¹ 3კ/1012-01 16 იანვარი, 2002 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ვ. ხრუსტალი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,ლ. გოჩელაშვილი
სარჩელის საგანი: სესხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000 წლის 6 დეკემბერს ე. ჩ-კაიამ ე. ც-ელის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1999 წლის 16 ივლისს მათ შორის გაფორმდა ხელშეკრულება 2000 აშშ დოლარის უპროცენტოდ სესხად მიცემის შესახებ. თანხა მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 1999 წლის 20 სექტემბრისათვის, მაგრამ არ დაუბრუნა.
მოსარჩელემ მოითხოვა 2000 აშშ დოლარის და ხელშეკრულების შეუსრულებლობით ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე გადაანგარიშებით ნასესხები თანხის 5%-ის გადასახდელად დაკისრება.
მოპასუხეს საქმის სასამართლოში განხილვამდე შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა სესხის არსებობის ფაქტი და მიუთითა, რომ გადაუხდელობა გამოწვეული იყო თანხების უქონლობით.
რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაეკისრა 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
2000 წლის 25 დეკემბერს ე. ჩ-კაიამ განცხადებით მიმართა იმავე სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილებით 12 თვის პროცენტის სულ 600 აშშ დოლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ე. ჩ-კაიას მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ე. ც-ელს გადასახდელად დაეკისრა 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი თანხა ლარებში.
როგორც ძირითადი, ისე დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით ე. ც-ელმა სააპელაციო საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს. მან მიუთითა, რომ იგი ფსიქიურად დაავადებულია. სესხის ხელშეკრულება გაფორმებული იყო ფიქტიურად, რომლითაც დაიფარა მის ქალიშვილსა და ქ-შვილს შორის დადებული უკანონო გარიგება შვილის უმაღლეს სასწავლებელში მოწყობისათვის თანხების გადახდის შესახებ, ამასთან აპელანტმა მიუთითა, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ის გარემოება თუ მოსარჩელეს შეტანილი ჰქონდა ახალი განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 14 ივნისის განჩინებით ე. ც-ელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ამ საქმეზე რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება კანონის დაცვით იყო გაფორმებული და მისი გაბათილება სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად მოწმეთა ახსნა-განმარტებებით დაუშვებელი იყო. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ ე. ც-ელის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 2001 წლის 30 მაისიდან მკურნალობა არ მიუთითებდა იმაზე, რომ იგი ხელშეკრულების დადების დროს ქმედუუნარო იყო.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხელშეკრულება მოსაჩვენებლად იყო დადებული, და მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 156-ე მუხლის თანახმად მითითებული ხელშეკრულება არ შეიძლება მოჩვენებით გარიგებად მიჩნეულიყო, ვინაიდან ც-ელის განმარტებით სადავო თანხა მის შვილს ჰქონდა მიღებული აკადემიაში ქ-შვილის შვილის ჩასარიცხად. თუმცა სააპელაციო სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ აკადემიაში ჩარიცხული იყო ვინმე რ. ქ-შვილი და არა მ. ქ-შვილის შვილი შ. ქ-შვილი, როგორც ამას აპელანტი მიუთითებდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ თუმცა რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 დეკემბრის დამატებითი გადაწყვეტილება მიღებული იყო საპროცესო ნორმის დარღვევით, მაგრამ ვინაიდან საქმეზე მიღებული იყო სწორი გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე და 394-ე მუხლების გათვალისწინებით მიზანშეუწონელი იყო მისი გაუქმება.
2001 წლის 17 აგვისტოს ე. ც-ელმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორმა მოითხოვა ამ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა შემდეგი საფუძვლით:
კასატორს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული სესხის ხელშეკრულება თვალთმაქცურია. ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მიღებული აქვს მის ქალიშვილს (რომელიც შემდგომ მოკლული იქნა), იმის საფასურად, რომ იგი მოაწყობდა რ. ქ-შვილს პოლიციის აკადემიაში. სინამდვილეში მას სესხის სახით რაიმე თანხა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია რაიონული სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ზემოთ მითითებული ნორმის დარღვევით – მოპასუხე არ იყო მოწვეული დამატებითი გადაწყვეტილების მიღების დროს სასამართლო პროცესზე, ანუ დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა. ამის შესახებ აპელანტს მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარშიც, მაგრამ მიუხედავად ამისა სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მიზანშეუწონელი იყო აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ვალდებულია გააუქმოს გადაწყვეტილება და საქმე დააბრუნოს პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განხილვისათვის, თუ ადგილი აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს დარღვეული ჰქონდა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის მოთხოვნა, სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა გაეუქმებინა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ნაცვლად ამისა სააპელაციო სასამართლომ რაიონული სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება დატოვა რა უცვლელად, თვითონ მიიღო ამ ნაწილში დაუსაბუთებელი განჩინება. სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რის საფუძველზე დატოვა უცვლელად რაიონული სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების აბსოლუტური საფუძველი არსებობდა.
საკასაციო სასამართლოს ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს 2001 წლის 14 ივნისის საოქმო განჩინება სასესხო ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა მოპასუხის ადვოკატის შუამდგომლობა მოპასუხის მიმართ, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, მიუთითა, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო ვინაიდან მოპასუხეს შეტანილი არ ჰქონდა შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ბათილობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მატერიალური სამართლებრივი ნორმაა და ამა თუ იმ ხელშეკრულების მიმართ მისი გამოყენება საქმის განხილვის დროს ხდება მხარეთა შეგებებული სარჩელის არარსებობის შემთხვევაშიც, თუ კი არსებობს ბათილად ცნობის შესახებ მხარის მოთხოვნა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება ე. ც-ელის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა შეტანილი შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ბათილობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს ხელშეკრულება არ შეიძლება იყოს მოჩვენებითი ან თვალთმაქცური. არ შეიძლება სესხზე ლაპარაკი, თუ ფული მსესხებელს არ ჰქონდა მიღებული. არარად ჩაითვლება სესხის ხელშეკრულება, თუ დასტურდება მისი უფულობა. ე.ი. არარა იქნება ისეთი გარიგება, როცა მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას კრედიტორს დაუბრუნოს ის, რაც მისგან არ მიუღია.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულებით ე. ც-ელი კისრულობს 2000 აშშ დოლარის დაბრუნებას, მაგრამ იგი განმარტავს, რომ მის მიერ სესხის აღებას ადგილი არ ჰქონია. სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მას არ მიუღია. იგი მიუთითებს, რომ “მისმა შვილმა მართლაც გამოართვა ქ-შვილს ფული შვილის პოლიციის აკადემიაში მოწყობის მიზნით, მაგრამ შემდეგ მას დაადგნენ თავზე, რომ არ გამომჟღავნებულიყო დანაშაული დაწერეს ვითომ ჩ-კაიამ ასესხა ფული. ეს ყველაფერი გაკეთდა თაღლითობით; სინამდვილეში მას ფული არ უსესხებია”. ასეთ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, ხელშეკრულების შესაბამისად ე. ც-ელმა მიიღო კრედიტორისაგან ხელშეკრულებაში მითითებული თანხები თუ არა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შეაბამისად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქმის ფაქტობრივი გარემოებები _ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მართლა სესხს ემსახურებოდა და მიიღო ე. ც-ელმა თუ ეს თანხა არ იყო სესხად გადაცემული თანხა, იგი მიიღო ე. ც-ელის აწ გარდაცვლილმა შვილმა კ-შვილმა კანონსაწინააღმდეგო მოქმედების, პოლიციის აკადემიაში ვინმე რ., თუ შ. ქ-შვილის ჩასარიცხად.
აღნიშნული გარემოების დადგენა სცილდება საკასაციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს და მისი დადგენა უნდა მოახდინოს სააპელაციო სასამართლომ. სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გაარკვიოს საქმეში მონაწილე მხარის ქმედუნარიანობის საკითხიც.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 14 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.