Facebook Twitter

საქმე # 140100123008021499

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №360აპ-24 ქ. თბილისი

კ-ი ი, 360აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენზე შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენით:

1.1. ი. კ-ი, - დაბადებული ... წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის საფუძველზე, ი. კ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 25 აპრილიდან.

1.2. ი. კ-ს 5 წლით ჩამოერთვა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლება.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. კ-მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა; ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 24 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, ხ-ის რაიონის სოფელ ა-ი მდებარე ჯ. ნ-ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ი. კ-მა შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ჯ. ნ-ს, რომელიც ამის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

· ი. კ-მა დაუდგენელ დროს მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა - ქარხნული წესით დამზადებული ,,AK-74” მოდელის, 5,45 მმ კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის, სროლისათვის ვარგისი ავტომატი და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა 2023 წლის 24 აპრილს, ხ-ის რაიონის სოფელ ა-ში.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გორის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მსჯავრდებულ ი. კ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, მოწმეების - შ. მ-ის, მ. მ-ის, კ. ლ-ის, გ. ჩ-ის, ი. ა-ის, ზ. ჩ-ის, გ. გ-ის, პ. ჯ-ის, ს. გ-ის, ჯ. ნ-ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - ბ. ა-ისა და დ. ჩ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოცხრილით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბალისტიკური ექსპერტიზის N... და N... დასკვნებით, სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორი ხდის.

7. მოცემულ შემთხვევაში კასატორმა - პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ ი. კ-ის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).

9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მსჯავრდებულ ი. კ-ის შეფარდებული სასჯელის დამძიმებისათვის ისეთ ხელშესახებ და არსებით გარემოებებზე მითითებას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას. სასჯელის დანიშვნის სტადიაზე მოსამართლე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თანაბრად აფასებს როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ, ისე შემამსუბუქებელ გარემოებებს. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზეც, რომლის მიხედვითაც, ,,აუცილებელია, სასჯელი ადეკვატურად შეესატყვისებოდეს საზოგადოებრივი საშიშროების შემცველი ქმედების სიმძიმეს. იმ პირობებში, როდესაც სასჯელის სიმკაცრე აშკარად აჭარბებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხს, ეჭვქვეშ დგება დაწესებული სასჯელისა და მისი ლეგიტიმური მიზნების პროპორციული დამოკიდებულება. აშკარად მკაცრი და არაგონივრული სასჯელი ზედმეტად შორდება სასჯელის ლეგიტიმურ მიზნებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება N1/6/770 საქმეზე: ,,საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ი. კ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრების თაობაზე და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, ი. კ-ის აღიარება; ის გარემოება, რომ მან ითანამშრომლა გამოძიებასთან, მტკიცებულებები გახადა უდავო და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას; მის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი (ი. კ-მა ჩაიდინა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული); ასევე - მსჯავრდებულის წარსული ცხოვრება (პირველადაა სამართალში), რისი მხედველობაში მიღებითაც, სასჯელთა შთანთქმის წესის საფუძველზე, შეუფარდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი და კანონიერი სასჯელი - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.

12. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ საკასაციო საჩივარში სასჯელის დამამძიმებელ გარემოებად იმის მითითებას, რომ ი. კ-ი დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა შემთხვევის ადგილიდან და გამოძიებისათვის ხელის შეშლის მიზნით გადამალა დანაშაულის ჩადენის იარაღი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სწორედ მსჯავრდებულის უშუალო მითითებითა და მისი აქტიური ხელშეწყობით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი, რამაც ფაქტობრივად განაპირობა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებების მოპოვება და მათთან ერთობლიობით იქცა ი. კ-ის მსჯავრდების ძირითად საფუძვლად.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

14. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი