Facebook Twitter

საქმე №190100121005008960

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №179აპ-24 14 ივნისი, 2024 წელი

პ–ი ს., №179აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ს. პ–ი (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

ს. პ–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2017 წლის 07 ივლისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 14 ივნისის განაჩენებით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, იგი იყო რა ნასამართლევი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მან კვლავ არაერთგზის ჩაიდინა დანაშაული. კერძოდ, მან დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა 3,5763 გრამის ოდენობით მოშავო-ყავისფერი და 13,1475 გრამის ოდენობით მოშავო-ყავისფერი მასა, საიდანაც 3,5763 გრამის ოდენობით მოშავო-ყავისფერი მასა, რომელსაც ინახავდა პირადად შარვლის წინა მარჯვენა ჯიბეში, შეიცავს 0,5257 გრამის ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და 0,0711 გრამის ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს“, ხოლო 13,1475 გრამი მოშავო-ყავსიფერი მასა, რომელსაც ინახავდა ქ. რ–ში, მ–ს გამზირი N....-ში მდებარე ნაქირავებ თავის საცხოვრებელ ბინაში, შეიცავს 1,515 გრამის ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და 0,6168 გრამის ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს“, ამავე მასაში არსებული მოყავისფრო 0,5832 გრამის ოდენობით ნივთიერება შეიცავს 0,1856 გრამის ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და 0,0180 გრამის ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს“, ხოლო ელექტრო სასწორის ზედაპირზე არის 0,00199 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 0,00029 გრამის ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“, სულ მის მიერ უკანონოდ იქნა შეძენილი და ასევე უკანონოდ ინახავდა როგორ პირადად ასევე ზემოაღნიშნულ საცხოვრებელ ბინაში 2,22889 გრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ და 0,7061 გრამ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს“, რაც ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ მისი პირადი და მითითებული საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის განაჩენით, ს. პ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, ს. პ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 20000 ლარი.

2022 წლის 12 აპრილის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი შემცირდა 75 დღით და საბოლოოდ, ს. პ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლით, 9 თვითა და 15 დღით, ასევე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 20000 ლარი.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ს. პ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 წლით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 15 წლით ჩამოერთვა: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. მ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განაჩენით, მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს. მ–ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 3 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 12 იანვარს, მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს. კ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ს. პ–ს ბრალეულობას. მოწმე თ. ტ–ს ჩვენება წინააღმდეგობაშია მოწმე პოლიციელების: ს. ე–ს, ლ. გ–ს, მ. მ–ს ჩვენებებთან. ასევე წინააღმდეგობებია ლ. გ–ს და მ. მ–ს ჩვენებებს შორისაც, რაც დამაჯერებლობასა და სანდოობას უკარგავს მათ და არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მათი ჩვენებები და შესაბამისად არც საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას ს. პ–ს ბრალეულობის შესახებ. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ს. პ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ს. პ–ს უდანაშაულობის შესახებ და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ: ს. პ–ს პირადი ჩხრეკის ოქმი, ქ. რ–ში, მეგობრობის გამზირი, კორპ. N.., ბინა N..-ში, მდებარე ს. პ–ს დროებით საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის N........... ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ს. პ–ს ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 24 დეკემბრის N........ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ლ. გ–ს, ლ. ტ–ს, ი. ო–ს, ნ. ც–ს, მ. მ–ს, ი. ტ–ს, თ. ტ–ს, ასევე ექსპერტ თ. უ–ს ჩვენებები საკმარისია დასკვნისათვის, რომ ს. პ–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

5.5. რაც შეეხება დაცვის მხარის საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის არის ისეთი არსებითი წინააღმდეგობები, რაც მათ სანდოობას უკარგავს - არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ შესაძლოა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებში, მათ შორის მოწმე თ. ტ–ს ჩვენებაში არის გარკვეული ხასიათის ცდომილებები, თუმცა არა იმ შინაარსის, რაც მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს შექმნიდა. მოწმეთა ჩვენებებში მითითებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მტკიცების საგანთან დაკავშირებით, არსებითად არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს. ამასთან ის საკითხები, რომლებიც დაცვის მხარეს სადავოდ მიაჩნია, არ ცვლის საგამოძიებო მოქმედების შედეგს და არ ახდენს მასზე იმგვარ გავლენას, რაც ჩხრეკის ოქმის გაუზიარებლობის საფუძველი გახდებოდა.

5.6. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ს. პ–ს მიერ მისთვის ბარალწარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

5.7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. პ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს. კ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე