Facebook Twitter

საქმე N 330100121004599081

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №170აპ-24 13 ივნისი, 2023 წელი

დ–ე გ., №170აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. დ–ე (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის 2 მარტს, დაახლოებით 00:20 საათზე, ნასვამი გ. დ–ი, მივიდა ქ. თ–ში, ......ის გამზირზე №....-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აკაკუნებდა კორპუსის სხვადასხვა ბინის კარზე და ეძებდა მის ყოფილ მეუღლეს. იმავე კორპუსის მე-.. სართულზე, №..-ე ბინის კარზე დაკაკუნების შემდეგ, კარი გააღო გ. დ–მ, რა დროსაც მათ შორის წარიმართა კამათი და გ. დ–ი მის ხელთ არსებული სამზარეულოს დანით დაემუქრა გ. დ–ს, რომ თუ მის მეუღლეს არ დაუძახებდა, ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა. აღნიშნულით განაწყენებულმა გ. დ–მ აიღო მის შესასვლელ კართან არსებული ნაჯახი და რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა გ. დ–ს თავის არეში, რითაც მიაყენა სკალპის ზედაპირული ტრავმა, თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა და ქალა სარქველის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს.

1.3. 2021 წლის 2 მარტს, დაახლოებით 00:20 საათზე, ნასვამი გ. დ–ი, მივიდა ქ.თ–ში, .....ის გამზირზე №...-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აკაკუნებდა კორპუსის სხვადასხვა ბინის კარზე და ეძებდა მის ყოფილ მეუღლეს. იმავე კორპუსის მე-.. სართულზე, №..-ე ბინის კარზე დაკაკუნების შემდეგ, კარი გააღო გ. დ–მ, რა დროსაც მათ შორის წარიმართა კამათი და გ. დ–ი მის ხელთ არსებული სამზარეულოს დანით დაემუქრა გ. დ–ს, რომ თუ მის მეუღლეს არ დაუძახებდა, ყელს გამოჭრიდა და მოკლავდა. აღნიშნულზე განაწყენებულმა გ. დ–მ აიღო მის შესასვლელ კართან არსებული ნაჯახი და რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა გ. დ–ს თავის არეში, რითაც მიაყენა სკალპის ზედაპირული ტრავმა, თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა და ქალა სარქველის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს. აღნიშნულის შემდეგ გ. დ–ე შევიდა სახლში, ჩაკეტა კარი, ხოლო გ. დ–მა დაიწყო კიბეებით ჩასვლა კორპუსის გასასვლელისკენ, თუმცა გ. დ–ე გამოვიდა სახლიდან, დაედევნა მას, ფეხის გამოდებით დააგორა კიბეებზე და დაუწყო ხელებით და ფეხებით ცემა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც გ. დ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ დადგენილად ცნო შემდეგი: 2021 წლის 2 მარტს, დაახლოებით 00:20 საათზე, ნასვამი გ. დ–ეი, მივიდა თ–ში, ....ის გამზირზე №...-ში, აკაკუნებდა კორპუსის სხვადასხვა ბინის კარზე და ეძებდა ყოფილ მეუღლეს, რომელიც, მისი ვარაუდით უნდა ყოფილიყო დასახელებულ კორპუსში. მე-.. სართულზე, №.. ბინის კარზე დაკაკუნების შემდეგ, კარი გააღო გ. დ–მ (ეს ორი პირი ერთმანეთს არ იცნობდნენ), გ. დ–ი მის ხელთ არსებული სამზარეულოს დანით დაემუქრა გ. დ–ს ყელის გამოჭრით და მოკვლით, თუკი ყოფილ მეუღლეს არ დაუძახებდა. გ. დ–მ, რომელიც გ. დ–ს და არც ამ უკანასკნელის ყოფილ მეუღლეს არ იცნობდა და სახლში მარტო იმყოფებოდა, დანით სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღიქვა, ცდილობდა კარზე ხელის აფარებით ბინაში არ შეეშვა დანით შეიარაღებული უცნობი თავდამსხმელი, თუმცა ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად გ. დ–ი დანის მოქნევით ცდილობდა ბინაში შეჭრას, ამ დროს გ. დ–მ, ცალი ხელით, იქვე, კართან, თაროდან აიღო მკვრივი-ბლაგვი საგანი და თავდაცვის მიზნით, აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რამდენჯერმე მოუქნია გ. დ–ეს, მოქნეული საგანი თავის არეში მოხვდა თავდამსხელს და მიიღო სხეულის მძიმე სახის დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისავის.

2.2. აუცილებელი მოგერიების შემდეგ, გ. დ–მ შიგნიდან ჩაკეტა ბინის კარი, დაშავებული გ. დ–ი სადარბაზოში კარებს გარედან ურტყამდა დანის ტარს და ფეხს, პარალელურად გ. დ–ს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გ. დ–მა დაიწყო კიბეებით ჩასვლა კორპუსის გასასვლელისკენ, თუმცა გ. დ–ე გამოვიდა სახლიდან, დაედევნა მას, ფეხის გამოდებით დააგორა კიბეებზე და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა სხეულის სხვადასხვა მიდამოში, რის შედეგადაც გ. დ–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის განაჩენით, გ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით.

გ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2150 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ. დ–ს 2021 წლის 11 აპრილიდან 2021 წლის 13 აპრილის ჩათვლით, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის მხედველობაში მიღებით, შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარი.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. დ–ს მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად, სრულად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა დავით ხიზანაიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის ნაწილობრივ გამამართლებელ განაჩენში ცვლილების შეტანა. გ. დ–ს, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობა და მისთვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. დაცვის მხარემ, გ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ.ი მ–მ წარმოდგენილი შესაგებლით მოითხოვა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურება გ. დ–ს მიერ მისთვის ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. კერძოდ, დაზარალებულ გ. დ–ეის, მოწმეების: მ. ე–ს, შ. ჯ–ს, ლ. მ–ს ჩვენებები, ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ქმნის იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისია გ. დ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ზემოხსენებული მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ გ. დ–ე არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში. დაზარალებულმა მიუთითა, რომ გ. დ–ს მხრიდან მასზე ძალადობის გამოყენების საფუძველი გახდა მისი შეკითხვა და ის ფაქტი, რომ მას ქურთუკის სახელოს შიგნით ნაწილობრივ დამალული ჰქონდა სამზარეულოს დანა, რაც გამორიცხავს გ. დ–ს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნას. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განაჩენი, გ. დ–სთვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის ნაწილშიც არის ლმობიერი, რის გამოც, იგი უნდა შეიცვალოს და მას უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.

5.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის N593აპ-15 გადაწყვეტილებაზე, რომელშიც განმარტებულია, რომ „პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება იმ შემთხვევაში, როდესაც მის მიმართ ხორციელდება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება კი უკიდურესობით გამოწვეული მოქმედებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას. მართალია, აუცილებელი მოგერიების დროს არ არსებობს სამართლებრივ სიკეთეთა შესაბამისობის მოთხოვნა, მაგრამ თავდაცვა არ არის მართლზომიერი სამართლებრივ სიკეთეთა აშკარა შეუსაბამობის დროს. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო იმ შემთხვევაში, როცა აშკარად შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით უფრო ნაკლები ზიანის მიყენების გზით. ამასთანავე, უნდა დადგინდეს მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, მოგერიება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 11 მაისის N862აპ-19 გადაწყვეტილებაში კი განმარტებულია, რომ: „აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა შედგება შემდეგი სამი ელემენტისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი. თავის მხრივ, უკიდურესი მდგომარეობის არსებობის დასადგენად საჭიროა შემდეგი სამი კრიტერიუმის არსებობა: სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, ხელყოფის იმწუთიერობა და ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც, შესაბამისად, გულისხმობს ხელყოფის რეალურ (ობიექტურ) ხასიათს. აუცილებელი მოგერიების დროს ობიექტურად უნდა არსებობდეს თავდასხმა და სუბიექტურად პირს უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი “.

5.4. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ გ. დ–ი მის ხელთ არსებული სამზარეულოს დანით დაემუქრა გ. დ–ს ყელის გამოჭრით და მოკვლით, თუკი მის ყოფილ მეუღლეს არ დაუძახებდა. გ. დ–მ, რომელიც გ. დ–ს და არც ამ უკანასკნელის ყოფილ მეუღლეს არ იცნობდა და სახლში მარტო იმყოფებოდა, დანით სიცოცხლის მოსპობის მუქარა რეალურად აღიქვა, ცდილობდა კარზე ხელის აფარებით ბინაში არ შეეშვა დანით შეიარაღებული უცნობი თავდამსხმელი, თუმცა ფიზიკური წინააღმდეგობის მიუხედავად გ. დ–ი დანის მოქნევით ცდილობდა ბინაში შეჭრას. ამ დროს გ. დ–მ, ცალი ხელით, იქვე კართან არსებული თაროდან აიღო მკვრივი-ბლაგვი საგანი და რამდენჯერმე მოუქნია გ. დ–ს. მოქნეული საგანი თავის არეში მოხვდა თავდამსხელს და მიიღო სხეულის მძიმე სახის დაზიანება, რაც სახიფათოა სიცოცხლისავის. თუმცა, მხოლოდ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება არ არის საკმარისი საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ განზრახვის დასადგენად შეფასებულ უნდა იქნეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დადგინდეს გ. დ–ს ქმედება მიმართული იყო გ. დ–ეის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისკენ, თუ მან, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, თავდაცვის მიზნით, უპასუხა თავდამსხმელს და მოქმედებდა თუ არა იგი დაუყოვნებლივ, გარემოებების შესაბამისად.

5.5. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას ქმნის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა. ამდენად, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ ქმედების ფაქტობრივი დადასტურება, არამედ – ბრალდების მხარეს აწევს ტვირთი, ამტკიცოს, როგორც ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ისე – პირის ბრალეულობა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისას. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი განსაზღვრავს ქმედების მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებებს, მათ შორის, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი, ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიებისას გამოკვეთილია ერთი მხრიდან თავდასხმა, ხოლო მეორე მხრიდან საპასუხო - თავდაცვით გამოწვეული ქმედება, რაც ამართლებს თავდამსხმელის ხელყოფას და გამორიცხავს ქმედების მართლწინააღმდეგობას. ამდენად, როდესაც სასამართლომ უნდა დაადგინოს ერთი მხარის პასუხისმგებლობა კონფლიქტის დროს ჩადენილ დანაშაულში, აუცილებელია გამოირიცხოს თავდაცვის მდგომარეობა.

5.6. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ირკვევა, რომ გ. დ–ს მხრიდან ადგილი ჰქონდა გ. დ–ს მიმართ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას. ამასთან, აღნიშნული საფრთხე იყო იმწუთიერი, რეალური და მართლსაწინააღმდეგო. კერძოდ, დაზარალებულმა გ. დ–მა სასამართლოში განმარტა, რომ კორპუსის მე-.. სართულზე, №.. ბინის კარზე დაკაკუნების შემდეგ, კარი გაუღო უცნობმა პირმა. მან მოიკითხა ყოფილი მეუღლე, რაზეც ბინაში მყოფმა პირმა განუცხადა, რომ არ იცნობდა იმ პირს, ვისაც ეძებდა. ამ უკანასკნელმა შენიშნა დანა, რაზეც გაღიზიანდა, აიღო ბინის შესასვლელთან, თაროზე დადებული ჩაქუჩის მაგვარი საგანი და თავში ჩაარტყა. რის შედეგად მან მიიღო დაზიანებები და გადაწყვიტა, გაცლოდა შემთხვევის ადგილს. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომ გ. დ–მ მას მხოლოდ დანის დანახვაზე ჩაარტყა თავში ჩაქუჩისმაგვარი საგანი, არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, უფრო მეტიც, მისი ნათქვამის საპირწონედ წარმოდგენილია გ. დ–ს ჩვენება, რომელიც კატეგორიულად უარყოფს მხოლოდ დანის დანახვის გამო მის მიერ გ. დ–სთვის დაზიანების მიყენების ფაქტს და აცხადებს, რომ კარზე გაისმა კაკუნი. გააღო კარი, ზღურბლთან იდგა დანით შეიარაღებული იმ დროისთვის უცნობი მამაკაცი - გ. დ–ეი, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თან უქნევდა დანას, აგინებდა დედის მისამართით და უყვიროდა ,,სად არის ჩემი ცოლი“. გ. დ–ე გაოგნებული უყურებდა უცნობს და ვერ ხვდებოდა, თუ რა ხდებოდა, ის პასუხობდა, რომ არ იცნობდა იმ პირს, ვისაც ეძებდა, თუმცა გ. დ–ეი არ იჯერებდა და ცდილობდა სახლში შეჭრას, თან დანას უქნევდა. გ. დ–ს ჩვენებით დანით შეიარაღებული უცნობი პირის მხრიდან დანის მოქნევის პროცესში, საფუძვლიანად ფიქრობდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ კარებს ეფარებოდა, ცალი ხელით აწვებოდა, ვერ კეტავდა, ვინაიდან გ. დ–ეს ფეხი ჰქონდა ჩადგმული კარსა და ბინის შესასვლელს შორის და დანას უღერებდა. მოქნეული დანა ხელის აქნევით აირიდა იმ დროს, როდესაც სახის არეში უნდა მოხვედროდა. იგი შველას ითხოვდა, თუმცა იმ დროისთვის არცერთი მეზობელი არ გამოსულა დასახმარებლად. როდესაც მიხვდა, რომ ცარიელი ხელებით წინააღმდეგობას ვერ უწევდა, კართან მდებარე ხის თაროდან აიღო ჩაქუჩი და რამდენჯერმე მოუქნია გ. დ–ს. შიშისგან ისეთ პანიკაში იყო, რომ ვერ ხვდებოდა, მოქნეული ჩაქუჩი ხვდებოდა თუ არა დაზარალებულს. აღნიშნულის შემდეგ გ. დ–ი განერიდა. მალე მეზობლებიც გამოვიდნენ დასახმარებლად. გარდა მსჯავრდებულის ჩვენებისა, დანით შეიარაღებული, ნასვამი გ. დ–ს აგრესიული თავდასხმის ფაქტი დადგენილი და დადასტურებულია მოწმეების – მ. ე–ს, შ. ჯ–ს და ლ. მ–ს ჩვენებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, რომლითაც დგინდება, რომ გ. დ–ეის ბინის შესასვლელ კარებთან ამოღებულია გატეხილი დანა, ბინაში შესასვლელ კარებს აღენიშნება ნაფხაჭნები და ნარტყამი ფეხის კვალი, ბინის შესასვლელთან აღმოჩენილია სისხლის კვალი.

5.7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ ზემოხსენებული მტკიცებულებების ანალიზით იკვეთება, დაზარალებულ გ. დ–თან კონფლიქტის დროს გ. დ–ს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების – აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა და ამ დროს დაზარალებულ გ. დ–თან მიმართებით მსჯავრდებულის ქმედებაში ადგილი არ ჰქონდა თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე განხორციელებული თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. დ–ს ქმედებაში მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოების არსებობის გონივრული ვარაუდი ვერ იქნა დაძლეული ბრალდების მხარის მტკიცებულებებითა და არგუმენტებით.

5.8. რაც შეეხება გ. დ–სთვის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასაჯელს, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით გ. დ–ს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში გ. დ–სთვის განსაზღვრული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის ფარგლებშია და შეესაბამება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას), ამავდროულად სრულად უზურნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის.

5.11. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ დავით ხიზანაიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე