Facebook Twitter

საქმე # 330100120003954416

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №78აპ-24 ქ. თბილისი

ხ--ა მ, 78აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ-ს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენით მ. ხ-ა, - დაბადებული --- წლის … ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ხ-ამ ჩაიდინა უკანონო საექიმო საქმიანობა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. 2018 წლის ზაფხულის პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით, შპს „თ--ს“ მიმართა პაციენტმა ნ. ც-მ. 2017 წლის 27 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „თ-ში“ კონსულტანტის პოზიციაზე საქმიანობდა მ. ხ-ა, რომელსაც არ გააჩნდა კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო ან/და დროებითი სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. 2018 წლის 11 დეკემბერს შპს „თ--ში“ ნ. ც-ს, წინასაოპერაციო პერიოდში, ანესთეზია გაუკეთდა ანესთეზიოლოგ მ. ხ-ას ხელმძღვანელობით. ოპერაციის დაწყებამდე პაციენტ ნ. ც-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და დღემდე იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. შესაბამისად, ანესთეზიოლოგ მ. ხ-ას მიერ განხორციელებულმა უკანონო საექიმო საქმიანობამ გამოიწვია პაციენტ ნ. ც-ს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულ მ. ხ-ას ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - ც. წ–მა და ნ. წ–მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მ. ხ-ას გამართლება; ასევე 2023 წლის 11 ოქტომბრის საოქმო განჩინების გაუქმება.

4.1. თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსმა პროკურორმა ნ. თ-მა შესაგებლით მოითხოვა მსჯავრდებულ მ. ხ-ას ინტერესების დამცველი ადვოკატების - ც წ-სა და ნ წ--ს მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

5. 2024 წლის 15 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ც--მ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსჯავრდებულმა მ. ც-მ გამოიჩინა კეთილი ნება და ოჯახს გადასცა ნ. ც-ს მკურნალობისათვის, სამედიცინო ხარჯების დასაფარად 50000 ლარი, ასევე დადო ხელშეკრულება, რომ ყოველთვიურად გადაიხდის 500 ევროს ეკვივალენტს ლარში, სამი წლის განმავლობაში, მისი შვილის მკურნალობის მოსალოდნელი ხარჯების დაფარვის მიზნით. ამ საფუძვლით, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ც-მ განცხადებით ითხოვა მსჯავრდებულ მ. ხ--ასათვის სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის შეფარდება.

6. მსჯავრდებულ მ. ხ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ხ-მა დაზუსტებული საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით, კერძოდ: მ. ხ--ასათვის საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის შეფარდება.

7. 2024 წლის 27 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მსჯავრდებულმა მ. ხ-ამ, რომელმაც აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება არასაპატიმრო სასჯელის შეფარდების კუთხით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ხ--ას ინტერესების დამცველის, ადვოკატმა ზ. ხ-ს დაზუსტებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს მსჯავრდებულის სასიკეთოდ შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე დაზუსტებული საკასაციო საჩივრით სადავოდ არ ხდის მსჯავრდებულ მ. ხ-ას ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ მსჯელობს მსჯავრდებულის ბრალეულობის საკითხზე.

3. რაც შეეხება სასჯელს, მისი დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე - შემამსუბუქებელ გარემოებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით და უნდა იყოს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი.

5. მსჯავრდებულ მ. ხ-ას მიმართ სასჯელის დანიშვნისას საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო ელემენტებს, ასევე - პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ:

6. საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

7. საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებული მ. ხ-ა პირველადაა სამართალში, მან ჩაიდინა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, რომელიც აღიარა; საქმეში წარმოდგენილი ავადმყოფობის ისტორიის თანახმად, არის ავად (დიაგნოზი: ჰოჯკინის ლიმფომა); გამოიჩინა კეთილი ნება და ოჯახს გადასცა ნ. ც-ს მკურნალობისათვის, სამედიცინო ხარჯების დასაფარად 50000 ლარი, ასევე დადო ხელშეკრულება, რომ ყოველთვიურად გადაიხდის 500 ევროს ეკვივალენტს ლარში, სამი წლის განმავლობაში, მისი შვილის მკურნალობის მოსალოდნელი ხარჯების დაფარვის მიზნით, რასაც საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი განცხადებით ადასტურებს დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. ც-, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მის მიმართ შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება და სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება.

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ არ შეიძლება უგულებელყოფილ იქნეს კანონმდებლის ჩანაწერი განსახილველი დანაშაულისათვის სასჯელის ერთ-ერთ სახედ ჯარიმის დაწესებასთან დაკავშირებით, რაც იმთავითვე გულისხმობს, რომ შესაბამისი ზოგადსავალდებულო ელემენტების გათვალისწინებით, აღნიშნული სახის ქმედებისათვის შესაძლებელია, დამნაშავისათვის შემაკავებელ ფაქტორს წარმოადგენდეს ჯარიმაც.

9. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის დამატებით სასჯელად დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელად არაა გათვალისწინებული ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, თუ დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს შეუნარჩუნოს მას თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება.

10. საკასაციო სასამართლო, ჩადენილი დანაშაულის საშიშროების ხასიათის, ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების მხედველობაში მიღებით, შეუძლებლად მიიჩნევს, მსჯავრდებულ მ. ხ-ას შეუნარჩუნოს საექიმო საქმიანობის უფლება, რის გამოც, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, მას დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრავს საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევას 3 წლით.

11. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: მ. ხ-ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა - 5000 ლარი. მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 წლით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ მ ხ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. ხ-ს დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 1 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. ხ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 246-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 5000 (ხუთიათასი) ლარი.

4. მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საექიმო საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 3 (სამი) წლით.

5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მ. ხ-ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

6. ნივთიერი მტკიცებულება - ლაზერული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

7. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ.სანდოძე