Facebook Twitter

საქმე №120100122006468012

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №178აპ.-24 14 ივნისი, 2024 წელი

ქ-ე გ. №178აპ.-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის, ასევე მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. ქ–ე (პირადი ნომერი: ..............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (ოთხი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2022 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში მდებარე ა. ბ–ს საცხოვრებელი სახლის ეზოს წინ, თავისი არასრულწლოვანი შვილის - .... წელს დაბადებული გ. ქ–ს თანდასწრებით, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის ნიადაგზე შელაპარაკებისას, გ. ქ–მ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – ნ. ქ–ს, რა დროსაც, ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი მარჯვენა მხრის არეში, რის შედეგადაც, ნ. ქ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2022 წლის 06 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში მდებარე ა. ბ–ის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის ნიადაგზე შელაპარაკებისას, გ. ქ–ე სიცოცხლის მოსპობით და მშობლების საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა მეუღლეს – ნ. ქ–ს, რითაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. 2022 წლის 06 ოქტომბერს, დილით, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის ნიადაგზე შელაპარაკებისას, გ. ქ–ე მობილური ტელეფონით საუბრისას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ნ. ქ–ს, რითაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.5. 2022 წლის 06 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში მდებარე ა. ბ–სის საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის ნიადაგზე შელაპარაკებისას, გ. ქ–სე სიცოცხლის მოსპობით და საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა მეუღლის მშობელს – ა. ბ–ს, რითაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.6. 2022 წლის 06 ოქტომბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ა–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ღ–ში მდებარე ა. ბ–ს საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის ნიადაგზე შელაპარაკებისას, გ. ქ–ე სიცოცხლის მოსპობით და საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა მეუღლის მშობელს - ლ. ბ–ს, რითაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ქ–ს მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის ჩადენა, ვერ დადასტურდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.

2.2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, გ. ქ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე მუხლის პირველ ნაწილზე. გ. ქ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ნ. ქ–ს მიმართ 2022 წლის 6 ოქტომბრის 11:00 საათის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ნ. ქ–სის მიმართ 2022 წლის 6 ოქტომბრის დილის ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ა. ბ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ლ. ბ–ს ეპიზოდი) – თავისუფლების აღკვეთა 10 თვით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ. ქ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით.

2.3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

2.4. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ქ–მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. გ-მ, რომლითაც მოითხოვეს გ. ქ–ს მიმართ დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ბრალდების და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 12 იანვარს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ, საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გ. ქ–ს დამნაშავედ ცნობა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. განაჩენი ასევე გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. პ–მ და მოითხოვა დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის – ბრალდების მხარის პოზიციით, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა გ. ქ–ს მხრიდან მეუღლის – ნ. ქ–ს მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით განხორციელებული ძალადობის ფაქტი. აღნიშნული დასტურდება დაზარალებულ ნ. ქ–ს ჩვენებით, 2022 წლის 7 ოქტომბერს ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ასევე – ა–ნ, ლ–ა და ა–ლ ბ–ების ჩვენებებით. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსახვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისგან. ამასთან, გ. ქ–ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მისი პიროვნება, ბრალად შერაცხული ქმედებების სიმძიმე და ის გარემოება, რომ გ. ქ–ს მიერ დანაშაულები ჩადენილი იქნა არასრულწლოვნის თანდასწრებით და ოჯახის წევრის მიმართ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს დამამძიმებელ გარემოებას.

4.2. დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ქ–სის მიმართ დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა წარმოადგინეს განცხადება გ. ქ–ს მიმართ პრეტენზიის არქონის და მასთან შერიგების შესახებ, ასევე მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას უნდა შეუმცირდეს დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მიაჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ უთითებენ და ვერც ასაბუთებენ საკასაციო საჩივრების დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც არ უნდა იქნენ დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც გ. ქ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

5.3. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება გ. ქ–ს მიერ ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა.

5.4. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს, ოჯახში ძალადობის ბრალდების ნაწილში დაზარალებულ ნ. ქ–ს ჩვენებაზე, რომლითაც დგინდება, რომ გ. ქ–ე მისი ყოფილი მეუღლეა, თუმცა ოფიციალურად მასთან არ არის განქორწინებული. 2018 წელს მათ შეეძინათ შვილი – გ. ქ–ე, რის შემდეგაც გ. ქ–ს მიერ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობების გამო დაეძაბათ ურთიერთობა და იგი საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა. 2022 წლის 17 სექტემბერს, დაახლოებით თერთმეტ საათზე, გ. ქ–ე მივიდა მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში და დაიწყო ყვირილი. მას სურდა, ბავშვის წაყვანა და მის ოჯახის წევრებს მოუწოდებდა ბავშვი გამოეყვანათ. ამ დროს გარეთ იმყოფებოდნენ მისი მშობლები – ლ. ბ–სე, ა. ბ–ე და ბაბუა – ა. ბ–ეე. ბავშვს ეძინა, თუმცა მოგვიანებით ხმაურზე გამოეღვიძა და დეიდამ, რომელთან ერთადაც ბავშვი სახლში იმყოფებოდა, დაამშვიდა და გასართობად შეიყვანა. როდესაც თავადაც გავიდა გარეთ, გ. ქ–ს უთხრა, რომ შვილს არ გაატანდა, თუმცა მისი ნახვის უფლებას მისცემდა. გ–ი მას უყვიროდა და ამბობდა, რომ ყველას დახოცავდა და შვილს მაინც წაიყვანდა. დაზარალებული მას ამშვიდებდა, რა დროსაც გ. ქ–მ ხელი ძლიერად ჰკრა მარჯვენა მხარეს და იგი უკან მდგომ ავტომანქანას მიეჯახა, რის შედეგადაც იგრძნო ძლიერი ტკივილი. ა. ბ–მ, იმ მიზნით, რომ მეტად არ დაძაბულიყო სიტუაცია, გამოიძახა სამართალდამცავები, რომლებიც მალევე მივიდნენ ადგილზე, თუმცა კითხვაზე, თუ რა მოხდა, დაზარალებულმა დაუმალა, რომ გ–ს მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა დაზარალებულთან ჩატარებული 2022 წლის 7 ოქტომბერის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით. დაზარალებულის ჩვენება სრულ თანხვედრაშია ფაქტის თვითმხილველი მოწმების – ლ. ბ–ს, ა. ბ–ს და ა. ბ–ს ჩვენებებთან.

5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული არსებითად უსამართლო და დაუსაბუთებელი განაჩენით პირის მსჯავრდება, სასამართლოსათვის აუცილებელია პირდაპირი მტკიცებულების არსებობა, რითაც დადგინდება გ. ქ–ს მიერ ოჯახში ძალადობის არასრულწლოვანის თანდასწრებით ჩადენა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არის წარმოდგენილი.

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.7. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.8. რაც შეეხება გ. ქ–სათვის, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე, 53-ე და 59-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

5.9. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. ქ–ს სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულს შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის, ასევე მსჯავრდებულ გ. ქ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. პ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე