Facebook Twitter

საქმე N 200100123006672205

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №223აპ-24 17 ივნისი, 2024 წელი

ყ–ი ა. №223აპ-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბერის განაჩენზე თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ყ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში – საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (სამი ეპიზოდი)) და საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-4 ნაწილით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგით:

1.2. 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 04 დეკემბრის ჩათვლით, თ–ს რაიონის სოფელ ა–ში, ქ. N.. ბ. N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ა. ყ–ი დედას – ი. ყ–ს და მამას – ზ. ყ–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც ი. ყ–ი და ზ. ყ–ი, მათ მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფსიქიკურ ტანჯვას.

1.3. 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში თ–ს რიიონის სოფელ ა–ში, ქ. N.. ბ. N..–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ა. ყ–მა დედას – ი. ყ–ს და მამას – ზ. ყ–ს ძალადობის მუქარით მოსთხოვა მათი კუთვნილი ფულადი თანხის გადაცემა.

1.4. 2021 წლის 27 სექტემბერს თ–ს რაიონის სოფელ ა–ში, ქ. N.. ბ. N..-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ა. ყ–მა დედას – ი. ყ–ს და მამას – ზ. ყ–ს ძალადობის მუქარით მოსთხოვა მათი კუთვნილი ფულადი თანხის გადაცემა.

1.5. 2021 წლის 3 დეკემბერს თ–ს რაიონის სოფელ ა–ში, ქ. N.. ბ. N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ა. ყ–მა დედას – ი. ყ–ს და მამას – ზ. ყ–ს ძალადობის მუქარით მოსთხოვა მათი კუთვნილი ფულადი თანხის გადაცემა.

1.6. 2022 წლის 4 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ ა–ში, ქ. N.. ბ. N..-ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ა. ყ–ი მამას – ზ. ყ–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგად ზ. ყ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.7. ა. ყ–მა უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკულ საშუალება „მარიხუანა“, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. 2022 წლის 4 დეკემბერს, თ–ს რაიონის სოფელ ა–ში ქ. N.. ბ. N..-ში მდებარე ა. ყ–ის საცხოვრებელი სახლიდან, შსს თ–ს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანა“, საერთო წონით 237,26 გრამი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა. ყ–ს ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებებით.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენით, ა. ყ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის სექტემბერის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 27 სექტემბერის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

2.3. ა. ყ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვა 300 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, ა. ყ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2022 წლის 4 დეკემბრიდან - 2023 წლის 15 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.

2.4. ა. ყ–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.5. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ და მოითხოვა ა. ყ–ს დამნაშავედ ცნობა ყველა წარდგენილი ბრალდებით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განაჩენით, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თელავის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2024 წლის 18 იანვარს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა. ყ–ს წარდგენილი ბრალდებებით დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

3.3. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ა. ყ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ქ–მა მოითხოვა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის პოზიციით, გასაჩივრებული განაჩენი ა. ყ–ს გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან არ პასუხობს საპროცესო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება ა. ყ–ს მიერ მისთვის ბარალადწარდგენილი ქმედებების ჩადენა. მართალია, დაზარალებულებმა არ მისცეს შვილის დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი ჩვენება, თუმცა ეს არ უნდა გამხდარიყო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების გაუზიარებლობის საფუძველი, რადგან საგამოძიებო ექსპერიმენტები ჩატარდა ვითარების აღდგენის მიზნით და სასამართლოს ისინი უნდა მიეჩნია დამოუკიდებელ პირდაპირ მტკიცებულებებად. აღნიშნული მსჯელობა ეფუძნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს №738აპ-19 განჩინებას. ზემოხსენებულს ამყარებს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან გამოთხოვილი შეტყობინების აუდიო ჩანაწერი და მისი დათვალიერების ოქმი და ქმნიან იმ ერთობლიობას, რაც საკმარისია გამამყუნებელი განაჩენის დასადგენად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველს, რის გამოც, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ა. ყ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის სექტემბერის დასაწყისის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით (2022 წლის 27 სექტემბერის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის პირველი ნაწილითა (2022 წლის 3 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ბრალდების ამ ნაწილებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.3. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, რომ დაზარალებულებმა ი. ყ–მა (დედა) და ზ. ყ–მა (მამა), ასევე მოწმე ნ. ყ–მა (და) სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. შეუძლებელია, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულისა და მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორეც მათ სასამართლოში არ დაადასტურეს. გარდა ამისა, არ იკვეთება, რომ მათ ამ უფლებით ისარგებლეს ა. ყ–ს მხრიდან მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის, დაშინების ან სხვაგვარი ზეგავლენის გამო.

5.4. საკასაციო სასამართლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებთან დაკავშირებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ თითოეულმა დაზარალებულმა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მათ ჩვენებაში დაფიქსირებული ინფორმაციის ანალოგიურად მიუთითა მომხდარი ფაქტები. ამასთან, დამატებით არ ყოფილა აღმოჩენილი რაიმე სახის კვალი, საგანი, ნივთი ან ინფორმაციის შემცველი ობიექტი, რაც, შესაძლოა, პალატას შეეფასებინა, როგორც დაზარალებულების ჩვენებებისაგან დამოუკიდებელი მტკიცებულება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი არ შეიცავს მონაწილე პირების მიერ კონკრეტული მოქმედებების განხორციელებით ვითარების აღდგენას, არაა მაქსიმალურად მიახლოებული აღსადგენ შემთხვევასთან და შეიცავს მხოლოდ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის გამეორებას, მისი, როგორც გადამწყვეტი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. ამგვარ შემთხვევაში, დაცვის მხარეს არ ეძლევა შესაძლებლობა, შეკითხვები დაუსვას პირს, რომლის მხოლოდ ზეპირ ინფორმაციას ეფუძნება საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ოქმში მითითებული ინფორმაციის უტყუარობას.

5.5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება როგორც დამოუკიდებელი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 1 ივნისის განჩინება, საქმე №49აპ-20).

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რომელსაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა სარიას საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე