Facebook Twitter
¹ 3კ-1005-02

¹ 3კ-1005-02 31 დეკემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,

მ. წიქვაძე

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 25 აპრილს ს. პ.-მ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზ. რ.-ის წინააღმდეგ მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლებისა და ზარალის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად მიუთითა შემდეგი გარემოება: 1992 წელს, მიწის ნაკვეთების საპრივატიზაციო კენჭისყრით მას შეხვდა მიწის ნაკვეთი 0,12 ჰა, რომელიც თვითნებურად დაიკავა ზ. რ.-მ. მოპასუხემ მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მიუღებელი შემოსავლის სახით.

გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ს. პ.-მ გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საოლქო სასამართლოს 2002წ. 22 აპრილის სხდომაზე მოპასუხე ზ. რ.-ი შეიცვალა სათანადო მოპასუხით _ ს. რ.-ით, რადგან მიწის მიღება-ჩაბარების აქტში სადავო მიწის ნაკვეთი აღრიცხულია ამ უკანასკნელის სახელზე.

2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ ს. პ.-ის საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 19 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. პ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ს 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

ამავე კოდექსის 183-ე მუხლის საფუძველზე, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სსკ-ს 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე _ ს. პ.-ს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების შესახებ, ამიტომ მას არა აქვს მფლობელისაგან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. საქმეში არსებული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ სადავო ნაკვეთი ს. რ.-ის საკუთრებაა.

ს. პ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს ამ გადაწყვეტილების გაუქმებას და სსკ-ს 409-ე და 411-ე მუხლების საფუძველზე, ახალი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი მიუთითებს, რომ მისი მოსაზრებით, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით და იგი სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის საფუძველზე უნდა გაუქმდეს. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ის 172-ე და 183-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათ გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე არ არის. მას 1992 წელს, მიწის პრივატიზაციაში მონაწილეობის მისაღებად გამართული კენჭისყრით შეხვდა სადავო მიწის ნაკვეთი, რომელიც სათანადო წესით საკუთრებაში არ გადასცემია. აღნიშნული მიწის ნაკვეთი შემდეგში დაიკავა მოპასუხემ და 1996წ. 27 მაისს სათანადო დოკუმენტის საფუძველზე კანონიერ მფლობელობაში მიიღო.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სწორად გამოიყენა კანონი. კერძოდ, სკ-ს 172-ე, 183-ე მუხლები, რომლებითაც დადგენილია უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის საფუძვლები და მესაკუთრის უფლება ვინდიკაციით გამოითხოვოს ნივთის უკანონო მფლობელიდან.

პალატა მიუთითებს, რომ ს. პ.-ი სადავო მიწის ნაკვეთის არც მესაკუთრეა და არც კეთილსინდისიერი მფლობელი, ამიტომ მისი სარჩელი იურიდიულად უსაფუძვლოა. პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის საპრივატიზაციო კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება არ წარმოშობს მესაკუთრის უფლებას სადავო მიწაზე, რადგან უძრავ ქონებაზე საკუთრება წარმოიშობა მხილოდ სანოტარო წესით დამოწმებული საბუთისა და შემძენის საჯარო რეესტრში რეგისტრაციით.

აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო საფუძვლებს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. პ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საპროცესო პალატის 2002წ. 13 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.