Facebook Twitter
საქმე # 330802224009565289

საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით

№27I-24 ქ. თბილისი
ს-ი ე, 27I-24 11 ივლისი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ე. ს-ის მიმართ საქართველოში მიმდინარე საექსტრადიციო პროცედურები:
2024 წლის 6 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ს-ი;
2024 წლის 7 თებერვალს რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ე. ს-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვით;
2024 წლის 14 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო ე. ს-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები;
2024 წლის 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განჩინებით ე. ს-ის მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე, კერძოდ, 2024 წლის 6 აგვისტომდე;

2. ე. ს-ის მიმართ თ-ის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2022 წლის 13 სექტემბერს თ-ის რესპუბლიკის ქ. ი-ის სისხლის სამართლის საქმეთა 34-ე სასამართლოს განაჩენით ე. ს-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველ ნაწილითა და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის. აღნიშნული განაჩენით ე. ს-ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 1 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
2023 წლის 13 ივლისს აღნიშნული განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში;
2023 წლის 5 სექტემბერს გამოიცა ე. ს-ის დაკავების ბრძანება;
2024 წლის 12 მარტს თ-ის რესპუბლიკის ქ. ი-ის პირველი უმაღლესი სისხლის სამართლის სასამართლომ გასცა ე. ს-ის დაკავების ბრძანება, რომლის თანახმად, მას ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა;
2024 წლის 2 იანვრიდან, ე. ს-ი თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.

3. ფაქტები:
3.1. 2022 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
2019 წლის 4 სექტემბერს, ურთიერთშელაპარაკებისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ე. ს-მა და მისმა თანამზრახველებმა დაზარალებულს მიაყენეს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
3.2. ე. ს-ის ბრალად წარდგენილი ქმედება:
2023 წლის 30 ივნისს ე. ს-ის თანამზრახველსა და დაზარალებულს შორის წარსულში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებული შურისძიების მიზნით, ე. ს-ი და ჯგუფის სხვა წევრები ჩაუსაფრდნენ დაზარალებულს. აღნიშნულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღებიდან ესროლეს ავტომანქანას, რომელშიც იყო დაზარალებული. დაზარალებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა, მიღებული დაზიანებების შედეგად იგი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

4. 2024 წლის 2 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი ე. ს-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინებით:
საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ თემურ ცინდელიანის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა;
დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ს-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 87-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის მის მიმართ თ-ის რესპუბლიკის ქ. ი-ის სისხლის სამართლის საქმეთა 34-ე სასამართლოს მიერ 2022 წლის 13 სექტემბერს გამოტანილი განაჩენის აღსრულების მიზნით.
დასაშვებად იქნა ცნობილი ე. ს-ს თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომლებიც აღწერილია ე. ს-ის ექსტრადიციის თაობაზე თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების 2024 წლის 12 მარტის შუამდგომლობაში და ისჯება თურქეთის რესპუბლიკის №5237 სისხლის სამართლის კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა).

6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ს-ის – ინტერესების დამცველი ადვოკატი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინების გაუქმებასა და ექსტრადიციის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას.
6.1. საკასაციო საჩივრის მიხედვით, ე. ს-ის მიმართ თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ არის დასრულებული. ე. ს-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დაექვემდებარება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, რადგან წარმოშობით არის ქურთი. ასევე, მის მიმართ დაცული არ იქნება სამართლიანი სასამართლოს უფლება.

7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე 2024 წლის 10 ივლისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა, თემურ ცინდელიანმა, წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და მოითხოვა ე. ს-ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინების უცვლელად დატოვება.
7.1. პოზიციის ავტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს „არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის,“ რომ თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, ე. ს-ი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან/და არსებობს მისი სიცოცხლის ხელყოფის ან/და დევნის რისკი. თ-ის რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალების თანახმად, ე. ს-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა და უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც წარმოშობდა ვარაუდს, რომ თ-ის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან ექსტრადიციის შემთხვევაში, არსებობს ასეთი დარღვევის საფრთხე. ე. ს-ი ესწრებოდა საქმის არსებით განხილვას და სასამართლოს ჩვენება მისცა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მონაწილეობით გამართულ სასამართლო სხდომაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
3. თ-ის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი ე. ს-ი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დააკავეს 2024 წლის 6 თებერვალს. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
4. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 თავი დეტალურად განსაზღვრავს პირის მიმართ ექსტრადიციის დასაშვებობის საფუძვლებს; საკასაციო სასამართლო თითოეულ მათგანს მიმოიხილავს ცალ-ცალკე და შეაფასებს, არსებობს თუ არა ე. ს-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ განჩინების შეცვლის რაიმე სახის საფუძველი.

5. ექსტრადიციას დაქვემდებარებული დანაშაული:
5.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დანაშაული ექვემდებარებოდეს ექსტრადიციას, მნიშვნელოვანია ორი კომპონენტის დაკმაყოფილება:
1) მოცემული დანაშაული როგორც საქართველოს, ისე შესაბამისი უცხო ქვეყნის კანონმდებლობით იყოს დასჯადი, 2) ამ დანაშაულის ჩადენა, სულ მცირე, 1 წლით თავისუფლების აღკვეთით, ან უფრო მკაცრი სასჯელით უნდა ისჯებოდეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირი უკვე მსჯავრდებულია, აუცილებელია, რომ მას მისჯილი ჰქონდეს, სულ მცირე, ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა.
5.2. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის 20-21-ე პუნქტებში აღწერილი ქმედებების (რომლებიც ისჯება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით და აკმაყოფილების სასჯელის მინიმალურ წესს) საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დაისჯებოდა, სულ მცირე:
საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და იმავე კოდექსის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია უვადო თავისუფლების აღკვეთა.
5.3. ამდენად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ს-ის მიერ ჩადენილი ზემოხსენებული ქმედებები დანაშაულად ითვლება და ისჯება, როგორც საქართველოს, ისე – თ-ის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში, სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს მოქალაქის ექსტრადიცია:
6.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, დაუშვებელია საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია, გარდა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული მონაცემებით (24/04/2024) დასტურდება, რომ ე. ს-ი (დაბადებული ... წლის ... აგვისტოს), არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. ამასთან, იგი თ-ის რესპუბლიკის მოქალაქეა.

7. სამართლიანი სასამართლოს უფლება:
7.1. წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალები ცხადჰყოფს, რომ ე. ს-ის საქმეში არ არის რაიმე სახის აშკარა/უხეში პროცედურული დარღვევა, რომელიც გამოკვეთდა იმ გარემოებას, რომ თ-ის რესპუბლიკაში იგი დაექვემდებარა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას ან, ექსტრადიციის შემთხვევაში, იარსებებს ასეთი დარღვევის საფრთხე. თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ წარმოდგენილი საექსტრადიციო მასალის თანახმად, ე. ს-ი ესწრებოდა საქმის არსებით განხილვას, რა დროსაც სასამართლოს მისცა ჩვენება.

8. ხანდაზმულობის ვადა:
8.1. საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობის 20-21-ე პუნქტებში აღწერილი ქმედებები საქართველოს კანონმდებლობით შეესაბამება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ გავიდა 30 წელი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან; ამავე კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.
8.2. ამასთან, თ-ის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და თ-ის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულთან დაკავშირებით, განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული.

9. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის სტატუსი, ამნისტია, შეწყალება:
9.1. სტატუსი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად (28/03/2024), ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ე. ს-ს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე, ხოლო გადაწყვეტილება N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩაბარდა 2024 წლის 26 მარტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს საქართველოში თავშესაფარი აქვს მიცემული ან იგი საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის ექსტრადიციას მესამე, უსაფრთხო სახელმწიფო მოითხოვს.“ ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ,,საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 56-ე მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებელს უფლება აქვს: „არ იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო არ მიიღებს გადაწყვეტილებას ან სასამართლო გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში.“

9.2. ამნისტია:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის გადაცემა, საქართველოს კანონმდებლობით ამნისტირებულია და საქართველოს აქვს იურისდიქცია ამ დანაშაულთან დაკავშირებით.“
ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი კუმულაციურად მოითხოვს ორი წინაპირობის (საქართველოს კანონმდებლობით დანაშაულის ამნისტირება და მასზე საქართველოს იურისდიქციის გავრცელება) არსებობას, რაც განსახილველ საქმეში არ არის დაცული, ვინაიდან საქართველოს არ გააჩნია იურისდიქცია ზემოხსენებულ, ექსტრადიციასდაქვემდებარებულ დანაშაულებთან დაკავშირებით.

9.3. შეწყალება:
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ პირის მიმართ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება მისი გადაცემა, გამოცემულია შეწყალების აქტი.“
წარმოდგენილ საქმის მასალებში არ იკვეთება, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ გამოცემულია შეწყალების აქტი იმ დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც მისი გადაცემა მოითხოვება.

10. პრინციპი ,, Non bis in idem“:
10.1. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის თანახმად, პირის ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ იმ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის ჩადენისთვისაც მოითხოვება პირის ექსტრადიცია, არსებობს საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ან საქართველოს შესაბამისმა ორგანოებმა მასზე მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ.
10.2. ე. ს-ის მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში, არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და ,,Non bis in idem“ პრინციპი.

11. ექსტრადიციის გამომრიცხავი სხვა გარემოებები:
11.1. „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლი რამდენიმე პუნქტად მიმოიხილავს ექსტრადიციის გამომრიცხავ სხვა გარემოებებს, რომელთა არსებობა წარმოდგენილი საქმის მასალებით არ არის გამოკვეთილი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მათგან დამატებით გამოყოფს მე-3 პუნქტს, რომლის თანახმადაც, ,,ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობის ინიციატორ სახელმწიფოში პირი დაექვემდებარება წამებას, სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსებისშემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ პირის წამებასთან, მისდამი სასტიკ, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობასთან.“
11.2. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, მომთხოვნ სახელმწიფოში არსებული სიტუაციის ზოგადი აღწერა და უფლებების პოტენციურად დარღვევის შესახებ განცხადება არ არის საკმარისი. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ. Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99, §72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, §58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, §352, ECtHR, 12/04/2005).
11.3. პირის ექსტრადიციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებით დადგენილი უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს, როდესაც არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში პირის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ან/და იგი დაექვემდებარება წამებას ან/და არაადამიანურ მოპყრობას ან დევნას. კონკრეტულ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი პრობლემა არ შეიძლება გახდეს ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (K. v. Russia, ECtHR, no 69235/11, §66, 23/05/2011).
11.4. განსახილველი საქმის საექსტრადიციო მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც შეიძლება, საფუძვლიანად მიუთითებდეს, რომ ე. ს-ის თ-ის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში, იგი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარება. ადვოკატი მოცემულ პოზიციას აყალიბებს მხოლოდ ჰიპოთეტური ფორმით და მას აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე უტყუარი სახის მასალა სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, ამ ნაწილში საჩივრის ავტორის არგუმენტი არის დაუსაბუთებელი.

13. პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება:
13.1. რაც შეეხება წინამდებარე ექსტრადიციის შესაბამისობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლთან, განსახილველ შემთხვევაში, იმ დანაშაულებრივი ქმედებების ხასიათის, სიმძიმის და საზოგადოებრივი საშიშროების გათვალისწინებით (მათ შორის განზრახ მკვლელობა), რომლებისთვისაც მოითხოვება ე. ს-ის ექსტრადიცია, თავად ექსტრადიციის ლეგიტიმური მიზანი გადასწონის პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებაში ჩაურევლობის ინტერესს, ასეთი ჩარევა რომც ხორციელდებოდეს.

14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება კანონიერია, რის გამოც, მისი შეცვლის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და


დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ე. ს-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ო. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2024 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე – ლ. თევზაძე


მოსამართლეები: შ. თადუმაძე


მ. გაბინაშვილი