საქმე # 330100122006452961
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №277აპ-24 ქ. თბილისი
ა-ი ა 277აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის განაჩენით:
1.1. ა. ა-ი, - დაბადებული .. წლის ... აგვისტოს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განაჩენითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭოს 2021 წლის 3 აგვისტოს №02/21-1052 გადაწყვეტილებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 28 სექტემბრიდან.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა. ა-მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის; მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
· 2022 წლის 31 მარტს, თ-ში, ე-ს ქუჩის №..-ში მდებარე სამშენებლო ბაზიდან, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევმა ა. ა-მა მოტყუებით, ვითომდა კორპუსის აშენების მიზნით, 15 დღით ბ. ს-ან იქირავა 8225 ლარად ღირებული 235 ცალი სამშენებლო დგარი, ხოლო ა. მ-ან - 13020 ლარად ღირებული, 372 ცალი სამშენებლო დგარი. აღნიშნული სამშენებლო დგარების ნაწილი, კერძოდ, 200 ცალი, ა. ა-მა გაასხვისა ს. ც-ზე, 155 ცალი კი - მ. რ-ზე 4800 ლარად. ა. ა-ის ქმედებით ბ. ს-ს მიადგა 8225 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი, ა. მ-ს - 13020 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
· 2022 წლის 31 მარტს, თ-ში, გმირი კ-ის ქუჩის №..-ში მდებარე სამშენებლო ობიექტიდან, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის ორჯერ ნასამართლევმა ა. ა-მა მ. რ-ს 4800 ლარად მიჰყიდა 305 ცალი სამშენებლო დგარი. აღნიშნული რაოდენობიდან 2022 წლის 1 მაისს, ა. ა-მა 130 ცალი სამშენებლო დგარი მ. რ-ს უკან გამოართვა, ვითომდა მისატანი დგარები ერთმანეთში აერია, რაც აღარ დაუბრუნა და გაასხვისა. აღნიშნული ქმედებით ა. ა-ი მოტყუებით დაეუფლა მ. რ-ის კუთვნილ 1950 ლარად ღირებულ, 130 ცალ სამშენებლო დგარს. ა. ა-ის ქმედებით მ. რ-ს მიადგა 1950 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენით:
3.1. დაცვის მხარის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორებმა - მსჯავრდებულმა ა. ა-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ფ-მა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების გადაკვალიფიცირება სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე. ამასთან, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში მინიმალური სასჯელის შეფარდება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილში ამომწურავად არის ჩამოთვლილი, კერძოდ, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
5.1. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მხარის საჩივარს, წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებთან ერთად, სწორედ აღნიშნულ საფუძველთა ფარგლებში განიხილავს და აფასებს, რამდენად დასაბუთებულია იგი.
6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულებისა და მოწმეების - ბ. ს-ის, ა. მ-ის, გ. შ-ის, ს. ც-ის და მ. რ-ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმითა და ამოღებულ ნივთმტკიცებებით, ამოცნობის ოქმებით, განაჩენებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია მსჯავრდებულ ა. ა-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.
7. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ა. ა-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კვალიფიკაციის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არამართებულია და არ უნდა იქნეს გაზიარებული დაცვის მხარის არგუმენტაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. მ-სა და ბ. ს-ის ეპიზოდში დიდი ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი.
8. დანაშაულებრივ ქმედებაში თაღლითობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაც მოახერხა პირმა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულების - მ. რ-სა და ბ. ს-ის მიყენებული ზიანი აღემატება 150 ლარს; რაც შეეხება ამავე მუხლის მაკვალიფიცირებელ გარემოებას - თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით.
9. საკასაციო სასამართლო, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის მსგავსად, ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარემ თავად უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ მოისურვა მათი გამოკვლევა სასამართლო სხდომაზე. მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მოწმეების - ბ. ს-ისა და ა. მ-ის გამოკითხვის ოქმებით დგინდება მსჯავრდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა (მოწმეებმა დეტალურად მიუთითეს თითოეული დგარის ღირებულება), რომელიც აღემატება 10000 ლარს. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ამ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ამ ოქმებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები (მათ შორის დგარების ღირებულების მითითების ნაწილში) არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ და დაეთანხმნენ გამოკითხვის ოქმებში ასახულ ინფორმაციას. ამასთან, ა. მ-ის კუთვნილი დგარების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით (მათი ექსპლუატაციაში ყოფნისა და ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით) არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა. შესაბამისად, დაცვის მხარის პრეტენზიას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს და უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდების ამ ეპიზოდში, ა. ა-ის დანაშაულებრივმა ქმედებამ დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი გამოიწვია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ა. ა-ის მიმართ შერაცხული მაკვალიფიცირებელი გარემოებები, თაღლითობის ორივე ეპიზოდში, უტყუარად დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ხოლო დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება ან წონადი არგუმენტი, რაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ეჭვქვეშ დააყენებდა.
10. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ა. ა-ის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
11. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.
12. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, რის შედეგადაც განუსაზღვრა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი.
13. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ა. ა-ის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა (მან ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულები, რაც ხასიათდება საზოგადოებრივი საშიშროებით), დამნაშავის წარსული ცხოვრება (დანაშაულების ჩადენის დროს ა. ა-ი ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და მან პირობით ვადამდე გათავისუფლების პერიოდში ჩაიდინა ანალოგიური ხასიათის ახალი განზრახი დანაშაულები), პირადი და ეკონომიკური პირობები, ის გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, უდავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. რ-ს თითოეული ეპიზოდისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას და სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა. ა-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იზიარებს ა. ა-ის მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, ECtHR, 14/04/2009). საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით არ ახდენს საქმის სრული მოცულობით გადასინჯვას საქმეში არსებული ყველა ფაქტების და მტკიცებულებების შეფასებას რომელსაც ემყარებოდა განაჩენი, უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვის ფარგლები შეზღუდულია სამართლის კონკრეტული საკითხებით. რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს დასაბუთებას, ევროპული სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვეობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვეობის სამართლებრივი საფუძვლები, ძალიან მწირი დასაბუთებაც საკმარისია კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის (Kuparadze v. Georgia, no.30743/09, par. 76, ECtHR, 21/09/2017; Tchaghiashvili, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Marini v. Albania, no. 3738/02, § 106, 18 /12/2007; Jaczkó v. Hungary, no. 40109/03, par.29, 18/07/2006).
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
17. საკასაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ა-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. თევზაძე
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი