საქმე # 330100121005166852
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №246აპ-24 ქ. თბილისი
ყ-ი ა, 246აპ-24 4 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძის, მსჯავრდებულ ა. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ-სა და გ. ტ-ს, მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ნ-ს, - დაბადებულს ... წლის .. აპრილს, - ბრალად ედება ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; ხოლო ა. ყ-ს, - დაბადებულს .. წლის 20 მარტს, და ე. ი-ს, - დაბადებულს --- წლის - აპრილს, - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ივნისის განაჩენით ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეეფარდა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად, ამავე გამოსაცდელი ვადით.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 ნოემბრის განაჩენით ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მე-2 ნაწილით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და საბოლოოდ, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
1.5. 2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 04:20 საათიდან 04:27 საათამდე პერიოდში, თ-ი, ჯ-ს ქუჩის №..-ში მდებარე სლოტკლუბ „...-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ყ-მა, ა. ნ-მა და ე. ი-მა ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, ე. მ-ვსა და რ. ა-ვს მოთხოვეს მოგებული თანხის გაყოფა. უარის მიღების შემდეგ ა. ნ-მა ე. მ-ს ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში. ამის შემდეგ მან ა. ყ-ს გამოართვა მის ხელში არსებული დანის მსგავსი საგანი, ე. მ-სა და რ. ა-ს განუცხადა, მთლიანად მიეცათ მათთვის ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივეს დახოცავდა. ამრიგად, ა. ყ-ი, ა. ნ-ი და ე. ი-ვი ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დაეუფლნენ ე. მ-სა და რ. ა-ის კუთვნილ თანხას, სულ 4000 ლარს. აღნიშნული ქმედების შედეგად, ე. მ-ს მიადგა 1000 ლარის ქონებრივი, ასევე მორალური ზიანი, ხოლო რ. ა-ს - 3000 ლარის ქონებრივი, ასევე მორალური ზიანი.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენით:
2.1. ე. ი-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.2. ე. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 16 სექტემბრიდან.
2.3. ა. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
2.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 12 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - პირობითი მსჯავრი 3 წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 16 სექტემბრიდან.
2.5. ა. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2021 წლის 15 სექტემბრიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ი-მა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. ე. ი-მა, ნამდვილად იცოდა, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 04:20 საათიდან 04:27 საათამდე პერიოდში, თ-ი, ჯ-ის ქუჩა N..-ში მდებარე სლოტკლუბ „..-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ყ-ი და ა. ნ-ი ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის მუქარით, დაეუფლნენ ე. მ-სა და რ. ა-ის კუთვნილ თანხას, ჯამში 4000 ლარის ოდენობით, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენით:
4.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ე. ი-ი 2024 წლის 10 მაისს გათავისუფლდა პირობით ვადამდე.
6. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა ქმედების კვალიფიკაციის კუთხით, კერძოდ: ე. ი-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
6.1. კასატორებმა - მსჯავრდებულ ა. ყ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - გ. ნ-მა და გ. ტ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის მინიმუმამდე შემსუბუქების კუთხით.
6.2. კასატორმა - მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ჩ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენის გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა, გააანალიზა კასატორების საკვანძო არგუმენტები და მიაჩნია, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ა. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულ ა. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ-სა და გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო სასამართლო ადვოკატ კ. ჩ-ის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა. ნ-ის უდანაშაულოდ ცნობისა და მისი გამართლების თაობაზე არ ეთანხმება, რადგან წარმოდგენილ საქმის მასალებში საამისოდ არ მოიპოვება კანონიერი და დასაბუთებული საფუძველი. ამასთან, პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ ა. ნ-ის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებში ჩამოყალიბებული დასკვნები ინკრიმინირებულ ქმედებაში მისი ბრალეულობის თაობაზე სავსებით აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული, კანონიერი გზით მოპოვებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, კერძოდ: დაზარალებულების - ე. მ-ისა და რ. ა-ის ჩვენებები, მოწმეების - ვ. მ-ის, დ. ჯ-ის, ზ. ა-ის, დ. შ-ისა და სხვათა ჩვენებები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, ვიდეოჩანაწერები და მათი დათვალიერების ოქმი, ნივთის ამოცნობის ოქმები, განაჩენები და სხვა მტკიცებულებები.
3. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ე. მ-მა განმარტა, რომ 2021 წლის 14 სექტემბერს, ღამის საათებში, მეგობარ რ. ა-ან ერთად იმყოფებოდა თ-ში, ვ-ში მდებარე კაზინო „...-ში“, სადაც მისმა მეგობარმა წააგო 3000 ლარი და რ. ა+ს სათამაშოდ გადასცა 1000 ლარი. აღნიშნული თანხით მან 4000 ლარი მოიგო. თამაში, დაახლოებით, დილის ხუთ საათზე დაასრულეს. მივიდნენ სალაროსთან, თანხა გაანაღდეს და გავიდნენ კაზინოდან. მოგებული თანხა 50 ლარიანი კუპიურებისგან შედგებოდა. გარეთ გამოსულებმა გაიგონეს, რომ ვიღაც ეძახდა აზერბაიჯანულ ენაზე. მისთვის უცნობმა მამაკაცმა უთხრა, რომ მათთან საქმე ჰქონდათ. გზაზე სანახევროდ გადასულები იყვნენ, თუმცა უკან მობრუნდნენ. ორივე მათგანს ხელ-მკლავი გამოსდეს და გაუმეორეს, რომ მათთან საქმე ჰქონდათ. ერთი მამაკაცი მათ გაეცნო და უთხრა, რომ ერქვა ა-ი. მისმა თანმხლებმა მეორე პირმა, რომელიც მოგვიანებით ადგილზე დააკავა პოლიციამ, დანა ამოიღო. სალაპარაკოდ ჩიხში შესვლა მოსთხოვეს, რომელიც იქვე, დაახლოებით, 100 მეტრში მდებარეობს. მკლავზე მოჰკიდეს ხელი და ისე გადაიყვანეს გზაზე. უშუალოდ მას მკლავზე ხელი მოჰკიდა დანიანმა მამაკაცმა, ხოლო მის მეგობარ რ. ა-ს - ა. ნ-მა. აღნიშნულმა მამაკაცებმა ისინი ძალით შეიყვანეს ჩიხში. დანა ამოიღო იმ პირმა, რომელიც ადგილზე დააკავეს. იგი ხელში ათამაშებდა დანას და სთხოვდა ნებაყოფლობით გადაეცათ ფული. რ. ა-ს ფულის გადაცემა არ უნდოდა. ჩიხში იმყოფებოდნენ, როდესაც ა. ნ-მა მეორე მამაკაცს დანა გამოართვა. ამ მომენტში პოლიციაში დასარეკად ტელეფონი ამოიღო. მოულოდნელად ა. ნ-მა დაარტყა და მობილური ტელეფონი წაართვა. თან ეკითხებოდა, თუ სად რეკავდა. სწორედ ამ დროს, ა-მა დანა მიადო რ. ა-ს, რომელიც იძულებული გახდა, თანხა გადაეცა მისთვის. ა. ნ-ს ხელი მოკიდებული ჰქონდა რ. ა-ის. უშუალოდ მასთან იმყოფებოდა პირი, რომელიც დააკავეს და თავდაპირველად დანა ეჭირა. ა. ნ-მა მეორე მამაკაცს დანა იმიტომ წაართვა, რომ მისთვის მიეშვირა და ფული წაერთმია. სწორედ აღნიშნული დანის მუქარით გამოართვეს ფული. მათთან იყო მესამე პირიც. იგი არც არავის დამუქრებია და არც რაიმე მოუმოქმედებია.
4. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა რ. ა-მა განმარტა, რომ 2021 წლის 14 სექტემბერს, ღამის საათებში, მეგობარ ე. მან ერთად იმყოფებოდა თ–ი, ვ-ში მდებარე კაზინო „...-ში“; თან ჰქონდა 3000 ლარი, რომელიც წააგო. ამის შემდეგ, ე. მ-მა ასესხა 1000 ლარი, რომლითაც გააგრძელა თამაში და მოიგო 4200 ლარი. ამ თანხიდან 3200 ლარი მას ეკუთვნოდა, ხოლო 1000 - ე. მ-ს. სალაროში აიღო მთლიანი თანხა, რომელიც 50-ლარიანი კუპიურებისგან შედგებოდა. თანხა ჩაიდო ჯიბეში და დაახლოებით ხუთის ნახევარზე გავიდნენ კაზინოდან. წინ მიდიოდა ე. მ-ი, თვითონ უკან მიჰყვებოდა. ამასობაში კაზინოდან გამოვიდა სამი პირი, რომლებმაც აზერბაიჯანულ ენაზე დაუძახეს და უთხრეს, დაბლა ჩასულიყვნენ, რადგან სასაუბრო ჰქონდათ. მკლავში ხელი გაუყარეს და გვერდით გაიყვანეს. ერთმა თქვა, რომ ა-ი ერქვა. უშუალოდ მას ა-მა მოჰკიდა ხელი, მეორე ახალგაზრდამ, რომელიც ხელში დანას ათამაშებდა - ე. მ-ს და გვერდზე გავიდნენ. დანიანმა მამაკაცმა ე-ს უთხრა, რომ მათთვის ფული უნდა მიეცათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე ცუდად იქნებოდა. ჩაიყვანეს ავტოგასამართი სადგურის გვერდითა ქუჩაზე, რომელიც სუსტად იყო განათებული და სწორედ იქ მოსთხოვეს თანხა. მან დააპირა თანხის გადაცემა, მაგრამ ელმარმა უთხრა, დაეცადა. ამ დროს ა. ნ-მა ხელი დაარტყა ელმარს, რის შემდეგაც მას ფული მისცა. მესამე პირი, უბრალოდ, იდგა. არაფერი უთქვამს და არც რაიმე მოუმოქმედებია. ე-ს უნდოდა პოლიციაში დარეკვა თავისი მობილური ტელეფონით. ამ დროს ა. ნ-მა მას მობილური ტელეფონი წაართვა. თანხა უშუალოდ ა. ნ-ს გადასცა. ელმარი დაუკავშირდა პოლიციას და შეატყობინა მომხდარის შესახებ. დაახლოებით ერთ წუთში შემთხვევის ადგილზე მივიდა პოლიციის ორი თანამშრომელი, მათ დააკავეს პირი, რომელსაც დანა ეჭირა. დაზარალებულის განმარტებით, მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო ჯერ ა. ნ-ი, შემდეგ მასთან ერთად მყოფი მეორე პირი.
5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულთა ჩვენებებში რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა არ გამოვლენილა. მცირე უზუსტობები, რომელიც შესაძლოა შეინიშნებოდეს ე. მ-სა და რ. ა-ის ჩვენებებში, გავლენას ვერ ახდენს მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციის სანდობაზე და არ მიანიშნებს დაზარალებულთა მიკერძოებულობაზე. დაზარალებულები როგორც გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას, ფოტოსურათით ამოცნობისას, ასევე სასამართლოში დაკითხვის დროსაც უმთავრესად იყვნენ თანმიმდევრულები. მათ დეტალურად აღწერეს სისხლის სამართლის საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ძირითადი გარემოებები და დაწვრილებით მიუთითეს, რომელმა თავდამსხმელმა რა მოიმოქმედა მათ მიმართ. რაიმე არსებითი ხასიათის უზუსტობა მათ ჩვენებებში არ დაფიქსირებულა. მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ გამოვლენილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც დაზარალებულების მიკერძოებულობასა ან მსჯავრდებულის პიროვნებით დაინტერესებაზე მიანიშნებდა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, დაზარალებულების ვერბალური და არავერბალური ქცევა იძლეოდა მათი ჩვენებების სანდოობის საფუძველს.
6. მსჯავრდებულმა ა. ნ-მა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2021 წლის 14 სექტემბერს, სოფელ ყ-ან ჩამოვიდა თ-ი მამასთან - ე. ი-სა და მეუღლესთან - მ. მ-ან ერთად. მეორე დილას აპირებდა ბათუმში წასვლას, ავტომანქანის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოსაყვანად. თ-ი იმყოფებოდნენ ე. ი-ის ბინაში. რამდენჯერმე გავიდნენ ბინიდან, პროდუქტები იყიდეს და მალევე დაბრუნდნენ. ღამის საათებში, ე. ი-სა და ა. ყ-თან ერთად შევიდა კაზინოში. გამოსვლისას დაინახეს დაზარალებულები. ისინი გზაზე გადადიოდნენ. დაუძახა მათ და მარტო გაჰყვა სასაუბროდ. ე. ი-ი და ა. ყ-ი ადგილზე დარჩნენ. ფული ორივეს სთხოვა, გამოართვა და წამოვიდა უკან. ე-ი და ა--ი ვერ ხედავდნენ, რას ესაუბრებოდა დაზარალებულებს. დაბრუნებისას ჰკითხეს, თუ რა მოხდა, უპასუხა, რომ არაფერი მომხდარა, რის შემდეგაც წამოვიდნენ. ა-ი დაემშვიდობა მათ და წავიდა. სახლში რომ დაბრუნდა, ე-მა კვლავ ჰკითხა, თუ რა მოხდა. ამჯერადაც არაფერი უპასუხა მას. დაზარალებულების ჩვენება სინამდვილეს არ შეესაბამება. იტყუებიან, რადგან იგი მარტო იყო მათთან შეხვედრაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულების ჩვენებებში გაჟღერებული ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები გამყარებულია სხვა მტკიცებულებებითაც, კერძოდ:
8. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2021 წლის 16 სექტემბერს დაზარალებულმა ე. მ-მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N3 ფოტოზე დაფიქსირებული პირი, რომელმაც დააყაჩაღა 2021 წლის 15 სექტემბერს და რომელსაც ჰქვია ა-ი. აღნიშნული პირი მან ამოიცნო ასაკით, თმის ფერით, თვალებით, წარბების ფორმითა და ზომით, კანის ფერით, ცხვირით, ტუჩებით, მთლიანი აგებულებით.
9. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, 2021 წლის 16 სექტემბერს დაზარალებულმა რ. ა-მა მისთვის წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N1 ფოტოზე დაფიქსირებული პირი, რომელმაც დააყაჩაღა 2021 წლის 15 სექტემბერს და რომელსაც ჰქვია ა-ი. აღნიშნული პირი მან ამოიცნო ასაკით, კანის ფერით, თმითა და წვერით, მსხვილი შავი წარბებით, თვალებით, ცხვირითა და ტუჩებით, ასევე საერთო აგებულებით.
10. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ სლოტკლუბ „...-ის“ გარე პერიმეტრზე ფიქსირდება თ-ი, ჯ-ის ქუჩაზე არსებული საავტომობილო გზა. ჩანაწერის დროით 04:19:00 საათზე კადრში ჩნდებიან ა. ნ-ი, ე. ი-ი და ა. ყ-ი, რომლებიც შედიან სლოტკლუბში. კამერების დროით 04:20:30 საათზე, სლოტკლუბიდან გამოდიან ე. მ-ი და რ. ა-ი, რომლებიც გადადიან საავტომობილო გზაზე. კამერების დროით 04:24 12 საათზე კაზინოდან გამოდიან მსჯავრდებულები, ეძახიან მათ და აბრუნებენ უკან. შემდეგ სალოტკლუბიდან ასევე გამოდიან სხვა პირები, რომლებიც აჩერებენ ტაქსს და მიდიან. მსჯავრდებული და დაზარალებულები, კამერიდან ოდნავ მოშორებით, ისე რომ კადრიდან არ გასულან, ლაპარაკობენ. კამერების დროით 04:21:10 საათზე კი გადიან კადრიდან. 04:35:30 საათზე, მოდის საპატრულო პოლიცია, შემდეგ ემატებიან სხვა ეკიპაჟებიც. მომდევნო ვიდეოჩანაწერში ჩანს სალარო და იქ მყოფი მოლარე-თანამშრომელი. 04:28:36 საათზე, კადრში ჩანან დაზარალებულები - ე. მ-ი და რ. ა-ი. 04:30:04 საათზე, მოლარე რ. ა-ს აწვდის 50-ლარიან კუპიურებს. 04:30:23 საათზე გადიან კადრიდან. მომდევნო ვიდეოჩანაწერში, 04.16.03 საათზე, ჩანს, თუ როგორ მიდიან სალაროსთან დაზარალებულები - ე. მ-ი და რ. ა-ი; მათ რამდენიმე წუთი დაჰყვეს ადგილზე და 04.17.52 საათზე გადიან სალაროდან. 04.18.22 საათზე, კადრში ჩნდებიან მსჯავრდებულები ა. ნ-ი, ე. ი-ი და ა. ყ-ი, რომლებიც ტრიალებენ სლოტკლუბის დარბაზში, 04.18.56 საათზე კი გადიან კადრიდან.
11. მოწმის სახით დაკითხვისას დეტექტივმა ვ. მ-მა განმარტა, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, თანამშრომელთან - დ. ჯ-ან ერთად და ავტომანქანით გადაადგილდებოდა თ-ი, ვ-ში, ჯ-ს ქუჩაზე. დაახლოებით დილის ხუთის ნახევარზე, ხელის რადიოსადგურზე მიიღეს შეტყობინება, რომ ჯ-ის ქუჩაზე, სათამაშო კლუბ „...-თან“ მოხდა დაყაჩაღება. ვინაიდან იყო მათი სამოქმედო ტერიტორია, ერთ წუთში მივიდნენ ადგილზე. სავალ ნაწილზე დახვდათ ორი დაზარალებული. ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები იყვნენ. ჰკითხეს მათ, თუ რა ხდებოდა, რაზეც აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ გამოძახების ინიციატორები იყვნენ. ასევე, განაცხადეს, რომ მოიგეს თანხა 4000 ლარი. კლუბიდან გამოსვლის შემდეგ, იქვე ახლოს მდებარე ჩიხში დააყაჩაღეს, დანის მუქარით. თავდამსხმელების ვინაობას ვერ ასახელებდნენ, თუმცა ამბობდნენ, რომ იყვნენ აზერბაიჯანელები. დაზარალებულებმა მიუთითეს თ-ი, ჯ-ის ქუჩის კვეთაზე არსებულ 17 შინდისელი გმირის ქუჩისკენ და განმარტეს, რომ თავდამსხმელები სწორედ იქეთ წავიდნენ. მაშინვე გაემართნენ აღნიშნული ქუჩისკენ, რომელიც განათებული იყო ლამპიონებით. მათ უკან მოდიოდნენ დაზარალებულები. დაახლოებით 15 მეტრის გავლის შემდეგ დაინახეს სამი პირი. თავად პოლიციის ფორმები ეცვათ. როგორც კი მიუახლოვდნენ მათ, ორი მათგანი გაიქცა. მესამე აპირებდა კორპუსის კიბეებზე ასვლას, რა დროსაც შეაჩერეს და დააკავეს.
12. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას დეტექტივმა დ. ჯ-მა.
13. მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების გამომძიებელმა დ. შ-მ აღნიშნა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომელმა ზ. ქ-მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ყაჩაღურად დაუფლებულ თანხას ხელჩანთაში ინახავდა ა. ნ-ს მეუღლე - მ. მ-ი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, პირადად გაჩხრიკა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მოწმე გადმოყვანილ იქნა ბ-ან. პირადი ჩხრეკის შედეგად მ. მ-ის ხელჩანთიდან ამოიღო ფულადი თანხა და ორი საფულე. ერთი იყო შავი ფერის ტყავის მასალისგან დამზადებული, ხოლო მეორე - ვარდისფერი. ორივე საფულეში აღმოჩნდა ფული, რაც ასევე ამოღებულ იქნა, ჯამში 1081 ლარი, 50 ამერიკული აშშ დოლარი და ხურდა ფული. ყველა ინფორმაცია დააფიქსირა ჩხრეკის ოქმში.
14. პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2021 წლის 16 სექტემბერს, ისანი-სამგორის შს სამმართველოს გამომძიებელმა დ. შ-მ გაჩხრიკა მ. მ-ი, რა დროსაც ამოუღო ხელჩანთაში არსებული ორი საფულე. ერთი იყო შავი ფერის ტყავის მასალისგან დამზადებული, ხოლო მეორე - ვარდისფერი, მათში მოთავსებული ფულადი თანხით, ჯამში - 1081 ლარი და, 50 აშშ დოლარი. მოწმის განმარტებით, ტყავის მასალისგან დამზადებულ საფულეში არსებული თანხა ეკუთვნოდა ე. ი-ს.
15. მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შს სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების გამომძიებელმა რ. ხ-მა განმარტა, რომ მისთვის ცნობილია 2021 წლის 15 სექტემბერს, თ-ი, ჯ-ის ქუჩაზე მდებარე სლოტკლუბში მომხდარი ყაჩაღობის თაობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე იმავე დღეს, მიიღეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ დანაშაულში სავარაუდოდ მონაწილე ე. ი-ი და ა. ნ-ი მეუღლესთან - მ. მ-ან ერთად, იმყოფებოდნენ ბ-ში, საპატრულო პოლიციის შენობაში, თან უნდა ჰქონოდათ დანაშაულებრივი გზით დაუფლებული თანხა. დაუყოვნებლივ გაემართნენ ბ-ში, ჩააბარეს უწყებები ზემოაღნიშნულ პირებს და გაჩხრიკეს. ამის შემდეგ ისინი წამოიყვანეს თ–ი. არცერთ მათგანს სხეულზე ძალადობის კვალი არ ეტყობოდა და არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ყველა მოქმედებას ესწრებოდა აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი. მოწმემ გამოკითხა ისინი და შეადგინა შესაბამისი ოქმები. გარდა ამისა, სლოტკლუბიდან გამოითხოვა ინფორმაცია - ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები. კადრში ჩანს, თუ როგორ თამაშობენ დაზარალებულები, შემდეგ როგორ მიდიან სალაროსთან, ანაღდებენ ფულად თანხას და გადიან. უკან მიჰყვებიან მსჯავრდებულები. დაზარალებულები გადადიან გზაზე. მათ ეძახიან მსჯავრდებულები, აჩერებენ, საუბრობენ ერთმანეთში, ამის შემდეგ ყველანი გადიან ჩიხში. საბოლოოდ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ჩნდებიან. მსჯავრდებულები ამოიცნო ვიდეოკამერების ჩანაწერებში.
16. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგენილია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 04:20 საათიდან 04:27 საათამდე დროის პერიოდში, თ-ი, ჯ-ის ქუჩა N..-ში მდებარე სლოტკლუბ „...-ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა. ნ-ი ჯგუფურად, ა. ყ-თან ერთად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დანის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, დაეუფლა ე. მ-სა და რ. ა-ს კუთვნილ თანხას, ჯამში 4000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების შედეგად, ე. მ-ს მიადგა 1000 ლარის ქონებრივი, ასევე მორალური ზიანი, ხოლო რ. ა-ს - 3000 ლარის ქონებრივი, ასევე მორალური ზიანი.
17. ყაჩაღობის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი (დამამძიმებელი) ნიშანია ქმედების ჩადენა ჯგუფურად. ჯგუფური დანაშაულის განმარტება მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. განსახილველ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ჯგუფურად ქმედების ჩადენასთან. ა. ნ-ი და ა. ყ-ი მოქმედებდნენ შეთანხმებულად: ერთად მივიდნენ დაზარალებულებთან, მკლავზე ხელი გაუყარეს და გაიყვანეს ნაკლებად განათებული ქუჩისკენ; თავდაპირველად ა. ყ-ის, ხოლო შემდგომში - ა. ნ-ის მიერ დანისმაგვარი საგნის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დაზარალებულებს გასტაცეს ფულადი თანხა 4000 ლარის ოდენობით და მომხდარის შესახებ პოლიციაში გაცხადების შემთხვევაში დაემუქრნენ მოკვლით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, ორივე პირმა ჩაიდინა ერთი და იგივე უმართლობა; შესაბამისად, ა. ნ-ი და ა. ყ-ი წარმოადგენენ დანაშაულის თანაამსრულებლებს.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ა. ნ-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით თავდასხმის ჩადენა ჯგუფურად, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
19. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას ე. ი-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოტივაციას, რომლითაც მსჯავრდებულის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
20. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43).
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობის ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად თავდასხმაში, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან/და ასეთი ძალადობის მუქარა. გარდა ამისა, ყაჩაღობის საშიშროებიდან გამომდინარე, იგი მიეკუთვნება ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან. ყაჩაღობის ხელყოფის უშუალო ობიექტია, როგორც ქონებრივი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ჯანმრთელობა. იმისთვის, რომ თავდასხმა ჩაითვალოს ყაჩაღობად აუცილებელია თვით დანაშაულის მსხვერპლს წარმოექმნას განცდა იმისა, რომ თავდამსხმელის მხრიდან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარა განხორცილებადი, რეალური და იმავდროულია, რასაც მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ყაჩაღობის დროს აუცილებელია, რომ თავდასხმა, როგორც სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უნდა უსწრებდეს თავდამსხმელის მიერ სხვისი ნივთის მიღების ფაქტს; ამასთან, დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელი არ არის კონკრეტული შედეგის დადგომა. ყაჩაღობის სუბიექტური მხარე ხასიათდება პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდებისათვის უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
23. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება ე. მ-ისა და რ. ა-ის მიმართ ჩადენილ ყაჩაღობაში ე. ი-ის მონაწილების ფაქტი. დაზარალებულებმა, რომლებმაც სასამართლოს მისცეს ამომწურავი ჩვენებები, ნათლად და ერთმნიშვნელოვნად განმარტეს, რომ სხვა მსჯავრდებულებთან ერთად, ე. ი-ი ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ისმენდა საუბარს; თუმცა მას რაიმე აქტიური მოქმედება არ ჩაუდენია და არც თანხის წართმევაში მიუღია მონაწილეობა. ამდენად, დაზარალებულთა ჩვენებებით ყაჩაღობის ობიექტური შემადგენლობის ნიშნები არ გამოკვეთილა.
24. როგორც ზემოთ აღინიშნა, წარდგენილი ბრალდებით (ყაჩაღობა) მსჯავრდებისთვის აუცილებელია რამდენიმე კრიტერიუმის არსებობა - თავდასხმის, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის და ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის, ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარის დადასტურება. იმ პირობებში, როდესაც, დაზარალებულებმა გამორიცხეს ა. ნ-სა და ა. ყ-თან ერთად მყოფი მესამე პირის - ე. ი-ის ყაჩაღობაში მონაწილეობა, მისი მხრიდან თავდასხმის არსებობა, ისევე, როგორც სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარა, ხოლო ფაქტის უშუალო თვითმხილველი სხვა მოწმე, საქმის ირგვლივ არ დაკითხულა. რაც შეეხება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებს (მათ შორის სლოტკლუბ „..-ის“ შიდა და გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები), ირიბადაც კი ვერ ადასტურებენ დაზარალებულებზე ჩადენილ ყაჩაღურ თავდასხმაში ე. ი-ის მონაწილეობას.
25. საკასაციო საჩივარში პროკურორმა გიორგი ცეცხლაძემ აღნიშნა, რომ ე. ი-ი არანაირ უარყოფით დამოკიდებულებას არ გამოხატავდა ა. ნ-სა და ა. ყ-ის ქმედებების მიმართ, დუმილით და ფიზიკურად გვერდით ყოფნით უცხადებდა მათ მხარდაჭერას, რაც უნდა შეფასდეს ყაჩაღობად და არა უბრალოდ შემთხვევის ადგილზე ყოფნად.
26. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდებზე აგებულ მსჯელობას და ვერ მიიჩნევა წარდგენილ ბრალდებაში გამამატყუნებელი განაჩენის დადგენის ერთ-ერთ საფუძვლად. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ ე. ი-ის ქმედებაში ნამდვილად არის დანაშაულის ნიშნები, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ყაჩაღობისათვის დამახასიათებელი სავალდებულო ნიშნების არსებობა. აღნიშნული ბრალდების დასადასტურებლად საჭირო იყო დამატებით აშკარა და უტყუარ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული. მოცემული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში, უმოქმედობაში, კერძოდ, კომპეტენტური ორგანოებისათვის შეუტყობინებლობაში, რომ ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. აღნიშნულ ორგანოებს პირველ რიგში ცალსახად განეკუთვნებიან პროკურატურა, პოლიცია (სამართალდამცავი ორგანოები), რომელთა უშუალო მოვალეობაც არის შესაძლო დანაშაულის გამოძიება და დამნაშავეობასთან ბრძოლა, ხოლო გარდა ზემოაღნიშნული ორგანოებისა ასევე შესაბამის ორგანოებს მიეკუთვნებიან ხელისუფლების და მმართველობის სხვა ორგანოებიც (მაგ. სასჯელაღსრულების შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და თანამშრომლები, სახალხო დამცველის აპარატი და ა.შ.). ამასთან, კანონში მითითებული არ არის დრო (ვადა), რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს დანაშაულის შესახებ შეტყობინება. ცხადია, რომ ეს ვადა სხვადასხვაა და დამოკიდებულია საქმის კონკრეტულ გარემოებებზე, რის საფუძველზეც უნდა შეფასდეს, რომ პირს რეალურად შეეძლო შეეტყობინებინა დანაშაულის შესახებ. შეტყობინება დანაშაულის შესახებ აუცილებელია გაკეთდეს უმოკლეს ვადაში. პირი პასუხს აგებს შეუტყობინებლობისთვის, თუ მას რეალური შესაძლებლობა ჰქონდა ეცნობებინა სათანადო ორგანოსათვის დანაშაულის ჩადენის შესახებ. ასეთი შესაძლებლობის არარსებობა გამორიცხავს პასუხისმგებლობას. ამასთან, პირის ცოდნა, რომ ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ნამდვილი უნდა იყოს. აღნიშნული გულისხმობს კონკრეტულ, სარწმუნო ინფორმაციის ცოდნას დანაშაულის ხასიათსა და შინაარსზე ან იმ პირზე, ვინც ჩაიდინა დანაშაული ან/და ორივეს შესახებ ერთად. ამასთან, ცოდნის ნამდვილობა შესაძლოა ემყარებოდეს პირად დაკვირვებას, რომლის თვითმხილველიც პირი გახდა, ასევე, დამნაშავესთან საუბრიდან გაგება, რომ ჩადენილია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
28. განსახილველ დანაშაულს ფორმალური შემადგენლობა აქვს და, როგორც წესი, დენადი ფორმით ხორციელდება. იგი დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა პირისათვის ცნობილი გახდა, რომ ნამდვილად ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, მას რეალური შესაძლებლობა აქვს შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის ორგანოებს, მაგრამ ამას არ აკეთებს. დანაშაულის შეუტყობინებლობა პირდაპირ განზრახვას გულისხმობს.
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები - მოწმეების, მათ შორის თავად დაზარალებულების - ე. მ-სა და რ. ა-ის ჩვენებები ცალსახად იძლევა დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ ე. ი-ი, რომლებიც უშუალოდ გახდა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების თვითმხილველი, ფლობდა ინფორმაციას ე. მ-ისა და რ.ა-ს მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის თაობაზე. დაზარალებულების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, რომელთა გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, უტყუარადაა დადასტურებული, რომ ა. ნ-ისა და ა. ყ-ის მიერ მათზე თავდასხმის ჩადენისას ე. ი-ი იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე თვალყურს ადევნებდა აღნიშნულ პირთა ქმედებებს და მათთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. დაზარალებულების ჩვენებების გარდა, 2021 წლის 15 სექტემბერს, თ-ი, ჯ-ის ქუჩა #---ში მდებარე სლოტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყაჩაღობის ადგილზე, ა. ნ-სა და ა ყ--თან ერთად ე. ი-ის ყოფნასა და დანაშაულის ჩადენის შესახებ მის ინფორმირებულობას ადასტურებს 2021 წლის 16 სექტემბრის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები, რომელთა თანახმად, ე. მ-მა და რ. ა-მა მათთვის წარდგენილი ოთხი პირის ფოტოსურათიდან ამოიცნეს ე. ი-ი, რომელიც, მათივე განმარტებით, 2021 წლის 15 სექტემბერს თან ახლდა ყაჩაღებს, იდგა ოდნავ მოშორებით და ფულის მოთხოვნაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ყაჩაღებთან ერთად გაიქცა.
30. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ე. ი-მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე დანაშაული.
31. საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებას მსჯავრდებულების - ა. ნ-ისა და ა. ი-ის სასჯელების განსაზღვრის ნაწილში. სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - ა. ნ-სა ა. ი-ის შეფარდებული სასჯელები შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე - საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი (დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება) და მათ განუსაზღვრა ისეთი სასჯელები, რომლებიც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.
32. მსჯავრდებულ ა. ყ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულების - ე. მ-ისა და რ. ა-ს ჩვენებებით, მოწმეების - ვ. მ-ის, დ. ჯ-ის, ზ. ა-ის, დ. შ-ისა და სხვათა ჩვენებებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით, ვიდეოჩანაწერებითა და მათი დათვალიერების ოქმით, ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რასაც სადავოდ არც კასატორები ხდიან.
33. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარემ მოითხოვა მხოლოდ მსჯავრდებულ ა.ყ-ისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
34. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით, რომ მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტიანი და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის).
35. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
36. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
37. ა. ყ-ისათვის შეფარდებულ სასჯელთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, - პირველადაა სამართალში, აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულებს სრულად აუნაზღაურა მიყენებული ზიანი, მათ მსჯავრდებულის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გაწევას (რაც ასევე დასტურდება სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი დაზარალებულ ე. მ-ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით), - სამართლიანი იქნება სასამართლოს მიერ მისთვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქება 1 წლით და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, რაც საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმია. შესაბამისად, გასაჩივრებულ განაჩენში, კერძოდ, სასჯელის ნაწილში, უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
38. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ა. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო, ხოლო მსჯავრდებულ ა. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ-სა და გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ა. ყ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის ნაწილში უნდა შეიცვალოს, ხოლო მსჯავრდებულების - ა. ნ-ისა და ე. ი-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ცეცხლაძისა და მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ კ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. მსჯავრდებულ ა. ყ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების - გ. ნ-სა და გ. ტ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3.1. ე. ი-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე;
3.2. ე. ი-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 16 სექტემბრიდან;
3.3. ა. ნ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ნ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 16 სექტემბრიდან;
3.5. ა. ყ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 15 სექტემბრიდან;
4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებები:
- ე. მ-ან ამოღებული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ა. ყ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ა. ნ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- ე. ი-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- მ. მ-ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საფულე და ფულადი თანხა, დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;
- სლოტ კლუბი შპს „-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ვიდეოჩანაწერების სახით, ორ ცალ ლაზერულ დისკზე, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- ანაწმენდები დანისმაგვარი საგნიდან, ა. ყ-ის, ა. ნ-სა და ე. ი-ან აღებული ნერწყვის ნიმუშები განადგურდეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
5. განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი