Facebook Twitter

საქმე # 330100121005258145

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №320აპ-24 ქ. თბილისი

მ-ი ა 320აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. მ-ს, - დაბადებულს ... წლის .. აპრილს, - ბრალად ედება ოჯახის ერთ წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა; ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

· 2021 წლის 7 ოქტომბერს, ე. ს-ის მოთხოვნის საფუძველზე, მისი ყოფილი მეუღლის - ა. მ-ის მიმართ გამოიცა №016730 შემაკავებელი ორდერი, რომლის 2 თანახმად, მოძალადე ა. მ-ს 30 დღით აეკრძალა მსხვერპლთან - ე. ს-ან მიახლოება, კერძოდ, ა. მ-ს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, მსხვერპლთან, მის სამსახურსა და იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება, და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, მათ შორის, ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით. 2021 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 00:40 საათზე, ე. ს-ი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მისამართზე: ქ.თ-სში, ბ. გ. ს-ის გამზირის №..-ში მდებარე ბინა №...-ში, რა დროსაც ყოფილმა მეუღლემ - ა. მ-მა მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები, შემდგომ კი, დაურეკა მობილურ ტელეფონზე ე. ს-ნს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, რითაც ა. მ-მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

· 2021 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 00:40 საათზე, ე. ს-ნი იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, მისამართზე: ქ.თ-ი, ბ. გ. ს-ს გამზირზე №..-ის ბინა №...-ში, რა დროსაც ყოფილმა მეუღლემ - ა. მ-მა მისწერა მოკლეტექსტური შეტყობინებები, შემდგომ კი, დაურეკა მობილურ ტელეფონზე ე. ს-ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ, უთხრა, რომ სცემდა და ჭრილობებს მიაყენებდა. მუქარის შედეგად, ე. ს-ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ა. მ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში.

2.2. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2021 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ა. მ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

2.3. ა. მ-ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ა. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მკაცრი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა ა. მ-ის ბრალეულობა. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ყოველგვარი ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo - ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ე. ს-ა და მოწმე ე. მ-მა ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლისა და მამის - ა. მ-ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

8. ა. მ-მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.

9. №... შემაკავებელი ორდერით დადგენილია, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 00:20 საათზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ა. მ-ი მივიდა ყოფილ მეუღლესთან სახლში, თ-ში, ბ. გ. ს-ის გამზირის №.. კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, სადაც ე. ს-ან დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მსჯელობას, რომლის თანახმად, დაუდგენელია მისი ავთენტურობა, უპირველესად, იმის გამო, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი ორდერის დედანი. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერისა და მისი ოქმის ასლი გვერდების რაოდენობითაც ამცდარია პროკურორის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ცნობის სახით წარმოდგენილ იმავე შემაკავებელ ორდერსა და მის ოქმს, რაზეც სამართლიანად უთითებს გასაჩივრებული განაჩენი.

10. სახელმწიფო ბრალმდებელი დავით ხიზანაიძე ა. მ-ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად მიიჩნევს გამომძიებელ დ. ს-ის ჩვენებასა და დაზარალებულ ე. ს-ის მონაწილეობით ჩატარებულ მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს.

11. მოწმე დ. ს-ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ე. ს-ის მოთხოვნით, გამოსცა შემაკავებელი ორდერი ა. მ-ის მიმართ, 30 დღის ვადით. ორდერის გამოცემამდე, ე. ს-ან კითხვა-პასუხის რეჟიმში, შეავსო შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც, დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მიუთითა ის ტელეფონის ნომერი ... რითიც სარგებლობდა ა. მ-ი. გამომძიებლის ჩვენებით, მითითებულ ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა ა. მ-ს და დაიბარა პოლიციის განყოფილებაში, სადაც აცნობა შემაკავებელი ორდერის გამოცემის ფაქტი, განუმარტა ორდერით გათვალისწინებული აკრძალვები და უფლებები, ასევე, გადასცა შემაკავებელი ორდერის ასლი. ა. მ-მა უარი განაცხადა თარჯიმნის მომსახურებაზე. 2021 წლის 27 ოქტომბერს გამომძიებელს დაუკავშირდა ე. ს-ნი და შეატყობინა, რომ ა. მ-მა დაარღვია შემაკავებელი ორდერი, ტელეფონით დაუკავშირდა მსხვერპლს, რა დროსაც დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით; ასევე მიწერა შეურაცხმყოფელი მოკლეტექსტური შეტყობინებები. ე. ს-მა გამოძიებას წარუდგინა ე.წ. სქრინები, რომლებიც ადასტურებდნენ ა. მ-ის მხრიდან შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტს, აღნიშნული „სქრინები“ დათვალიერდა უშუალოდ დაზარალებულის მონაწილეობით.

12. ამდენად, მოწმე დ. ს-ის ჩვენებით დასტურდება, რომ მან 2021 წლის 7 ოქტომბერს ნამდვილად გამოსცა შემაკავებელი ორდერი ა. მ-ის მიმართ, რომელიც გააცნო მას პოლიციის განყოფილებაში. ასევე, დაზარალებულ ე. ს-ის მონაწილეობით დაათვალიერა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, მუქარის შემცველი სქრინებით. ამავდროულად, დასახელებული მოწმის ჩვენება, თავისთავად, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ა. მ-მა ნამდვილად მიწერა ყოფილ მეუღლეს მუქარის შემცველი შეტყობინებები, რითაც დაარღია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ის ინფორმაცია, რაც გააჩნია გამომძიებელ დ. ს-ს, სხვა მტკიცებულებებით აუცილებელ დადასტურებას საჭიროებს.

13. რაც შეეხება 2021 წლის 27 ოქტომბერს გამომძიებელ დ. ს-ის მიერ მოწმე ე. ს-ის თანხმობითა და მონაწილეობით ჩატარებულ მისი კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონის დათვალიერებას და საქმეში წარმოდგენილ დათვალიერების ოქმს, დასახელებული ოქმი მეტ-ნაკლებად ავსებს გამომძიებლის ჩვენებას იმ მიმართებით, რომ დაზარალებულ ე. ს-ის კუთვნილ ტელეფონში ნამდვილად აღმოჩნდა აბონენტი, სახელად „ა-ი“ და მის მიერ გაგზავნილი შეურაცხმყოფელი შეტყობინება. გასათვალისწინებელია დაკავების ოქმის შინაარსი, გრაფაში - „საკონტაქტო ტელეფონები მისი და ოჯახის (ახლობლების), აგრეთვე, სამსახურის და მობილური“ მითითებულია დაკავებულ ა. მ-ის ძმა ფ. მ-ი, რომლის ტელეფონის ნორმად დაფიქსირებულია ... (ს.ფ. 84). ამასთან, გამომძიებელმა დ. ს-მა ა. მ-ის დაკავება შეატყობინა მის ძმას - ფ. მ-ს მობილური ტელეფონის ნომერზე ... (ს.ფ. 89).

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელია უტყუარად იმის დადასტურება, ნამდვილად ა. მ-ი გზავნიდა თუ არა მუქარის შემცველ შეტყობინებებს ე. ს-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონის ნომერზე, მაშინ, როდესაც იმავე ნომრით სარგებლობდა ფ. მ-ი, რაც ცალსახად დადგენილია ორი წერილობითი მტკიცებულებით.

15. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა, ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზეც, რაზეც საკასაციო საჩივარში აპელირებს პროკურორი და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, ბრალდების მხარეს საჩივარში არ მიუთითებია.

16. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

17. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციების სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, §32). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ - ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §§38-42).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

20. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი