Facebook Twitter

¹ 3კ/1006-01 9 იანვარი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე,მ. ცისკაძე

დავის საგანი: მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. გ-ძე მუშაობდა რკინიგზის ბორჯომის ...-ის კულტურის სახლის დირექტორად. აღნიშნული კულტურის სახლი 1997 წლის ოქტომბრიდან გადაეცა ქ. ბორჯომის მერიას და ამჟამად რაიონული გამგეობის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების კუთვნილებაა. ბორჯომის გამგეობისათვის გადაცემამდე კი იგი რკინიგზის დეპარტამენტის ხაშურის ტერიტორიულ პროფკომიტეტს ეკუთვნოდა. ნ. გ-ძე თვლის, რომ 1994 წლის 1 ივლისიდან 1998 წლის 1 იანვრამდე ამუშავეს უხელფასოდ და რკინიგზის პროფკავშირებიდან მისაღები აქვს 42 თვის ხელფასი, რაც შეადგენს 2772 ლარს. მან სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე რკინიგზის დეპარტამენტის ხაშურის ტერიტორიული პროფკომიტეტის მიმართ და მოითხოვა 42 თვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა ნ. გ-ძის სარჩელი უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის არა საპატიო მიზეზით გაშვების გამო.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციის მიერ. ბოლოს განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც 2001 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი. კერძოდ, სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა აპელანტის მოსაზრება, რომ დავა არ არის ხანდაზმული, აპელანტი დღესაც მუშაობს რკინიგზის ბორჯომის ...-ის კულტურის სახლის დირექტორად, ამდენად მას შრომითი ურთიერთობა არ შეუწყვეტია. მაგრამ აპელანტის მოთხოვნა 42 თვის მიუღებელი ხელფასის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან რაიონული პროფკომიტეტის მიერ კულტურის სახლი გადაყვანილი იყო სრულ სამეურნეო ანგარიშზე და სრულ თვითდაფინანსებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება კასატორმა ნ. გ-ძემ გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით და მოითხოვა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ მოტივით, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო კულტურის სახლის თვითდაფინანსებაზე გადასვლის შემდეგ მან ვერ მიიღო ხელფასი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას 42 თვის მიუღებელი ხელფასის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ რაიონულმა პროფკომიტეტმა გადაიყვანა კულტურის სახლი სრულ სამეურნეო ანგარიშზე და სრულ თვითდაფინანსებაზე.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში კულტურის სახლის თანამშრომლები იღებდნენ კიდეც ხელფასს სათავსოების გაქირავებით, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ შენობის გაქირავების უფლება მათ არ ჰქონდათ, ვინაიდან კულტურის სახლის შენობა ხაშურის სამოქალაქო ნაგებობათა დისტანციის ბალანსზე იმყოფებოდა; საქმის მასალებში წარმოდგენილი ხელშეკრულებებით დგინდება, რომ 1995-96 წლებში სადავო შენობა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაქირავებული იყო ხაშურის რკინიგზის ¹... ბინათმშენებლობის მიერ.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა კულტურის სახლის თვითდაფინანსებაზე გადასვლა შრომის ანაზღაურების არსებითი პირობის შეცვლად, რაც ნ. გ-ძისათვის 1991 წლიდან იყო ცნობილი, მაგრამ მას პრეტენზია არ გამოუთქვამს ახალ პირობებში მუშაობაზე.

პალატა თვლის, რომ თვითდაფინანსებასა და სამეურნეო ანგარიშზე გადასვლა, რაც დაადასტურა თავის აღიარებით კასატორმა, გულისხმობს შემოსავლების მოზიდვას და თანამშრომელთა უზრუნველყოფას ხელფასითა და საქმიანობისათვის სხვა აუცილებელი დაფინანსებით არამარტო ძირითადი საშუალების, კონკრეტულ შემთხვევაში, კლუბის შენობის გაქირავების, არამედ ამ მიზნით სხვადასხვა სახის კულტმასობრივი, შემეცნებითი და გასართობი და შემოქმედებითი მუშაობის განხორციელების ხარჯზე.

საქმის მასალების მიხედვით ნ. გ-ძის მხრიდან მსგავსი მუშაობის განხორციელებას ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, პალატა თვლის, ნ. გ-ძის პრეტენზია, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო კულტურის სახლის თვითდაფინანსებაზე გადასვლის შემდეგ ვერ მიიღო ხელფასი, ვერ იქნება გაზიარებული.

სწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შრომის კანონთა კოდექსის 26-ე მუხლის შესაბამისად კასატორს არ გამოუთქვამს პრეტენზია ხელფასის ახალი სისტემის (შრომის არსებითი პირობის) შეცვლისას, ამდენად მასთან არ შეწყვეტილა შრომის ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, შრომის ანაზღაურება ხდება შრომის ხელშეკრულების წესით დადგენილი პირობებით.

პალატის აზრით, ნ. გ-ძეს რომ განეხორციელებინა თავის დროზე შრომის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საკლუბო საქმიანობის უკეთ წარმართვისა და გაფართოების მიზნით, შესაძლებლობა ექნებოდა გარკვეული დონით აენაზღაურებინა ხელფასი.

პალატას მიაჩნია, რომ კასატორის მოთხოვნა ხელფასის ანაზღაურების თაობაზე მის მიერ აღნიშნულ პერიოდში ვერ დაკმაყოფილდება იმის გამო, რომ მოპასუხეს მისი უფლების დარღვევაში ბრალი არ მიუძღვის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

არ დაკმაყოფილდეს ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი.

უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.