საქმე # 210100122006369081
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №264აპ-24 ქ. თბილისი
ნ-ი გ 264აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
1.1. გ. ნ-ი, - დაბადებული .. წლის ... ოქტომბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 21 სექტემბრიდან.
1.2. გაუქმდა გ. ნ-ის მიმართ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - გირაო.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, რაც გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2022 წლის 19 სექტემბერს, საღამოს საათებში, ს-ოს რაიონის სოფელ კ-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, გ. ნ-მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გ. ნ-ს, კერძოდ, ხელი დაარტყა, ასევე თანნაქონი ჯოხი - სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, რასაც თან მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორმა - მსჯავრდებულ გ. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ტ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განაჩენის გაუქმება და გ.ნ-ის გამართლება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება ადვოკატ ა. ტ-ის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და გ. ნ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, ვინაიდან, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სარწმუნოდ დადგინდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.
7. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. ნ-მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, კერძოდ:
8. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას დაზარალებულმა გ. ნ-მა ერთმნიშვნელოვნად ამხილა გ. ნ-ი დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, გ. ნ-ის განმარტებით, ტყეში იყო, საძოვარზე, ძროხები ჰყავდა გაყვანილი, მოსახვევში გ. ნ-ის ძაღლები გამოქანდნენ, რა დროსაც მან გ-ს დაუძახა და უთხრა, ძაღლები გაეყვანა და თავად უცებ გაივლიდა. გ-ა გამოქანდა მისი მიმართულებით და შეაგინა: „როდემდე უნდა გითმინო, შენი დედა..“ და ხელი დაარტყა. იგი წაიქცა, შემდეგ წამოდგა და ხელთნაქონი ჯოხი მოუქნია გ. ნ-ს, რომელიც უკან გაიწია. მოხვდა თუ არა გ-ას ჯოხი, არ იცის. გ. ნ-ს ხელში ეჭირა ჯოხი, რომელიც საფეთქელში დაარტყა გ-ის, შედეგად იგი გაითიშა და წაიქცა. გ-მ მანამ ურტყა, სანამ ჯოხი ზედ არ დაამტვრია. დარტყმისას იგი მოტეხილ ხელს იფარებდა და ამან უშველა. გ. ნ-მა მაშინ დაანება მის ცემას თავი, როცა ჯოხი დაიმტვრა და დაიღალა. დაზარალებულის ჩვენებით, ცემის შედეგად ფიზიკური ტკივილი განიცადა, სახსრები, ხერხემლის გასწვრივ ზურგზე ყველგან სტკიოდა, თუ ცოცხალი ჩავიდოდა, არ ეგონა.
9. დაზარალებულის ჩვენება სრულადაა თანხვდენილი როგორც მოწმეთა ჩვენებებთან, ისე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებსა და ექსპერტიზების დასკვნებთან, კერძოდ, მოწმე უ. ქ-ის თანმიმდევრული ჩვენებით დადგენილია, რომ 2022 წლის 19 სექტემბერს, საღამოს, დაურეკა გ. ნ-მა და უთხრა რომ ე.წ „მ-ის“ ტერიტორიაზე, ტყეში იყო, გ. ნ-მა ჯოხი დაამტვრია ზედ და სცემა. მან მაშინვე პოლიციას აცნობა და სანამ მივიდოდა, სასწრაფო დახმარების მანქანა, პოლიცია მივიდა და დაზარალებული წაიყვანეს. მოწმემ საავადმყოფოში ნახა გ. ნ-ი, თუმცა გ-ნ არ უსაუბრია. გ-ის ხელი ჰქონდა მოტეხილი, ნეკნები გატეხილი და დღემდე ხელს ვერ ატოკებს. შემდგომ, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გ. ნ-მა უთხრა, რომ მას არაფერი დაუშავებია, გ. ნ-მა ჯერ შეაგინა, ხელი დაარტყა, რომ წაიქცა, შემდგომ ჯოხით სცემა. კონფლიქტი მოხდა ძაღლების გამო, ამ ფაქტის შემდეგ გ. ნ-ი დაზარალებულს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ჩივილის გამო. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად, გ. ნ-ი 2022 წლის 19 სექტემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, ს-ს სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა 2022 წლის 19 სექტემბრიდან 22 სექტემბრამდე, დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, იდაყვის სხეულის (დიაფიზური) მოტეხილობა, წინამხრის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, გულმკერდის ტრავმები. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც თან მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა (21 დღეზე მეტი ხნით); საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №... დასკვნით დადგენილია, რომ გ. ნ-ის მაისურზე არსებული დაზიანება, გაგლეჯვის სახით, წარმოქმნილია მასზე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე დგინდება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე - „ხანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Khan v. the United Kingdom), no. 35394/97, 34; „ბიკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bykov v. Russia), no. 4378/02, 95).
11. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ნ-ის მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონიერია, ხოლო შეფარდებული სასჯელი - სამართლიანი და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის რაიმე წინაპირობა.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ტ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი