საქმე # 330100122005724342
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №233აპ-24 თბილისი
პ-ი ა, 233აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენით:
1.1. ა. პ-ი, დაბადებული ... წლის ... აგვისტოს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ა. პ-ს, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 12 წლით, რომლის მოხდა აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 15 მარტიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. პ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ პირს, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები; 15 წლით საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლებები, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
1.2. ა. ჯ-ი, დაბადებული .. წლის ... ივლისს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით –თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა. ჯ-ს მიესაჯა – თავისუფლების აღკვეთა 14 წლით, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 15 მარტიდან.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ა. ჯ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 20 წლით: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე – აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:
2.1. მსჯავრდებულ ა. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. სააპელაციომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. პ-მა ჩაიდინა: დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; მანვე, ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. ა. პ-მა დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, უკანონოდ შეიძინა, შეინახა და რ. მ-ზე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი,“ წონით – 0,8127 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2022 წლის 21 თებერვალს რ-ში, სასტუმრო ,,გ-ინი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რ. მ-ნ ამოიღეს.
3.2. ა. პ-მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და რ. მ-ზე უკანონოდ გაასაღა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი,“ წონით – 0,8688 გრამი. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2022 წლის 23 თებერვალს ქ. რ-ში, სასტუმრო ,,გ-ნი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რ.მ-ნ ამოიღეს.
4. კასატორი – მსჯავრდებულ ა. პ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატი კ. ვი ითხოვს, ა. პ-ის გასაღების ნაწილში გამართლებას და მის გამტყუნებას მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვის ნაწილში;
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, თუ როგორ გადასცემს ა. პ-ი რ. მ-ს ნარკოტიკულ საშუალებას. არ გამოკვლეულა თუ რა ვითარებაში და ვისი ნარკოტიკული საშუალება გამოართვა რ. მ-მა ა. პ-ს. რ. მ-ი ფარულად ისე იწერდა, რომ გარკვევით არ დაფიქსირებულიყო მიმდინარე მოვლენები.
5. ბრალდების მხარეს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა დაცვის მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. მოცემულ შემთხვევაში, ა. პ-ს მსჯავრდებიდან გასაჩივრებულია მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ორი, 2022 წლის 21 და 23 თებერვლის ეპიზოდები. რაც შეეხება, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვას, ჩადენილს დიდი ოდენობით, საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე უთითებს, რომ ა. პ-ს მხოლოდ მის ჩადენაში უნდა დაედოს მსჯავრი.
9. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო შეაფასებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის მხარის მოსაზრებით, გასაღების ეპიზოდში არასაკმარისია პირის გამტყუნებისათვის.
10. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს პირდაპირი მოწმის, რ. მ-ს ჩვენებაზე, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ:
ბრალდებულები მისი ნათესავები არიან. როდესაც მოწმე დაბრუნდა -ან, გაიგო, რომ ისინი ჰყიდნენ ,,წამალს.“ გადაწყვიტა პოლიციაში განცხადება დაეწერა და ეთანამშრომლა. ამის შემდგომ, იგი აღჭურვეს კამერით, გადასცეს თანხა, მან კი ა. პ-ან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. თავად ა. პ-ს იგი უცნობმა მამაკაცმა გადასცა. მეორედ ა. ჯ-ან იყიდა, რომელსაც ასევე უცნობმა მამაკაცმა გადასცა ნარკოტიკული საშუალება, ხოლო მერე მიჰყიდა რ. მ-ს. მესამედ, ისევ ა. პ-ან იყიდა 5 გრამი ნარკოტიკული საშუალება 500 ლარად. აღნიშნული ფაქტები ჩაიწერა ვიდეოკამერით. თითოეული შესყიდვის შემდეგ, ნარკოტიკული საშუალება მიიტანა რ-ში, სასტუმრო ,,გ-ნი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ელოდებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. ამოღებული ნივთიერებები დალუქეს. ბრალდებულების მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია.
11. ხსენებული მოწმე ქრონოლოგიურად, პირდაპირი ფორმით მიუთითებს როგორც კონკრეტული ქმედებების ჩამდენ პირებზე, ისე საქმისათვის მნიშვნელოვან სხვა დეტალებზე. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ ვრცლად მიმოიხილა ყველა ის მტკიცებულება, რომლებიც კავშირშია/შესაბამისია მოწმე რ. მ-ის მიერ დასახელებულ გარემოებებთან. საკასაციო პალატა სრული ფორმით გამეორების გარეშე, მოცემული მტკიცებულებებიდან გამოჰყოფს ნაწილს და მიუთითებს, რომ ისინი სრულად თანხვდენილია რ. მ-ის ჩვენებასთან, კერძოდ:
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა: ა. გ-მა და თამთა დანელიამ დაადასტურეს მათ მიერ/მათი მონაწილეობით შედგენილი თანხის წარდგენისა და დათვალიერების შესახებ ოქმების სისწორე. ოქმების თანახმად, თანხები გამოიყო ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით.
13. 2022 წლის 21 თებერვლისა და 23 თებერევლის ამოღების ოქმებით დასტურდება გამომძიებელის მიერ რ. მ-ნ პოლიეთილენის პარკის თავმოწმვარი შეკვრა/წონაკის ამოღება, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ (წონით – 0.8127 და – 0.8688 გრამს).
14. 2022 წლის 22 თებერვლის წერილით ირკვევა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულია მასალა: 2022 წლის 21 თებერვალს, 14:23:30-14:33:49 საათამდე, რ. მ-სა და ა. პ-ის შეხვედრისა და საუბრის შესახებ.
14.1. ვედეოჩანაწერითა და გაშიფრული კრებსებით ცალსახად დასტურდება, რომ რ. მ-ის გადაცემულ ფულს ა. პ-ი აძლევს გამოძიებისთვის უცნობ მამაკაცს, რომელიც გადის ოთახიდან. მოკლე დროში ა. პ-ს გადასცემენ ნივთს, რომელსაც იგი რ. მ-ს აძლევს.
15. ასევე, 2022 წლის 24 თებერვლის წერილის თანახმად ირკვევა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულია მასალა: 2022 წლის 23 თებერვალს, 12:54:49-12:57:15 საათამდე, რ. მ-სა და ა. პ-ის შეხვედრისა და საუბრის შესახებ.
15.1. მოცემული ვიდეოჩანაწერის თანახმად, ა. პ-ი რ. მ-ან იღებს თანხას და გადის ოთახიდან. ა. პ-ი ბრუნდება ოთახში და რ. მ-ს აძლევს თეთრ ცელოფანში გახვეულ ნივთს. მ-ი ინტერესდება მისი ხარისხით, რაზედაც პ-ი ეუბნება, რომ მშვიდად შეუძლია იყოს.
16. ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც მოწმე რ. მ-ის, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებულ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულ ა. პ-ისა და რ. მ-ის შეხვედრის ფაქტები და ის გარემოება, რომ ა. პ-მა რ. მ-ს ჯამურად ორჯერ, 2022 წლის 21 თებერვალს უცნობ მამაკაცებთან ერთად, ხოლო 23 თებერვალს დამოუკიდებლად გადასცა პაკეტები.
17. საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა სანდოობის ნაწილში ამავდროულად ითვალისწინებს, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო კომპიუტერულ-ტექნიკური და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნებს, ექსპერტების ჩვენებებს (მათ შორის ექსპერტი ვალერიან მესხის დაზუსტებულ ჩვენებას, იხ. 15/11/2022 სასამართლო სხდომის ოქმი), რომლებითაც დასტურდება, რომ:
აუდიონაწილსა და ვიდეოგრამებში (2022 წლის 21 და 23 თებერვალს რ. მ-სა და ა. პ-ს შეხვედრის ამსახველ ფარულ აუდიო და ვიდეოჩანაწერებში) მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება.
ვიდეოგრამებიდან ამოღებული ფოტოსურათებსა და მათ ხელთარსებულ მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ ა. პ-ის ფოტოსურათებზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნება.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოწარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, გამოირიცხა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალაში რაიმე სახის ეჭვის შეტანის საფუძველი.
19. საკასაციო პალატა ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს N844აპ-22 და N817აპ-23 გადაწყვეტილებებში ასახულ განმარტებას, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას; თუმცა, მოცემულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში ასახული ყველა მტკიცებულების დეტალური ანალიზით, ა. პ-ის ქმედებაში აშკარად გამოკვეთილია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნიშნები, კერძოდ:
19.1. მსჯავრდებული თანხის აღებიდან მოკლე დროში გადასცემს რ. მ-ვს ნარკოტიკულ საშუალებას. ა. პ-ს აღნიშნულისათვის არ ესაჭიროება საათები/დღეები (რაც შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ იგი თავადაც ცდილობს ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორის მოძიებას და შუამავლობს მასა და შეძენის მსურველს შორის). ოპერატიული ტექნიკური სააგენტოს წერილით დგინდება, რომ 2022 წლის 21 თებერვლის შეხვედრა გრძელდებოდა 14:23-14:33 საათამდე, ხოლო 23 თებერვლის შეხვედრა კი 12:54-12:57 საათამდე. ესე იგი, ერთ შემთხვევაში დაახლოებით, 10 წუთს, ხოლო მეორე შემთხვევაში დაახლოებით, 3 წუთს. ამდენად, თანხის გადაცემასა და ნარკოტიკული საშუალების მიწოდებას შორის დრო საკმარისად მცირეა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ 2022 წლის 23 თებერვლის ეპიზოდში ა. პ-ი უკვე უშუალოდ, დამოუკიდებლადაც გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას რ. მ-ს. აგრეთვე, მოცემულ მასალაში არ იკვეთება ნარკოტიკული საშუალების გაყოფის ან/და ერთად მოხმარების ფაქტი. დასახელებული ყველა გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. პ-ს მიზანი ორივე ეპიზოდში ერთობლივად, ნათლად იყო გამოკვეთილი, რომ მას ნარკოტიკული საშუალების გადაცემის სანაცვლოდ, რ. მ-ან სურდა მიეღო კონკრტული თანხა/სარგებელი. მოცემული ქმედება კი სხვა არაფერია, თუ არა – გასაღება.
20. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ყოველი სისხლის სამართლის საქმე უნდა შეფასდეს დეტალურად და ინდივიდუალურად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა დადგინდეს, იკვეთებოდა თუ არა პირის ქმედებით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ნიშნები.
21. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ,,როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე იმ საფუძვლით, რომ არ არსებობს საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლები, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით“ (,,ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Kuparadze v. Georgia), N30743/09, 21/09/2017, §76). ამასთან, საკასაციო პალატა უთითებს, რომ ზემოხსენებული ,,მცირე დასაბუთება“ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-33 ნაწილთან ერთობლივად უნდა განიმარტოს და საბოლოოდ, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ განჩინება უნდა შეიცავდეს კასატორის მიერ მითითებული დასაშვებობის საფუძვლების არგუმენტირებულ უარყოფას. აღნიშნული, თავის მხრივ, გულისხმობს არა აბსოლუტურად ყველა არგუმენტზე პასუხების დეტალურად გაცემას, არამედ იმ ფაქტორებზე მითითებას, რომლებიც გადამწყვეტია კონკრეტული საქმის შედეგისათვის (იხ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: ,,ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ,“ (Lobzhanidze and Peradze v. Georgia), N21447/11, N35839/11, 27/02/2020, §66).
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამავდროულად, შეაფასა ყველა ის ძირითადი მტკიცებულება, რომელთა შინაარსობრივი ანალიზი მიუთითებს ა. პ-ის მიერ მსჯავრადშერაცხილი ქმედებების გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით ჩადენას; ხოლო დაცვის მხარეს არ მიუთითებია ისეთი სახის არგუმენტებზე, რომლებიც საკასაციო სასამართლოს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს შეუქმნიდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. პ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. პ-ის მიმართ;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი