3კ-1002-02 12 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინიდან და მებაღეობის სახლთმფლობელობიდან რეალური წილის გამოყოფა, მატერიალური და მორალური ზიანის, ალიმენტის დავალიანების და სხვა დამატებითი ხარჯების ანაზღაურება, ოქროს ნივთების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე ვ. გ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მეუღლესთან ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი სადავო ბინიდან მისი კუთვნილი იდეალური და რეალური წილის _ ერთი ოთახის გამოყოფა, ხოლო ...-ის დასახლებასთან არსებული ამხანაგური მებაღეობის სახლთმფლობელობიდან 1/2 წილის ნატურით გამოყოფა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ დ. პ.-თან ქორწინების პერიოდში მიიღო თბილისში, ...-ის დასახლების, მე-3 მ/რ, ... მდებარე ბინა, რომელსაც 1992 წელს მისი თანხმობით გაუკეთდა პრივატიზაცია. 1997 წელს მეუღლეთა შორის არსებული ქორწინება შეწყდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ყოფილმა მეუღლემ მისი თანხმობის გარეშე ამოწერა ბინიდან ვ.გ.-ი, შემდეგ კი ბინა მიყიდა გ.მ.-ს, რომელიც სასამართლომ კეთილსინდისიერ შემძენად ცნო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ დაირღვა მისი, როგორც თანამესაკუთრის, უფლებები.
მოპასუხე დ. პ.-მ შეგებებული სარჩელი აღძრა ვ.გ.-ის მიმართ და მოითხოვა მორალური ზიანისათვის 5000 ლარის დაკისრება, 1995 წლიდან ბავშვების აღზრდაში მონაწილეობის მიუღებლობის გამო ალიმენტის და სხვა დამატებითი ხარჯების ანაზღაურება და აღნიშნული გადაწყვეტილებით გამოწვეული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით, ასევე საქორწინო ოქროულობისა და საოჯახო ნივთების დაბრუნება.
გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 2001წ. 21 მაისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ვ.გ.-ის სასარჩელო მოთხოვნა და მას თბილისში, ...-ის დასახლების მე-3 ... მდებაპრე ბინა რეალურად გამოუყო 7.82 მ2 ¹20 ოთახი, დამხმარე სათავსები-ჰოლი, სამზარეულო. სანკვანძი დარჩა საერთო სარგებლობაში, ხოლო მებაღეობის ნაკვეთში არსებული საცხოვრებელი სახლიდან გამოუყო ნახევარი.
დ. პ.-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.პ.-მ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წილს 4 ივნისის გადაწყვეტილებით დ.პ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 21 მაისის გადაწყვეტილება ვ.გ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ვ.გ.-ის სარჩელს თბილისში, ...-ის დასახლების, თუ-3 მ/რ-ის, ... მდებარე ბინიდან წილის ნატურად გამოყოფაზე, ასევე, თბილისში, ...-ის დასახლებასთან არსებული ამხანაგური მებაღეობის სახლთმფლობელობიდან წილის ნატურით გამოყოფაზე ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება დ.პ.-ის შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სკ-ს ის მუხლები, რომლებიც აწესრიგებენ საზიარო უფლებების მქონე პირთა უფლებამოვალეობებს, რადგან, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სადავო ბინა სასამართლოს 2001წ. 30 მარტის გადაწყვეტილებით ცნობილია მხარეთა თანასაკუთრებად, მაშასადამე, იგი წარმოადგენს მხარეთა შორის საზიარო უფლებების ობიექტს. სკ-ს 961-ე მუხლის თანახმად საზიარო უფლებების მონაწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. ამავე კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი შეიძლება გაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში სადავო ბინა წარმოადგენს სამოთახიან იზოლირებულ ბინას, ბინის თითოეული ოთახი არის მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი და მათი განცალკევება შეუძლებელია. სასამართლომ გამოუყო რა მოსარჩელეს სადავო ბინიდან ერთი ოთახი, საერთო სარგებლობაში დატოვა სათავსები, რის გამოც საზიარო უფლების შეწყვეტა ვერ მოხერხდა, ვინაიდან საზიარო საგნის დაყოფა შეუძლებელია.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მორალური ზიანის მოთხოვნის უარყოფისას სწორად გამოიყენა სკ-ს მე-18 და 413-ე მუხლები. ასევე სკ-ს 1234-ე მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სწორადა გადაწყვიტა დავა ალიმენტის და დამატებითი ხარჯების გადახდევინების შესახებ, რადგანაც დ.პ.-ს შვილების არასრულწლოვანების პერიოდში არ მოუთხოვია ვ.გ.-ისათვის ალიმენტი.
დ.პ.-მა ვერ დაუსაბუთა სასამართლოს საქორწინო ოქროულობისა და სხვა ნივთების ვ.გ.-თან არსებობის ფაქტი. ვ. გ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატას და მოითხოვა ქ.თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
კასატორი საჩივარში მიუთითებს, რომ მან სადავო ფართიდან მოითხოვა რეალური წილის გამოყოფა არა იმ½ ოდენობით, რაც ეკუთვნოდა, არამედ შეამცირა მოთხოვნა და მოითხოვა მხოლოდ ერთი ოთახის გამოყოფა.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაითვალისწინა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ აღნიშნული ბინა შესაძლებელია დარჩეს საერთო სარგებლობაში.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ აღნიშნული საბაღე ნაკვეთი ვერ იქნებოდა აღრიცხული საჯარო რეესტრში ვერც ერთი მეუღლის სახელზე, ვინაიდან იმ პერიოდისთვის საჯარო რეესტრი არ არსებობდა.
დ. პ.-მ შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 4 ივნისის გადაწვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა დ.პ.-ის შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში.
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების, გადაუხდელი ალიმენტის და დამატებით ხარჯებში გ.გ.-ის მონაწილეობის მიუღებლობის ნაწილში საფუძვლიანი და სამართლიანია.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი, რომლის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაიყიდოს დ. პ.-ის სახელზე აღრიცხული ...-ის მებაღეობის ...-ის ¹... საბაღო ნაკვეთი ორსართულიანი სახლითურთ მის მიერვე ან მისი თანხმობით, მისთვის მისაღებ ღირებულებაში. გაყიდვისთანავე მიღებული თანხიდან ვ.გ.-ს გადაეცეს 2200 აშშ დოლარი მიუხედავად გაყიდვის ღირებულებისა. აღნიშნული სახლისა და მიწის ნაკვეთის გაყიდვის მაქსიმალური ვადა განისაზღვროს ერთი წლით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან. თუ ზემოხსენებულ ვადაში ვერ მოხერხდა ზემოხსენებული ბინის გაყიდვა, დასახელებული თანხა გადახდეს პ.-ს.
უზენაესი სასამართლოს განჩინების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში მოხდეს ...-ის დასახლების მე-3 მ/რ-ის, ... მდებარე ბინის გადაფორმება მ.-ეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნ.გ.-ს არ მიეცეს ზემოთ მითითებული თანხა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო მხარეთა მიერ წარმოდგენილი 2002წ. 12 დეკემბრის მორიგების აქტს და თვლის, რომ მოცემული სამოქალაქო დავა უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 399-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა საკასაციო ინსტანციის სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისისა, რომელთაც სპეციალური თავი შეიცავს. სსკ-ს 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სპეციალურ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსკ-ს მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით მხარეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია შეთანხმების დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა.
მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დ.-ე, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს მე-3 მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაიყიდოს დ. პ.-ის სახელზე აღრიცხული ...-ის მებაღეობის ...-ის ¹... საბაღო ნაკვეთი ორსართულიანი სახლითურთ მის მიერვე ან მისი თანხმობით, მისთვის მისაღებ ღირებულებაში. გაყიდვისთანავე მიღებული თანხიდან ვ.გ.-ს გადაეცეს 2200 აშშ დოლარი მიუხედავად გაყიდვის ღირებულებისა. აღნიშნული სახლისა და მიწის ნაკვეთის გაყიდვის მაქსიმალური ვადა განისაზღვროს ერთი წლით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან. თუ ზემოხსენებულ ვადაში ვერ მოხერხდა ზემოხსენებული ბინის გაყიდვა, დასახელებული თანხა გადახდეს პ.-ს.
უზენაესი სასამართლოს განჩინების ძალაში შესვლიდან ორი თვის ვადაში მოხდეს ...-ის დასახლების მე-3 მ/რ-ის, ... მდებარე ბინის გადაფორმება მ.-ეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ნ.გ.-ს არ მიეცეს ზემოთ მითითებული თანხა.
გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ყველა გაწყვეტილება და შეწყდეს საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.