საქმე # 330100122006248818
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №119აპ-24 თბილისი ქ. თბილისი
მ-ნი დ, 119აპ-24 8 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ. მ-მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (2022 წლის 30 აგვისტოსა და 2022 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდები); მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2022 წლის 30 აგვისტოს, ღამით, თ-ში, ე. ა-ის ქუჩის №..-ში, ბინა №...-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დ. მ-ნმა ფიზიკურად იძალადა მეუღლის – მ. ჯ. გ-ის მიმართ, კერძოდ, ყელზე ძლიერად მოუჭირა, რა დროსაც მ. ჯ. გ-იმ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედება დ. მ-მა ჩაიდინა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით.
1.2. ზემოაღნიშნული ფიზიკური ძალადობისას, დ. მ-ი მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა. მ. ჯ-რი გ-მ აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. 2022 წლის 3 სექტემბერს, ღამით, თ-ში, ე. ა-ის ქუჩის №..-ში, ბინა №...-ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, დ. მ-მა ფიზიკურად იძალადა მეუღლის – მ. ჯ. გ-ის მიმართ, კერძოდ, ხელი ჩაავლო მარცხენა ხელში და ძლიერად მოუჭირა, შემდეგ თმები ძლიერად მოქაჩა და თავის უკანა მარცხენა მხარე სამზარეულოს კედელზე მიარტყმევინა. დ. მ-ის ქმედებების შედეგად მ. ჯ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნული ქმედება დ. მ-მა ჩაიდინა მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენით:
დ. მ-ნი, დაბადებული ... წლის ... ნოემბერს, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში;
დ. მ-ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2022 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
დ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 თვით თავისუფლების აღკვეთა;
დ. მ-ნს სასჯელის მოხდა დაეწყო დაკავებიდან – 2022 წლის 3 სექტემბრიდან და სასჯელის მოხდის გამო, იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენით:
თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძისა და მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ღ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 3 აპრილის განაჩენი დ. მ-ის მიმართ, დარჩა უცვლელად.
4. კასატორი – პროკურორი თამარ იაკობიძე – ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენში ცვლილებას, დ. მ-ის დამნაშავედ ცნობას – საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრას.
4.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტით, დადასტურდა დ. მ-ის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობისა და მუქარის ფაქტები. აღსანიშნავია, რომ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თავად დაზარალებულის შეტყობინება. სასამართლო სხდომაზე მან დეტალურად აღწერა 2022 წლის 30 აგვისტოსა და 3 სექტემბერს მომხდარი მოვლენები. დადასტურებულია, რომ მათ ჰყავთ 2 წლის ბავშვი, რომელიც სასამართლო სხდომაზე, ლოგიკურია, ვერ დაიკითხებოდა. კასატორი აგრეთვე მსჯელობს, რომ სასამართლომ უნდა დანიშნოს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც მსჯავრდებულს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალავს.
5. დაცვის მხარემ, მსჯავრდებულ დ. მ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ღ-მა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის ძალაში დატოვება და ამასთან, მიუთითა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება არის დასაბუთებული და სამართლიანი.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. შესაბამისად, საკასაციო პალატა მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა თანახმად განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
8. მოცემულ შემთხვევაში, დ. მ-ნს ბრალად ედებოდა ქმედებები, გათვალისწინებული:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 30 აგვისტოს, 3 სექტემბრის ეპიზოდები) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (2022 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დ. მ-ი გამართლდა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება (2022 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან, სასამართლოს მოტივაციით, არ იკვეთებოდა ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოების – არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, პროკურორი ითხოვს დ. მ-ის გამტყუნებას სწორედ ზემოაღნიშნული ბრალდების შესახებ დადგენილი კვალიფიკაციის შესაბამისად.
9. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს და აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზი ადასტურებს დ. მ-ის მიერ მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას (2022 წლის 3 სექტემბრის ეპიზოდს), კერძოდ:
10. დაზარალებულ მ. ჯ-რი გ-ის ჩვენების თანახმად, 2022 წლის 29 აგვისტოს, მასა და მის მეუღლეს დილიდან ჰქონდათ კონფლიქტი. ღამით დ. მ-მა, მძინარეს, ყელში წაუჭირა ხელი და ცდილობდა მის დახრჩობას, თან ეუბნებოდა, რომ მოკლავდა. ამ ყველაფერს ესწრებოდა მათი მცირეწლოვანი ბავშვი, რომელმაც ტირილი დაიწყო. ბრალდებულმა მხოლოდ ამის შემდეგ შეწყვიტა ძალადობა. დაზარალებულს შეეშინდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
10.1. დ. მ-მა მასზე ასევე 2022 წლის 3 სექტემბერს იძალადა, კერძოდ, ხელი ჩაავლო მარცხენა ხელში და ძლიერად მოუჭირა, შემდეგ თმებში ძლიერად მოქაჩა და თავის უკანა მხარე სამზარეულოს კედელზე მიარტყმევინა, რის შედეგადაც, განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამ ყველაფერს ასევე ესწრებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი.
11. ამდენად, დაზარალებული მიუთითებს ფიზიკური ძალდობის ორ ეპიზოდზე, კერძოდ, აგვისტოსა და სექტემბერში და აგრეთვე, მუქარის ერთ ეპიზოდზე. ამასთან, მ. ჯ. გ-ი აღნიშნავს, რომ ძალადობრივ ქმედებებს მათი არასრულწლოვანი შვილიც ესწრებოდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ ბრალდების მხარის წამოდგენილი და საკასაციო საჩივარში დასახელებული ყველა სხვა მტკიცებულება უნდა განიხილოს სწორედ ამ ფაქტობრივი გარემოებების ჭრილში და ამასთან, გააანალიზოს, რამდენად საკმარისია ისინი ბრალდების ყველა ეპიზოდში დ. მ-ის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამტყუნებისათვის.
12. საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ მ. ჯ-ი გ-ის მიერ სსიპ „112“-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის აუდიოჩანაწერი თარიღდება 2022 წლის 3 სექტემბრით. სწორედ ამ დღეს, 21:57 საათზე, მ. ჯ. გ-ჩი მობილური ტელეფონის ნომრიდან რეკავს „112“-ში და ითხოვს პოლიციისა და სასწრაფოს დახმარებას, რადგან ქმარი ეჩხუბება, უთითებს ფიზიკურ ძალდობაზე და ამბობს, რომ ეშინია.
13. მ. ჯ-ი გ-ის შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადებული პატრულ-ინსპექტორების: თ. დ-სა და ბ. გ-ის მიერ მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ მ. ჯ. გ-ი ქმარ-შვილთან ერთად. იგი იყო აღელვებული, ტიროდა და აცხადებდა, რომ ქმარმა მოსთხოვა ბავშვთან ერთად სახლის დატოვება, რა დროსაც მასზე ფიზიკურად იძალადა.
14. 2022 წლის 4 სექტემბერს, 02:12 საათზე გაცემული №... შემაკავებელი ორდერის თანახმად, 2022 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით, 21:45 საათზე, არასრულწლოვანი შვილის, 2019 წელს დაბადებული დ. მ-ის თანდასწრებით, დ. მ-მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, მ. ჯ. გ-ის; ასევე, რამდენიმე დღის წინ ყელის არეში მოუჭირა ხელი და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამავე ოქმით ირკვევა, რომ მსხვერპლს კეფის არეში აღენიშნებოდა მცირე ზომის ჰემატომა.
15. სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი „სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ №1107 სამედიცინო ბარათის მონაცემების თანახმად:
მ. ჯ. გ-ს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია 2022 წლის 4 სექტემბერს, 01:06 საათზე. დიაგნოზი: ინტრაკრანიალური ტრავმა, ზემო კიდურის ზედაპირული ტრავმა, დაუზუსტებელ დონეზე. სხვა დაზუსტებული დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული. სამედიცინო ბარათში აღწერილია ჰემატომა.
2022 წლის 5 სექტემბერს, პირადი შემოწმებისას, მ. ჯ-ი გ-ის სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს: 2022 წლის 3 სექტემბერს.
ხსენებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2022 წლის 3 სექტემბერს, მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თმები მოქაჩა ძლიერად და თავი მიარტყმევინა კედელზე.
16. საქმის არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა დ. მ-ნმა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს, 2022 წლის 3 სექტემბერს დაზარალებულმა დარეკა ,,112-ში,“ სადაც მიუთითა ფიზიკურ ძალადობასა და ფაქტზე, რომ ეშინოდა. ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც დააკავეს დ. მ-ნი, გამოსცეს შემაკავებელი ორდერი, ხოლო სასამართლოში ისაუბრეს შემთხვევის ადგილზე დაზარლებულის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე; ფაქტის შემდგომ დაზარალებულს გაეწია გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ხოლო შემდგომში გაიცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღწერილია გარკვეული ფიზიკური სახის დაზიანება და ხანდაზმულობა შესაბამისია დადგენილებაში მითითებულ თარიღთან: 2022 წლის 3 სექტემბერთან. ამავე დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2022 წლის 3 სექტემბერს, დაზარალებულს მეუღლემ თმები ძლიერად მოქაჩა, ხოლო თავი მიარტყმევინა კედელზე. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ერთობლივად ადასტურებს უშუალოდ 2022 წლის 3 სექტემბრის ფიზიკურად ძალადობის ეპიზოდს; ხოლო ამავე მტკიცებულებებით გამოკვეთილი გარემოებები, ფაქტობრივად, არ მოიცავს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს: მაკვალიფიცირებელ გარემოებას – ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებითა და 2022 წლის 30 აგვისტოს ფიზიკურად ძალადობისა და მუქარის ბრალდებებს. ხსენებულ ეპიზოდებთან დაკავშირებით, ბრალდების მხარემ წარმოადგინა მხოლოდ დაზარალებულ მ. ჯ. გ-ს ჩვენება, რომელიც განმარტავს, რომ 2022 წლის 30 აგვისტოს, ღამით, მეუღლემ, მათი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მასზე და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, ყელში წაუჭირა ხელი და სცადა მისი დახრჩობა. იმავდროულად, დაემუქრა მოკვლით, რის შედეგადაც მას შეეშინდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი; დაზარალებულის მიერ უშუალოდ ამ ეპიზოდში სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დადასტურებულა სხვა, რაიმე უტყუარი სახის მტკიცებულებით. მეტიც, მსჯავრდებული კატეგორიულად უარყოფს დაზარალებულის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტს. შესაბამისად, მოცემულ ეპიზოდებში მხოლოდ ერთი პირის მიერ გაკეთებული განცხადება მასზე განხორცილებული ფიზიკური ძალადობისა და მუქარის თაობაზე, არ ქმნის საკმარის პროცესუალურ სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერის ოქმი ზოგადად ასახავს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რამდენიმე დღის წინ, სავარაუდოდ განხორციელებული ძალადობის შესახებ. ანალოგიურად, ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით, სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საკასაციო პალატას არ მიაჩნია დადასტურებულად, ვინაიდან მოცემულის თაობაზე მიუთითებს ასევე მხოლოდ დაზარალებული და სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება ამ ნაწილშიც წარმოდგენილი არ ყოფილა.
17. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. მ-ის მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გამტყუნებაში და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარში არ ასახულა იმგვარი არგუმენტები და მტკიცებულებები, რომლებიც საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი შესაძლოა გამხდარიყო.
18. რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს, როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელს, კერძოდ:
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი იმ შემთხვევაში მიიჩნევა უკანონოდ, როდესაც გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და ამავდროულად, მის პიროვნებას.
20. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებზე უმნიშვნელოვანესია, ზედმიწევნით შეფასდეს ძალადობის ხარისხი, კერძოდ:
1) რა ფორმით ჩაიდინა პირმა ძალადობა (ფიზიკური, ფსიქოლოგიური), 2) რამდენ ეპიზოდად და დროის რა შუალედით, 3) რა ხერხის გამოყენებით (მაგალითად, ემუქრებოდა არამხოლოდ სიტყვიერად, არამედ დანის დემონსტრირებით), 4) დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანება და ა.შ..
21. ამ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა დ. მ-მა ჩაიდინა ოჯახური ძალადობა ერთ ეპიზოდად (დაზიანება აღწერილია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში).
22. ამასთან, კასატორს არ მიუთითებია რაიმე, ახალი სახის გარემოებაზე, რომლის საფუძველზეც, საკასაციო პალატა დასაშვებად მიიჩნევდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შეცვლას, კერძოდ, პროკურორი მოთხოვნის ნაწილში არ მიუთითებს კონკრეტული სახის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებაზე, ხოლო ის ფაქტი, რომ ხსენებულ შემთხვევაში ჩადენილია – ოჯახში ძალადობა, ერთ ეპიზოდად, რომელიც გამოიხატა ფიზიკურ ძალადობაში, სააპელაციო სასამართლოს უშუალოდ ასახული აქვს საპატიმრო სახის სასჯელში, კერძოდ, შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთაში.
23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახე და ზომა შეესაბამება როგორც ჩადენილი ქმედების ხასიათს, ისე მსჯავრდებულის პიროვნებას.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ თამარ იაკობიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 5 დეკემბრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე – ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი