Facebook Twitter

საქმე # 330100121005286494

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №352აპ-24 ქ. თბილისი

ბ-ი ზ, 352აპ-24 9 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ბ-ს, - დაბადებულს ... წლის ... ოქტომბერს, - ბრალად ედება სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არაერთგზის, ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის განაჩენით ზ. ბ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. 2021 წლის 25 ოქტომბერს, დილის საათებში, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ. თ-ში, ვ-ას გამზირის, მე-.. კვარტალში, №...-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზემოაღნიშნული განაჩენით ნასამართლევმა ზ. ბ-მა ყოფილი მეუღლის - ვ. თ-ს მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:

2.1. ზ. ბ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ზ. ბ-ს განემარტა, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენით:

3.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორმა - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენის გაუქმება, ზ. ბ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.

6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი - საფუძვლიანი შიშის გაჩენა - მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. შიშის ფაქტორის შეფასებისას აუცილებელია, გათვალისწინებული იყოს არა მხოლოდ სუბიექტური, არამედ - სხვა ობიექტური კრიტერიუმებიც. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს.

7. დაზარალებულ ვ. თ-ს ჩვენებითა და ვიდეოჩანაწერებით დასტურდება, რომ 2021 წლის 25 ოქტომბერს, დილის საათებში, ქ. თ-ში, ვ-ას გამზირის მე-.. კვარტლის №.. კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ. თ-ძე და ზ. ბ-ი შეხვდნენ ერთმანეთს, რასაც გამართლებულიც ადასტურებს, თუმცა არ დასტურდება მათ შორის რაიმე სახის კომუნიკაციისა და მით უფრო, ზ. ბ-ის მხრიდან მუქარის ჩადენის ფაქტი. დაზარალებულის ნათქვამი, თითქოს „ავტომანქანიდან გადმოვიდა ზ. ბ-ი, რამდენიმე ნაბიჯით მიუახლოვდა მას, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით“ არ შეესაბამება ვიდეოჩანაწერში არსებულ ინფორმაციას, სადაც არც ზ. ბ-ის ავტომანქანიდან გადმოსვლის და არც მისი დაზარალებულთან მიახლოების ფაქტია ასახული; პირიქით, ვიდეოჩანაწერებით დადასტურებულია გამართლებულის ნათქვამის ნამდვილობა, რომ „ვ. თ-ძე მოდიოდა მისი მანქანის მიმართულებით, ჩაუარა მარჯვენა მხარეს, გასცდა ავტომანქანას დაახლოებით 4-5 მეტრით და დაიწყო მობილური ტელეფონით გადაღება“. ანალოგიური ვითარებაა ასახული როგორც ვ-ას გამზირი №..-ში მდებარე „ბიზნეს ცენტრი ვ-ზე“ ადმინისტრაციული შენობიდან გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერში, ისე ზ. ბ-ის მობილური ტელეფონის გახსნისა და დათვალიერების ამსახველ ვიდეოჩანაწერში. აღნიშნულ ჩანაწერებში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება დაზარალებულ ვ. თ-ს მიერ სასამართლოსათვის მოწოდებულ ინფორმაციას, რის გამოც არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევის სამართლებრივი საფუძველი.

8. რაც შეეხება მოწმე ნ. ტ-ის ჩვენებას, მართალია, მან თავად ნახა შეშინებული და აღელვებული დაზარალებული, თუმცა უშუალოდ მუქარასთან მიმართებით მისი ჩვენება დაფუძნებულია დაზარალებულისაგან მიღებულ ინფორმაციაზე და წარმოადგენს ირიბ ჩვენებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

9. შესაბამისად, რამდენადაც, ერთის მხრივ, დაზარალებული ვ. თ-ე ამბობს, რომ ზ. ბ-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას, ხოლო მეორე მხრივ, გამართლებული უარყოფს და კატეგორიულად გამორიცხავს მისი მხრიდან მუქარას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დამატებით ისეთი მტკიცებულების არსებობას, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ზ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების საფუძვლიანობაში; ასეთი მტკიცებულება, მოცემულ შემთხვევაში, არის ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც აღბეჭდილი ინფორმაცია შეესაბამება ზ. ბ-ის მიერ აღწერილ გარემოებებს და ეწინააღმდეგება დაზარალებულის მიერ აღწერილ მოვლენათა განვითარებას, რის გამოც საკასაციო სასამართლოს არ აქვს დაზარალებულის ჩვენების გაზიარების სამართლებრივი საფუძველი.

10. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ზ. ბ-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის - „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ვ. ა-ძე გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მომჩივნების მიერ წარმოდგენილ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, §31, ECtHR,11/11/2011). იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 9 თებერვლის განაჩენზე;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი