გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-1020-02 6 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
სარჩელის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
1997წ. მაისში გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ რეგისტრაციაში გაატარა კოოპერატივი “ნ-ი” და გადასცა მას სათბურების სამეურნეობათაშორისი გაერთიანების ქონება.
სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველომ სარჩელით მიმართა სასამრათლოს და მოითხოვა ზემოაღნიშნული სასამრათლოს დადგენილების გაუქმება და ქონების უკან გამოთხოვა.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ კოოპერატივი “ნ-ი” შეიქმნა ვ-ის კომბინატის ბაზაზე, რომელიც წარმოადგენდა საკოლმეურნეო ქონებას და არა სახელმწიფო საკუთრებას.
ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველომ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სადავო ქონების განსახელმწიფოებრივება არასწორად იქნა განხორციელებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სახელმწიფო ქონების მართვის გურჯაანის სამმართველოს სარჩელი, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1997წ. 30 მაისის დადგენილება კოოპერატივისათვის “ნ-ი” სათბურების სამეურნეობათაშორისი გაერთიანების ქონების გადაცემის შესახებ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს უზენაეს სასამრათლოში კოოპერატივმა “ნ-ი” შემოიტანა საკასაციო საჩივარი. კასაციის ავტორმა მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება დაუსაბუთებლობის გამო და სსკ-ს 411-ე მუხლის შესაბამისად ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული გარიგების დადება ან შესრულება.
მოცემულ საქმეზე მოპასუხე, საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გურჯაანის სამმართველო, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.
“საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ დავებს საოლქო (ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს) სასამართლოებში იხილავს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატა.
ადმინისტრაციულ დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისაგან. დავის ადმინისტრაციული ხასიათი, საჯარო ინტერესები, განაპირობებს მხარის ნების პრიმატის და დისპოზიციურობის პრინციპის შეზღუდვას.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებათა წარმოსადგენად.
სსკ-ს მიხედვით მტკიცებულებებს სასამართლოს წარმოუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ.
როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა სამოქალაქო საპროცესო ნორმების საფუძველზე, ირღვევა კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ დავათა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენებისა და გათვალისწინების გარეშე, რაც ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლო წარმოებას სამოქალაქო საქმეთა წარმოებისაგან განასხვავებს.
პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარი დარღვევა წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელსაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერებისა და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.