Facebook Twitter
3კ-1009-02

3კ-1009-02 31 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ.Gგოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. Gგოჩელშვილი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: სესხის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. ა.-მ და ხ. თ.-მ ლ. მ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს თანხის _ 8930 აშშ დოლარის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მათ 1997 წ. 30 აგვისტოს მოპასუხეს ასესხეს 1100 აშშ დოლარი, თვეში 20% სარგებლით. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელეებმა მოთხოვნა დააზუსტეს და მოპასუხისაგან მოითხოვეს 1050 აშშ დოლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

გორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ლ. მ.-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ 1050 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება; მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ 1999წ. დეკემბრიდან, როცა მოპასუხემ კრედიტორებს 150 აშშ დოლარი გადაუხადა, ხოლო ამის შემდეგ თანხა აღარ გადაუხდია.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად სკ-ს 129-ე, 130-ე, 624-ე, 1507-ე მუხლებზე მიუთითა.

ლ. მ.-მ გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 მაისის გადაწყვეტილებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ იყო დადადსტურებული ვალის არსებობა, კერძოდ, მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს მტკიცებულება სესხის გადაცემის შესახებ. სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს 624-ე მუხლით და მიუთითა, რომ ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დასადგენად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები არაა საკმარისი.

ე. ა.-ე და ხ. თ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 624-ე მუხლი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 410-ე მუხლით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 624-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე სარჩელში მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებს. სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილით საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მოსარჩელე თანხის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მხარეებს შორის დაიდო სესხის ზეპირი ხელშეკრულება. სკ-ს 624-ე მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირად, მაგრამ ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ე.ი. დავის შემთხვევაში ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საჭიროა წერილობითი მტკიცებულებების წარდგენა.

პალატა მიუთითებს, რომAაღნიშნული ნორმის საფუძველზე, მართალია, სესხის ხელშეკრულება ნებისმიერ თანხაზე, ან ნივთზე შესაძლებელია ზეპირი ფორმით დაიდოს, მაგრამ კანონი წერილობითი ფორმით დადებულ ხელშეკრულებას განსაზღვრულ უპირატესობას ანიჭებს, რაც იმაში ვლინდება, რომ წერილობითი ფორმის სესხის ხელშეკრულების სადავოდ გახდომისას მხარეთა ინტერესების დაცვა უფრო მეტადაა გარანტირებული. ამდენად პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ს 624-ე მუხლი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. ა.-ის და ხ. თ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 1 მაისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლები გაეგზავნოს მხარეებს.