¹ 3კ/1014-02 5 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: პატენტით დაცული უფლების დარღვევით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ე.” სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეების: შპს “მ. ....”-ისა და “მ. ....”-ისაგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1997 წელს შეიმუშავა, წარმოებაში დანერგა და სერიულად გამოუშვა “ელექტროენერგიის შემყვან-გამანაწილებელი აღმრიცხველი მოწყობილობა”, რომელიც გამორიცხავს მოხმარებული ელექტროენერგიის დატაცებას. მოწყობილობის წარმოებაზე მიღებული აქვს ხარისხის სერტიფიკატი და 1997 წლის 15 აპრილიდან 8 წლის ვადით გაცემული პატენტი. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხე ორგანიზაციებმა მათთან შეთანხმების გარეშე დაამზადეს და დაამონტაჟეს მათი პროდუქციის იდენტური მოწყობილობა ისნის რაიონის სხვადასხვა დასახლებულ უბნებში, რითაც მათ მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური და მორალური ზიანი. მოპასუხეს უნდა დაემზადებინა 150000 ლარის ღირებულების პროდუქცია, რაც წარმოადგენს მათთვის პირდაპირ მიყენებულ მატერიალური ზარალს, რადგან აღნიშნული შეკვეთა უნდა მიეღო სს “ე.,” როგორც კანონიერ პატენტმფლობელს.
მოპასუხე შპს “მ. ....”-მა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: “მ. ....”-მა 1997 წლის იანვარში სს “ა. ხ.” ქარხანაში დაამუშავა და შექმნა მრიცხველების კარადის მოდელი. კარადა გამიზნული იყო მაღლივი კორპუსის სადარბაზოში დასამონტაჟებლად, რომელიც მთლიანად გამორიცხავდა ელექტროენერგიის დატაცებას. 1997 წლის მარტში მერვე ლეგიონის კორპუსში დაამონტაჟეს სს “ა.” დამზადებული კარადები, რაც იმავე დღეს მოინახულეს თბილისის მერიის, საქენერგოს ენერგოგასაღების სამმართველომ და “თ.” ხელმძღვანელებმა, ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენლებმა. სიახლე ტელევიზიით ფართოდ იქნა გაშუქებული. დანერგილი სიახლის დაკანონების მიზნით შეიქმნა დოკუმენტაცია, რაც რეგისტრირებულია საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერთიფიკაციის დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 18 ივლისს. მოპასუხეთა პატენტს არაფერი აქვს საერთო მათ მიერ დამზადებულ ელექტრომოწყობილობასთან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სს “ე.” სარჩელი შპს “მ. ....”-ის და “მ. ....”-ის მიმართ ინტელექტუალური საკუთრების პატენტით დაცული უფლების დარღვევით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ.
სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სს “ე.” სასარგებლო მოდელზე (მცირე გამოგონება) საპატენტო სიგელი მიღებული აქვს 1998 წლის 15 აპრილს, ხოლო სასარგებლო მოდელის რეფერატი “ს.” სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა მხოლოდ 1997 წლის 10 ნოემბერს, მაშინ, როცა 1997 წლის 1 ნოემბრისათვის მოპასუხეს მთლიანად დამთავრებული ჰქონდა ელექტროკარადების დამზადება და საცხოვრებელ კორპუსებში დამონტაჟების სამუშაოები. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გარემოება, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია სს “ე.”, როგორც პატენტმფლობელის, განსაკუთრებული უფლება, არ უწარმოებიათ და არც სხვაგვარად უსარგებლიათ პატენტით დაცული სასარგებლო მოდელით. პატენტით დაცული სასარგებლო მოდელის ფორმულაში ჩამოთვთლილი ისეთი ნიშნები, როგორიცაა სამფაზა ჩამრაზი და სამფაზა მრიცხველი, არა აქვს მოპასუხეთა მიერ დამზადებულ ელექტროკარადებს. სს “ე.” და “მ. ....”-ის მიერ დამზადებული ელექტროკადარების სქემები ძირეულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ამიტომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹302 დებულების 82-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ე.”, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია ის გარემოება, რომ “მ. ....” 1997 წელს ვერ დაარღვევდა 1999 წლის 24 თებერვლის საპატენტო კანონს, რაც არასწორია. ჯერ ერთი, საქართველოს საპატენტო კანონის მე-14 თავის 78-ე მუხლი მიუთითებს, რომ “ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული პატენტები უთანაბრდება ამ კანონის მიხედვით გაცემულ პატენტებს”, ე.ი. გარკვეულწილად ახალი კანონი იცავს მანამდე გაცემულ პატენტებს და მეორეც, კანონს აქვს უკუქმედების ძალა, თუ იგი ამსუბუქებს დამნაშავის მდგომარეობას. მოცემულ შემთხვევაში ახალი კანონი უფრო შეღავათიანია. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად დანიშნა განმეორებითი ექსპერტიზა, რადგან იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნა იყო სწორი. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა იმ საფუძვლით, რომ თითქოს მოსარჩელისა და მოპასუხის სასარგებლო მოდელები ერთნაირი არ არის. ასეთი მსჯელობა არასწორია, რადგან საქმეში არსებობს ექსპერტიზების დასკვნა, რომ მათი ნაწარმი იდენტურია.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ დადგენილად არის მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება, რომ პატენტმფლობელი სს “ე.” პატენტით დაცულ ელექტროკარადის სქემა და მოპასუხე შპს “მ. ....”-ის მიერ დამზადებული ელექტროკარადების სქემები ძირეულად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მოპასაუხეს არ დაურღვევია სს “ე.”, როგორც პატენტმფლობელის, განსაკუთრებული უფლება, ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს სასარგებლო მოდელს, მოპასუხეს არ გამოუყენებია, არ უწარმოებია და არც სხვაგვარად უსარგებლია პატენტით დაცული სასარგებლო მოდელით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წამოყენებული პრეტენზია არც დამატებითია და არც იურიდიულად არ არის დასაბუთებული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საოლქო სასამართლოს კოლეგიამ არასწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის დადგენილებით დამტკიცებული “გამოგონების შესახებ” დებულება და უნდა გამოეყენებინა საქართველოს საპატენტო კანონი, რომელიც მიღებულია 1999 წლის 5 თებერვალს და რომ თითქოს ამ კანონს უკუქცევითი ძალა აქვს. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია და არც კასატორი არ უარყოფს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა (დავა) წარმოიშვა 1997 წელს. ამ დროისათვის კი მოქმედებდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით დამტკიცებული “გამოგონების შესახებ” დებულება. ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს საპატენტო კანონს უკუძალა აქვს. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად “ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით”. 1999 წლის 5 თებერვლის “საპატენტო კანონით” ამ კანონის უკუძალა დადგენილი არ არის.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა შპს “მ. ....”-ის მიმართ, რომლის მიმართაც ჰქონდათ შეტანილი თავდაპირველი სარჩელი. გასაჩივრებული გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მსჯელობაა როგორც შპს “მეტეხი 93”-ის, ისე შპს “მ. ....”-ის მიმართ. გადაწყვეტილებით კასატორს უარი ეთქვა “სარჩელზე მოპასუხეების შპს “მ. ....”-ისა და “მ. ....”-ის მიმართ ინტელექტუალური საკუთრების პატენტით დაცული უფლების დარღვევით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებაზე”.
საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ დამტკიცებულად არის მიჩნეული, რომ კასატორს სს “ე.” სასარგებლო მოდელზე (მცირე გამოგონება) საპატენტო სიგელი ¹322 მიღებული აქვს 1997 წლის 15 აპრილს, ხოლო სასარგებლო მოდელის რეფერატი “საქპატენტის” სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნდა მხოლოდ 1997 წლის 10 ნოემბერს, მაშინ, როცა 1997 წლის 1 ნოემბრისათვის მოპასუხე “მ. ....”-ს მთლიანად დამთავრებული ჰქონდა ელექტროკარადების დამზადება და საცხოვრებელ კორპუსებში სამონტაჟო სამუშაოები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. კასატორის პრეტენზია, რომ მოპასუხე “მ. ....” 1999 წელშიც აგრძელებდა პატენტით დაცული ელექტროშემყვან-გამანაწილებელი კარადების დამზადებას, არ არის დასაბუთებული. კასატორი მიუთითებს საქმის 35-ე და 48-ე ფურცლებზე. 35-ე ფურცელზე თბილისის საავიაციო ქარხანა 1999 წლის 6 ოქტომბრის კასატორისთვის გაგზავნილ ¹655/014 წერილში მიუთითებს, რომ საავიაციო სახელმწიფო გაერთიანებასა და “მ. ....”-ს შორის დაიდო ხელშეკრულება ამ უკანასკნელის მიერ შეტანილი ცარიელი, დაზიანებული კარადების შეკეთებაზე და არა ახლის დამზადებაზე. მოპასუხე შპს “მეტეხი 99” თავის შესაგებელში მიუთითებს, რომ 1997 წლის 1 ნოემბრამდე მათ მიერ დამზადებულ და დამონტაჟებულ იქნა 600-მდე კარადა. 1999 წლის 7 ივლისს “ე.-.-ე.” თელასმა დადო ხელშეკრულება ისნის რაიონში ჩოლოყაშვილისა და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩაზე არსებული აღრიცხვის რეკონსტრუქციაზე. კასატორის მიერ მითითებული არცერთი ეს წერილი არ ეწინააღმდეაგება საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 1997 წლის პირველი ნოემბრისათვის, ანუ მანამდე, სანამ სასარგებლო მოდელის რეფერატი გამოქვეყნდებოდა სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ჟურნალში, მოპასუხეს უკვე დამზადებული და დამონტაჟებული ჰქონდა ელექტროგამანაწილებელი კარადები. ასეთ ვითარებაში მოპასუხის მიერ დამზადებული კარადები პატენტით დაცული სასარგებლო მოდელის სრულიად იდენტური რომც იყოს, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 16 მარტის ¹302 დადგენილებით დამტკიცებული “გამოგონების შესახებ დებულების” მე-60 მუხლის თანახმად, თუ რომელიმე პირი გამოგონებაზე განაცხადის შეტანის თარიღისათვის კეთილსინდისიერად სარგებლობდა ამ გამოგონებით ან განახორციელა სამზადისი მისი გამოყენებისათვის, მას უფლება აქვს ინდივიდუალურად გამოიყენოს გამოგონება პატენტის მოქმედების მიუხედავად. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხემ სადავო კარადების დამზადება დაიწყო 1997 წლის მარტის თვეში, ხოლო იმავე წლის 1 აპრილს დადო ხელშეკრულება მუნიციპალურ საწარმო “თ.” ქ. თბილისში ელექტროენერგიის აღრიცხვის წრედების სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებაზე, ხოლო კასატორს “ს.” განაცხადი შეტანილი აქვს 1997 წლის 15 აპრილს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის განხილვისას კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ე.” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.