Facebook Twitter

საქმე # 330100122006029811

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №279აპ-24 ქ. თბილისი

უ-ძე ბ 279აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ბ. უ-ს, - დაბადებულს .. წლის .. აპრილს, - ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (სამი ეპიზოდი); სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (ხუთი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 15 ნოემბერს, საღამოს საათებში, თ-ში, გ-ის გამზირის N..-ში, ბ. უ-ძე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ზ-ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ქმედებების მუდმივი კონტროლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, უთხრა, რომ მოკლავდა, არ აცოცხლებდა და დანით ყელს გამოჭრიდა. ამავდროულად, მეორე დღეს დაემუქრა, რომ თუ პოლიციას შეატყობინებდა, სიცოცხლეს მოუსპობდა, რის შედეგად, თ. ზ-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 10 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, ღამის საათებში, თ-ში, გ-ის გამზირის N..-ში, ბ. უ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ქმედებების მუდმივი კონტროლით, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ზ-ზე, კერძოდ, ხელი დაარტყა ყურის არეში. ბ. უ-ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 10 იანვრიდან 15 იანვრამდე პერიოდში, ღამის საათებში, თ-სში, გ-ის გამზირის N..-ში, ბ. უ-ძე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ზ-ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ქმედებების მუდმივი კონტროლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ ცემით მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 1 თებერვლიდან 10 თებერვლამდე პერიოდში, ღამის საათებში, თ-ში, გ-ის გამზირის N..-ში, ბ. უ-მ, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ქმედებების მუდმივი კონტროლით, ფიზიკურად იძალადა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ზ-ზე, კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში. ბ. უ-ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თ. ზ-მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2022 წლის 1 თებერვლიდან 10 თებერვლამდე პერიოდში, ღამის საათებში, თ-ი, გ-ის გამზირის N..-ში, ბ. უ-ძე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ზ-ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ქმედებების მუდმივი კონტროლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ თავს მოაჭრიდა და მოკლავდა, რის შედეგად, თ. ზ-ს გაუჩნდა მუქარის ასრულების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის მაისში, დაახლოებით 5 მაისიდან 10 მაისამდე, თ-ში, ა. ი-ის ქუჩა N..-ში მდებარე მაღაზია „ორ ნაბიჯში“, ბ. უ-იძე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ზ-ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ქმედებების მუდმივი კონტროლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ არ აცოცხლებდა, თავსა და ყელს გამოჭრიდა, რის შედეგად, თ. ზ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

· 2022 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ-ში, ზ-ის დასახლებაში, მე-.. მიკრორაიონის მე-.. კვარტალში, N.. კორპუსში მდებარე მაღაზია „ორ ნაბიჯში“, ბ. უ-ძე, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ზ-ს, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ქმედებების მუდმივი კონტროლით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, კერძოდ, უთხრა, რომ თავსა და ყელს გამოჭრიდა, რის შედეგად, თ. ზ-ს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენით:

2.1. ბ. უ-ძე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა (სამი ეპიზოდი) და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ხუთი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა ბ. უ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

2.3. ბ. უ-ს განემარტა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა ზედელაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუებელი განაჩენის დადგენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბ. უ-ის მიერ ძალადობისა და მუქარის ჩადენას.

7. საქმის არსებითი განხილვის დროს დაზარალებულმა თ. ზ-მა ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით და ბ. უ-ის წინააღმდეგ არ მისცა ჩვენება.

8. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია განცხადება, რომლის თანახმად, დაზარალებულმა თ. ზ-მა 2021 წლის 6 ივლისს ნამდვილად მიმართა სამართალდამცავ ორგანოს და შეატყობინა ბ. უ-ის მიერ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარებისა და ფიზიკური ძალადობების შესახებ, რომელთა შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში; თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულს ჩვენება არ მიუცია განცხადების შინაარსთან დაკავშირებით, მხოლოდ აღნიშნული შეტყობინება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.

9. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს როლი მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე მსხვერპლთა დახმარებისა და დაცვის თვალსაზრისით, აღნიშნული ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლოში არ არის საჭირო სათანადო მტკიცებულებების წარდგენა და საქმის ეფექტური და დროული გამოძიება.

10. რაც შეეხება 2022 წლის 6 ივლისის ფაქტს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც დაცვის მხარე უარყოფს 2022 წლის 6 ივლისს, მეუღლის სამუშაო ადგილას, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი ბ. უ-ის ყოფნას. სადავოა აღნიშნულ დღეს მისი მხრიდან მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტი.

11. 2022 წლის 6 ივლისის მუქარის ეპიზოდში წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, ბრალდების მხარე მიუთითებს დაცვის კომპანია ,,ა-ის“ თანამშრომლის, მოწმე დ. გ-ის ჩვენებაზე, რომელმაც დაადასტურა მისი თანდასწრებით, მთვრალი ბ. უ-ის მხრიდან მეუღლის მიმართ მუქარის ფაქტი და განმარტა, რომ აღნიშნულ დღეს ბ. უ-ს ხელში ეჭირა ლუდის გატეხილი შუშის ბოთლი, იქნევდა და თ. ზ-ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო მას შემდეგ, რაც მან ბ. უ-ს მიმდებარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, იგი გახდა აგრესიული, გატეხილი ბოთლით ისევ გაიწია დაზარალებულისკენ და ყელის გამოჭრით დაემუქრა.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოწმის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის მაღაზია ,,ორი ნაბიჯის“ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერთან, რომელიც ასახავს 2022 წლის 6 ივლისს, მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. აღნიშნული ჩანაწერით შეუძლებელია დ. გ-ის ჩვენებაში მოყვანილი გარემოებების დადასტურება, რამდენადაც, მასზე არ არის დაფიქსირებული ბ. უ-ის აგრესიული ქმედებები და დაზარალებულის მიმართულებით გატეხილი შუშის ბოთლის მოქნევის ფაქტი. ჩანაწერში ნათლად ჩანს, თუ როგორ ურტყამს ბ. უ-ძე კედელს ლუდის ბოთლს (ამ დროს დ. გ-ძე არ იყო მისული). ასევე ესაუბრება დაზარალებულს, რომელიც ხელს კიდებს ბ. უ-ეს და მაღაზიის ტერიტორიიდან გარიდების მიზნით, გაჰყავს მოშორებით, რის შემდეგაც, იგი კვლავ ჯდება მაღაზიის მიმდებარედ არსებულ კიბეზე. დ. გ-ის მისვლის შემდეგ, ბ. უ-ძე დგება კიბის საფეხურიდან და ესაუბრება მას, რა დროსაც იქვე იმყოფება დაზარალებული თ. ზ-იც. მოცემულ შემთხვევაში, ბ. უ-ს ქცევა და არავერბალური ქმედებები თ. ზ-ის მიმართ ეჭვქვეშ აყენებს დ. გ-ის ობიექტურობას და მისი ჩვენების სანდოობას. ის ფაქტი, რომ ბ. უ-ძე იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, არ წარმოადგენს მუქარის დადასტურების საფუძველს. ამასთან, მართალია, ჩანაწერში არ ისმის ხმა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა სასამართლოს, ამასთან, მცირე ხნის შემდეგ დ. გ-ან დატოვა ბ. უ-ძე და აღარ დაბრუნებულა, დ. გ-ის ჩვენების მხედველობაში მიღებით, რომელიც სრულად არაა შესაბამისობაში ჩანაწერთან, შეუძლებელია წარდგენილი ბრალდების დადასტურებულად მიჩნევა.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩანაწერში ასახულ ინფორმაციას ბრალდების მხარემ ვერ დაუპირისპირა რაიმე წონადი არგუმენტი, რაც ბ. უ-ის ქმედებების მიმართ განსხვავებული მსჯელობის საშუალებას შექმნიდა. აღნიშნული მტკიცებულება მოწმის ჩვენების უტყუარობას ვერ ადასტურებს. დასახელებულ ეპიზოდში, ბ. უ-ს ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად ვერ იქნება მიჩნეული სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ლ. კ-სა და ნ. ა-ის ჩვენებებიც, ვინაიდან ისინი არ არიან მუქარის უშუალო შემსწრენი და არც ერთი მათგანი არ უთითებს ბ. უ-ის მხრიდან მუქარის ფაქტზე. სხვა რაიმე მტკიცებულება კი, რომელიც ასახავდა ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში ბ. უ-ს მიერ ჩადენილ მუქარას, საქმეში არ არის წარმოდგენილი.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

15. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ბ. უ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.

16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v.Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

18. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა ზედელაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 31 იანვრის განაჩენზე ბ. უ-ს მიმართ;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი