3კ-1000-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სავალდებულო წილის მიკუთვნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. ბ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა გარდაცვლილი პაპის, ნ. ბ.-ის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის _ ქონების 1/6-ის მიკუთვნება და მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა პაპის, ნ. ბ.-ის, სახელზე. 2001წ. 6 მაისს გარდაეცვალა პაპა. ნ. ბ.-ს ჰყავდა სამი შვილი: ქალიშვილები _ ც., ს. და ვაჟი მამა _ მ. ბ.-ე, რომელიც გარდაიცვალა 1979 წელს. პაპის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება განაგრძო პაპის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში. მან სამკვიდრო მოწმობის მისაღებად მიმართა ნოტარიუსს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ბაბუას, ნ. ბ.-ს, დაწერილი ჰქონდა ანდერძი, რომლის თანახმად თავის ქონებას უტოვებდა მოსარჩელის მამიდებს _ ს. ჩ.-სა და ც. დ.-ს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ანდერძი, მას ეკუთვნის სავალდებული წილი, რომელსაც მიიღებდა, მამა ცოცხალი რომ ყოფილიყო.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელე ე. ბ.-მ მიიღო სავალდებული წილი ჯერ კიდევ 1980წ. 16 იანვარს, როდესაც მისმა დედამ ბინის წილის სანაცვლოდ ნ. ბ.-ისაგან მიიღო 25000 მანეთი, რა თანხითაც გლდანის რაიონში შეიძინა საცხოვრებელი ბინა.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილებით ე. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა _ მას უარი ეთქვა სავალდებულო წილის მიკუთვნებაზე. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით. დადგენილად მიიჩნია, რომ მამკვიდრებლის ნ. ბ.-ის გარდაცვალების შემდეგ პირველი რიგის მემკვიდრეებად დარჩნენ ქალიშვილები: ს. ჩ.-ი და ც. ბ.-ე, ხოლო მესამე შვილი _ მოსარჩელის მამა _ ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო. სკ-ს 1371-ე მუხლის თანახმად კი მოსარჩელე ე. ბ.-ე არ სარგებლობს სავალდებულო წილის მიღების უფლებით. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ 1980 წელს მოსარჩელის დედას გადაეცა 25000 მანეთი, რაც სკ-ს 1375-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაითვალოს სავალდებულო წილში. შესაბამისად, ე. ბ.-მ დაკარგა სავალდებულო წილის მიღების უფლება.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ბ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 8 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის ნ. ბ.-ზე რიცხული წილის 1/6-ზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის ცოცხალი აღარ იყო მოსარჩელის მამა მ. ბ.-ე, სკ-ს 1336-ე მუხლის თანახმად მამის სამკვიდრო წილი უნდა მიეღო მის შვილს _ ე. ბ.-ს. სკ-ს 1371-1372-ე მუხლების თანახმად, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ე. ბ.-ს მიეკუთვნა ბაბუის სამკვიდრო ქონებიდან 1/6 _ იმ წილის ნახევარი, რაც ერგებოდა მ. ბ.-ს კანონით მემკვიდრეობის დროს. რაც შეეხება 1980 წელს მოსარჩელის მეურვისათვის გადაცემულ 25000 მანეთს, სასამართლომ არ ჩათვალა აღნიშნული თანხა სავალდებული წილში, რადგან წინასწარი დათქმა, რომ ეს თანხა ჩაითვლებოდა სავალდებული წილში თანხის გადაცემის დროს, არ ყოფილა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ს. ჩ.-მ და ც. ბ.-ემ, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელე ე. ბ.-ე წარმოადგენს მამკვიდრებლის შვილიშვილს და არ შედის სკ-ს 1371-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა ჩამონათვალში, შესაბამისად, მისი მოთხოვნა სავალდებულო წილის მიღების თაობაზე, უსაფუძვლოა. სასამართლოს აღნიშნული დავის გადაწყვეტის დროს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ს 1372-ე მუხლი. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ე. ბ.-მ ბაბუის სიცოცხლეშივე მიიღო სავალდებულო წილი. მის დედას მ. კ.-ს გადაეცა 25000 მანეთი, რაც კასატორების მოსაზრებით, უნდა ჩაითვალოს სავალდებულო წილში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ბ.-ს ჰყავდა სამი შვილი: მ., ს. და ც. ბ.-ები. მ. ბ.-ე გარდაიცვლა 1979 წელს, რომელსაც დარჩა ქალიშვილი ე. ბ.-ე. ნ. ბ.-ე გარდაიცვალა 2001წ. 6 მაისს. გარდაცვალებამდე, 1979 წელს, მან მთელი თავისი ქონება, მათ შორის, ... მდებარე ერთსართულიანი სახლი დაუტოვა ქალიშვილებს. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ე. ბ.-ის სარჩელი.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას, რომ ე. ბ.-ს არ შეუძლია მოითხოვოს სავალდებული წილი, რომ ასეთის მოთხოვნის უფლება მამკვიდრებლის შვილებს აქვთ და არა _ შვილიშვილებს, რადგან სკ-ს 1371-ე მუხლის თანახმად მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, მ. ბ.-ს, ცოცხალი რომ ყოფილიყო მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ანდერძი, მაინც მიეკუთვნებოდა სავალდებულო წილი, რაც სამკვიდრო ქონების 1/6-ს შეადგენს. სკ-ს 1136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შვილიშვილი წარმოადგენს კანონით მემკვიდრეს იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში მამკვიდრებლის, ნ. ბ.-ის, შვილის, მ. ბ.-ის, გარდაცვალების გამო მისი წილი სამკვიდრო მის შვილზე _ ე. ბ.-ზე გადავიდა. ამავე კოდექსის 1372-ე მუხლის თანახმად სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშვება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ს. ჩ.-ისა და ც. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფიდლეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 ივნისის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.