Facebook Twitter

საქმე # 330100123006705232

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №234აპ-24 თბილისი ხ-ი ა 234აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვახტანგ ცალუღელაშვილისა და მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ხ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენით:

ა. ხ-ი, დაბადებული .. წლის ... ოქტომბერს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი და მე-4 ნაწილებით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ა. ხ-ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 12 წლით, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 13 დეკემბრიდან.

ა. ხ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2.1. 2022 წლის 15 ნოემბერს, რ-ში, სასტუმრო „გ-ინი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ხ-მა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,0651 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ გაასაღა ა. ნ-ზე, რაც იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

2.2. 2022 წლის 16 ნოემბერს, თ-ში, გ-ის გზატკეცილის, ლ-ის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ხ-მა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება – 0,0794 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება – უკანონოდ გაასაღა ა. ნ-ზე, რაც იმავე დღეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ხ-ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 ივნისის განაჩენი გაუქმდა.

ა. ხ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდით) წარდგენილ ბრალდებაში.

ა. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკკვეთა 11 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ა. ხ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 11 წლით.

ა. ხ-ს სასჯელი აეთვალა დაკავებიდან – 2022 წლის 13 დეკემბრიდან.

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 20 წლით: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. კასატორი – მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ხ-ი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ მსჯავრდების ეპიზოდში ა. ხ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ა. ხ-ის ჩვენებიდან სასამართლომ არ გაიზიარა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, რომ გ. ჭ-ი და ა. ნ-ი მას სისტემატურად ურეკავდნენ და იყოლიებდნენ ნარკოტიკული საშუალების ერთობლივად შეძენაზე. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ა. ნ-სა და ა. ხ-ს შორის სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხა. აუდიო და ვიდეოჩანაწერში, ასახულია მხოლოდ ა. ხ-ის ა. ნ-ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში ჩაჯდომის მომენტი. იგი ა. ნ-ს გადასცემს შეკვრას და სთოხვს, თუ მოხარშავს, მასაც შეახვედროს. ა-ას ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე მოწყობილობა ითიშება და ჩანაწერი წყდება. მოწყობილობას უდავოდ უნდა გადაეღო იმ დრომდე, ვიდრე ა. ნ-ი ,,შეძენილი“ ნარკოტიკული საშუალებით დაბრუნდა გამომძიებელთან და მას გადასცა ეს ნარკოტიკი.

5. კასატორი – საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორი – ვახტანგ ცალუღელაშვილი – ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანასა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში ა. ხ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

5.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ა. ხ-ის მიერ 2022 წლის 15 ნოემბერს ა. ნ-ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი პირდაპირი სახის მტკიცებულებებით, კერძოდ, ა. ნ-ის ჩვენებით, თავად ალუდა ხუციშვილის ჩვენებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. შესაბამისად, საკასაციო პალატა ბრალდებისა და დაცვის მხარის საჩივრებს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია ისინი.

8. მოცემულ შემთხვევაში, ა. ხ-ის ბრალდებიდან გასაჩივრებულია მხოლოდ ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღების ორი, 2022 წლის 15 და 16 ნოემბრის ეპიზოდები (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი), კერძოდ, დაცვის მხარე ითხოვს 2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდში ალუდა ხუციშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, ხოლო ბრალდების მხარე – 2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

9. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, პირველ რიგში, შეაფასებს პირდაპირი მოწმის, ა. ნ-ის ჩვენებას, ხოლო შემდეგ გააანალიზებს მოცემული მტკიცებულება, საქმის სხვა მასალებთან ერთობლივად რამდენად ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტს ნარკოტიკული საშუალების გასაღებით პირის გამტყუნებისათვის, კერძოდ:

10. მოწმე ა. ნ-ის ჩვენებით, 2022 წლის 14 ნოემბერს, მან განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობის. მოწმემ აღნიშნულ თარიღამდე, დაახლოებით, ერთი თვით ადრე, ვინმე ზ-ან ერთად, გაიცნო ა. ხ-ი. საუბარი ჩამოვარდა ნარკოტიკებზე და ალუდასათვის ცნობილი გახდა, რომ ნ-ი წარსულში მისი მომხმარებელი იყო. 2022 წლის 14 ნოემბერს, ა. ნ-ი ა. ხ-ს ხელმეორედ შეხვდა. ხ-მა მას უთხრა, რომ შეეძლო ,,გაეძრო“ ჰეროინი“, პატარა წონაკი 100 ლარად, საშუალო 200 ლარად. ა. ნ-მა გაიაზრა, რომ ალუდა მას დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებდა და გადაწყვიტა, ემხილებინა იგი. 2022 წლის 15 ნოემბერს ა. ნარეკლიშვილის მიერ ალუდა ხუციშვილისგან განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა. იგი ა. ხ-ს ტელეფონით შეუთანხმდა 200 ლარად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალების შეძენაზე. ა-ამ უთხრა, რომ ჩასულიყო რ-ში, სადაც დაახვედრებდა ნარკოტიკულ საშუალებას. მოწმეც ჩავიდა და ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა ა. ხ-ს. ა-მა ა-ას გადასცა თანხა, ხოლო ბრალდებულმა მას მისცა ,,ჰეროინის“ წონაკი. ხსენებულ მომენტში მოწმე ფარულად აღჭურვილი არ ყოფილა. ა. ნ-მა ა. ხ-ან ნარკოტიკული საშუალება მეორედ საკონტროლოდ შეისყიდა 16 ნოემბერს. შესაძენად გამომძიებლისგან გადაეცა 200 ლარი, რომელიც ,,თ-ის ანგარიშზე გადაურიცხა ა. ხ-ს. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ლ-ის ხიდთან, სადაც ნარეკლიშვილი მივიდა გამომძიებლის მიერ გადაცემული აღჭურვილი ავტომანქანით. ა. ხ-ი ჩაუჯდა ავტომანქანაში და გადასცა ნარკოტიკული საშუალება.

11. მოწმე გ. თ-ის ჩვენებით დასტურდება სამართალდამცავი ორგანოსათვის ა. ნ-ის მიერ 2022 წლის 14 ნოემბერს განცხადებით მიმართვის, ა. ხ-ის მხილებისა და მისი გამოძიებასთან თანამშრომლობის ფაქტები. მოწმემ აგრეთვე მიუთითა საკონტროლო შესყიდვის მიზნით, ა. ნ-ის თანხების გადაცემის, ხოლო შემდგომ კი მისგან ნარკოტიკული საშუალების ორჯერ ამოღებაზე.

12. 2022 წლის 15 ნოემბრისა და 16 ნოემბრის ამოღების ოქმებით დასტურდება გამომძიებელის მიერ ა. ნ-ან პოლიეთილენის პარკის თავმომწვარი წონაკებით ამოღება, რომლებიც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ (წონით – 0.0651 და –0.0794 გრამს).

13. პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა შეეხება 2022 წლის 16 ნოემბერს, 12:30:22 სათიდან – 12:32:20 საათამდე, ა. ნ-ის მიერ თანხის ჩარიცხვასა და 16:25:55 საათიდან – 16:27:40 საათამდე, ლ-ის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ნ-ისა და ა. ხ-ის შეხვედრასა და საუბარს, კერძოდ:

ვიდეო ჩანაწერის მიხედვით, ანზორს აპარატში შეაქვს ორი ას ლარიანი კუპიურა. პარალელურად, ტელეფონზე საუბრობს და იძახის, რომ ქვითარი ვერ აიღო, მაგრამ მიუთითებს, რომ ჩაირიცხა.

ამავე ჩანაწერის მიხედვით, ანზორი (მამაკაცი – მ) ზის მანქანაში. მას ჩაუჯდება ალუდა (მამაკაცი – მ1). მ1 – ,,ისეთი რამე გავაკეთე, ის წამალი, კაროჩე, შენი ფული რაზეც მქონდა გატანებული, ვაბშემ არ ვარგოდა ... კიდევ კარგია, რო კაროჩე ეს გაიჩითა, რა. ის გავატანე იმათ. გაიგე? ეს წამალი წამოვიღე შენთან და თუ უნდა მოხარშო, კაროჩე, იქნებ ერთი სამი ხაზი, ის, მიყო რა, ძმურად.“ ა-ი პასუხობს, რომ შეახვედრებს, დაურეკავს. მამაკაცი ჯიბიდან იღებს პატარა, თეთრ ქაღალდში შეფუთულ ნივთიერებას და უდებს მამაკაც მ-ს ხელის გულზე, რომელიც უყურებს და ატრიალებს ხელში. ა-ი ეუბნება, რომ შეახვედრებს. რის შემდეგაც მალევე ემშვიდობებიან ერთმანეთს.

14. ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ:

ვიდეოგრამებს არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები;

ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დისკზე არსებული ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათსა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხულ ა. ხ-ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე არსებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

15. ამდენად, 2022 წლის 16 ნოემბერის (ესე იგი, ბრალდების მეორე ეპიზოდში), მოწმეთა ჩვენებები, ისევე, როგორც საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა სრულად თანხვდენილია ერთმანეთთან და მათში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია.

16. საკასაციო სასამართლო მოცემულ მსჯელობასთან ერთად, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს N844აპ-22 და N817აპ-23 გადაწყვეტილებებში ასახულ მითითებას, რომ ნარკოტიკული საშუალების გადაცემა ავტომატურად არ ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების გასაღებას. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი სისხლის სამართლის საქმე ფასდება ინდივიდუალურად. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად იკვეთება, რომ:

ა. ნ-ი, რომელმაც გამოძიებასთან თანამშრომლების სურვილი გამოთქვა, 2022 წლის 16 ნოემბერს, აღჭურვეს ვიდეოკამერით და ნარკოტიკული საშუალების შესაძენად გადასცეს 200 ლარი, რომელიც მან ა. ხ-ს ,,თ-ი“ ბანკის ანგარიშზე გადაურიცხა. მოგვიანებით, ა-ა და ა-ი ერთმანეთს შეხვდნენ ლ-ის ხიდთან, რა დროსაც ა. ხ-მა ა. ნ-ს ავტომანქანაში გადასცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც გამომძიებლებმა ამოიღეს და დალუქეს. ხსენებულ ნივთიერებაზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა, რომ უფერო, პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნის, მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება, წონით 0,3832 გრამი, შეიცავს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს,“ რაოდენობით – 0,0794 გრამს. ამდენად, ა. ხ-მა წინასწარ შეთანხმებისამებრ, აღებული თანხის სანაცვლოდ, ა. ნ-ს გადასცა ,,ჰეროინი“. რაც შეეხება მათ შორის გამართულ საუბარს, არ შეიძლება მისი შინაარსი გახდეს მსჯავრდებულის მხრიდან ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიაჩნია, რომ ა. ხ-მა უკანონოდ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2022 წლის 16 ნოემბრის ეპიზოდი).

17. რაც შეეხება 2022 წლის 15 ნოემბრის ეპიზოდს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი), საკასაციო სასამართლო ამ ნაწილში აგრეთვე ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ:

18. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ალუდა ხუციშვილის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში არასაკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. მოცემულ ეპიზოდში ბრალდებამ წარმოადგინა მხოლოდ მოწმე ა. ნ-ის ჩვენება, რომელმაც აღნიშნა, რომ მან ნარკოტიკული საშუალება, 200 ლარის სანაცვლოდ, შეიძინა ა. ხ-ან. როგორც აღინიშნა, მსჯავრდებულისა და ა. ნ-ის შეხვედრა ბრალდების ამ ეპიზოდში ფარულად არ გადაღებულა; ამასთან, მოწმე გ. თ-ძე არ შესწრებია ა. ნ-ის მიერ თანხის გადაცემას, ასევე მას ჩვენებაში არ განუმარტავს, რომ იგი თვალყურს ადევნებდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის პროცესს. აღნიშნულის საპირისპიროდ, ა. ხ-ი უარყოფს ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს. შესაბამისად, მხოლოდ მოწმე ა. ნ-ის მტკიცება, რომელიც არ დასტურდება სხვა დამოუკიდებელი, უტყუარი მტკიცებულებით ვერ გახდება ა. ხ-ის მსჯავრდების უპირობო საფუძველი, რისი გათვალისწინებითაც, იგი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით მართებულად არის გამართლებული.

19. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებისას ხელმძღვანელობს მტკიცების „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით; აღნიშნული სტანდარტი უნდა გამომდინარეობდეს საკმაოდ მყარ, ზუსტ და თანმხვედრ ფაქტებზე დამყარებული ვარაუდიდან ან მსგავსი უტყუარი ფაქტების პრეზუმფციიდან (,,ულკუ ეკინჯი თურთქეთის წინააღმდეგ,“ (Ülkü Ekinci v. Turkey), N27602/95, 16/07/2002, §142). ამ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, ბრალდების მხარეს/კასატორს არ წარმოუდგენია მყარი, ზუსტი და თანმხვედრი მტკიცებულებების ერთობლიობა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები არის დაუსაბუთებელი და არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი.

21. ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვახტანგ ცალუღელაშვილისა და მსჯავრდებულ ა. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ხ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე – ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი