Facebook Twitter

საქმე N 330100121004455231

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №144აპ-24 18 ივნისი, 2024 წელი

ქ–ი მ., №144აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ქ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში საქართველოს სსკ-ის) 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ (ორი ეპიზოდი)) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2019 წლის 6 ნოემბერს, დილის საათებში, თ–ში, ..........ის ქუჩის №..-ში მდებარე ..-ე საჯარო სკოლაში, მ. ქ–მა ფიზიკურად იძალადა 2010 წლის 9 სექტემბერს დაბადებული, აუტისტური სპექტრის მქონე მ. ქ–ის მიმართ. კერძოდ, ხელებზე ძლიერად უჭერდა ხელს და ქაჩავდა, რის შედეგადაც მ. ქ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2019 წლის 12 ნოემბერს, დაახლოებით 11:15 საათზე, თ–ში, ..........ის ქუჩის №..-ში მდებარე ..-ე საჯარო სკოლაში, მ. ქ–იმა ფიზიკურად იძალადა 2010 წლის 9 სექტემბერს დაბადებული, აუტისტური სპექტრის მქონე მ. ქ–ს მიმართ. კერძოდ, ხელებზე ძლიერად უჭერდა ხელს და ქაჩავდა, ასევე, ძალის გამოყენებით აყუდებდა კედელზე, რის შედეგადაც მ. ქ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენით მ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 6 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით;

მ. ქ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებით.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და, მის ნაცვლად, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელი.

3.2. 2024 წლის 18 იანვარს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, მ. ქ–ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ელი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა არის ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი და საკმარისი, რაც ადასტურებს მ. ქ–ს ბრალეულობას. თ. ი–ს და ი. შ–ს ჩვენებები არის სარწმუნო და თანმიმდევრული. ამასთან, ისინი ავსებენ ერთმანეთს, რაც სრულად თანხვედრაშია გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერსა და დათვალიერების ოქმთან. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ მცდარი ინტერპრეტაცია მისცა იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებდნენ მ. ქ–ს მიერ დანაშაულის ჩადენას და გაიზიარა ე. ც–ს, ნ. ს–ს და მ. გ–ს ჩვენებები, რომლებიც ეწინააღმდეგება როგორც ერთამანეთს, ასევე გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაზარალებული არის შშმ პირი და არ აქვს შესაძლებლობა, მისცეს ჩვენება. ასეთ პირობებში კი, თითოეულ გარემოებით მტკიცებულებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე დადგენილი პრაქტიკისგან. მტკიცებულებათა ურთიერთშესაბამისობასთან დაკავშირებით კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს №117აპ-18 გადაწყვეტილებაზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ უთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, იგი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. ქ–ს მიერ ბრალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა და ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას. კერძოდ, 2019 წლის 6 ნოემბრის ფაქტთან მიმართებით, მოწმე თ. ი–ს ჩვენებით დგინდება, რომ მ. ქ–ე არის მისი შვილი. იგი არის აუტისტური სპექტრის სპეციალური სწავლების საჭიროების მქონე პირი. 2019 წლის ნოემბრის თვეში, მისი შვილი სწავლობდა ..-ე საჯარო სკოლაში, ჰყავდა სპეციალური მასწავლებელი – ე. ც–ი და ასისტენტი – მ. ქ–ი. 2019 წლის 6 ნოემბერს, მ. ქ–მა სკოლის მოსაცდელ დარბაზში გ–იი ჩაიყვანა ფიზიკური ძალის გამოყენებით. მისი შვილი იყო გაღიზიანებული და როცა მიზეზი იკითხა მ. ქ–მა უპასუხა, რომ გ–ს სურდა სკოლაში დარჩენა. თუმცა მას სხვა განრიგი ჰქონდა და გ–ის ვერ დაიტოვებდა.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. ი–ი არ არის ფაქტის თვითმხილველი მოწმე. შესაბამისად, ბრალდების ამ ეპიზოდში წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მ. ქ–ს მიერ სხვაგვარი ძალადობის ფაქტს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 6 ნოემბრის ვიდეოჩანაწერები, რომელშიც ასახულია დერეფანი და საკლასო ოთახის კარები. დერეფანში დარბიან ბავშვები. 11:43:00 საათზე დერეფანში გარბის გ–ი, რომელსაც თან მიჰყვება მისი ასისტენტი პირი. ბავშვი გარბის დერეფნის ბოლოს და ბრუნდება უკან, ასე აკეთებს რამდენიმეჯერ, რა დროსაც ასისტენტი ცდილობს დაეწიოს მას. 11:43:15 საათზე, სკოლის შესასვლელ სივრცეში ჩნდება ხსენებული ბავშვი, რომელიც დარბის. ქალი ისევ ცდილობს დაეწიოს მას. 11:55:00 საათზე ფოიეში დგას ორი ქალი – დედა და დეიდა. 11:58:57-ზე ხსენებულ ქალებს ბავშვი ხელჩაკიდებული გაჰყავთ გარეთ, უკან მიჰყვებათ ასისტენტიც, რომელიც მათი წასვლის შემდეგ ბრუნდება უკან. შესაბამისად, ზემოხსნებული მტკიცებულებებით ვერ დგინდება, რომ 2019 წლის 6 ნოემბერს მ. ქ–მა ხელები ხელებზე ძლიერად მოუჭირა და დაქაჩა მ. ქ–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

5.4. რაც შეეხება 2019 წლის 12 ნოემბრის ფაქტს, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წამოდგენილი იქნა მოწმე ი. შ–ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 12 ნოემბერს გაკვეთილის დასრულების შემდეგ მ. ქ–მა ხელჩაკიდებული ჩაუყვანა გ–ი, იმავე დღეს სკოლში შეხვდა განათლების სამინისტროს წარმომადგენელს, თუმცა ძალადობის თაობაზე მასთან პრეტენზია არ გამოუთქვამს. ამასთან, არ ახსოვს მივიდა თუ არა იგი ........თახთან, საიდანაც (გამოკითხვის ოქმის თანახმად) მას გ–ს ყვირილის ხმა შემოესმა და ნახა, რომ გ–ი ე. ც–სთან და მ. ქ–ითან ერთად ჩაკეტილი იყო ....ს ოთახში.

5.5. მოწმე თ. ი–ს ჩვენების თანახმად, კი 2019 წლის 6 ნოემბრის შემდგომ გაემგზავრა საზღვარგარეთ და მის შვილს სკოლაში ატარებდა გ–ს დეიდა - ი. შ–ე. ს–ში დაბრუნებულმა, დისგან შეიტყო, რომ 12 ნოემბერს, როცა გ–ი სკოლიდან სახლში წაიყვანა, იყო განერვიულებული და თავზე იკიდებდა ხელს. მართალია, ბავშვს დაზიანება არ ჰქონდა, თუმცა, თავზე ხელის მოკიდება დაუკავშირა შიშით გამოწვეულ თავის ტკივილს. მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2019 წლის 12 ნოემბერს, ქცევის გაუარესების გამო, გ–ი მ. ქ–მა შეიყავანა ........ოთახში, რაც ეწინააღმდეგებოდა მულტიგუნდის გადაწყვეტილებას. მანვე ნახა ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც ასახულია მ. ქ–ს მიერ გ–ზე ძალადობის ფაქტი. მომხადრის მიუხედავად, მ. ქ–ის სთხოვდა გ–თან ემუშავა სახლშიც, რაზეც ამ უკანასკნელისაგან მიიღო უარი.

5.6. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებით კი დგინდება, რომ 2019 წლის 12 ნოემბერს 11:17:02 საათზე ერთ-ერთი საკლასო ოთახიდან ასისტენტ ქალს გამოყავს მ. ქ–ე, რომელიც ცდილობს მას წინააღმდეგობა გაუწიოს. ბავშვი ხან ერთ კედელთან მიდის ხან – მეორესთან და ცდილობს ქალს ხელი გააშვებინოს, თუმცა ის უფრო მჭიდროდ ჰკიდებს ხელს და გაყავს იგი, როდესაც ბავშვი ჩერდება, ქალი მას ქაჩავს ხელზე. 11:27:29 საათზე იმავე საკლასო ოთახიდან გამოდის სხვა ქალი და მიჰყვება მათ. 11:17:49 საათზე კადრში შემორბის ბავშვი, რომელიც ეწინააღმდეგება ასისტენტს და ცდილობს გაიქცეს. ასისტენტი მას მიაბჯენს კედელთან და ცდილობს მის შეჩერებას, რის შემდეგ კვლავ ძალის გამოყენებით გაჰყავს დერეფნიდან. 11:17:54 საათზე მ. ქ–ი კედელთან აფიქსირებს ბავშვს და ესაუბრება. 11:22:07 საათზე მ. ქ– და მ. ქ–ე მშვიდი საუბრით გადაადგილდებიან, ბავშვს ხელები აქვს ზემოთ აწეული და ელაპარაკება ასისტენტს. 11:22:15 საათზე ორივე ჩერდება კიბის თავზე, რა დროსაც ასისტენტი ისევ ესაუბრება მ. ქ–ს, შემდეგ ხელს ჰკიდებს და ორივე ერთად მშვიდად ჩადიან კიბეებზე.

5.7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2019 წლის 12 ნოემბრის ფაქტთან მიმართებით, თ. ი–ს და ი. შ–ს ჩვენებები არ არის პირდაპირი მტკიცებულებები. ამასთან, ფაქტის შემსწრე მოწმეების – ე. ც–ს, მ. გ–სა და ნ. ს–ს ჩვენებებით არ დასტურდება მ. ქ–ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ამ უკანასკნელთა ჩვენებები, კი სრულად შეესაბამება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერებს.

5.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

5.9. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა ახალ გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სტანდარტებსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. ქ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.13. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ნადირაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

ლევან თევზაძე