Facebook Twitter

საქმე # 330100123006967066

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №341აპ-24 ქ. თბილისი

გ-ი გ 341აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ისა და ფ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენით:

1.1. გ. გ-ი, - დაბადებული .. წლის ... აპრილს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2023 წლის 21 იანვრიდან.

2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ-მა ჩაიდინა ოჯახის წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 21 ივნისის განაჩენით გ. გ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 9 თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დანარჩენი 9 თვე ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. 2023 წლის 19 იანვარს, ღამის საათებში, მუქარისათვის ნასამართლევი გ. გ-ი, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მამაკაცის ქალზე უპირატესობის წარმოჩენის მიზნითა და ყოფილი მეუღლისადმი მესაკუთრული დამოკიდებულებით, სატელეფონო საუბრისას მოკვლით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ნ. შ-ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში და მიადგა მორალური სახის ზიანი.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 16 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა გ. გ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. ი-მა და ფ. ს-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენის გაუქმება და გ. გ-ის გამართლება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. გ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდების შესახებ.

7. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს გ. გ-ს მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

8. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას გ. გ-ის უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.

9. დაზარალებულ ნ. შ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2023 წლის 19 იანვარს, საღამოს, უფროსმა შვილმა - ც. გ-მა დაურეკა და უთხრა, რომ ურეკავდა გ. გ-ი, აგინებდა და ეუბნებოდა, სასწრაფოდ მისულიყო მასთან ე-ს ბაზრობაზე. შვილს უთხრა, რომ არ წასულიყო მასთან, ტელეფონზეც არ ეპასუხა, მისულიყო სახლში და გ. გ-ს თავად დაურეკავდა. მართლაც, დაურეკა და ჰკითხა, თუ რა უნდოდა და რას ითხოვდა ბავშვისგან, არ იცოდა, რომ გ-ა ნასვამი იყო. ტელეფონში ესმოდა ხმაური, ეტყობოდა, რომ სუფრასთან იყო, მაგრამ გაიგონა, რომ გ-მ შეაგინა. შემდეგ, როგორც ჩანდა, გარეთ გავიდა, ვინაიდან იყო სიწყნარე და უთხრა, ბავშვი გაეშვა მასთან ე-ას ბაზრობაზე. ვინაიდან ღამე იყო, ბავშვის გაშვებაზე უარი განუცხადა. აღნიშნულზე გ-მ ისევ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის გამოც უთხრა, რომ პოლიციაში დარეკავდა, რაზეც გ. გ-მა განუცხადა - სანამ ისინი მოცუნცულდებიან, მოვალ, ბოლოს მოგიღებ და კაცურად შევალ ციხეშიო. ამ სიტყვების თქმის დროს, იქვე იმყოფებოდნენ მისი შვილი - ც. და დედა - ლ. შ-ი, რომლებსაც ესმოდათ მათი საუბარი. ამის გამო დედა ცუდად გახდა და მედიკამენტების მიღება დასჭირდა. იმ დროს სახლში, სხვა ოთახში იმყოფებოდა მისი დაც, რომელსაც არ ესმოდა მათი საუბარი. მუქარის განხორციელებისთანავე ტელეფონი გათიშა და შეშინებულმა დაურეკა 2021 წელს გ. გ-ის მიერ ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის მუქარის საქმის გამომძიებელს, რომელსაც სთხოვა დახმარება, მან კი უთხრა, რომ იქ აღარ მუშაობდა და დაერეკა 112-ში. მართლაც, დარეკა 112-ზე, ზუსტად იცოდა რომ გ. გ-ი მუქარის შემდეგ, მიუვარდებოდა სახლში, კარგად იცნობდა, იცოდა მისი ხასიათი და ძალიან ეშინოდა. მეორე დღეს, 2023 წლის 20 იანვარს გ. გ-მა ც. გ-ლს მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომლებსაც გადაუღო სურათი და წარადგინა პოლიციაში.

10. მოწმე ლ. შ-ის ჩვენებით, თავის მხრივ, დასტურდება, რომ 2023 წლის 19 იანვარს, საღამოს, შვილიშვილი - ც. გ-ი სახლში გვიან მივიდა, იყო აღელვებული და დედას - ნ. შ-ლს ესაუბრებოდა. როდესაც ხმამაღალი საუბარი გაიგონა, შევიდა მათ ოთახში. ნ-ს ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჰქონდა ჩართული და კარგად ესმოდა სიტყვები, იცნო გ. გ-ის ხმა, რომელიც იყო მთვრალი და იგინებოდა. როდესაც ნ-მ ჰკითხა ც-ს განერვიულების მიზეზი, გ-მ უპასუხა, რომ მას და მის შვილებს არ აპატიებდა მის უპატივცემულობას, რომ ნ-ს არ აცოცხლებდა. ნ-ს ნათქვამზე, რომ დარეკავდა პოლიციაში, უპასუხა - სანამ ისინი მოვლენ/მოცუნცულდებიან მე მოვალ, ბოლოს მოგიღებ და კაცურად შევალ ციხეშიო. გ-ას ნათქვამზე ძალიან განერვიულდა, იცოდა, ის რისი გამკეთებელიც იყო, ახსოვდა გ. გ-ი მთვრალი როგორ უვარდებოდათ სახლში, უმტვრევდათ კარს და აგინებდათ. ნერვიულობისგან გახდა ცუდად და შვილებმა დაალევინეს წამლები.

11. ამდენად, დაზარალებულისა და მისი დედის ჩვენებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ გ. გ-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. შ-ს, რომელმაც განიცადა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში, რის გამოც მან დარეკა ჯერ გამომძიებელთან, ხოლო შემდეგ 112-ის სამსახურში.

12. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მიერ დაზარალებულ ნ. შ-ის ჩვენების დისკრედიტაციას იმ საფუძვლით, რომ დაცვის მხარის მოწმეები არ ადასტურებენ 2023 წლის 19 იანვარს გ. გ-ის სუფრიდან გასვლის ფაქტს. სასამართლო მიუთითებს შემდეგს: იმის პარალელურად, რომ მოწმეები: გ. გ-ი, პ. გ-ი, კ. ჩ-ძე არ ადასტურებენ გ. გ-ის მხრიდან მეუღლესთან საუბრისას ხმამაღალი ან მუქარის შემცველი საუბრის ფაქტს, არცერთი მათგანი არ უარყოფს, რომ იგი გადიოდა სუფრიდან და ვერ ასახელებენ, თუ რამდენჯერ დატოვა მან სუფრა. შესაბამისად, დაზარალებულ ნ. შ-ის მხილება სიცრუეში აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არ ეფუძნება ფაქტობრივ გარემოებებს და მოწმეთა ჩვენებებს.

13. მოწმე მ. ს-ის ჩვენებით, არის შსს ისანი-სამგორის მე-8 სამმართველოს დეტექტივი. 2023 წლის 19 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს თანამშრომელ გ. ფ-ან ერთად, სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ნ. შ-ი, ნ-ს დედა და შვილი. დაზარალებულმა განუცხადათ, რომ დაურეკა ყოფილმა მეუღლემ გ. გ-მა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, იყო შეშინებული და აღელვებული. მუქარის ფაქტი ნ. შ-ის დედამაც დაადასტურა. მოწმე მ. ზ-ის ჩვენების მიხედვით მოწმის სახით გამოკითხა ნ. შ-ი, რომელიც იყო აღელვებული, განერვიულებული და ეტყობოდა, რომ რეალურად აღიქვამდა აღნიშნულ მუქარას. მოწმე მ. ს-მა პირველმა ნახა დაზარალებული და გადმოსცა მისი ემოციური მდგომარეობა.

14. დაზარალებულის ნაამბობთან სრულადაა თანხვდენილი საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის შეტყობინება, რომლის მიხედვით, 2023 წლის 19 იანვარს 22:07 საათზე ნ. შ-ი დაუკავშირდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს და განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლე, რომელიც იყო ნასვამი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, ასევე დაურეკა შვილს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

15. საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განაჩენის მსგავსად ყურადღებას მიაქცევს მსჯავრდებულ გ. გ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის დამახასიათებელ ობიექტურ ნიშანს - დაზარალებულში შიშის განცდის ფაქტს, რაც მოცემულ შემთხვევაში, სუბიექტური ტესტით უტყუარადაა დადასტურებული, რადგან დაზარალებულმა ნ. შ-მა ჩვენების მიცემისას დაადასტურა აღნიშნული ფაქტი. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ობიექტურადაც უტყუარად დასტურდება, რომ ნ. შ-ს ნამდვილად შეეშინდა გ. გ-ის მხრიდან ჩადენილი მუქარის. აღნიშნულზე ისაუბრა მოწმე ლ. შ-მა, ამაზე მიუთითებს შეტყობინებაც, რომელიც უშუალოდ განახორციელა დაზარალებულმა. ამ მიმართებით მნიშვნელოვანია სსიპ „112-დან“ გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი: - ოპერატორი: 112 გისმენთ რა მისამართზე გესაჭიროებათ დახმარება. ზარის ინიციატორი: გამარჯობათ საპატრულოს გამოძახება მინდა. ოპერატორი: თქვენი სახელი ბრძანეთ. ინიციატორი: ნ. შ-ი. ოპერატორი: მომიყევით რა ხდება მისამართზე? ინიციატორი: ანუ ყოფილი მეუღლე მემუქრება სიკვდილით. ოპერატორი: რისი საშულებით გემუქრებათ? ან მანდ თუ არის? ინიციატორი: არა ამჟამად არ არის, მთვრალმა დამირეკა და დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ოპერატორი: ანუ სიცოცხლის მოსპობით დაგემუქრათ? ინიციატორი: კი, კი, კი, კი. დავიღალე, უკვე რაღა გავაკეთო, არ ვიცი. ოპერატორი: გასაგებია ქალბატონო. ინიციატორი: ძალიან მეშინია, რაიმე არ დამიშავოს, მთვრალი რომ არის, საერთოდ დაუმორჩილებადია, ნასვამობაც არ უნდა მაგას, ისედაც აფრენს. ოპერატორი: დაგირეკათ, თუ როგორ მოხდა თქვენთან დაკავშირება? ინიციატორი: ანუ დაურეკა ჩვენს ბავშვს ჩვენს შვილს დაუწყო გინება, მერე მე ავიღე ყურმილი, რა გინდა მეთქი, მერე ვეღარ გავიგე, რა უნდოდა ხან ეჭვიანობს.... დამემუქრა. ოპერატორი: შვილი სრულწლოვანია თუ არასრულწლოვანი? ინიციატორი: არასრულწლოვანი. ოპერატორი: გადაცემულია ქალბატონო დაელოდეთ“. აღნიშნული აუდიოჩანაწერი მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა სასამართლოს სხდომაზე.

16. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება - დაზარალებულისა და მისი დედის პირდაპირი ჩვენება და წერილობითი მტკიცებულებები თანმიმდევრულად და არსებითი წინააღმდეგობის გარეშე აღწერს დანაშაულებრივ სურათს, რომლის საწინააღმდეგო არგუმენტაცია დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა, დასტურდება გ. გ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

17. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების - მ. ი-სა და ფ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 5 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი