესაძლოა გაითვალისწინონ, თუ იგი სხვა მტკიცებულებით არის გამყარებული (იხ. მირილაშვილი რუსეთის წინააღმდეგ, Mirilashvili v. Russia, N6293/04, 11/12/2008, §217).

14. მოცემულ შემთხვევაში, დ. ჟ-ის გამოკითხვის ოქმების შინაარსით იკვეთება, რომ იგი არის პირდაპირი სახის მოწმე, რომელიც უშუალოდ აღწერს დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს, რაც თავისთავად გულიხმობს იმას, რომ მის მიერ მითითებული გარემოებების უტყუარობა ნამდვილად დაკავშირებულია საქმის საბოლოო შედეგთან; კერძოდ, საკასაციო პალატა ხსენებული მტკიცებულებიდან გამოჰყოფს რამდენიმე, საქმისათვის მნიშვნელოვანი სახის ფაქტს:

ს. კ-სა და დ. ჟ-ს შორის არსებობდა გარკვეული სახის ნაცნობობა. ს. კ-მ შესთავაზა და თანხმობის მიღების შემდეგ, თანხის სანაცვლოდ გადასცა ნარკოტიკული საშუალება დ. ჟ-ს. თუმცა, ამავე ჩვენებით აგრეთვე იკვეთება ის ფაქტებიც, რომ ბრალდების ორი ეპიზოდიდან ერთი ეპიზოდი (კერძოდ, 2 სექტემბრის) არ არის ფარულად გადაღებული, შესაბამისად, ამ ნაწილში მხარეთა უშუალოდ კომუნიკაციის შინაარსი სხვა, უტყუარი მტკიცებულებით არ არის გამყარებული, ხოლო მეორე ეპიზოდი, რომელიც ფარულად გადაღებულია, მოწმე მიუთითებს, რომ ს. კ-მ ნარკოტიკული ნივთიერება გადაიყარა სიგარეტის პარკში, დ. ჟ-ს კი გადასცა წებოლენტით შემოკრული პოლიეთილენის პარკი, მასში არსებული ნივთიერებით. მაშასადამე, მათ ნარკოტიკული საშუალება ერთმანეთთან შეთანხმებით გაიყვეს.

15. დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება და განაცხადა, რომ ის იცნობდა დ. ჟ-ს, რომელიც ასევე აქტიურად მოიხმარდა ნარკოტიკს. მასთან ერთად ს. კ-ს არაერთხელ შეუძენია/მოუხმარია ეს საშუალებები. იგივე მოხდა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ შემთხვევებშიც. ისინი მოქმედებდნენ საერთო მიზნითა და განზრახვით, კერძოდ, მოეხმარათ ნარკოტიკული საშუალებები. ს. კ-ის როლი გამოიხატა მხოლოდ, იმაში, რომ მას ფიზიკურად მოეტანა ნარკოტიკული საშუალება, რათა შემდგომში ერთად მოეხმარათ იგი (იხ. 2023 წლის 13 ნოემბრის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი, 14:30-14:33).

16. როგორც უკვე აღინიშნა, დაცვის მხარეს საკასაციო სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია ნარკოტიკული საშუალების შეძენა/შენახვის ფაქტი.

17. ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებთან (მათ შორის ამოღების ოქმებთან, ექსპერტიზის დასკვნებთან), დ. ჟ-ის გამოკითხვის ოქმებსა და დაცვის მხარის პოზიციებთან ერთად, საკასაციო პალატამ სიღრმისეულად გააანალიზა 2022 წლის 5 სექტემბრის (ესე იგი, მეორე ეპიზოდის), ფარული ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც:

ავტომობილს აჩერებს დ. ჟ-ი (მ), რომელშიც ჯდება ს. კ-ე (მ1). ისინი იწყებენ საუბარს, რის შემდეგაც დ. ჟ-ი (მ) აწვდის ფულს, რომელსაც ბრალდებული ართმევს, ეუბნება, რომ დაურეკავს 2 საათში; ამასთან, სთავაზობს ნარკოტიკული საშუალების ერთად მოხმარებას, კერძოდ, ეუბნება: ,,ერთად, ერთად გავიჩხიროთ მოდი...“ აღნიშნულზე დ. ჟ-ი პასუხობს: ,,...არა, მე ღამემდე ვერა...“. აღნიშნულის შემდეგ, ისინი ერთმანეთს შორდებიან.

ამავე დღის ვიდეოჩანაწერის თანახმად, ს. კ-ძე ჯდება დ. ჟ-ის ავტომანქანის უკანა სავარძელში და დ. ჟ-ს უთხრა, რომ ,,ლომკაშია.“ ამასთან, ეუბნება, რომ მისცეს ქაღალდი, რათა ,,ცოტა აიღოს.“ დ. ჟ-ი აღნიშნულზე ეკითხება: – ,,არ გაგიყვია?“ ს. კ-ძე კი პასუხობს: – ,,არა ძმა, მე ხომ გითხარი, რომ უშენოდ...“ ამასთან, ს. კ-ძე ეუბნება, ნახოს, რომ არ გაუხსნია შეფუთვა. ამის შემდეგ, ისინი საუბრობენ ნარკოტიკული საშუალებების ხარისხზე. ს. კ-ძე ცდილობს, პლასმასის ერთჯერადი დანით გადაიყაროს ნივთიერება და თან დ. ჟ-ს ეუბნება: – ,,უყურე, ძმა, რამდენს ვიღებ.“ ს. კ-ძე აგრეთვე იძახის, რომ – ,,...სხვა დროს თუ გინდა, ის ბევრი დავითრიოთ და ნახავ იმის ხარისხსაც, მე ეს მირჩევნია... ამას მაგიტომ ვყიდულობ... მადლობა რა, ესე ერთმანეთს გავუსწორეთ.“ ბოლოს ემშვიდობება და ეუბნება: ,,თუ გინდა სხვა დროს მეტი ვიყიდოთ.“

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის წარმოდგენილი მტკიცებულებებით გამოკვეთილი ყველა ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, არ დასტურდება ს. კ-ის მიერ დ. ჟ-ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, ვინაიდან:

· როგორც დ. ჟ-ის გამოკითხვის ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მიღებული მასალითა და თავად დაცვის მხარის მითითებით იკვეთება, ს. კ-ე იცნობდა დ. ჟ-ს და ამასთან, იცოდა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი. მათ შორის ურთიერთობის ხარისხის შესაფასებლად საკასაციო სასამართლო გამოჰყოფს იმ გარემოებებს, რომ ს. კ-ძე დ. ჟ-ს ურჩევს, ვის არ ენდოს. ამასთან, დ. ჟ-ი აღნიშნავს თავის ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემაზე (კერძოდ, რომ გული აწუხებს). თავად დ. ჟ-ი არა უბრალოდ, ფორმალურად ხვდება ს. კ-ეს, არამედ სთავაზობს, რომ გაიყვანს მანქანით კონკრეტულ ადგილამდე.

· ამდენად, გარდა იმისა, რომ გამოკვეთილია დ. ჟ-სა და ს. კ-ს შორის გარკვეული სახის კავშირი, – ს. კ-ძე არა უბრალოდ გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ უხსნის, რომ ,,ლომკაშია“ და სთავაზობს მის „ერთად გაჩხერას.“ გასათვალისწინებელია, რომ 2022 წლის 7 სექტემბრის ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნით, ს. კ-ს მართლაც დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული საშუალების მოხმარების ფაქტი, რაც თავისთავად ამყარებს ს. კ-ს მიერ გამოთქმულ, ზემომითითებულ ფრაზებს.

· როგორც აღინიშნა, ს. კ-ე ნარკოტიკული საშუალების ნაწილს გადაიყრის დ. ჟ-ის წინაშე. ამ ნაწილში გასათვალისწინებელია ისიც, რომ დ. ჟ-ის, აშკარად, წინასწარვე ცნობილია, რომ ნარკოტიკული საშუალება უნდა გაიყონ, რადგან როდესაც ს. კ-ძე სთხოვს, რომ მისცეს ქაღალდი, დ. ჟ-ი ეკითხება: – ,,არ გაგიყვია?“

· ფარული საგამოძიებო მოქმედების შინაარსის თანახმად, ს. კ-ძე დ. ჟ-ნ ერთობლივად განიხილავს სამომავლო გეგმებს. მაგალითად, სხვა ნარკოტიკის „დათრევასთან“ და მისი ხარისხის გასინჯვასთან მიმართებით. საბოლოო ჯამში კი, როცა მიტანილი ნარკოტიკული საშუალების გაყოფას ასრულებს, დ. ჟ-ს ეუბნება: – ,,მადლობა, რა, ესე ერთმანეთს გავუსწორეთ.“

· როგორც აღინიშნა, თავად დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ ის იცნობდა დ. ჟ-ს, რომელიც ასევე აქტიურად მოიხმარდა ნარკოტიკს და მასთან ერთად, არაერთხელ შეუძენია/მოუხმარია ეს საშუალებები. იგივე მოხდა ბრალდების დადგენილებით აღწერილ შემთხვევებშიც.

· საქმის მასალებით უტყუარად არ იკვეთება, რომ ს. კ-ძე არის უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორი, რადგან, როგორც აღინიშნა, ის თავადვე აღნიშნავს: – „სხვა დროს თუ გინდა, ის ბევრი დავითრიოთ და ნახავ იმის ხარისხს, მე ეს მირჩევნია.“ ამასთან, როგორც იკვეთება მას უშუალოდ არც გააჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რადგან სჭირდებოდა გარკვეული დრო მის მოსაძიებლად.

· უშუალოდ დ. ჟ-ის დაკითხვის ოქმები, რომლებშიც მითითებულია რომ ს. კ-ე ნებისმიერ დროს მზად იყო, თანხის სანაცვლოდ, მიეყიდა მისთვის ნარკოტიკული საშუალება, არის გამოქვეყნებული და ამასთან, დაუდასტურებელი სხვა უტყუარი სახის მასალით. როგორც აღინიშნა, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება (საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილი); მით უმეტეს, რომ 2022 წლის 2 სექტემბრის ეპიზოდი, მათ შორის, ფარულადაც კი არ გადაღებულა.

19. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები თავად დაცვის მხარის პოზიციასთან ერთად, ადასტურებს ს. კ-ს მიერ მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას (ორ ეპიზოდად).

20. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით;“ (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-44); „მსგავსი მტკიცება შესაძლოა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმპციიდან” (იხ. ,,დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ,“ (Dvalishvili v. Georgia), N19634/07, 18/03/2013, §39; ,,ავშარი თურქეთის წინააღდეგ,“ (Avsar v. Turkey), N25657/94, 10/07/2001, §282).

21. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, დანაშაულის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არსებობის შესაფასებლად, საკმარისი არ არის მხოლოდ ცალკე აღებული პირის (ს. კ-ს) მოქმედების ვიწრო ფორმით შეფასება; თანხის აღებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გააანალიზდეს: მასა და დ. ჟ-ს შორის საუბრის შინაარსიც, პოზიციები, მათ შორის, დამოკიდებულებებისა და კავშირის ხარისხი; ამასთან, ყველა სხვა მნიშვნელოვანი მასალა, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც აგრეთვე უშუალოდ დაკავშირებულია დანაშაულის შემადგენლობასთან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N844აპ-22 და N817აპ-23 გადაწყვეტილებებში მითითებულია, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული შემთხვევა ფასდება ინდივიდუალურად, სისხლის სამართლის საქმის შესაბამისი გარემოებების მიხედვით.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ს. კ-ძე იცნობდა დ. ჟ-ს. ორივენი იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები, რაც აერთიანებდათ. დაცვის მხარემ მიუთითა, რომ წარსულში, პირადი მოხმარების მიზნით, მათ არაერთხელ შეუძენიათ და მოუხმარიათ ნარკოტიკული საშუალებები. ამჯერად, ფული ჰქონდა დ. ჟ-ს. ს. კ-ს კი ჰქონდა საშუალება, პირადი კავშირებით შეეძინა ნარკოტიკი. ამ შემთხვევაში, დ. ჟ-მა უარი განაცხადა ერთად მოხმარებაზე, თუმცა სთხოვა, ეყიდათ და შემდეგ გაეყოთ. ასეც მოიქცნენ, ს. კ-მ გამოართვა თანხა, წავიდა და გარკვეული დროის შემდეგ შეიძინა ნარკოტიკი, რომელიც მან და დ. ჟ-მა გაიყვეს. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით იკვეთება ის ფაქტი, რომ ს. კ-ს გააჩნდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის/ერთად მოხმარების სურვილი და აღნიშნულისათვის იგი თავად, უშუალოდ დაუკავშირდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორს. მაშასადამე, მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებში იგი არ წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გამსაღებელ პირს.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიციები არ არის დასაბუთებული და გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ს. კ-ის გამართლების ნაწილში არის კანონიერი; შესაბამისად, არ არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.

24. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვახტანგ ცალუღელაშვილის – საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი