Facebook Twitter
საქმე # 190100121004616179

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ


საქმე №406აპ-24 18 ივნისი, 2024 წელი
კ-ი ფ., №406აპ-24 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

შალვა თადუმაძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პროცედურა:

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად, კერძოდ:

• ფ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ი) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.
• საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განჩინებით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინათ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ ფ. კ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით.

1.2. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის შეფარდება.

2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებები:

2.1. სააპელაციო სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, დადასტურებულად მიიჩნია ფ. კ-ის მიერ 2021 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით, 13:30 საათზე, გ-ის რაიონის სოფელ ა-ში მდებარე შემოღობილ ნაკვეთში, რ. ყ-ის კუთვნილი ხბოს ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების ფაქტი, რითაც დაზარალებულს მიადგა 1200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

2.2. სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, წარსული ნასამართლობის, დანაშაულის არაღიარებისა და დაზარალებულის მიერ პრეტენზიის ქონის მოტივით სასჯელის გამკაცრების შესახებ და თანაზომიერად მიიჩნია ფ. კ-ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შეფარდებული სასჯელი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. პროკურორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელი არის ზედმეტად მსუბუქი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მსჯავრდებული არ აღიარებდა დანაშაულს, არის არაერთხელ ნასამართლევი და დაზარალებულს გააჩნია პრეტენზია.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ფ. კ-ისათვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის ზომა, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

4.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საგულისხმოა, რომ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დადგენილია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ხუთ წლამდე.

4.4. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

4.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, ქმედების ჩადენის ხერხი, დამდგარი შედეგი, მსჯავრდებულის ინდივიდუალური მახასიათებლები, მისი წარსული ნასამართლობა, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე, 58-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ფ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის შეუფარდა კანონიერი და სამართლიანი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, რაც შეესაბამება მუხლის სანქციას, არ არის აშკარად ლმობიერი, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.

4.6. რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მითითებულ გარემოებებს, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის და სწორედ ამ ქმედებისათვის დადგენილი სანქციის ფარგლებში დაენიშნა სასჯელი. შესაბამისად, სასამართლო დამატებით მხედველობაში ვერ მიიღებს იმ გარემოებას, რაც უკვე მოცულია შესაბამისი მუხლის სანქციით. რაც შეეხება პირის წარსულ ნასამართლობას, სწორედ ამ მიზეზით, მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნა საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილი წესით. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის აღიარება, დაზარალებულთან შერიგება ან/და ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს მის უფლებას და არა – ვალდებულებას, ხოლო უფლების გამოყენებაზე უარის თქმა ვერ გახდება სასჯელის დამძიმების საფუძველი. ხსენებული გარემოებები, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას და არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა. ამდენად, არ არსებობს ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და ფ. კ-ისათვის შეფარდებული სასჯელის დამძიმების საფუძველი.

4.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

4.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ სალომე ქემაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



თავმჯდომარე შ. თადუმაძე


მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი


ნ. სანდოძე