Facebook Twitter

¹ 3კ/1013-01 28 თებერვალი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი,რ. ნადირიანი

დავის საგანი: ზარალის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2000 წლის 18 ივლისს დ. და პ. დ-შვილებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს ვ. ლ-შვილისა და სხვათა, სულ 8 პირის წინააღმდეგ და მოითხოვეს ზარალის ანაზღაურება.

სარჩელში აღნიშნეს, რომ მათ იჯარით აიღეს 25 ჰა მიწის ფართობი, სადაც დათესეს მრავალწლიანი პარკოსანი კულტურა _ “ლ. ი.”, რომლითაც უნდა დაემზადებინათ თივა. ასევე, უნდა მიეღოთ 5000 კგ. იონჯის თესლი. მოპასუხეთა პირუტყვმა (500 სული ცხვარი და 53 სული ძროხა) გადაძოვა აღნიშნული ფართობი.

დ-შვილებმა სარჩელით მოითხოვეს მოპასუხეთა მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება 40000 ლარის ოდენობით.

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2001 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრათ 12093 ლარი და 75 თეთრის გადახდა.

სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2000 წლის 19 მაისს მოსარჩელეთა მიწის ფართობში დაკავებულ იქნა 53 სული მსხვილფეხა საქონელი, რომელმაც გაანადგურა თითქმის მთლიანი ფართობი, რის გამოც დ. დ-შვილმა ვერ მიიღო 1400-1500 კგ. იონჯის თესლი და ვერ დაამზადა 10-15 ტონა შედარებით დაბალი ხარისხის თივა. 2000 წლის 20 მაისს მოპასუხე ვ. ლ-შვილსა და დ. დ-შვილს შორის გაფორმდა ხელწერილი იმის შესახებ, რომ კომისიის მიერ შეფასებული (2000 წლის 31 მაისის აქტი) ზარალის საფასურს გადაუხდიდნენ მოსარჩელეებს. ხელწერილზე ხელი მოაწერეს სხვა მოპასუხეებმაც, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეებმა და მათმა წარმომადგენელმა სარჩელი ცნეს 4,0 ჰა ნათესის განადგურების ნაწილში, რაც მათივე განმარტებით შეადგენდა 1500-2000 ლარს.

სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 411-ე და 425-ე მუხლებზე.

მოპასუხეებმა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს იმ მოტივით, რომ სასამართლო დაეყრდნო მოპასუხეთა წარმომადგენლის განცხადებას სარჩელის ნაწილობრივ ცნობის შესახებ, რისი უფლებაც მას მარწმუნებელთა მიერ, სსსკ-ის 98-ე მუხლის თანახმად, არ ჰქონდა მინიჭებული. აგრეთვე, მიუთითეს, რომ მოსარჩელეებს ზარალი მიადგათ გვალვის შედეგად და არა მათი პირუტყვის მიერ ნათესების გამოძოვით. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს მოსარჩელეთა სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2000 ლარის გადახდა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე დ. დ-შვილის საიჯარო მიწის ფართზე მოყვანილი იონჯა გაძოვილი იყო პირუტყვის თვითნებური შეშვებითა და მრავალჯერადი ძოვებით, მაგრამ მტკიცებულება იმისა, რომ სწორედ მოპასუხეთა საქონლის მიერ იქნა გაძოვილი სადავო მიწის ფართობზე იონჯა, მოსარჩელეებმა ვერ წარადგინეს.

სასამართლომ საქმეში არსებული 2000 წლის 20 მაისის ოქმის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების მიერ მათ კუთვნილ საიჯარო ნაკვეთში დაკავებულ იქნა მოპასუხეთა პირუტყვი, სულ 53 სული მსხვილფეხა საქონელი, რომელმაც გაანადგურა მრავალწლოვანი იონჯის თესლი, მაგრამ სასამართლომ ვერ განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის ზარალი იქნა მიყენებული მოპასუხეთა პირუტყვის მიერ. აღნიშნული გარემოების გამო, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2000 ლარის დაკისრების ნაწილში დაეფუძნა მოპასუხეთა ნებას აღნიშნული თანხის გადახდის შესახებ.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს დ. და პ. დ-შვილებმა. კასატორები ითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეებისათვის 12093 ლარისა და 75 თეთრის დაკისრებას იმ საფუძვლით, რომ საოლქო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, უკანონოდ უთხრა უარი მოწმეებისა და ყველა მოპასუხის დაკითხვაზე. იმ მოტივით, რომ კასატორებმა თვითონ ვერ შეძლეს აღნიშნული ხალხის სასამართლოში მიყვანა, საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე თვითონ უნდა გამოეთხოვა მტკიცებულებები. სასამართლო ასევე ვერ გაერკვია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მასშტაბებში და 25 ჰექტარის ნაცვლად გადაწყვეტილებაში იმსჯელა 0,25 ჰა მიწის ფართობის შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საკასაციო საჩივარს, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა და თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს წერილის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ კასატორ დ. დ-შვილის საიჯარო მიწის ფართზე მოყვანილი იონჯა მრავალჯერაა გაძოვილი თვითნებურად შეშვებული პირუტყვის მიერ.

სააპელაციო პალატამ 2000 წლის 20 მაისის ოქმის საფუძველზე ასევე დაადგინა, რომ სადავო ნაკვეთში კასატორების მიერ დაკავებულ იქნა მოპასუხეთა საქონელი, მაგრამ სასამართლომ ვერ განსაზღვრა, თუ რა რაოდენობის ზარალი იქნა მიყენებული პირუტყვის მიერ.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაადასტურეს, აპელანტის მოქმედებით რომ მიადგათ ზიანი; იქვე მითითებულია, რომ აპელანტთა (მოპასუხეთა) პირუტყვი მართლაც იქნა დაკავებული დ-შვილების მიწის ნაკვეთში და ბუნებრივია, მათ მართლაც გაძოვეს გარკვეული რაოდენობის იონჯა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას, განსაზღვროს ძოვის ხანგრძლივობა, ასევე, იონჯის ოდენობა, რაც შესაძლოა მოძოვოს პირუტყვმა დროის განსაზღვრულ მონაკვეთში. ამიტომ სასამართლომ გაიზიარა მხოლოდ მოპასუხეთა სარჩელის მოთხოვნის ნაწილი _ 2000 ლარის გადახდის თაობაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებში სრულად გარკვევის მიზნით დამატებით უნდა გამოეკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებანი. ასევე, უნდა მიეთითებინა, თუ რატომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები; რატომ არ გაიზიარა სასამართლოს მიერ ამ გარემოებების დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულებანი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, როგორც ფაქტობრივი, ისე _ იურიდიული თვალსაზრისით.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვის დროს საოლქო სასამართლომ სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებანი; კერძოდ, 2000 წლის 20 მაისის ხელწერილი; 2000 წლის 20 მაისის ოქმი; 2000 წლის 22 მაისის აქტი; 2000 წლის 27 ივლისის ექსპერტიზის აქტი; მოსარჩელეთა და მოპასუხეების ახსნა-განმარტებანი. შეამოწმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძვლიანობა; გადაწყვეტილების დასაბუთება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით; მიუთითოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან რას არ იზიარებს და რატომ.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინების ასლი გაეგზავნოთ მხარეებს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.