საქმე N 330100122006609747
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №244აპ-24 24 ივნისი, 2024 წელი
გ–ა დ., №244აპ-24 თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის
საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ. ფ–სა და ი. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. დ. გ–ს (დაბადებული: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:
1.2. 2022 წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, დ. გ–მ თანამზრახველთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ქ. თ–ში, გ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები გ. ბ–ს კუთვნილ თანხას 260 ლარის ოდენობით, ლ. ბ–სის კუთვნილ 40 ლარად ღირებულ „CONVERS“-ის ფირმის ზურგჩანთას და 30 ლარად ღირებულ მაჯის საათს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ლ. ბ–ს საერთო ჯამში მიადგა 70 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო გ. ბ–ს – 260 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით, დ. გ–ს ცნობილ იქნა უდანაშაულოდ უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით.
დ. გ–ს ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით დადგენილი იქნა შემდეგი:
2022 წლის 1 ნოემბერს, ღამის საათებში, დ. გ–მ ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია ქ. თ–ში, გ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები გ. ბ–სის კუთვნილ თანხას 260 ლარის ოდენობით, ლ. ბ–ს კუთვნილ 40 ლარად ღირებულ „CONVERS“-ის ფირმის ზურგჩანთას და 30 ლარად ღირებულ მაჯის საათს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ლ. ბ–სს საერთო ჯამში მიადგა 70 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო გ. ბ–ს – 260 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა დ. გ–ს უდანაშაულოდ ცნობა.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ასევე გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანჟელა გეთიამ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. გ–ს დამნაშავედ ცნობა ბრალადწარდგენილი კვალიფიკაციით.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3.2. 2024 წლის 15 იანვარს, მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ. ფ–მა და ი. მ–მა, საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორების არგუმენტები:
4.1. კასატორების მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ. ფ–სა და ი. მ–ს პოზიციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი უკანონოა, ვინაიდან იგი არ ემყარება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობის ანალიზს. დ. გ–ს მიმართ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არცერთი უტყუარი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მან შეაღწია დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში და ფარულად დაეუფლა მათ კუთვნილ ნივთებს. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით, ბინაში უკანონოდ შეღწევა შესაძლოა განხორციელებული იყოს ვინმე ა. ჯ–ს ძე ძ–ს მიერ. სუნის ნიმუშზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კი არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას, ვინაიდან ნიმუშის გამოკვლევის ეტაპზე დადასტურდა, რომ სუნის კვალის ნიმუშის ქილაზე გადაკრული იყო გამჭვირვალე, არაერთჯერადი გამოყენების წებოვანი ლენტი, რომლის ახსნა და ისევ დამაგრება ისე იყო შესაძლებელი, რომ მისი დაზიანება არ მომხდარიყო. ამდენად, სრულიად შესაძლებელი იყო იმ ქილაში, სადაც დ. გ–ს სუნის ნიმუში მოთავსდა, მის ნაცვლად სხვა პირის სუნის ნიმუშის მოთავსება. გარდა ამისა, გააქტივირებული ნახშირის მოთავსების ქილისა და დ. გ–საგან დოლბანდებით აღებული სუნის ნიმუშის ქილების ერთმანეთთან ახლოს განთავსებით, შეიძლებოდა დ. გ–ს სუნის ნიმუში და ბ–ების სახლიდან აღებული სუნის ნიმუში ყოფილიყო იდენტური და ის ამოეცნო სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლს. ლუქის მოხსნისა და ხელახლა დამაგრების შესაძლებლობა არ უარყო ექსპერტმა და ისიც დაადასტურა, რომ მოხსნის კვალი ქილაზე დარჩებოდა. კასატორების პოზიციით, ასევე არადამაჯერებელია მოწმეების ჩვენებებიც, მათ შორის ლ. ბ–ს ჩვენება, როდესაც განმარტა, რომ დედამისსმა ფანჯარა სიცხის გამო გახსნა, მაშინ როცა ქალაქში შემთხვევის ღამეს ტემპერატურა 3 გრადუსამდე იყო დაცემული. ამასთან, თავდაპირველად უთითებდა, რომ საფულეში არაფერი ედო, შემდეგ განაცხადა, რომ ფული არა, მაგრამ პირადობა და ბარათები ჰქონდა. საინტერესოა ისიც, რომ მაჯის საათი სისხლის სამართლის საქმეში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც მსჯავრდებულის ბინაში ჩხრეკა ჩატარდა და რეალურად დ. გ–სს კუთვნილი მაჯის საათი ამოიღეს. ამოღებული მაჯის საათის მსჯავრდებულისადმი კუთვნილებას ადასტურებს დაცვის მხარის მოწმე ვ. ვ–ე, რომელმაც თავად აჩუქა დ. გ–ს აღნიშნული. საათის დაკარგვის შესახებ გამოძიების ეტაპზე არც დაზარალებულების დედას – ნ. კ–ს უთქვამს. კასატორის აზრით, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს დ. გ–ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი, ვინაიდან ექსპერიმენტის მიზნისა და წესის შესახებ დ. გ–მ საერთოდ არაფერი იცოდა. იგი თარჯიმნის განზრახ არასწორი თარგმანის გამო ასრულებდა მითითებებს. ამ უკანასკნელმა სასამართლო სხდომაზე ცალსახად გამოავლინა პირადი ინტერესი საქმესთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივად, განზრახ არასწორად თარგმანის მოტივაციაა. საქმეში არ მოიპოვება დ. გ–ს მამხილებელი სხვა მტკიცებულება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ნივთები ამოიღეს დ. გ–ს მიერ ნაქირავები სახლიდან - არ ადასტურებს მის მიერ ნივთების ფარულად დაუფლების ფაქტს.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ მიუთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების კვალიფიკაციასთან ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას.
5.3. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია წარმოდგენილი მტკიცებულებები, დ. გ–ს მიმართ ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები და თავის დასაბუთებულ განაჩენში სრულყოფილად განმარტა ყველა ის გარემოება, რის გამოც, მიიჩნია, რომ არ არსებობდა დ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებით დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტი, ასევე ის გარემოებები, რის გამოც დადასტურებულად მიიჩნია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე, ასევე დაცვის მხარის განმარტებას მტკიცებულებათა საპროცესო ნორმების დარღვევით მოპოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად უპასუხეს დაცვის მხარეს, სასამართლოებმა გადაწყვეტილებებში მიუთითეს იმ ძირითად არგუმენტებზე, რის გამოც არ გაიზიარეს დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულობასთან მიმართებით.
5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულების – გ. და ლ. ბ–ების, მოწმე – ნ. კ–ს ჩვენებებზე, რომლითაც დადგენილია, თუ რა ვითარებაში განხორციელდა მათ ბინაში უკანონო შეღწევა და რა სახის ქონებას დაეუფლა დამნაშავე. მათ თანმიმდევრულად და ერთმანეთის იდენტურად განმარტეს, რომ შემთხვევის დღეს სახლში მხოლოდ ოჯახის წევრები იყვნენ. ღამით ოთახში ფანჯარა ღია ნ. კ–მ დატოვა, დილით სწორედ მანვე აღმოაჩინა, რომ ფანჯარა მიხურული იყო, ხოლო მისი შვილების (გ. და ლ. ბ–ს) საფულეები ამობრუნებული. მათი ჩვენებები თანხვდენილია და არცერთ მათგანს არ მიუთითებია ურთიერთსაწინააღმდეგო გარემოებებზე. ხოლო ის ფაქტი, რომ ლ. ბ–მა მოგვიანებით, დამატებით განაცხადა საათის დაკარგვის შესახებ, ვერ გახდება მოწმეთა ჩვენებებში ეჭვის შეტანის საფუძველი. საგნის ამოცნობის ოქმების თანახმად, დაზარალებულმა ლ. ბ–მა ამოიცნო პირადი ნივთები, რომელიც სამართალდამცავებმა დ. გ–ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ლ. ბ–სთან კუთვნილი ზურგჩანთისა და მაჯის საათის ამოცნობა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით დადგენილი წესების სრული დაცვით მოხდა. თითოეულ შემთხვევაში ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი წარედგინა ორ სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად, რა დროსაც ლ. ბ–სმა მიუთითა მის კუთვნილ ნივთებზე და განმარტა, თუ რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო კუთვნილი ნივთები. დაზარალებულმა სასამართლოში ვრცლად ისაუბრა კუთვნილი ზურგჩანთისა და საათის მახასიათებლებზე. რაც შეეხება, იმ გარემოებას, რომ ლ. ბ–ს არ ახსოვს სრულყოფილად საათზე არსებული ყველა წარწერა, დეფექტი და დეტალი მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი ვერ გახდება. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ის, რომ ლ. ბ–მა მიუთითა კუთვნილი ნივთების იმგვარ ნიშან-თვისებებზე, რაც თითოეულ შემთხვევაში საკმარისი აღმოჩნდა ნივთის იდენტიფიცირებისათვის. ამდენად, დ. გ–ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები და ამოცნობის ოქმები თანხვდენილია დაზარალებულ ლ. ბ–სის, გ. ბ–სა და მოწმე ნ. კ–ს ჩვენებებთან, ხოლო საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა შ. კ–ს, ნ. გ–ს, ნ. ფ–ს, მ. ღ–ს, მ. ს–ს, ზ. გ–ს, ზ. ა–ს, მ. ბ–სა და გ. გ–ს ჩვენებებით დაადასტურებულია მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა, რომელში ეჭვის შეტანის საფუძველიც არ არსებობს. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი, ცალსახად იქნა დადგენილი, რომ ქ. თ–ში, გ–ს ქუჩა №..-ში მდებარე გ. ბ–ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია დ. გ–სგან აღებული სუნის ნიმუშის.
5.6. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ცალკე დ. გ–ს ბინის ჩხრეკის შედეგად დაზარალებულის ნივთების ამოღების ფაქტი შესაძლოა საკმარისი არ ყოფილიყო პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნასთან, ამოცნობის ოქმებთან და მოწმეთა ჩვენებებთან ერთად, ხსენებული ქმნის იმ ლოგიკურ ჯაჭვს, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს მტკიცებულებების შეფასების მხოლოდ საკმარისად ძლიერი და შეთანხმებული დასკვნებიდან.
5.7. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა არარსებობის თაობაზე და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ კუმულაციურად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება, როგორიცაა: მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შეთანხმებულ, ურთიერთთავსებად უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, ყველა ის არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც დაცვის მხარე გამორიცხავს მსჯავრდებულის ბრალეულობას, გონივრულ ეჭვს მიღმა გაქარწყლებულია წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი ანალიზის შედეგად.
5.8. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილი ადგენს, რომ: „არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს“. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).
5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე უფლებამოსილია, წარმოადგინოს მტკიცებულებები და არგუმენტები, რომლებიც დაეხმარება სასამართლოს კრიტიკულად შეაფასოს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დაუპირისპიროს ისინი ერთმანეთს, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის მხარეს, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულება, რაც საეჭვოს გახდიდა დ. გ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულის ჩადენის ფაქტს ანდა საეჭვოს გახდიდა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების სანდოობას.
5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ როდესაც საკასაციო სასამართლო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ დ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ. ფ–სა და ი. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე