Facebook Twitter

საქმე # 110100122005596055

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №236აპ-24 ქ. თბილისი

ფ-ძე დ, 236აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. დ-ის, ზ. ჯ-სა და ა. კ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ფ-ს, - დაბადებულს .. წლის .. ივლისს, - ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ-ის რაიონის სოფელ გ-ნში, მდინარე წ-ზე გამავალ ხიდზე, ალკოჰოლური სასმლით მთვრალი დ. ფ-ე მართავდა რა „მერსედესის“ მოდელის მსუბუქ ავტომანქანას, სახ.№... ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33.2 და 33.6 მუხლის მოთხოვნები და გადავარდა მდინარე წ-ში, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი მგზავრები - მ. ზ-ძე და გ. ო-ძე ადგილზე გარდაიცვალნენ.

2. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით:

2.1. დ. ფ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-9 ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილზე.

2.2. დ. ფ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 30 იანვრიდან.

2.3. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დ. ფ-ს დამატებითი სასჯელის სახედ შეეფარდა საქმიანობის უფლების ჩამორთმევა და 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ფ-მ ჩაიდინა ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

3.1. 2021 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით 08:00 საათზე, თ-ის რაიონის სოფელ გ-ში, მდინარე წ-ზე გამავალ ხიდზე, დ. ფ-ძე მართავდა რა „მერსედესის“ მოდელის მსუბუქ ავტომობილს, სახ.№..., ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33.2 მუხლის მოთხოვნები და გადავარდა მდინარე წ-აში, რის შედეგადაც ავტომანქანაში მყოფი ორი მგზავრი - მ. ზ-ძე და გ. ო-ე ადგილზე გარდაიცვალა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

5.1. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ჯ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში.

5.2. კასატორმა - მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. კ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და დ. ფ-ის გამართლება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

7. საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა და გადაწყვეტილების მიღებისას გაიზიარა საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტოტექნიკური ექსპერტიზის №... დასკვნა, რომლის თანახმად, გამოძიებით დადგენილ ვითარებაში, მძღოლ დ. ფ-ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.1, 33.2, 33.6 მუხლების მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში, მას შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე ,,მერსედესის’’ მოდელის, სახ.№..., ავტომანქანა მომხდარ საგზაოსატრანსპორტო შემთხვევამდე იყო ტექნიკურად გამართული. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ. გ-მა.

8. ვიდეოკამერების ჩანაწერების დათვალიერების ოქმის თანახმად, №6 და №7 კამერებზე ჩანს მოძრავი პიროვნებების სილუეტები, რომელთა ვინაობის დადგენაც შეუძლებელია სიბნელის გამო, ხოლო №5 კამერა უყურებს მდინარე წ-ას და მის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც აღბეჭდილია, რომ 2021 წლის 21 დეკემბრის 08:41:19 საათზე ჩნდება ქ.ქ-ან მომავალი ავტომანქანა, რომელიც 08:41:28 საათზე ხიდიდან ვარდება მდინარე წ-ში, მანქანის მოდელისა და სახელმწიფო ნომრის გარკვევა შეუძლებელია, სიბნელის გამო.

9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ მ. ზ-ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია, განვითარებული სითხეში (წყალში) დახრჩობის შედეგად, რაც დასტურდება თირკმლის ცენტრიფუგაში დიატომური პლანქტონების არსებობით და გვამის გამოკვლევისას ნანახი მაკრო და მიკრომორფოლოგიური სურათით; ასევე სამედიცინო ექსპერტიზის №.. დასკვნით დადგენილია, რომ გ. ო-ის სიკვდილის მიზეზია მექანიკური ასფიქსია, განვითარებული სითხეში (წყალში) დახრჩობის შედეგად, რაც დასტურდება თირკმლის ცენტრიფუგაში დიატომური პლანქტონების არსებობით და გვამის გამოკვლევისას ნანახი მაკრო და მიკრომორფოლოგიური სურათით.

10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - ბ. ა-ის, გ. ბ-ს, ლ. ლ-სა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის დათვალიერების ოქმით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... და №... დასკვნებით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია დ. ფ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.

11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების, ადვოკატების - გ. დ-სა და ზ. ჯ-ას პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომლებზე დაყრდნობითაც არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა დ. ფ-ს განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დ. ფ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; მან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დატოვა შემთხვევის ადგილი, შემდგომ კი მიიმალა, თვეზე მეტი ხნის მანძილზე იმყოფებოდა ძებნაში და იგი დააკავეს საცხოვრებელი ადგილიდან შორს, საზღვრისპირა რეგიონში; დ. ფ-ს მიერ ჩადენილ დანაშაულს შედეგად მოჰყვა ორი ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით, დ. ფ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში დ. ფ-ის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და სრულად შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას), რისი გათვალისწინებითაც, საკასაციო სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია დ. ფ-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ასევე მის მიმართ საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით ან 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი შეღავათის გამოყენება.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

16. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. ფ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. დ-ის, ზ. ჯ-სა და ა. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი