საქმე # 190100123007023638
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №280აპ-24 ქ. თბილისი
ზ-ი გ, 280აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. ზ-ს, - დაბადებულს ... წლის 1... ივნისს, - ბრალად ედება ყაჩაღობა, ე.ი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2023 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათიდან 03:30 საათამდე დროის შუალედში, გ-ის რაიონის სოფელ ვ-ში, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის (სახ.№...) ტაქსის მძღოლი - გ. ზ-ი, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა მგზავრს - ფ. ჯ-ის და თანნაქონი ცივი იარაღის - დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით უთხრა, რომ მისთვის გადაეცა ფულადი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოკლავდა. მას შემდეგ, რაც ფ. ჯ-მა გ. ზ-ს გაუწია წინააღმდეგობა და არ აძლევდა თანხას, გ. ზ-მა მარცხენა ხელის ცერა თითზე დანის გამოყენებით ჭრილობა მიაყენა და ძალადობით, ფ. ჯ-ის ტანსაცმლის (ჟილეტის) მარცხენა ჯიბიდან დაეუფლა ფ. ჯ-ის კუთვნილ სამ ცალ ასდოლარიან (აშშ დოლარი) კუპიურას, რის შემდეგაც, ფ. ჯ-ი გადმოაგდო მანქანიდან და დატოვა შემთხვევის ადგილი. აღნიშნული ყაჩაღობის შედეგად ფ. ჯ-ის მიადგა 790 ლარის (300 აშშ დოლარი 2023 წლის 30 იანვრის მდგომარეობით) მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი და მორალური ზიანი.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენით:
2.1. გ. ზ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
2.2. გ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 9000 ლარი.
2.3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (დაკავებიდან - 2023 წლის 30 იანვრიდან იმავე წლის 7 ივლისის ჩათვლით პერიოდი) გ. ზ-ი მთლიანად გათავისუფლდა ჯარიმის მოხდისაგან.
2.4. გ. ზ-ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
3. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ზ-მა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
3.1. 2023 წლის 30 იანვრის დაახლოებით 03:00-03:30 საათამდე პერიოდში, გ-ის რაიონის სოფელ ვ-ი, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის (სახ.№...) ტაქსის მძღოლ გ. ზ-სა და მის მგზავრ ფ. ჯ-ს წარმოეშვათ უთანხმოება მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით, რის შემდეგ გ. ზ-ი დანის დემონსტრირებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ფ. ჯ-თს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით:
4.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. კასატორმა - რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თორნიკე ტატუნაშვილმა საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: გ. ზ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.
5.1. მსჯავრდებულ გ. ზ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. თ-ამ შესაგებლით მოითხოვა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ გ. ზ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
8. მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მსჯავრდებულმა გ. ზ-მა ნამდვილად მოახდინა დანის დემონსტრირება საკუთარ ავტომანქანაში მგზავრის - ფ. ჯ-ის წინაშე. თუმცა განსახილველ შემთხვევაში დასადგენია დანის დემონსტრირების დროს გ. ზ-ის მიზანს წარმოადგენდა თუ არა დაზარალებულის ნების დათრგუნვა, რათა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მისი კუთვნილი ფულადი თანხა.
9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაზარალებულ ფ. ჯ-ის ჩვენების ანალიზიდან გამომდინარე შეუძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ მგზავრობის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით წარმოშობილი კონფლიქტის შემდგომ, გ. ზ-ი დანის საშუალებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარის შედეგად, დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 300 აშშ დოლარს.
10. საკასაციო სასამართლო, გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ როგორც დაზარალებულმა მიუთითა, მას შემდეგ, რაც ხურდის დაბრუნების მოთხოვნაზე მძღოლმა უპასუხა, რა ხურდა გინდაო, მან წასვლა დააპირა. თუმცა თავად ფ. ჯ-მა მოსთხოვა, აეხსნა, თუ სად მიდიოდა, მაშინ, როდესაც ხურდა არ ჰქონდა დაბრუნებული, რის შემდეგაც გ. ზ-მა ამოიღო დანა და მოვლით დაემუქრა. მან ხელი დაუჭირა მძღოლს და დანით ხელი დაიზიანა. მოწმე გ. რ-იც ადასტურებს, რომ შემთხვევის ადგილზე ტაქსი, დაახლოებით 5 წუთით იყო გაჩერებული, რა დროსაც მძღოლი ეუბნებოდა მგზავრს, ჩამოდიო, თუმცა მგზავრი არ ჩამოვიდა. ხოლო უშუალოდ თანხის დაუფლების ფაქტთან დაკავშირებით, დაზარალებულმა სასამართლოს წინაშე მხარეთა მიერ დასმულ კითხვებზე, თითოეულ ჯერზე, არაერთგვაროვნად მიუთითა, რომ ხელის გაჭრის შემდგომ, მძღოლმა ხელი ჩაუყო მარცხენა ჯიბეში, 300 დოლარი ამოაცალა, წიხლი ჩაარტყა და მანქანიდან გადააგდო; სისხლის დანახვის შემდეგ, დაახლოებით 20 წამი გაშეშებული იყო, ვეღარ აზროვნებდა და მაგ მომენტში ამოაცალა მძღოლმა ჯიბიდან ფული, მერე წიხლი ჩაარტყა და ჩააგდო მანქანიდან. ერთ შემთხვევაში მიუთითა, რომ როცა წიხლი ჩაარტყა და გადააგდო, ნახა, რომ ჯიბეში ფული აღარ ჰქონდა. შემდეგ კი განმარტა, რომ ჯიბეში ხელის ჩაყოფა და ფულის ამოღება დაინახა და გათიშული არ ყოფილა.
11. ამასთანავე, დაზარალებულმა ფ. ჯ-მა არ უარყო, რომ ავტომანქანიდან გადაგდებამდე გ. ზ-მა რაღაც სახვევი მისცა დაზიანებული ხელისთვის. თუმცა, მისი ჩვენებიდან, გაურკვეველი დარჩა, როდის გადასცეს აღნიშნული სახვევი. მსჯავრდებულმა გ. ზ-მა განაცხადა, რომ ვინაიდან ფ. ჯ-ის ხელი ჰქონდა გაჭრილი და ამის გამო წუხდა, შეეცოდა; ს-ის ბენზინგასამართ სადგურზე წავიდნენ, წყალი აიღო ბოთლით, გადააბანინა თითი და თავისი ცხვირსახოცით გადაუხვია; წამოიყვანა და ისე, რომ შლაგბაუმთან აღარ შესულა, გზის პირზე გაუჩერა. ამ ნაწილში მსჯავრდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად შეესაბამება სოფელ ვ-ში გაფორმების ეკონომიკური ზონის გარე პერიმეტრის ვიდეო-სამეთვალყურეო კამარების ჩანაწერებს, საიდანაც ირკვევა, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონის შიდა პერიმეტრზე შემავალი საავტომობილო გზის მიმდებარედ გაჩერებული თეთრი ავტომანქანა 03:11:39 საათზე იძვრება, კვეთს საავტომობილო გზას და მოძრაობს შპს ,,ს-ის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმართულებით, შედის 03:11:56 საათზე და ჩერდება ბენზინგასამართ სადგურზე. იგი 03:12:34 საათზე იწყებს მოძრაობას და 03:15:48 საათზე ჩერდება კვლავ გაფორმების ეკონომიკური ზონის საპარკინგე ზოლის გვერდით.
12. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ, მსჯავრდებულ გ. ზ-ან ერთად გადაადგილების ზემომოყვანილ მარშრუტზე დაზარალებულ ფ. ჯ-თს არ უსაუბრია და სასამართლოში ჩვენების მიცემისას თავდაპირველად მხოლოდ ის განაცხადა, რომ მძღოლმა ხელი ჩაუყო მარცხენა ჯიბეში, 300 დოლარი ამოაცალა, წიხლი ჩაარტყა და მანქანიდან გადააგდო. ხოლო მოგვიანებით, დამაზუსტებელი კითხვის შედეგად მიუთითა, გ. ზ-მა ფული ამოუღო, მისცა რაღაც შესახვევი დაზიანებული ხელისთვის და ფეხის დარტყმის შედეგად გადმოაგდო ავტომანქანიდან.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ყაჩაღობით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, განხორციელდეს თავდასხმა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ამასთან, თავდასხმის ხარისხი, კერძოდ, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს უტყუარად, ისე, რომ არ აჩენდეს კითხვებს.
14. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2023 წლის 30 იანვრის დაახლოებით 03:00-03:30 საათამდე პერიოდში, გ-ის რაიონის სოფელ ვ-ში, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის გ. ზ-ის მართვის ქვეშ მყოფ ტაქსში მისი ქმედებების თაობაზე დაზარალებულ ფ. ჯ-ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ იძლევა ფაქტის ერთმნიშვნელოვნად დადასტურების შესაძლებლობას, რომ გ. ზ-მა ჩაიდინა ყაჩაღური თავდასხმა. ამასთანავე, მოხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაზარალებულ ფ. ჯ-ის ჩვენება არის ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება და გამყარებული არ არის სხვა, მისი ჩვენებისგან დამოუკიდებელი, ნეიტრალური და პირდაპირი ხასიათის ისეთი უტყუარი მტკიცებულებით, რაც მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან ერთობლივად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, შექმნიდა გ. ზ-ის მიმართ ყაჩაღობის კვალიფიკაციით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
15. საკასაციო სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ დამოუკიდებლად აღებული რომელიმე წინააღმდეგობა, შესაძლოა, არ აკნინებს დაზარალებულის ჩვენების სანდოობას, თუმცა მოცემულ საქმეში არსებული წინააღმდეგობები, ერთობლივად აღებული, სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას გაიზიაროს მისი ჩვენება, მით უფრო, მაშინ როდესაც ბრალდების მხარემ დაცვის მხარის პოზიციის საპირწონედ ვერ წარმოადგინა სხვა უტყუარი მტკიცებულება.
16. შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონის თანამშრომლებმა, მოწმის სახით დაკითხულმა გ. რ-მა და ი. გ-მა ჩვენების მიცემისას განმარტეს, რომ 2023 წლის 30 იანვარს, ღამის საათებში, მათ სამუშაო ადგილზე მივიდა ფ. ჯ-თი, რომელსაც ხელი ჰქონდა დაზიანებული, ითხოვდა დახმარებას და, პარალელურად, ახსენებდა ფულად თანხას, ასევე ტაქსის მძღოლს. აღნიშნულმა მოწმეებმა არ იციან, რა მოხდა მსჯავრდებულის კუთვნილ ავტომანქანაში, რატომ განვითარდა კონფლიქტი მგზავრსა და მძღოლს შორის და არ შესწრებიან დაზარალებულის მიმართ ჩადენილ რაიმე სახის დანაშაულებრივ ქმედებას. მათ მხოლოდ გაფორმების ეკონომიკური ზონის საგუშაგოზე მისული დაზარალებულის ფიზიკური (ხელი ჰქონდა დაზიანებული) და ფსიქოლოგიური (აღელვებული იყო) მდგომარეობის შესახებ მიაწოდეს სასამართლოს პირდაპირი ხასიათის ინფორმაცია, სხვა ნაწილში მოწმეები იძლევიან ირიბი ხასიათის ჩვენებებს, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტიდან გამომდინარე, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, სხვა პირდაპირი ხასიათის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, საფუძვლად ვერ დაედება გ. ზ-ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
18. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებები დაზარალებულ ფ. ჯ-ის ჩვენებასთან ერთობლივად ქმნიან ერთადერთი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ 2023 წლის 30 იანვრის, დაახლოებით 03:00-03:30 საათამდე პერიოდში, გ-ის რაიონის სოფელ ვ-ში, გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ, „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის (სახელმწიფო ნომრით: ...) ტაქსის მძღოლ გ. ზ-სა და მის მგზავრ ფ. ჯ-ს წარმოეშვათ უთანხმოება მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით, რის შემდეგ გ. ზ-ი დანის დემონსტრირებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანებით, დაემუქრა ფ. ჯ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია სახელმწიფო ბრალმდებლის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს გ. ზ-ის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარშიც მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ, კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ. ზ-ის საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი და ის გარემოებები, რის გამოც მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
21. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სასამართლოებს ავალდებულებს, ნათლად მიუთითონ საფუძვლები, რომლებსაც დაეყრდნენ გადაწყვეტილების მიღებისას (იხ. Taxquet v. Belgium [GC], ECtHR, no. 926/05, § 91, ECtHR 2010, და Nikolay Genov v. Bulgaria, no. 7202/09, §27, 13/07/2017). იმავდროულად, დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR, 11/11/2011); ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
23. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ თორნიკე ტატუნაშვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი