საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №73აპ-24 5 ივნისი, 2024 წელი
ნ-ი ა., №73აპ-24 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატის, ზ. თ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:
1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ნოემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატის, ზ. თ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 აგვისტოს განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ა. ნ-ის (პირადი №-) მსჯავრდებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.
1.2. მსჯავრდებულ ა. ნ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ზ. თ-ამ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ა. ნ-ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. კერძოდ, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გაუქმება.
2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:
2.1. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მსჯავრდებულ ა. ნ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი იყო სამართლიანი, ადეკვატური, სასჯელის მიზნებთან შესაბამისი და იმ არგუმენტით, რომ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქცია ძირითად სასჯელთან ერთად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, უარი უთხრა დაცვის მხარეს სასჯელის შემსუბუქებაზე.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. კასატორის განმარტებით, ა. ნ-ის მიმართ გამოყენებული დამატებითი სასჯელი – სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით შეუსაბამოა მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან; განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს რიგი შემამსუბუქებელი გარემოებები: გამოძიებასთან თანამშრომლობა, დაზარალებულისთვის დახმარების აღმოჩენა, ზიანის ანაზღაურება და მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევა. აღნიშნული მოცემულობისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული არის მძღოლი და მისი შემოსავლის წყაროც ამ პროფესიას უკავშირდება, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს ა. ნ-ისთვის არ უნდა შეეზღუდათ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.2. უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე – დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.
4.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ნ-ისთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით ნაგულისხმევი ზოგადსავალდებულო გარემოებები: ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი – სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ – დანაშაულის აღიარება, დაზარალებულთან შერიგება და საქმეში არსებული მტკიცებულებების უდავოდ ცნობა.
4.4. აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ-ისთვის დანიშნული ძირითადი სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და მისი პიროვნების შესაბამისია. რაც შეეხება დამატებითი სასჯელის, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევის გაუქმებას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილის სანქცია, ძირითად სასჯელთან ერთად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით. განსახილველ შემთხვევაში კი, დამატებითი სასჯელის ვადა მინიმალურ სანქციასთან მიახლოებულია და ცვლილებას არ საჭიროებს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. ნ-ისთვის დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები ერთობლივად შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ და ეფექტიან საფუძველს, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, ასევე – აღნიშნული ქმედებით გამოწვეული შედეგი.
4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ნ-ის ადვოკატ ზ. თ-ას საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე შ. თადუმაძე
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
ნ. სანდოძე