Facebook Twitter

საქმე N 330100123007000072

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №382აპ-24 25 ივნისი, 2024 წელი

ბ–ი გ., №382აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ბ–იი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, გ. ბ–ი ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი მას ქალი არ უნდა შეეწინააღმდეგოს, უკრძალავდა სხვაგან წასვლას და უკონტროლებდა ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, 2023 წლის 25 იანვარს, ქ. თ–ში, მ–ს მე-.. მ/რ, კორპუსი №.., ბინა №..-ში გ. ბ–მა მეუღლეს ლ. ვ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ორივე ხელი მოჰკიდა ორივე მკლავში და რამოდენიმეჯერ მიახეთქა კედელზე, რა დროსაც დაზარალებულმა თითოეული ქმედებისას განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.3. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, გ. ბ–ი ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი მას ქალი არ უნდა შეეწინააღმდეგოს, უკრძალავდა სხვაგან წასვლას და უკონტროლებდა ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, 2022 წლის ოქტომბრის თვეში, ქ. ქ. თ–ში, მ–ს მე-.. მ/რ, კორპუსი №.., ბინა №..-ში გ. ბ–მა მეუღლეს ლ. ვ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მსხალი ესროლა რომელიც მოხვდა წვივის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.4. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, გ. ბ–ი ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი მას ქალი არ უნდა შეეწინააღმდეგოს, უკრძალავდა სხვაგან წასვლას და უკონტროლებდა ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, 2023 წლის 25 იანვარს, ქ. თ–ში, მ–ს მე-.. მ/რ, კორპუსი №.., ბინა №..-ში გ. ბ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ლ. ვ–ს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, გ. ბ–ი ფიქრობდა, რომ ვინაიდან არის მამაკაცი მას ქალი არ უნდა შეეწინააღმდეგოს, უკრძალავდა სხვაგან წასვლას და უკონტროლებდა ჩაცმულობას. აღნიშნული მოტივით, 2023 წლის იანვრის თვის დასაწყისში, ქ. თ–ში, მ–ს მე-.. მ/რ, კორპუსი №.., ბინა №..-ში გ. ბ–ი, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ლ. ვ–სს, რაც დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ბ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (გენდერული დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ - ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენით, გ. ბ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2023 წლის 25 იანვრის და 2022 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდები) საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2023 წლის 25 იანვრის და 2023 წლის იანვრის თვის დასაწყისის ეპიზოდები) წარდგენილი ბრალდებით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა და მოითხოვა გ. ბ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 12 მარტს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ გიგაურმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 21 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, გ. ბ–ს ყველა წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, ვინაიდან არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება გ. ბ–ს მიერ მისთვის ბარალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. მართალია, დაზარალებულმა არ მისცა მეუღლის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება, თუმცა სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ამასთან, მსჯავრდებულის მიერ დუმილის უფლების გამოყენება არ უნდა გამხდარდარიყო მსჯავრდებულთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის გაუზიარებლობის საფუძველი და სასამართლოს ის უნდა მიეჩნია დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებად. ბრალდების მხარეს გასათვალისწინებელ გარემოებად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ოჯახური დანაშაულები არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით. ამასათან, სახელწიფოს ვალდებულებაა აღკვეთოს დანაშაული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს №97აპ-20 განაჩენში კი განმარტებულია, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა აპრიორი არ ნიშნავს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, კი ქმნიან იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ბ–იის გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულმა ლ. ვ–მა სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. ამასთან, ვინაიდან გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მან სასამართლოში არ დაადასტურა. გარდა ამისა, არ იკვეთება, რომ მან ამ უფლებით ისარგებლეს გ. ბ–ს მხრიდან მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, დაშინების ან სხვაგვარი ზეგავლენის გამო.

5.4. მართალია, როდესაც დაზარალებული სარგებლობის მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით – არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს – ავტომატურად არ იწვევს პირის გამართლებას და სამართლებრივი სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, დაიცვას ისინი დანაშაულებრივი ქმედებისაგან, შეამციროს დანაშაული და ებრძოლოს მას, თუმცა იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია პირდაპირი, ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რაც დაადასტურებს გ. ბ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედების ჩადენას.

5.5. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები არ არიან ფაქტის თვითმხილველნი და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.6. რაც შეეხება, დანაშაულის შესახებ განცხადებას, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს და შემაკავებელ ორდერს, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა არ მისცა ჩვენება სასამართლოს, ხოლო ბრალდებულმა უარყო აღნიშნული ქმედებების ჩადენა, ხსენებული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს და არ არის საკმარისი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.10. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ გიგაურის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე