Facebook Twitter

საქმე N 120100121005305904

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№221-24 20 ივნისი, 2024 წელი

მ–ი ა., №221-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ბრალდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ბ–ს საჩივარი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განჩინებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2021 წლის 22 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის №............ საქმიდან (ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ა–ს ადმინისტრაციულ ერთეულში ა–ს მერის წარმომადგენილის მიერ სამახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით) ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ა. მ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.

ა. მ–ს ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

2015 წლის ოქტომბრის პერიოდში, რ. ხ–ს მინდობილმა პირმა ღ. უ–მა ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ თ–ს ტერიტორიაზე, ტყის ზოლის გასწვრივ მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ 300 კმ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთის, საკადასტრო-აზომვითი ნახაზის შედგენა დაუკვეთა ინდ. მეწარმე ა. მ–სს. მიწის ნაკვეთზე 2007 წლის 7 სექტემბრიდან განთავსებული იყო კომპანია ,,ჯ–ს“-ს ანძა და ჯიხური (სადგური). 2015 წლის 28 ოქტომბერს, ა. მ–მა ღ. უ–ს მითითებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თოთხამის ტერიტორიაზე, ტყის ზოლის გასწვრივ მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილ 300 კმ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე აიღო მიწის კოორდინატები, რაზეც იმავე დღეს, ღ–ს უ–ზე შემდგომი გასაღების მიზნით დაამზადა მიწის ნაკვეთის ყალბი საკადასტრო-აზომვითი ნახაზი, მასში არ ასახა და არ დააფიქსირა ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო კომპანია ,,...“-ს ანძა და ჯიხური (სადგური). ა. მ–მა მის მიერ შედგენილი ყალბი საკადასტრო-აზომვითი ნახაზი გადასცა ღ. უ–ს. 2015 წლის 29 ოქტომბერს, ღ. უ–ა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უფლების დამდგენ დოკუმენტთან ერთად წარადგინა ა. მ–ს მიერ 2015 წლის 28 ოქტომბერს შედგენილი მიწის ნაკვეთის ყალბი საკადასტრო-აზომვითი ნახაზი და მოითხოვა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 2015 წლის 4 ნოემბერს, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით, ა–ს მუნიციპალიტეტის ოსფელ თ–ში, ტყის ზოლის გასწვრივ მდებარე, სახელწიფოს კუთვნილი 1026 ლარის ღირებულების 300 კმ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებული იყო კომპანია ,,.....“-ს ანძა და ჯიხური, დარეგისტრირდა რ. ხ–ს საკუთრებად (ს/კ 63.10.44.091).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ა. მ–ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

2021 წლის 1 ნოემბერის დადგენილებით, ა. მ–ს (პ/ნ .......... მიმართ გამოცხადდა ძებნა.

2021 წლის 14 დეკემბერს სისხლის სამართლის საქმე ა. მ–ს მიმართ, დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, არსებითად განსახილველად წარიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

2024 წლის 1 აპრილს, ბრალდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ბ–მ მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ა. მ–ს მიმართ 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით, ადვოკატ ვ. ბ–ს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. ბრალდებულ ა. მ–ს მიმართ არ გავრცელდა 2023 წლის 15 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი.

ბრალდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ. ბ–მ გაასაჩივრა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განჩინება და მოითხოვა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ 2023 წლის 15 ნოემბრის საქართველოს კანონის გავრცლება და ა. მ–ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამნისტია ვრცელდება მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შესაბამისი დანაშაულის ჩადენით მოპოვების შემთხვევაზე. ამავე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, კი ბრალდებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუ მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით 2023 წლის 1 სექტემბრამდე მოიპოვა და ამ დანაშაულის/დანაშაულების ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის/დანაშაულების თანამონაწილე, თუ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი ამ კანონით დადგენილი წესით ანაზღაურდა.

ამავე კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება გულისხმობს იმავე პუნქტით განსაზღვრული ბრალდებულის მიერ შესაბამის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან (მათ შორის, იპოთეკის/გირავნობის უფლებისგან) თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოს სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე მიტოვებას, ხოლო თუ ეს შეუძლებელია − იმავე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი რომელიმე პირის (ბრალდებულის ან თანამონაწილის) მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღირებულების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2024 წლის 1 სექტემბრამდე გადახდას.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია ა. მ–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, ანუ სასამართლოს მიერ ფაქტების დადგენამდე ბრალდებულის მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელების შესახებ მსჯელობა საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ჯერ არ დადგენილა რ. ხ–ს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენით, საკუთრების უფლების მოპოვებისას ა. მ–ს თანამონაწილეობა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხსენებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება სახელმწიფო მოსამსახურეზე, საჯარო მოხელეზე, სახელმწიფო საწარმოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განმახორციელებელ თანამშრომელზე, რომელმაც ამ კანონით განსაზღვრული დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინა.

საკასაციო პალატა, ასევე ყურადღებას ამახვილებს ზემოხსენებული კანონის მე-8 მუხლზე, რომლის თანახმად: იმ პირს, რომელზედაც ვრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია, უფლება აქვს, ისარგებლოს თავისი სისხლის სამართლის საქმის სამართლიანი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით. როგორც ზემოთ აღინიშნა, ა. მ–ს არის ძებნილი და სასამართლოსათვის უცნობია მისი პოზიცია: სურს მის მიმართ გავრცელდეს ამნისტიის შესახებ კანონი, თუ მისი პოზიციაა ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6(3)(დ) მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის შესაბამისადაც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება მისი თანდასწრებით უნდა იქნეს წარდგენილი საჯარო სასამართლო განხილვაზე შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მათი გამოკვლევის მიზნით. მართალია, ა. მ–ს უზრუნველყოფილია დაცვის უფლებით, მაგრამ ცალკეული უფლებები, თავისი არსიდან გამომდინარე შესაძლოა ჰქონდეს მხოლოდ ბრალდებულს. შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარანტიას ბრალდებულის უფლებების ქმედითად დაცვის თვალსაზრისით და აღნიშნული უფლების მნიშვნელობა ვერაფრით ვერ იქნება უგულებელყოფილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატის ვ. ბ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბრალდებულ ა. მ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატის ვ. ბ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 12 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე