Facebook Twitter

საქმე # 240100123007259349

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №318აპ-24 ქ. თბილისი

გ-ა ლ, 318აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ქ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. ლ. გ-ა, - დაბადებული .. წლის ... ივლისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

1.2. გაუქმდა ლ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში.

1.3. ნ. გ-ა, - დაბადებული ... წლის ... ივნისს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

1.4. გაუქმდა ნ. გ-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

1.5. გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 04.05.2023 წლის განჩინებით ნ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს 3000 ლარის სანაცვლოდ, ნ. გ-ს (პ/ნ ..) თანსაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, საერთო ქონების ¼ წილზე - მდებარე მ-ის მუნიციპალიტეტი, სოფელი დიდი ჭ-ნი, საკადასტრო კოდი ..... ქონების საერთო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგენს 12000 ლარს, დადებული ყადაღა და უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. გ-მ და ნ. გ-მ ჩაიდინეს ძალადობა, ე.ი ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2023 წლის 20 იანვარს, მ-ის რაიონის სოფელ დიდი ჭ-ში მდებარე ნ. გ-ს საცხოვრებელ სახლში, ლ. გ-სა და ნ. გ-ას შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, ლ. გ-მ ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზნით, ნ. გ-ს ხელი დაარტყა ყელის არეში, ხელი მოუჭირა მარჯვენა და მარცხენა წინამხრის მიდამოში. ლ. გ-ას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ-ა გ-ას მიადგა შემდეგი სახის დაზიანებები: მარცხენა მხრის ზედაპირზე ზედა მესამედში უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 2.2x1.8 სანტიმეტრი, მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე ქვედა მესამედში ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 2.5x2.2 სანტიმეტრი, მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე შუა მესამედში ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 4.5x2.6 სანტიმეტრი. აღნიშნული დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ლ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

· 2023 წლის 20 იანვარს, მ-ის რაიონის სოფელ დიდი ჭ-ში მდებარე ნ/ გ-ას საცხოვრებელ სახლში, ლ. გ-სა და ნ. გ-ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც ნ. გ-მ ფიზიკური ტკივილის მიყენების მიზნით ლ. გ-ს ხელი დაარტყა თავის არეში, ხელი ძლიერ დააჭირა თავზე, რის შემდეგ ხელი რამდენჯერმე დაარტყა ზურგსა და თავის მიდამოში, ხელი მოუჭირა ყელის მიდამოში. ნ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ. გ-ას მიადგა შემდეგი სახის დაზიანებები: კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე შუა მესამედში უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 4.3x2.2 სანტიმეტრი, მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში ასეთივე ფორმისა და ხასიათის ორი სისხლნაჟღენთი, თითოეული ზომით 2.2x2.0 სანტიმეტრი და 1.6x1.2 სანტიმეტრი. მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 3.0x1.7 სანტიმეტრი, მარჯვენა მხრის უკანა ზედაპირზე ქვედა მესამედში ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 2.0x1.7 სანტიმეტრი. აღნიშნული დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნ. გ-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ლ. გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

3.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ლ. გ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. ქ-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ლ. გ-ას გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა ლ. გ-ას უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორების - მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მისი ადვოკატის მოთხოვნებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ლ. გ-ას საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდება განაპირობა.

7. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა, თმების მოქაჩვა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

8. დადგენილი გარემოებაა და არც მხარეები ხდიან სადავოდ, რომ 2023 წლის 20 იანვარს ლ. გ-ა და ვ. მ-ია იმყოფებოდნენ ნ. გ-ას ოჯახში, მათ შორის წარმოშობილი უთანხმობისა და გაუგებრობის გარკვევის მიზნით, მათ შორის მოხდა შეხლა-შემოხლა, ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. ნ. გ-ან ერთად სახლში იყო მისი მეუღლე - რ. გ-ა.

9. ამდენად, ცხადია, რომ ორივე მხარეს მოწმის სახით წარმოდგენილი არიან ოჯახის წევრები, უახლოესი პირები - ლ. გ-ს შემთხვევაში დედა - ვ. მ-ია და ნ. გ-ას შემთხვევაში მეუღლე - რ. გ-ა. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას და მიაჩნია, რომ მათ მიერ მიცემული ჩვენებები გარკვეულწილად ტენდენციურია და საკითხს წარმოაჩენს ისე, როგორც ეს მათთვის არის მისაღები.

10. ამასთან, იმ უტყურად და უდავოდ დადგენილ ფაქტთან ერთად, რომ ლ-სა და ნ. გ-ს შორის 2023 წლის 20 იანვარს ნამდვილად ჰქონად ადგილი კონფლიქტს, საქმეში წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №.. და №.. დასკვნები, რომლებიც შემთხვევიდან სულ რამდენიმე დღეშია გაცემული. მითითებული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ როგორც ლ. გ-ს, ასევე ნ. გ-ას სხეულზე აღენიშნებოდათ დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, სწორედ იმ ადგილებში, რაც შესაძლებელი იყო განვითარებულიყო ასეთი სახის კონფლიქტის დროს, ისინი მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

11. გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა, რომლითაც არა მხოლოდ ისაა დადგენილი, რომ ლ. და ნ. გ-ის ტანსაცმელზე აღმოჩენილ მოკრონაწილაკებსა და ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება, არამედ მითითებული დასკვნით დადგენილია, რომ ლ. გ-ს მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანება გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის მოქმედების შედეგად.

12. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ. გ-ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საგამოძებო ექსპერიმენტის ოქმები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №... და №.... დასკვნები, საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის N... დასკვნა და სხვა მტკიცებულებები) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ლ. გ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

13. ამდენად, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი საკმარისი დამაჯერებლობითა და გულმოდგინებით არის შესწავლილი და პასუხგაცემული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

15. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი