საქმე N 330100123006883181
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №217აპ-24 18 ივნისი, 2024 წელი
ა–ი ა., №217აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ა. ა–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 13 ივნისს, ქალაქ თ–ში, სოფელ ფ–ი, .........ის ქუჩის №..-ში ყოფნისას, ა. ა–მა ყოფილ მეუღლეს ა. ნ–ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი და მუშტები ურტყა სახისა და თავის არეში, რის შედეგად, ა. ნ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.3. 2022 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში, ქალაქ თ–ში, სოფელ ფ–ი, .........ის ქუჩის №..-ში ყოფნისას, ა. ა–მა ყოფილ მეუღლეს ა. ნ–სას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, გაშლილი ხელი და მუშტები ურტყა სახისა და თავის არეში, რის შემდგომაც, ა. ა–მა ხელი ჰკრა ა. ნ–ს, რომელიც დაეცა ხის ტუმბოს და მიიღო დაზიანება. ა. ა–ის ქმედების შედეგად ა. ნ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
1.4. 2022 წლის 28 დეკემბერს, ქალაქ თ–ში, სოფელ ფ–ი, .........ის ქუჩის №..-ში ყოფნისას, ა. ა–მა ყოფილ მეუღლეს ა. ნ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტები ურტყა სახისა და თავის არეში, რის შედეგად, ა. ნ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ა. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, ა. ა–ი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ა–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2024 წლის 26 იანვარს, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ კერესელიძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ა–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.
3.3. პროკურორის საკასაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 10 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ოჯახში ძალადობის სამივე ეპიზოდში უტყუარად დადასტურდა ა. ა–ის ბრალეულობა. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, დაიკითხა დაზარალებული ა. ნ–სა, რომელმაც დაადასტურა ა. ა–ის მიერ მის მიმართ 2022 წლის 13 ივნისს, 2022 წლის აგვისტოს შუა რიცხვებსა და 2022 წლის 28 დეკემბერს განხორციელებული ძალადობის ფაქტები. ამგვარი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა – ა. ნ–მა, ქ. ნ–მა და ა. ა–მა, რომლებიც, მართალია, ძალადობის ფაქტებს უშუალოდ არ შესწრებიან, თუმცა ა. ნ–სგან გადმოცემით იციან ა. ა–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ. საქმეზე ასევე გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებებიც, მათ შორის, დაზარალებულის საჩივარი, რაც საფუძვლად დაედო გამოძიების დაწყებას და სადაც სრულად არის მოცემული ა. ნ–ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში კი ასახულია, რომ კონკრეტულ ადგილზე, ზურგის არეში, დაზარალებულს მოწითალო ფერის ლაქა აღენიშნებოდა და შემოწმების მომენტში უჩიოდა თავის ტკივილს. ამდენად, კასატორის მითითებით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ა. ა–ს მიერ მეუღლის – ა. ნ–ს მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტები.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა ა. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას.
5.3. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და დამატებით მიუთითებს, რომ ა. ა–ის მიერ ა. ნ–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტების დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება – დაზარალებულ ა. ნ–ს ჩვენება, რომელმაც დაადასტურა მის მიმართ ა. ა–ის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდები, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ხსენებული არ არის საკმარისი ა. ა–ის მიმართ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ხოლო სხვა მტკიცებულება კი, რომელიც დაადასტურებდა ა. ა–ის მიმართ ბრალადწარდგენილ დანაშაულებრივ ქმედებებს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
5.4. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, დაზარალებულის განმარტება მეუღლის მხრიდან განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასთან დაკავშირებით გამყარებული უნდა იყოს სხვა მტკიცებულებებით, რადგან მისი ნათქვამის საპირწონედ, წარმოდგენილია დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც დაზარალებულთან და ბრალდებულთან ერთად ცხოვრობდნენ და კატეგორიულად უარყოფდნენ აღნიშნულ ფაქტებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოში ა. ა–მა განმარტა, რომ მას ძალადობა არ განუხორციელებია. არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მიზნით, კი სასამართლოსათვის აუცილებელია დამატებითი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომელიც დაზარალებულის ნათქვამის სისწორეს დაადასტურებს.
5.5. საკასაციო სასამართლო დამატებით ყურადღებას გაამახვილებს, კასატორის მიერ მითითებულ მოწმეებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მოწმეები ა. ა–ს მიერ შესაძლო ოჯახური ძალადობის ეპიზოდებთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობენ თავად დაზარალებულ ა. ნ–ს მონათხრობიდან. ისინი არ არიან გამართლებულის მხრიდან მეუღლის – ა. ნ–ს მიმართ შესაძლო ფიზიკური ძალადობის თვითმხილველნი. შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბი შინაარსისაა და ვერ დაედება საფუძვლად პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.
5.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიპოვება ნეიტრალური მტკიცებულება, რომელიც ა. ნ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გარეშე, დამოუკიდებლად, დაადასტურებს გამართლებულის ბრალეულობას. ცალკე აღებული, შემაკავებელ ორდერსა და განცხადებაში მითითებული მწირი ინფორმაცია, კი სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.9. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ა. ა–ის ბრალეულობას ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით შესაძლებელია, დადგინდეს სხეულზე არსებული დაზიანებების რაოდენობა, ადგილმდებარეობა, ხარისხი, ხანდაზმულობა და სხვა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ დაზიანებები კონკრეტულმა პირმა, კონკრეტულ ვითარებაში მიაყენა დაზარალებულს, შეუძლებელია, მით უფრო, როდესაც დაზარალებულს პირადი შემოწმებისას მექანიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ხოლო პირადი გასინჯვის მონაცემებში იღლიის შუა ხაზზე დეპიგმენტური უბნის არსებობა, ხანდაზმულობის დადგენის გარეშე, ვერ გახდება აღნიშნულის მტკიცების საფუძველი, რამდენადაც, საქმეში არ მოიპოვება ამ გარემოების დამადასტურებელი სხვა მტკიცებულება.
5.10. ამდენად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ა. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი, რის გამოც, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულის სასარგებლოდ. ამასთან, კასატორმა საკასაციო საჩივარში წარმოადგინა არსებითად იმავე სახის არგუმენტაცია, რასაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა. სააპელაციო სასამართლომ კი თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა ა. ა–ის წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი.
5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.12. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ კერესელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე