Facebook Twitter

საქმე N 330100121005091845

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №48აპ.-24 4 ივნისი, 2024 წელი

ა–ო რ. №48აპ.-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ქ–ს, მსჯავრდებულ დ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. გ–ს, მსჯავრდებულ კ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–ს, მსჯავრდებულ ვ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების დ. ბ–სა და ნ. ს–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. რ. ა–ს (პირადი ნომერი: ...........), ვ. ჯ–ე (პირადი ნომერი: ...........), კ. ლ–ს (პირადი ნომერი: ...........) და დ. ს–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნენ ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 00:15 საათზე თ–ში, ........ას ქუჩა, კორპუსი №..-ის, ბინა №..-ში დ. კ–ს ჯგუფურად თავს დაესხნენ ლ. ხ–ი, კ. ლ–ს, რ. ა–ს, ვ. ჯ–ე, დ. ს–ე და ნ. ზ–ა, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, კერძოდ, ხელკეტის დარტყმით, ცხელი უთოს დადებით, დანის დემონსტრირებით, დანითა და ჩანგლით დაზიანების მიყენებით, ანთებული სიგარეტის თვალთან მიდებით მოსთხოვეს თანხის გადაცემა, ასევე წაართვეს 70 ლარი და ტოტალიზატორის ბარათი.

1.3. რ. ა–ს, ვ. ჯ–ე, კ. ლ–ს და დ. ს–ე ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.4. 2021 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 00:15 საათიდან, თ–ში, ........ას ქუჩა, კორპუსი №..-ის, ბინა №..-ში ლ. ხ–მა, კ. ლ–მა, რ. ა–მ, ვ. ჯ–მ, დ. ს–მ და ნ. ზ–მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დ. კ–ს, შუადღის საათებში ავტომობილით წაიყვანეს დ–ს რაიონის სოფელ ბ–ში არსებულ საცხოვრებელ სახლში და ამავე დღის ღამის საათებამდე არ მისცეს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა.

1.5. რ. ა–ს, ვ. ჯ–ე, კ. ლ–ს და დ. ს–ე ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით (წამება, ესე იგი პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.6. 2021 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 00:15 საათიდან 2021 წლის 15 ივლისის ღამის საათებამდე დროს შუალედში, თ–ში, ........ას ქუჩა, კორპუსი №..-ის, ბინა №..-ში ასევე, დ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში არსებულ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს ლ. ხ–იმა, კ. ლ–მა, რ. ა–მ, ვ. ჯ–მ, დ. ს–მ და ნ. ზ–ამ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ანგარებით, დ. კ–ს ტოტალიზატორის ბარათის მონაცემების, ტოტალიზატორის ანგარიშის მონაცემების, მობილური ტელეფონის დამცავი კოდის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით, დ. კ–ს მიმართ ინტენსიურად და ხანგრძლივად განახორციელეს წამება, რომელმაც გამოიწვია ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა, კერძოდ მას თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავალჯერ დაარტყეს ხელკეტი, ხელები და ფეხები, სხეულზე რამდენჯერმე დაადეს ცხელი უთო, სახეზე შეაფრქვიეს ორთქლი, დანით დაუზიანეს მუხლი, მკლავი, ზურგი, დანა დაარტყეს სწრაფად და მოულოდნელად, ასევე, ნელა და მიბჯენით ჩანგალი ჩაარჭვეს სახის მიდამოში, ანთებული სიგარეტი მიუტანეს თვალბუდის სიახლოვეს, ძალის გამოყენებით გადააწევინეს თავი, დააფარეს პირსახოცი და ინტენსიურად დაასხეს წყლის ჭავლი.

1.7. ვ. ჯ–ე და კ. ლ–ს კი, ცნობილ იქნენ ბრალდებულებად საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.8. 2021 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ–ში, .........ის ქუჩის N..-ში, მდებარე დ. კ–ს საცხოვრებელ ბინა №..-ის კართან დ. კ–ს ვ. ჯ–მ და კ. ლ–მა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი, უკანონოდ შეაღწიეს მის საცხოვრებელ ბინა №..-ში, საიდანაც აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ დ. კ–ს კუთვნილ ნივთებს – საფულეს მასში მოთავსებული ბარათებითა და 125 ლარით, ორ ცალ მაჯის საათს და ორ ცალ მობილურ ტელეფონს.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული რ. ა–ს, ვ. ჯ–ს, კ. ლ–ს და დ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენით:

ვ. ჯ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.

ვ. ჯ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ვ. ჯ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

კ. ლ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.

კ. ლ–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუქტებით, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუქტებით – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით;

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, კ. ლ–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

რ. ა–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.

რ. ა–ს ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და, საბოლოოდ, რ. ა–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

დ. ს–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ და ,,ლ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდებით.

დ. ს–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 7 წლით.

საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დ. ს–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.

ამავე განაჩენით მსჯავრი დაედოთ ნ. ზ–ს და ლ. ხ–ს.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა – ანი ხუბეჯაშვილმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების – ვ. ჯ–ს, ნ. ზ–ას, ლ. ხ–ს, რ. ა–ს, დ. ს–ს და კ. ლ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა.

2.4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ვ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ–მ, მსჯავრდებულ ნ. ზ–ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. პ–მ, მსჯავრდებულ ლ. ხ–ს ადვოკატმა – ი. ჩ–მა, მსჯავრდებულ ვ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ს–მ, მსჯავრდებულ კ. ლ–ს ადვოკატმა – მ. მ–მ, მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ–ამ, მსჯავრდებულ დ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. ვ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დაცვის და ბრალდების მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2023 წლის 13 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 17 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ქ–მ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.3. 2023 წლის 14 დეკემბერს ზემოხსენებული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. ს–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ–მ და მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად დ. ს–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.4. 2023 წლის 15 დეკემბერს ზემოხსენებული განაჩენი საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ჯ–სის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ბ–მ და მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ვ. ჯ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.5. 2023 წლის 15 დეკემბერს ზემოხსენებული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ და მოითხოვა კ. ლ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.6. 2023 წლის 7 დეკემბერს ზემოხსენებული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ს–მ და მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ვ. ჯ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის, მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – მ. ქ–ს პოზიციით, გამამტყუნებელ განაჩენში მითითებული არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება რ. ა–ს მიერ ყაჩაღობის და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთის ჩადენის ფაქტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით, ნ. ბ–ს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ბრალდებულების ბინის ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ტანსაცმლით, საგამოძიებო ექსპერიმენტით, კამერების ჩანაწერებით, ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება რ. ა–სთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა, რაც არის უსაფუძვლო. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ რ. ა–ს თ–ში, ........ას ქუჩა, კორპუსი №..-ის, ბინა №..-ში ყოფნის ფაქტი, რასაც თავად მსჯავრდებულიც არ უარყოფს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ რ. ა–ს მიმართ განაჩენი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დარღვევით, ვინაიდან ის არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, არის დაუსაბუთებელი და სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რითაც დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მოთხოვნები.

4.2. მსჯავრდებულ დ. ს–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. გ–მ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, მოითხოვა დ. ს–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ მოტივით, რომ საქმეში არ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობილობა, რაც აკმაყოფილებს გამამტყუნებლი განაჩენის დადგენის სტანდარტს. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმეებზე №29აპ-17, №251აპ-16, №62აპ-17 განმარტა მტკიცებულებათა სტანდარტი, რომელიც საჭიროა გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. დაზარალებულმა დ. კ–მა სასამართლოზე განმარტა, რომ დ. ს–ს მხრიდან მის მიმართ არც ყაჩაღურ თავდასხმას და არც სხვა რაიმე სახის ძალადობას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, აშკარაა, რომ დ. ს–ე არ მონაწილეობდა დ. კ–ს მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებებში. მართალია, იგი შეესწრო არასაიამოვნო თემაზე საუბარს, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს დანაშაულს. ამასთან, დ. ს–ს მიმართ ბრალდების დადგენილება არ შეიცავს კონკრეტიზირებას, არ არის მითითებული რა სახის და რომელი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა. საქმეზე არ იქნა დადგენილი თუ ვინ იყო ჯგუფური დანაშაულის ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე და ა.შ. თუმცა მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ქმედების ჯგუფურ დანაშაულად დაკვალიფიცირების დროს უნდა იქნეს დადგენილი დამნაშავეთა როლები.

4.3. მსჯავრდებულ ვ. ჯ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ. ბ–მ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მიიჩნევს, რომ საპელაციო სასამართლომ, ვ. ჯ–ს მიმართ საქმის განხილვისას, დაარღვია სისხლის სამართლის ყველა ამოსავალი პრინციპი. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება დ. კ–ს ჩვენება, რომელიც არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი, რის გამოც, მისი ჩვენება არის უკიდურესად დაბალი სანდოობის. ამასთან, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მართალია, ვ. ჯ–ე იმყოფებოდა ნ. ზ–ას მიერ ნაქირავებ ბინაში, რაც ასევე დასტურდება დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა აღნიშნული არ ადასტურებს ფაქტს, რომ მან ვინმეზე იძალადა.

4.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრა ადვოკატმა ნ. ს–მ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა ვ. ჯ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა დაზარალებულის ჩვენება, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჯვარედინი დაკითხვის დროს, მან ვერ შეძლო მიეთითბინა თუ რომელ მსჯავრდებლს რა როლი მიუძღოდა მისი წარმოდგენით დანაშაულებრივი ქმედების მომენტში. დაცვის მხარეს გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია, რომ ბინაში ყოფნისას მას ორჯერ დაურეკა დედამ, რომელსაც უთხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ასევე ვიდეო-ჩანაწერებით დადგენილია, რომ იგი თავისუფლად გამოდის ბინიდან და აქვს გადაადგილების შესაძლებლობა. ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ იგი ცრუობს, ხოლო სხვა პირდაპირი მტკიცებულება რაც დაადატურებდა დაზარალებულის ჩვენებას, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდეგნია.

4.5. მსჯავრებულ კ. ლ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. მ–მ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა კ. ლ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ დაზარალებულ დ. კ–ს მიერ გამოძიებაში მიწოდებული ინფორმაცია განსხვავდება მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებისგან. ამასთან, მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს თავდამსხმელებთან ერთად მოიხმარა ნარკოტიკი, დალია კოკა-კოლა და საჭმელიც შეჭამა, რაც ეწინააღმდეგება მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მას არ ჰქონდა გადაადგილების საშუალება. ვიდეოკამერების ჩანაწერებით კი დგინდება, რომ დ. კ–ი შეუფერხებლად, სრულიად ჯანმრთელი გამოდის სადარბაზოდან. მისი განცხადებით კი 20 წუთის განმავლობაში იდგა ქუჩაში, რა დროსაც თავისუფლად შეეძლო ეთხოვა დახმარება, თუ მართლა რაიმე საფრთხეს გრძნობდა ან ვინმე რამეს უშავებდა. მისი ჩვენების შეფასებით ცალსახად დგინდება, რომ სახეზეა ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ნარკოტიკული საშუალება ალფა პვპ-ს მოხმარებას, კერძოდ, პარანოია, ჰალუცინაციები და სხვა. სისხლის სამარათლის საქმეში კი არ არის წარმოდგენილი სხვა პირდაპირი მტკიცებულება რომელიც დაადასტურებდა კ. ლ–ს მიერ მისთვის მსჯავრადშერაცხული დანაშაულის ჩადენას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას რ. ა–ს, დ. ს–ს, კ. ლ–ს და ვ. ჯ–ს მსჯავრდების შესახებ. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულების მიერ მათთვის მსჯავრადშერაცხილი ქმედებების ჩადენას. ვინაიდან, კასატორები საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებენ საპროცესო ნორმათა დარღვევაზე, გამოკვლეულ მტკიცებულებათა არასათანადო და არასწორი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს განაჩენის უკანონობაზე, ასევე მიუთითებენ, რომ სასამართლომ მცდარი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, მიუთითოს მოქმედი კანონმდებლობის იმ სამართლებრივ ნორმებზე, რომლებითაც დგინდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტები.

5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საპროცესო კოდექსის ისეთ დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა, შესაძლოა, ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევით, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.

5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ხოლო მესამე ნაწილის შესაბამისად, კი: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v. the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014).

5.9. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, სასამართლოში საპროცესო ნორმათა დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად შეაფასა საქმეში არსებული თითოეული მტკიცებულების დამაჯერებლობა, უტყუარობა და მნიშვნელობა რელევანტური ფაქტების დასადგენად. სააპელაციო სასამართლომ დაწვრილებით მიმოიხილა თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მასში გადმოცემულ ინფორმაციათა მიმართება ბრალდების ფორმულირებაში ასახულ ფაქტებთან და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარით დაადგინა, რომ რ. ა–მ და დ. ს–მ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ხოლო ვ. ჯ–მ და კ. ლ–მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

5.10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზარალებულ დ. კ–ს ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან დაწვრილებით, დეტალურად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად გადმოსცა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც სრულად თანხვდენილია მოწმეთა ჩვენებებთან და სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა ნეიტრალურ მტკიცებულებებთან. საქმეში არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც სასამართლოს დაზარალებულის მიკერძოებასა და დაინტერესებაში დაარწმუნებდა. ამასთან, ის ფაქტი, რომ დაზარალებული არის ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი და შესაძლოა (დაცვის მხარის განმარტებით), ბრალდებულადაც არის ცნობილი ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენაში, არ ხდის მის მიერ ფიცის ქვეშ მიცემულ ჩვენებას არასანდოდ. პალატის შეფასებით, დაცვის მხარის აღნიშნული აპელირება მიმართულია დაზარალებულის დისკრედიტაციისა და მსჯავრდებულებისათვის პასუხიმგებლობის არიდებისკენ.

5.11. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ 2021 წლის 14 ივლისს ნ. ზ–ამ თ–ში, ........ას ქუჩა, კორპუსი №..-ის, ბინა №..-ში მდებარე, მის მიერ წინასწარ ნაქირავებ ბინაში, მოტყუებით მიიყვანა დ. კ–სი რის შემდგომ ჯგუფურად ლ. ხ–ითან, კ. ლ–თან, რ. ა–სთან, ვ. ჯ–სთან და დ. ს–სთან ერთად აღუკვეთეს თავისუფლება. 2021 წლის 15 ივლისს, შუადღისას ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანეს დ–ს რაიონის სოფელ ბ–ში არსებულ საცხოვრებელ სახლში. ზემოხსნებული პირები დაზარალებულის მიმართ ფიზიკურად ძალადობდნენ, მას არ მისცეს სახლის დატოვების უფლება, აღუკვეთეს თავისუფალად გადაადგილების შესაძლებლობა, რითაც ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

5.12. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ დ. კ–ს ჩვენებით, მოწმე ნ. ბ–ს ჩვენებით და მისი ტელეფონის დათვალიერების ოქმით, ასევე მსჯავრდებულ ნ. ზ–ას ჩვენებით დადგინდა, რომ ნ. ზ–ამ მის მიერ ნაქირავებ ბინაში, მოტყუებით მიიყვანა დ. კ–ი, სადაც წინასწარი შეთანხმებისამებრ მივიდნენ ლ. ხ–ი, რ. ა–ს, ვ. ჯ–ე, კ. ლ–ს და დ. ს–ე. ის ფაქტი, რომ ზემოხსენებულმა პირებმა სხვა დანაშაულის – ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს დ. კ–ს დასტურდება დაზარალებულის ჩვენებით, რომელიც გამყარებულია ისეთი ნეიტრალური მტკიცებულებებით, როგორიცაა გარე სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერები. მათ შორის, თ–ში, შ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარე სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერის მიხედვით, 2021 წლის 15 ივლისს 15:38:47 საათზე იღება სადარბაზოს კარი, საიდანაც გამოდის დ. ს–ე, რომელიც საუბრობს ტელეფონზე, 15:38:52 საათზე ეფარება თვალთახედვის არეს. 15:58:20 საათზე სადარბაზოდან გამოდიან ვ. ჯ–ე და ნ. ზ–ა, ნ. ზ–ას მარჯვენა მკლავზე აქვს ტატუ და გადაკიდებული აქვს მოყავისფრო ფერის ზურგჩანთა, რომლებიც ჩერდებიან სადარბაზოს წინ და ერთმანეთში საუბრობენ. 15:58:31 საათზე, კი სადარბაზოდან გამოდის ორი პირი, რომელთაგან მარჯვენა მხარეს მდგომი არის კ. ლ–ს, მას ორივე ხელი შემოხვეული აქვს მარცხენა მხარეს მდგომ მამაკაცზე, რომელსაც ტანზე მოცმული აქვს შავი ფერის კაპიუშონიანი მაისური და აცვია შორტი. ხსენებული მამაკაცი კ. ლ–ს მიჰყავს საავტომობილო გზის მიმართულებით, რომლებსაც ფეხდაფეხ უკან მიჰყვება ლ. ხ–ი. აღნიშნული პირები 15:58:39 საათზე ეფარებიან კამერის თვალთახედვის არეს. დაზარალებულის მიერ მითითებული გარემოება, რომ იგი თ–დან გაიყვანეს ქალაქგარეთ დასტურდება, როგორც სატელეფონო ანძებისა და ინტერნეტტრაფიკის მონაცემებით, ასევე სოფელ მ–ში ცენტრალური საავტომობილო გზის პირას არსებული ,,..“ აფთიაქსა და მაღაზია ,,მ–დან“ გამოთხოვილი გარესამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, რომლითაც დადგენილია, რომ საავტომობილო გზიდან მარცხენა მხარეს ჩერდება შავი ფერის ,,ფოლკსვაგენის“ ფირმის მსუბუქი ავტომობილი, საიდანაც გადმოდის საშუალო სიმაღლისა და აგებულების მამაკაცი – დ. ს–სე, რომელსაც აცვია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ღია ფერის მოკლემკლავებიანი მაისური, მუქი ფერის წვრილი ზოლებით. ამასთან, 2021 წლის 10 ნოემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N...........დასკვნის თანახმად, თ–ში, პ–ს გამზირი №..-ის ავტოსადგომზე გაჩერებული დ. ს–სის კუთვნილი ავტომანქანა „Volkswagen cc“-ს სახ.ნომრით ........-ის წინა მარცხენა, წინა - მარჯვენა და უკანა სავარძლის ზედაპირებიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია დაზარალებულ დ. კ–საგან და ბრალდებულების რ. ა–საგან, ვ. ჯ–საგან, დ. ს–საგან და კ. ლ–საგან აღებული სუნის ნიმუშების, ხოლო არაიდენტურია ლ. ხ–საგან აღებული სუნის ნიმუშის. აღნიშნულს ადასტურებს ასევე, მსჯავრდებულებთან განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ჩანაწერებიც. შესაბამისად, აღნიშნული მტკიცებულებები ქმნის იმ ჯაჭვს, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს, რომ რ. ა–მ, დ. ს–მ, კ. ლ–მა და ვ. ჯ–მ ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით.

5.13. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს რ. ა–ს, ვ. ჯ–ს, კ. ლ–სს და დ. ს–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას. კერძოდ, დადგენილია, რომ ნ. ზ–ამ მის მიერ ნაქირავებ ბინაში, მოტყუებით მიიყვანა დ. კ–ი, სადაც წინასწარი შეთანხმებისამებრ მივიდნენ ლ. ხ–ი, რ. ა–ს, ვ. ჯ–ე, კ. ლ–ს და დ. ს–ე. დაზარალებულმა დ. კ–მა განმარტა, რომ ზემოხსენებულ ბინაში მისი მისვლიდან დაახლოებით 25 წუთში ბინაში შევიდა მისთვის უცნობი ხუთი პიროვნება. ვ. ჯ–მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თავში ჩაარტყა ხელკეტი, რის შემდგომაც ვ–მ თავის მეგობრებთან ერთად შეიყვანა ოთახში, სადაც დაუწყეს ცემა და სთხოვდნენ გაურკვეველი ოდენობის ფულად თანხას. რუსულ ენაზე მოსაუბრე მისთვის უცნობმა პიროვნებამ – რ. ა–მ მხოლოდ ერთხელ წამოარტყა თავში ხელი, თუმცა მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს ესწრებოდა. ფიზიკური ძალადობის მომენტში წაართვეს მობილური ტელეფონი, რომლის ქეისის უკანა მხარეს ედო ,,ა–ს“ ბარათი და ითხოვდნენ მობილური ტელეფონის კოდს. რის გამჟღავნებაზეც მან უარი განუცხადა. აღნიშნულით განაწყენებულებმა იგი ძირს დააგდეს და დაუწყეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ცემის შემდგომ ლ. ხ–იმა აიღო უთო და გადააწოდა ნ. ზ–ას. მათ უთო მიადეს ფეხზე და ხელზე, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაიწყო მაღალ ხმაზე ყვირილი, ხოლო ოთახში მყოფი დანარჩენი პირები მას აკავებდნენ საწოლზე და ყვირილის ჩასახშობად პირზე აფარებდნენ ხელს. მას შემდეგ რაც მან ფიზიკურ ტკივილებს ვეღარ გაუძლო, უთხრა მათ ბარათის პაროლი, რის შემდეგაც ვ. ჯ–ე და დ. ს–ე წავიდნენ ბარათიდან თანხის ასაღებად. მათი წასვლის შემდგომ, დანარჩენები აგრძელებდნენ მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას და დაშინებას. ვ. ჯ–ს და დ. ს–ს დაბრუნებისას გაირკვა, რომ ბარათზე მხოლოდ 320 ლარი ჰქონდა, რის შემდეგაც დაიწყეს ტელეფონის საშუალებით სხვა ანგარიშების შემოწმება. გაადამოწმეს ,,b–e“-ის ანგარიში, სადაც ნახეს მოგებული თანხა და ბიტკოინების ფოტოები. მას ეს თანხა ანგარიშზე აღარ ჰქონდა, რადგან წააგო და არც ბიტკოინი წარმოადგენდა მის საკუთრებას. მათ იგი შეიყვანეს აბაზანაში, გადააფარეს სახეზე პირსახოცი და მიუშვირეს ცივი წყლის ჭავლი. ამ ქმედებებს ახორციელებდნენ ვ. და კ–ი. მოგვიანებით, კი კვლავ ოთახში დააბრუნეს, ნ–ს მიაწოდეს ხელკეტი და უთხრეს, რომ ეხლა მისი ჯერი იყო და უნდა დაერტყა. ნ. ზ–მ მას გამეტებით ურტყა ხელკეტი.

5.14. დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია მოწმე ტ. კ–ს ჩვენებით, რომელიც მართალია არ არის ფაქტის თვითმხილველი, თუმცა დ. კ–ს სხეულზე არსებულ დაზიანებებთან და მის ემოციურ მდგომარეობასთან დაკავშირებით წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას და თანხვდენილია დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასთან. კერძოდ, მოწმემ განმარტა, რომ მისი შვილი დ–ი 2021 წლის 14 ივლისს გავიდა სახლიდან და რადგან დაბურნება დააგვიანა ურეკავდა რათა გაერკვია თუ სად იმყოფებოდა იგი. თავდაპირველად არ პასუხობდა, ხოლო როცა დ–მ უპასუხა, უთხრა, რომ იმყოფებოდა მეგობარ გოგონასთან და არ ენერვიულა. ამის შემდგომ, მაინც აგრძელებდა პერიოდულად დაკავშირებას. დ–ი ზარებს ხან პასუხობდა, ხან არა. იგი სახლში 2021 წლის 15 ივლისს საღამოს ცხრა საათზე დაბრუნდა, ეცვა სხვა ტანსაცმელი, კაპიუშონი ჰქონდა თავზე წამოფარებული და შუქს არ ანთებდა, სახეს უმალავდა და შედიოდა სხვადასხვა ოთახში. ამის შემდეგ, თავად გადახადა კაპიუშონი და დაინახა, რომ სახეზე ჰქონდა არაერთი დაზიანება, იყო სისხლიანი, დანა ან რაიმე მსგავსი ჰქონდა სახეში დარტყმული, ისე იყო ,,დალეწილი“, რომ ვერცერთ ხელს მაღლა ვერ წევდა. მან შვილი შეიყვანა სააბაზანო ოთახში, შეეცადა ჩამოებანა სისხლი. დ–იმ აუკრძალა 112-ში დარეკვა და უთხრა, რომ თუ დარეკავდა სახლიდან წავიდოდა. ორი დღის განმავლობაში დ–ი იმყოფებოდა სახლში, არ გასულა არსად, რადგან ჰქონდა ფიზიკური დაზიანებები.

5.15. სამედიცინო ექსპერტიზის N........... დასკვნით, 2021 წლის 20 ივლისს მოქ. დ. კ–ს სხეულზე აღენიშნებოდა: ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები, - ნაკაწრები, დამწვრობითი უბნები, სწორკიდეებიანი და უსწოროკიდეებიანი ჭრილობები. დაზიანებები ერთობლიობაში მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღებს. დამწვრობითი უბნები განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი მოქმედების შედეგად და როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რამე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; სხვა ყველა დაზიანება როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები მოქმედების შედეგად. სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები და უსწოროკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით.

5.16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ასევე დასტურდება ნ. ბ–ს ჩვენებით და მისი ტელეფონის დათვალიერების ოქმით, მსჯავრდებულებთან – დ. ს–სთან და ნ. ზ–ასთან განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ჩანაწერებით, თ–ი, შ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის, თ–ი, შ–ს ქუჩა N.... მდებარე ,,....“-ს აფთიაქის, და თბილისი, შ–ს ქუჩა N..-ში მდებარე ,,..... ბანკის“ გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, შპს ,,..... დან“ და ,,........დან“ გამოთხოვილი სატელეფონო ანძებისა და ინტერნეტტრაფიკების მონაცემებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ჰაბიტოსკოპიურ, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით.

5.17. რაც შეეხება მსჯავრდებულების ვ. ჯ–სა და კ. ლ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, მოცემულ შემთხვევაშიც, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ დაზარალებულ დ. კ–ს და მოწმე ტ. კ–ს ჩვენებებით, N......... შეტყობინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შეთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული მობილური ტელეფონითა და თ–ი, ც–ს ქუჩა N..-ში მდებარე სილმაზის სალონ შპს ,,...........ის“ და სუპერმარკეტ ,,....ს“ გარესამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით, ოდოროლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, მსჯავრდებულების ვ. ჯ–სა და კ. ლ–ს ამოცნობის ოქმებით, ჰაბიტოსკოპიურ, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურებულია, რომ 2021 წლის 18 ივლისს, დაახლოებით 23:30 საათზე, ქ. თ–ში, .........ის ქუჩა N..-ში, მდებარე დ. კ–ს საცხოვრებელ ბინა N..-ის კართან დ. კ–ს ვ. ჯ–მ და კ. ლ–მმა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად, თავში ჩაარტყეს ბლაგვი საგანი, უკანონოდ შეაღწიეს მის საცხოვრებელ ბინა N..-ში, საიდანაც აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლნენ დ. კ–ს კუთვნილ ნივთებს - საფულეს მასში მოთავსებული ბარათებითა და 125 ლარით, ორ ცალ მაჯის საათს და ორ ცალ მობილურ ტელეფონს.

5.18. რაც შეეხება დ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. გ–ს საკასაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას, რომ დ. ს–ე არ მონაწილეობდა დ. კ–ს მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ რაიმე სახის ძალადობაში. ასევე ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული თუ რა სახის და რომელი დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა დ. ს–მ, არ დადგენილა თუ ვის რა როლი გააჩნდა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს, საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლზე, რომელიც მოიცავს ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას, კერძოდ: ამ მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

5.19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულის ჩადენამდე დროის ხანგრძლივი პერიოდი, მთავარია შეთანხმება არსებობდეს ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე, რაც უნდა დადასტურდეს საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით. შეთანხმება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც სიტყვიერი ფორმით ასევე არავერბალური ფორმითაც, კერძოდ, გამოიხატოს ჟესტებით და მიმიკებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩენი საქმეზე №618აპ-15).

5.20. საკასაციო სასამართლომ საქმეზე №1399აპ-23 განმარტა, რომ დანაშაულში თანაამსრულებლობის ბუნებიდან გამომდინარე, აუცილებელია, დანაშაულის ამსრულებლები ერთობლივად და უშუალოდ მონაწილეობდნენ დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში. ამასთან, შესაძლებელია განსხვავებული იყოს ამსრულებელთა როლი და მონაწილეობის ხარისხი დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის რომელიმე ელემენტის რეალიზებისას, თუმცა გადამწყვეტია, რომ თითოეული სუბიექტის მიერ შესრულებული ქმედება (მოქმედება თუ უმოქმედობა) განაპირობებდეს დამნაშავეთა ერთიანი განზრახვის სისრულეში მოყვანას.

5.21. ზემოხსენებული მტკიცებულებების საერთო ანალიზიდან გამომდინარე კი, დგინდება, რომ რ. ა–მ, დ. ს–მ, კ. ლ–მა, ვ. ჯ–მ, ნ. ზ–სა და ლ. ხ–თან ერთად, ერთდროულად და უშუალოდ დაიწყეს დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ნიშნების განხორციელება, რა დროსაც მათ აშკარად გამოიყენეს ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის დამახასიათებელი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის ხერხი, ასევე აქტიურად მოქმედებდნენ - დაზარალებულის წინააღმდეგობისა და ნების იმწუთიერი დათრგუნვის მიზნით. ამდენად, ისინი მოქმედებდნენ საერთო მიზნითა და განზრახვით, თითოეულმა მათგანმა თავისი ქმედებით ხელი შეუწყო დანაშაულის განხორციელებას, რითიც ისინი გახდნენ ამ დანაშაულების თანაამსრულებლები.

5.22. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.23. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.24. შესაბამისად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ რ. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. ქ–ს, მსჯავრდებულ დ. ს–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ზ. გ–ს, მსჯავრდებულ კ. ლ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის მ. მ–მის, მსჯავრდებულ ვ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების დ. ბ–სა და ნ. ს–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე