Facebook Twitter
3კ-1011-02

3კ-1011-02 22 ოქტომბერი, 2002წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: უნებართვნო მიშენების მოშლა.

აღწერილობითი ნაწილი:

2001წ. 29 ოქტომბერს ქ. ც.-მა გ. ბ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ცხოვრობს ცხრასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე. ამავე სახლში მესამე სართულზე მცხოვრებმა გ. ბ.-ემ სახლს სათანადო ნებართვის და პროექტის გარეშე თვითნებურად მიაშენა დახურული ტიპის აივანი. უნებართვო ნაგებობით მნიშვნელოვნად შეიზღუდა მისი საყოფაცხოვრებო პირობები; აივანის სახურავი ჭუჭყის და მტვრის ბუდედ იქცა, რაც დასუფთავებას საჭიროებს, მაგრამ არის საშიშროება მისი ჩანგრევისა; ეს ნაგებობა სერიოზულ საფრთხეს ქმნის ეზოში და სახლთან ახლოს მყოფთათვის; ზაფხულობით აივნის სახურავის თუნუქი ცხელდება რის გამოც ვეღარ აღებს ფანჯრებს; ეს ნაგებობა ბოროტმოქმედთა მიერ მის ბინაში შეღწევის თვალსაზრისითაც სახიფათოა; ამასთან, იგი ამახინჯებს სახლის ფასადს.

2001წ. 12 მარტს უნებართვოდ წარმოებული მშენებლობისათვის სასამართლოს მიერ იგი დასჯილ იქნა ადმინისტრაციული წესით, მაგრამ უნებართვო ნაგებობა მაინც არ მოშალა.

მოსარჩელემ მოითხოვა უნებართვო ნაგებობის მოპასუხის ხარჯებით აღება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ აივნის უნებართვოდ მშენებლობა მის მიერ ნაწარმოებია 1997 წელს, მაშინ, როცა მოქმედებაში იყო ძველი სამოქალაქო კოდექსი. იგი ამ მშენებლობის წარმოებასთან დაკავშირებით შეუთანხმდა მის ქვემოთ მცხოვრებ მეზობლებს და მათგან აიღო მშენებლობის შესახებ ნებართვა. მიშენებასთან დაკავშირებით არც მოსარჩელეს გამოუთქვამს რაიმე პრეტენზია. მისი მოსაზრებით, 1997 წელს აშენებული უნებართვო ნაგებობების აღებას ახალი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, იგი უნებართვო მშენებლობისათვის არასწორადაა დასჯილი ადმინისტრაციული წესით, ვინაიდან ადმინისტრაციული სამარ-თალდარღვევისათვის პირი შეიძლება დაისაჯოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, მაგრამ მას ოქმი შეუდგინეს და დააჯარიმეს 4 წლის შემდეგ. მისივე მოსაზრებით, სადავო აივანი არ ამახინჯებს შენობის ფასადს. იგი _ საკმაოდ მდგრადია და მისი ჩამონგრევის საშიშროება არ არსებობს. ვინაიდან მოსარჩელე მის ზემოთ ცხოვრობს, ამ აივანმა არ შეიძლება რაიმე ზიანი მიაყენოს მას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 15 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი: მოპასუხემ აივანი მიაშენა სათანადო ნაბართვისა და პროექტის გარეშე, რისთვისაც იგი დაისაჯა ადმინისტრაციული წესით. უნებართვო ნაგებობა ზიანს აყენებს ამ ბინის სხვა მესაკუთრეებს, კერძოდ _ მოსარჩელეს და ხელს უშლის მას გამოიყენოს თავისი სახლის ფანჯრები დანიშნულებისამებრ, ამასთან უნებართვო ნაგებობა იერსახეს უკარგავს საერთო საკუთრების ობიექტს ცხრასართულიანი სახლის კედელს, რითაც ილახება მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესი.

საპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ს 115-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციედლდეს მართლზომიერად. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ამ დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სკ-ს 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტი, რომლის მიხედვით ბინის მესაკუთრე მოვალეა, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, ასევე _ საერთო საკუთრება, რომ არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესი და არ მიადგეს მათ ზიანი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს ეს საქმე უნდა განეხილა ქუთაისის არქმშენინსპექციას და არა სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტა, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 24 სექტემბრის ¹34 ბრძანებულებით მიღებული “საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებით დანგრევის წესის” შესაბამისად, არქმშენინსპექციის ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის შესახებ, თუ იგი ამ საქმიანობას განახორციელებს თავის ფუნქციებში, ხოლო სსკ-ს მე-2 მუხლის თანახმად სასამართლოში ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ ეზღუდებოდა უფლება, დაეცვა თავისი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით და საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.

2002წ. 8 აგვისტოს გ. ბ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებით შეწყვეტა შემდეგი საფუძვლით:

კასატორის მოსაზრებით მოცემული საქმე უნდა შეწყდეს, ვინაიდან მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ ამ ნაგებობით ზიანი ადგება მას.

მისი მოსაზრებით, სარჩელის აღძვრის უფლება გააჩნია მხოლოდ არქმშენინსპექციას, ვინაიდან “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებისა და დამატებების შესახებ მე-4 მუხლის “თ” პუნქტში აღნიშნულია, რომ არქმშენინსპექცია უფლებამოსილია, გაფრთხილების შემდეგ, დამრღვევის მიერ შესაბამისი ღონისძიების გაუტარებლობის შემთხვევაში, მიიღოს დადგენილება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, მიშენებული და ა.შ. ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის შესახებ. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის შესახებ არქმშენინსპექციის მიერ მიღებული დადგენილება უნდა აღასრულოს დამრღვევმა თვისი ხარჯით. თუ დამრღვევი დადგენილ ვადაში ნებაყოფლობით არ აღასრულებს ზემოთ მითითებულ დადგენილებას, არქმშენინსპექცია მიმართავს სასამართლოს სარჩელით და დადგენილება აღსრულდება სასამართლოს გადაწყვეტილებით იძულებითი წესით. ამიტომ მოსარჩელის მოსაზრებით უნებართვო ნაგებობაზე საქმის განხილვა არ შედის სასამართლოს კომპეტენციაში.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ნაგებობა სათანადო ნებართვის და პროექტის გარეშეა აგებული, ამახინჯებს სახლის საერთო კედელს, რითაც ირღვევა მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესი. გარდა ამისა, ეს ნაგებობა ზიანს აყენებს სხვა მესაკუთრეებს, კერძოდ _ მოსარჩელეს. იგი ხელს უშლის ამ სახლში მცხოვრებ მოსარჩელის ოჯახს თავისი ფანჯრების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში.

სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება ამ ნაგებობით მისთვის ზიანის მიყენების შესახებ, არ წარმოადგენს არც დამატებით და არც დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას და იგი ვერ გახდება ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

არასწორია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს უნებართვო მშენებლობასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრის უფლება გააჩნდა მხოლოდ არქმშენინსპექციას და სასამართლო უფლებამოსილი არ იყო განეხილა სარჩელი უნებართვო ნაგებობის აღების თაობაზე, ვინაიდან არ არსებობდა არქმშენინსპექციის დადგენილება ნაგებობის დანგრევის შესახებ და სარჩელი ამ დადგენილების იძულებით აღსრულების თაობაზე.

კასატორის ამგვარი მითითება მცდარია და სააპელაციო სასამართლომ კასატორის ეს მოსაზრება სწორად უარყო თავის განჩინებაში და მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.

მართალია, “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 24 სექტემბრის ¹384 ბრძანებულებით მიღებული “საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობათა მთლიანად ან ნაწილობრივ იძულებით დანგრევის წესის” შესახებ არქმშენინსპექციის ორგანო გადაწყვეტილებას იღებს შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დანგრევის შესახებ, მაგრამ აღნიშნული კანონი არ ართმევს უფლებას მოქალაქეს, თავისი დარღვეული უფლება დაიცვას სასამართლო წესით, ვინაიდან აღნიშნული უფლება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუქნტით დაცული უფლებაა და ამ მუხლის შესაბამისად ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

სსკ-ს მე-2 მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად კი საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილი იყო, განეხილა ქ. ც.-ის სარჩელი, ვინაიდან უნებართვო, უპროექტო ნაგებობის მშენებლობით ირღვეოდა მისი, როგორც მრავალბინიანი სახლის მობინადრე მესაკუთრის უფლებები.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტის დროს სწორად გამოიყენა სკ-ს 115-ე მუხლი და 219-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტი და სწორად მიუთითა, რომ ბინის მესაკუთრე მოვალეა, ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული შენობის ნაწილები, ასევე _ საერთო საკუთრება, რომ ამით არ შეილახოს მესაკუთრეთა ერთად ცხოვრების წესი და არ მიადგეთ მათ ზიანი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ უპროექტო, უნებართვო ნაგებობის მიშენებით დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმის მოთხოვნა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს საკასაციო საჩივარში მითითებული კანონის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. ბ.-ეს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 20 ივნისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.