Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


საქმე №180აპ-24 6 ივნისი, 2024 წელი
ა-ი ა., №180აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. ა-ის ადვოკატის, დ. თ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პროცედურა:

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, დ. თ-ის, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრის განაჩენი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ) 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ა. ა-ის (პირადი №-) მსჯავრდებისა და მისთვის დანიშნული სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

1.2. მსჯავრდებულ ა. ა-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, დ. თ-მა, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ა. ა-ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სრულად პირობითად ჩათვლა ან, ალტერნატიულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, – სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.

2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. სააპელაციო სასამართლომ ა. ა-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების (უპირატესად შემაკავებელი ორდერის მოქმედების პირობებში დანაშაულის სიმრავლის ჩადენის) გათვალისწინებით, კანონმდებლის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივებიდან საბოლოო სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ზომად – 1 წელი და 6 თვე მიიჩნია სასჯელის მიზნების მიღწევის ეფექტიან საშუალებად.

3. კასატორის არგუმენტები:

3.1. კასატორის განმარტებით, ა. ა-ის მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა შეუსაბამოა მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებასთან, რადგან მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და უდავოდ მიიჩნია საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი. ამასთან, მისთვის არ წაუსწრიათ დანაშაულის ჩადენის დროს, რაც იძლევა დანიშნული სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლის შესაძლებლობას.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აგრეთვე – დანაშაულის როგორც სპეციალური, ისე ზოგადი პრევენცია, რაც, ერთი მხრივ, გულისხმობს დამნაშავისთვის ახალი დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობის მოსპობას, რადგან საკუთარ თავზე დანაშაულის სამართლებრივი შედეგების განცდა, გამაფრთხილებელ ზეგავლენას მოახდენს მის სამომავლო ქცევაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტული ქმედებისთვის პირის დასჯის დემონსტრირებას ექნება შემაკავებელი ეფექტი, დანაშაულის ჩადენის ყველა პოტენციური მსურველის მიმართ.

4.3. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და ითვალისწინებს იმ მოცემულობას, რომ შემაკავებელი ორდერი, ა. ა-ის მიერ შვილის, მ. ა-ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის არაერთხელ იქნა გამოცემული, რამაც ვერ უზრუნველყო მსჯავრდებულის სათანადო ქცევა. შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში მუქარის და ფიზიკური ძალადობის ჩადენა ცალსახად მიუთითებს ა. ა-ის არაკანონმორჩილ ხასიათზე და მისგან მომდინარე საფრთხის რეალურობას მეტად თვალსაჩინოს ხდის. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მით უფრო, როდესაც სახეზეა დანაშაულის სიმრავლე – ჯანმრთელობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების და სასამართლო აქტების აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები. ამგვარ მოცემულობაში, საკასაციო სასამართლოს, მიუხედავად პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არსებობისა (დანაშაულის აღიარება და მტკიცებულებათა ნაწილის პრეიუდიციად მიჩნევა), მიზანშეწონილად არ მიაჩნია ა. ა-ის მიმართ არც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილით და არც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციების სასამართლოებს ა. ა-ისთვის სასჯელის დანიშვნისას შეფასების მიღმა არ დაუტოვებიათ ხსენებული შემამსუბუქებელი გარემოებები, რამაც ჰპოვა კიდეც ასახვა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთათვის განსაზღვრულ სასჯელის ზომაზე.

4.4. შესაბამისად, ა. ა-ისთვის დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული საბოლოო სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით არც უსამართლოა და არც პრევენციის ან რესოციალიზაციის მიზნებთან შეუსაბამო. მოცემულ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული არასაპატიმრო ალტერნატივებით შეუძლებელი იქნება ა. ა-ისგან პოტენციურად მომდინარე საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა.

4.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. ა-ის ადვოკატ დ. თ-ის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე შ. თადუმაძე



მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი



ნ. სანდოძე