საქმე # 190100123007242992
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №278აპ-24 ქ. თბილისი
დ-ი დ, 278აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. დ-ს, - დაბადებულს ... წლის ... აგვისტოს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 27 ივლისს, რ-ში მყოფმა დ. დ-მა, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, სატელეფონო საუბრისას, მეუღლეს - ე. ჯ-ს განუცხადა, რომ მოკლავდა, ვინაიდან მისი ნებართვის გარეშე წავიდა თ-ში. აღნიშნული მუქარა ე. ჯ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
· 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, დილის საათებში, რ-ში, პ.თ-ას ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საღეჭი რეზინის ღეჭვის გამო გაღიზიანებულმა დ. დ-მა მეუღლეს - ე. ჯ-ს სამჯერ ჩაარტყა თავში ხელი და ფეხი დაარტყა ფეხების არეში მათი არასრულწლოვანი საერთო შვილის - ლ. დ-ის თანდასწრებით. აღნიშნული დარტყმების შედეგად, ე. ჯ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 29 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, რ-ში, პ.თ-ას ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, დ. დ-მა მეუღლეს - ე. ჯ-ს მარჯვენა ხელი ორჯერ დაარტყა მარცხენა ლოყაზე. აღნიშნული დარტყმების შედეგად, ე. ჯ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 29 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, რ-ში, პ.თ-ას ქ.№...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტისას, დ. დ-მა მეუღლეს - ე. ჯ-ს განუცხადა, რომ მოკლავდა, დანას გამოუსვამდა მუცელში. აღნიშნული მუქარა ე. ჯ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით:
2.1. დ. დ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ქვეპუნქტითა (2022 წლის 27 ივლისის ეპიზოდი) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (2023 წლის თებერვლის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
2.2. დ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ( 2023 წლის 29 მარტის ეპიზოდი) - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ. დ-ს შეეფარდა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილებიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ. დ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 30 მარტიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. დ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:
· 2023 წლის 29 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.რ-ში, პ.თ-ას ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, დ. დ-მა მეუღლეს - ე. ჯ-ს მარჯვენა ხელი ორჯერ დაარტყა მარცხენა ლოყაზე. აღნიშნული დარტყმების შედეგად ე. ჯ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
· 2023 წლის 29 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.რ-ში, პ.თ-ას ქ.№..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, კონფლიქტისას, დ. დ-მა მეუღლეს - ე. ჯ-ს განუცხადა, რომ მოკლავდა, დანას გამოუსვამდა მუცელში. აღნიშნული მუქარა ე. ჯ-მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დ. დ-ის სრულად დამნაშავედ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.
5.1. მსჯავრდებულ დ. დ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ბ-მა შესაგებლით მოითხოვა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამომწურავად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო სასამართლოც სრულად ეთანხმება. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ დ. დ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 29 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, მათ შორის: მოწმეების - გ. პ-ის, მ. ჩ-ის, ჯ. მ-ისა და სხვათა ჩვენებებით, შეტყობინების ოქმით, სამხრე კამერების ჩანაწერებითა და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სრულიად საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის და სადავოდ არც მხარეები ხდიან, განსხვავებით 2022 წლის 27 ივლისს მუქარისა და 2023 წლის თებერვლის შუა რიცხვებში ძალადობის ბრალდების ეპიზოდებისა, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს, რადგან არ არის საკმარისი დ. დ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის.
8. დაზარალებულმა ე. ჯ-მა და მოწმე ნ. დ-მა არ მისცეს ახლო ნათესავის - მეუღლისა და ძმის მამხილებელი ჩვენება.
9. მოწმე გ. პ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2023 წლის 30 მარტს, მეწყვილესთან ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც შეტყობინება შევიდა 112-ში, რომლის მიხედვით, დაზარალებული ე. ჯ-ი ითხოვდა დახმარებას. ადგილზე მისვლისას მან განუცხადა, რომ გამოიქცა სახლიდან, ვინაიდან მეუღლემ იძალადა მასზე. სახლში მისვლისას ადგილზე დახვდათ მეუღლე და მისი და. ორდერის შევსების დროს დ. დ-ი ისევ აგრესიული იყო მეუღლის მიმართ. შეტყობინების ავტორმა უთხრა, რომ რამდენჯერმე დაარტყა და აგინებდა.
10. მოწმე ჯ. მ-ის ჩვენებით, როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, გამოძახებაზე იყო მისული თ-ას ქ.№..-ში. ადგილზე საპატრულო პოლიცია დახვდათ, დაზარალებულს ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, უჩიოდა ტკივილს.
11. მოწმეებმა - ზ. ვ-მა, გ. კ-მ, გ. წ-მა, ი. ზ-მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.
12. შეტყობინების თანახმად, 2023 წლის 29 მარტს, ქ.რ-ში, თ-ას ქ.№.., ბინა №..-ში ე. ჯ-მა განაცხადა, რომ მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რასაც აქვს სისტემატური ხასიათი.
13. №... შემაკავებელი ორდერითა და შემაკავებელი ორდერის ოქმით დასტურდება, რომ 2023 წლის 29 მარტს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ.რ-ში, თ-ას ქ.№...-ში, დ. დ-მა, მათსავე საცხოვრებელ ბინაში, მეუღლეს - ე. ჯ-ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მეუღლის მხრიდან ე. ჯ-ის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ადრეულ ეპიზოდებზე მითითებას შეიცავს მხოლოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, რომელიც სამართლებრივად არ წარმოადგენს მტკიცებულებას განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე, ვინაიდან ე. ჯ-მა უარი განაცხადა სასამართლოში ჩვენების მიცემაზე. დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები და წერილობით მტკიცებულებათა უმრავლესობა არაინფორმატიულია სადავო საკითხებთან მიმართებით. მხოლოდ მითითება იმის შესახებ, რომ 2023 წლის 29 მარტს ჩადენილი ფაქტების ანალოგიური შემთხვევები ხდებოდა წარსულშიც, ყოველგვარი კონკრეტიზაციის გარეშე, ვერ გახდება პირის მსჯავრდების საფუძველი.
15. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დ. დ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და დ. დ-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.
16. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 12 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი